რით არ არჩევდა მსხვერპლს ნორვეგიელი ტერორისტი უტეას ბანაკში და რა საოცარ ისტორიებს ყვებიან ტერაქტის თვითმხილველები ტრაგედიის შემდეგ
უტეა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის... 23 წლის ქუთაისელი გოგონა, თამთა ლიპარტელიანი სხვადასხვა გარემოების დამთხვევის გამო მოხვდა სწორედ იქ და ზუსტად იმ დროს, სადაც, ალბათ, ყველა დროის ყველაზე სასტიკმა ტერორისტმა უდანაშაულო ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა... ახალგაზრდა და მომხიბვლელი თამთა ერთ-ერთი იყო ტერორისტის სამოცდარვა მსხვერპლს შორის უტეაზე, საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩა ერთი ქართველი გოგონა, ნათია ჩხეტიანი, რომელსაც ამ ტრაგედიის გახსენება ძალიან უჭირს. უტეა, 22 ივლისი და ანდრეს ბრეივიკი, რომელიც სასტუმროს ტიპის საკანში ლეპტოპსა და სოციალურ ქსელში ჩართვას ითხოვს... მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური ნორვეგიული კანონმდებლობა მას, ალბათ, 21 წლის პატიმრობით დასჯის, თუმცა, ნორვეგიის პროკურატურა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, მის წინააღმდეგ უფრო მძიმე ბრალდებას ამზადებს. როგორც ჩანს, თვით ყველაზე ლიბერალურ კანონსაც აქვს ზღვარი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, სადაც თამთა ლიპარტელიანის – ფანატიკოსი ნაციონალისტის ერთმა სიცოცხლემ ყველაზე ხანმოკლე გზა გაიარა...
დიმიტრი ცქიტიშვილი (ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდიუმის წევრი): საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირს, რომელსაც 2002-2009 წლებში ვხელმძღვანელობდი, ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტებთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ხშირად აწყობს საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკებს, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა სოციალისტები. ბანაკებში იმართება საინტერესო შეხვედრები, სემინარები და დისკუსიები, რომლითაც ხდება ახალგაზრდების მომზადება დიდი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ასეთი ბანაკები, რომელთა საქმიანობაში მეც მიმიღია მონაწილეობა, სხვადასხვა დროს იყო უნგრეთში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში. საერთაშორისო ორგანიზაცია ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ბანაკს, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ნაციონალური ბანაკიც, სადაც ეპატიჟებიან წარმომადგენლებს პარტნიორი ქვეყნებიდან, სწორედ ასეთი ბანაკი იყო მოწყობილი უტეაზეც. ამ ბანაკს და, საერთოდ, კუნძულს, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს: ეს კუნძული დიდი ხნის განმავლობაში იყო ნორვეგიის პროფკავშირების საკუთრება, შემდეგ კი ერთ კრონად მიჰყიდეს ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტულ ორგანიზაციას, ოღონდ, გასხვისების უფლების გარეშე. ეს არის ლამაზი და ძალიან პატარა, დაახლოებით ორი ჰექტარი ფართობის კუნძული. მის ფეხით შემოვლას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება. უტეა ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია ზღვით და სანაპიროდან დაახლოებით 700 მეტრში მდებარეობს. კუნძულზე არ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, მისი ტერიტორია ბანაკისთვის არის დათმობილი. იქ მისვლა შესაძლებელია კატერით, რომელიც კუნძულის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაა უტეაზე ჩასული სტუმრებისთვის. ეს კატერი გადის ეგრეთ წოდებული საკონტროლო პუნქტიდან, რომელიც ოსლოს ცენტრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. ბანაკის ტერიტორიაზე არის მხოლოდ ერთი ორსართულიანი ნაგებობა, სადაც ძირითადად უცხოეთიდან ჩასული სტუმრები ცხოვრობენ, ადგილობრივი ახალგაზრდები ბანაკის ტერიტორიაზე კარვებს შლიან. ბანაკი იხსნება წელიწადში ერთხელ, ივლისის მეორე ნახევარში და სწორედ მაშინ იმართება ყველაზე დიდი შეკრება. ბანაკს აქვს ტრადიცია, რომელიც არ ირღვევა: ბანაკში სტუმრებთან, ცენტრალურ კონფერენციაზე, აუცილებლად მიდის ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც უშუალო გარემოში აქვთ ურთიერთობა ახალგაზრდებთან.
– ამ კუნძულზე თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები სხვა დროსაც ყოფილან?
– 2006 წელს ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმართებოდა სემინარები ხან თბილისში, ხან კი ნორვეგიის სხვადასხვა მხარეში. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იყო უტეას ბანაკში მონაწილეობის მიღება. წინა წლებში ამ ბანაკში ჩვენი წარმომადგენელი უფრო მეტი იყო, წელს პირველად მოხდა, რომ, შემთხვევით, ლამის ვერც ერთი ჩვენი წარმომადგენელი ვერ ახერხებდა იქ წასვლას. წელს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ერთი ეტაპი დასრულდა და ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის ფორმატი უნდა შეიცვალოს. ჩვენი ორგანიზაციის 90-კაციანი დელეგაცია მიემგზავრებოდა ავსტრიაში, მსოფლიო ფესტივალზე, ევროტურის ყველა დეტალი უკვე დაგეგმილი და გაწერილი გვქონდა. ამ ფესტივალზე ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ თამთაც და ნათიაც, როგორც რეგიონული ორგანიზაციის წარმატებული ლიდერები, რაც მათ, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს: ნათია სამსახურიდან ვერ გაათავისუფლეს დიდი ხნით, თამთასაც რაღაც პირადი საქმეები ჰქონდა, რომელსაც ვერ მიატოვებდა. თამთა და ნათია ჩვენი ორგანიზაციის წევრები სამი წლის წინ გახდნენ. ისინი მაშინ ერთად სწავლობდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, თანაკურსელები იყვნენ. დღეს ძალიან მიჭირს თამთას შესახებ წარსულში საუბარი ის ძალიან კარგი, განათლებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული გოგონა იყო. ასევე შემიძლია დავახასიათო ნათიაც. როცა გადაწყდა, რომ თამთა და ნათია ავსტრიაში წამოსვლას ვერ შეძლებდნენ და ჩვენს გამგზავრებამდე ერთი კვირა დარჩა, მე დამირეკა ნორვეგიიდან ორგანიზაციის საერთაშორისო მდივანმა და მითხრა, რომ მოულოდნელად მიიღო თანხმობა ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ ბანაკის ორ მონაწილეზე და გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი ორი წარმომადგენელი წასულიყო უტეაზე. მათ უნდა ჩაეტარებინათ პრეზენტაცია გენდერულ თემაზე ახალგაზრდა ლეიბორისტებისთვის. არჩევნის წინაშე არც დავმდგარვართ, ისე გადაწყდა უტეაზე გოგონების გაგზავნა – იმდენად მწყდებოდა გული, თამთა და ნათია ჩვენთან ერთად რომ ვერ მოდიოდნენ, მაშინვე მათ დავუკავშირდი.
– როგორც ამბობენ, საბედისწეროდ დაემთხვა მოვლენები ერთმანეთს: გოგონები ვერ წამოვიდნენ ევროტურში და აღმოჩნდნენ ნორვეგიაში, საშინელი ტერორისტული აქტის ეპიცენტრში.
– ვიცი, რომ ამაზე ლაპარაკობენ, მე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო, უბრალოდ, დამთხვევა – თამთამ და ნათიამ ვერ შეძლეს წამოსვლა, რადგან ხანგრძლივი პერიოდით ვერ გავიდოდნენ ქუთაისიდან, ნორვეგიაში კი მხოლოდ ხუთი დღე უწევდათ ყოფნა: მათ უნდა დაეთვალიერებინათ ნორვეგია, დაგეგმილი ჰქონდათ შეხვედრები ნორვეგიის პარლამენტში, ჩაატარებდნენ სემინარს და ისევ უკან დაბრუნდებოდნენ. სხვათა შორის, ძალიან მარტივად გადაწყდა ვიზის საკითხი. გოგოები უცებ დაიბარეს ინტერვიუზე და ყველაფერი უპრობლემოდ ჩაჯდა გრაფიკში. თამთა უკვე იყო ნამყოფი ჩვენი ეგიდით გერმანიაში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, ნათიასთვის კი ეს იყო პირველი გასვლა. მე ვთხოვე გოგონებს, რაც შეიძლება, კარგი პრეზენტაცია გაეკეთებინათ, რაშიც ეჭვი არც მეპარებოდა. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ არაჩვეულებრივ გარემოში ერთად გაატარებდნენ ხუთ დღეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. გოგონები ოსლოში ჩაფრინდნენ 20 ივლისს. იმავე დღეს, ბანაკის საერთაშორისო ეგიდით მონაწილე შვიდ უცხოელ ახალგაზრდასთან ერთად, ჰქონდათ შეხვედრები ნორვეგიის პარლამენტში და საღამოს ჩავიდნენ კუნძულზე, სადაც ეს უბედურება დატრიალდა.
– თქვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი იყავით, ვინც ამ საშინელი ტრაგედიის მერე ჩავიდა ოსლოში. რა ნახეთ იმ ბანაკში, რას ყვებოდნენ თვითმხილველები?
– მე ამ ტრაგედიის შესახებ შევიტყვე სალონიკში, სადაც ვიყავით ევროტურის ფარგლებში და უკვე ავსტრიის მიმართულებით ვაპირებდით გამგზავრებას. ტელეფონებით დავიწყე ჩვენი ბავშვების ძებნა. ნათია პირველივე დღეს გამოჩნდა, თამთა კი არ ჩანდა. მე პირველივე თვითმფრინავით გადავფრინდი ოსლოში. ნორვეგიელები ძალიან ხალასი ხალხია, ბავშვური, სულ იღიმებიან. მე ათენის აეროპორტში პირველად ვნახე, დასასვენებლად ჩასული ჩვეულებრივი ნორვეგიელების შეწუხებული სახეები. ძალიან დათრგუნული იყო მთელი ოსლო. ეს არის ძალიან ცოცხალი ქალაქი, განსაკუთრებით – ზაფხულში. ახლა კი, ნორვეგიის პოლიტიკური ელიტა, სამეფო კარი, ლეიბორისტები და კონსერვატორები, პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ერთად გამოხატავდნენ მწუხარებას და მე ვნახე მათი საოცარი კონსოლიდაცია. კუნძულამდე მისვლა ვერ შევძელი, რადგან იქ მუშაობდნენ კრიმინალისტები, ამიტომ, ვესაუბრე ადგილობრივ კრიმინალისტებს. ისინი შოკში იყვნენ მომხდარის გამო. გარდაცვლილების მოძიება და იდენტიფიცირება ხდებოდა თითის ანაბეჭდებით, დანტისტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით და დნმ-ის ანალიზით. საქართველოდან გამოგზავნილი თითის ანაბეჭდით იქნა ნაპოვნი თამთას ცხედარი, რომელსაც ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ბანაკის სიახლოვეს თავმოყრილნი იყვნენ გარდაცვლილების მშობლები, მათ შორის თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრებიც. ნორვეგიის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანების დასახმარებლად. საუბარიც არ ყოფილა იმაზე, რომ ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო არ აიღებდა საკუთარ თავზე. სასტუმროებთან, სადაც ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლები ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ ფსიქოლოგები. ცხედრების იდენტიფიკაცია ცოტა გაიწელა დროში, რადგან ნორვეგიაში სულ ოთხი კრიმინალისტი ჰყავთ – როგორც მითხრეს, კრიმინალისტთა დიდი კონტინგენტის საჭიროება, უბრალოდ, არ არსებობს. ეს კი არა, ქვეყანაში, რომელსაც ხუთ მილიონამდე მოსახლე ჰყავს, თოთხმეტი ათასი პოლიციელია. ნორვეგიაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ვიცი, რომ, ბოლო ორმოცდაათი წელია, პოლიციელები იარაღს არ ატარებენ. ციხეები, სადაც არაჩვეულებრივი პირობები აქვთ, ზოგჯერ ცარიელია. იქ კრიმინალური შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება, ისიც, უმნიშვნელო კრიმინალურ ფაქტებს ვგულისხმობ. ვერ წარმოუდგენიათ, რაში სჭირდება პოლიციას შეიარაღება, ბანაკის დაცვა. თუმცა, იმ ბანაკს ერთი დამცველი ჰყავდა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც ერთ-ერთი პირველია მოკლული ტერაქტის დროს. ტერორისტის მსხვერპლი გახდა ბანაკის ადმინისტრატორიც, ქალბატონი მონიკა, რომელსაც მეც ვიცნობდი. მონიკა დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ამ ბანაკს. როგორც ვიცი, უტეას არსებობის განმავლობაში ბანაკში ერთი ჩხუბიც კი არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ იქ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები არიან ხოლმე შეკრებილნი. იქ მკაცრად არის გაკონტროლებული ალკოჰოლის საკითხი: რომელიმე რესტორანმა ახალგაზრდას ალკოჰოლური სასმელი რომ მიყიდოს, ლიცენზიას ჩამოართმევენ. ამ წესებს ემორჩილება ყველა, მათ შორის ბანაკიც, სადაც ახალგაზრდები ყოველთვის ძალიან ხალისიანად ატარებენ დროს, აწყობენ კონცერტებს, მღერიან... ეს არაა გასამხედროებული ბანაკი, იქ ძალიან თავისუფალი გარემო აქვთ.
– ტერორისტი იოლად მოხვდა ამ კუნძულზე?
– ალბათ. როგორც ჩანს, მან, ტაქტიკურად დაგეგმა ეს ტერაქტი. როგორც ვიცით, მან წინასწარ დარეკა ბანაკში და განაცხადა, რომ პოლიცია გზავნიდა წარმომადგენელს, რადგან, ოსლოს სამთავრობო კვარტალში მომხდარი აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომების გატარება იყო საჭირო. ტერორისტმა გაიარა ის ეგრეთ წოდებულ საკონტროლო პუნქტი, საიდანაც ხდება კატერის გასვლა კუნძულის მიმართულებით. ნაპირზე დახვდა რაციით აღჭურვილი ახალგაზრდა, რომელიც ბანაკს ატყობინებდა, რომ იქ მიდიოდა პოლიციის წარმომადგენელი. ანდრეს ბრეივიკი პოლიციის ფორმაში იყო გამოწყობილი და თან ჰქონდა პოლიციელის ყალბი მოწმობა. ის ახალგაზრდა, რომელიც ნაპირზე დახვდა ბრეივიკს მოხალისე იყო. მას, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი დარჩებოდა ის, რომ ტერორისტი შეიარაღებული იყო.
– რას ყვება ტერაქტს გადარჩენილი ნათია ჩხეტიანი?
– ნათიას ძალიან დიდი სტრესი აქვს მიღებული და უჭირს ამ თემაზე საუბარი. ეს ბუნებრივია – მის თვალწინ დატრიალდა საშინელი ტრაგედია, რომელსაც მისი უახლოესი მეგობარი შეეწირა. როგორც მისგან ვიცი, ის და თამთა ერთ ნომერში ცხოვრობდნენ. ისინი შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დაცილდნენ ერთმანეთს. ნათია საპირფარეშოში გავიდა, როგორც ჩანს ამ დროს გამოცხადდა, რომ ბანაკის მონაწილეები უნდა შეკრებილიყვნენ. უკან დაბრუნებულ ნათიას თამთა ნომერში აღარ დახვდა. ამის შემდეგ ნათია თავადაც წავიდა ბანაკის იმ ადგილისკენ, სადაც შეხვედრები იმართება ხოლმე. იქ პატარა ბორცვია, რომელსაც ახალგაზრდები იყენებენ, როგორც დასაჯდომ ადგილს მოედნის წინ, რომელიც ბანაკის შუაგულშია მოწყობილი და სცენის ფუნქციას ასრულებს. როგორც ვიცი, ნათია თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა – მან უცებ დაინახა, როგორ მორბოდნენ მისკენ დასისხლიანებული ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობდნენ, გაჰქცეოდნენ ტერორისტს. ნათიაც მათთან ერთად გაიქცა, თუმცა გზადაგზა ცდილობდა, რომ თამთა მოეძებნა. ბანაკში იყო პანიკა, ბავშვებს კი არა, გამოცდილ ადამიანს გაუჭირდებოდა იქ მობილიზება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყველა ეძებდა გზას, რომ თავი გადაერჩინა, ახალგაზრდების ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი, ნაწილმა – კუნძულის კლდოვან სანაპიროს, ძალიან ბევრი წყალში გადახტა, მათ შორის – დაჭრილებიც. ბანაკში იყო ერთი ჩვენი მეგობარი, უგანდელი ახალგაზრდა, რომელმაც ცურვით გამოასწრო ბანაკიდან და ასე უშველა თავს. როგორც ნათიამ მითხრა, ისიც აპირებდა წყალში გადახტომას და გამოცურვას. სხვებთან ერთად ისიც მივიდა სანაპიროსთან, მაგრამ ტერორისტმა მათ თვალწინ, სწორედ მაშინ ესროლა ერთ-ერთ ახალგაზრდას, როცა ის წყალში ხტებოდა. როგორც ვიცი, იქ მყოფნი იმ სიტუაციაშიც კი ცდილობდნენ ერთმანეთის გადარჩენას, ამ ხოცვა-ჟლეტის დროს სანაპიროსთან მიცურდნენ ადამიანები პატარა ნავით, რომლებიც კუნძულის ლამაზ ბუნებაში პიკნიკს მოწყობას აპირებდნენ. მათ ნავზე აიყვანეს დაახლოებით 40-მდე ახალგაზრდა და ასე გადაარჩინეს სიკვდილს. ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ყვებოდა, როგორ გამოიყვანა მისი შვილი სანაპიროდან უცნობმა მამაკაცმა ნავით. მკვლელი დადიოდა ბანაკის ტერიტორიაზე და, ვინც წინ ხვდებოდა, ყველას ესროდა, განსაკუთრებულად არ ეძებდა მსხვერპლს, რამდენიმე ახალგაზრდა ბანაკის იმ ორსართულიან შენობაში დამალულა, რომელსაც სასტუმროს ფუნქცია ჰქონდა. მკვლელმა ტუალეტში დაკეტილი ახალგაზრდა არ მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ტუალეტის კარი არ შეანგრია. როგორც ამბობენ, თუ ვინმე თვალს მიეფარებოდა, მკვლელი მას არ მისდევდა, ანუ, წინააღმდეგობებს, რომელიც ხვდებოდა, უბრალოდ, თავს არიდებდა, ესროდა მხოლოდ მათ, ვინც მისი თვალთახედვის არეში ხვდებოდა. როგორც ჩვენმა უგანდელმა მეგობარმა მიამბო, როდესაც ტერორისტმა ბავშვების დახოცვა დაიწყო, თურმე ცოტა ხნის შემდეგ ხმამაღლა დაიძახა: ბავშვებო, ნუ იმალებით, დამთავრდა ყველაფერი და სამალავებიდან გამოდითო. ბავშვებიც გამოვიდნენ და მკვლელმა ისევ დაიწყო სროლა. ამ ხერხით სამალავებიდან ბანაკის მონაწილეები რამდენჯერმე გამოუტყუებია.
– როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ტერორისტი განსაკუთრებით სასტიკი იყო მუსლიმანების მიმართ.
– იქ ამის გარჩევის საშუალება ნამდვილად არ ექნებოდა, ის პირდაპირ ხოცავდა ყველას, კანის ფერს ყურადღებას არ აქცევდა. თუმცა, მისი მანიფესტის მიხედვით, რომელიც წინასწარ გაავრცელა, აშკარად ჩანს მისი უარყოფითი დამოკიდებულება მუსლიმანების მიმართ. ანდრეს ბრეივიკი სასამართლო პროცესზე ღია განხილვას ითხოვს, როგორც ჩანს, სურს, რომ თავისი იდეების პრეზენტაცია მოაწყოს. ჩემი პირადი აზრით, მისი სურვილი იყო, რომ მისი 1 500-გვერდიანი მანიფესტი წაეკითხათ და ამ ტრაგიკული ტერაქტით მიეპყრო მსოფლიოს ყურადღება. ამით მოეპოვებინა მხარდამჭერები პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელთა პროგრამებშიც ნაციონალისტური და ნეოფაშისტური იდეებია პრიორიტეტული. ნორვეგიულმა მართლმსაჯულებამ მას არ დართო ნება, რომ სასამართლო პროცესზე თავისი იდეების აფიშირება მოახდინოს. როგორც ვიცი, იმ ბრალდების მიხედვით, რაც ტერორისტს წაუყენეს, მას 21 წელი ემუქრება. თუმცა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ნორვეგიის პროკურატურამ შეიძლება მას წაუყენოს უფრო მძიმე ბრალდება, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლით.