კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გადაასწრო „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში მექსიკელმა კარლოს სლიმ ელუმ და როგორ იქცა იგი ყველაზე მსხვილ მონოპოლისტად მექსიკაში

„ფორბსის” ვერსიით, 2011 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანი პლანეტაზე მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი, კარლოს სლიმ ელუა. მისი კაპიტალი გასულ წელთან შედარებით 20,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და შეადგინა ფანტასტიკური თანხა – 74 მილიარდი ამერიკული დოლარი. ამბობენ, რომ მომავალ წელს, სლიმ ელუს კაპიტალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახლო მომავალში იგი საკუთარი აქტივების გაერთიანებას აპირებს, რათა ხელში ჩაიგდოს „ტელმექსის” აქციების 40,4 პროცენტი, რომელთა გამოსყიდვასაც იგი 6,5 მილიარდ დოლარად აპირებს. მის შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი. თუმცა, არცთუ ბევრმა იცის, რას წარმოადგენს კარლოს სლიმ ელუ თავად. უკეთ რომ გაიცნოთ, მის შესახებ გავრცელებულ 10 ფაქტს მოგაწვდით.
კარლოს სლიმ ელუ პირველი
ყველაზე მდიდარი ადამიანია განვითარებადი სახელმწიფოდან
2009 წელს მექსიკელმა მონოპოლისტმა „ფორბსის” რეიტინგში პირველად გადაასწრო ბილ გეითსს და მას შემდეგ პირველ პოზიციას ინარჩუნებს. მისი კაპიტალი წლიდან წლამდე ათობით მილიარდი დოლარით იზრდება. იგი ფლობს 220 კომპანიას სატელეკომუნიკაციო, საბანკო, სარკინიგზო და რესტორნების სფეროში.
კარლოს სლიმ ელუ ყველაზე
მსხვილი მექსიკელი მონოპოლისტია
ამერიკულმა „ზი უოლ სთრით ჯორნალმა” თავის ფურცლებზე აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, მექსიკის ტერიტორიაზე გაატარო თუნდაც ერთი დღე და სლიმ ელუს ჯიბეს ფული არ შეჰმატო. სატელეკომუნიკაციო კომპანია „ტელმექსი”, რომლის აქციათა საბაზო პაკეტი სლიმ ელუმ 1990 წელს, პრივატიზაციის დროს შეიძინა, მექსიკის სატელეფონო ქსელის 90 პროცენტს აკონტროლებს, ხოლო ამ კომპანიის შვილობილი კომპანია, „ამერიკა მოვილი” – მექსიკის ფიჭური კავშირგაბმულობის 70 პროცენტს.
კარლოს სლიმ ელუმ გადაარჩინა „ნიუ-იორკ თაიმსი”
სლიმ ელუ ფლობს „ზი ნიუ-იორკ თაიმს კომპანის” აქციათა 6,9 პროცენტს. 2009 წელს მან გაბანკროტების გზაზე მდგარ კომპანიას, კრედიტის სახით, 250 მილიონი დოლარი გადასცა და ამით კრიზისიდან გამოიყვანა. 2010 წელს გაჩნდა ცნობა, რომ სლიმ ელუმ კომპანიის აქციათა სრული პაკეტი შეიძინა, რამაც საფონდო ბირჟაზე აქციათა ფასის მატება გამოიწვია. თუმცა, თავად მექსიკელმა მაგნატმა უარყო ყიდვის ფაქტი.
კარლოს სლიმ ელუ გატაცებულია ბეისბოლით
მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში სპორტის ნომერ პირველი სახეობა ფეხბურთია, ყველაზე მდიდარი მექსიკელი ბეისბოლით არის გატაცებული და ამერიკული გუნდის „ნიუ-იორკ იანკისის” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქომაგია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სლიმ ელუ ტრილიონერი იქნებოდა
კარლოს სლიმ ელუს ქონება შეადგენს მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტს. ამერიკის ეკონომიკაში მსგავსი წილების ფლობის შემთხვევაში, მისი კაპიტალი 909 ტრილიონ დოლარს მიაღწევდა და მისი საკუთრება იქნებოდა ცნობილი ამერიკული კომპანიები: „ალკოა”, „ფილიპ მორისი”, „სეარსი”, „ბესტ ბაი”, „ტეჯფრაიდის”, „დანკინ დონატსი”, „მარიოტი”, „სიტიბანკი” და „ჯეტბლუ”.
კარლოს სლიმ ელუ ლიბანელია
კარლოსის მამა – ჯულიან სლიმ ჰადადი 1902 წელს ლიბანიდან ემიგრირდა მექსიკაში, რათა ჯარში გაწვევისგან დაეხსნა თავი. თავდაპირველი კაპიტალი სლიმ ელუების ოჯახმა ინვესტიციების ხარჯზე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კარლოსის დედის ოჯახიც წარმოშობით ლიბანიდან არის – ისინი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დასახლდნენ მექსიკაში.
კარლოს სლიმ ელუ მოკრძალებულად ცხოვრობს
მიუხედავად იმისა, რომ კარლოსი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია და რამდენიმე ათეულ მილიარდ ამერიკულ დოლარს ფლობს, იგი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს. დღემდე იმ ექვსსაძინებლიან სახლში ცხოვრობს, რომელიც 30 წლის წინათ შეიძინა. მისი საძინებლის ფართობი მანჰეტენზე მდებარე ნებისმიერი სასტუმროს ჩვეულებრივი ნომრის ზომისაა. ერთადერთი, რითიც განსხვავდება სლიმ ელუს საცხოვრებელი სხვა სახლებისგან, არის ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია, რის გამოც სლიმ ელუს სახლს თამამად შეიძლება, ეწოდოს მუზეუმი. როდენი, რენუარი, ვან გოგი და დიეგო რივერა, – ეს იმ ხელოვანთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა ქმნილებებსაც ფლობს იგი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში ადამიანთა გატაცება გახშირებულია, სლიმ ელუ თავად უზის საჭეს და ხშირად ოფისშიც მარტო მიდის.
კარლოს სლიმ ელუ არ იყენებს კომპიუტერს
კარლოსი ფლობს ცნობილი საიტის, MSN-ის ლათინოამერიკულ ვერსიას. თუმცა, თავად კომპიუტერებს არ ეკარება. ამბობენ, რომ მუშაობის დროს, იგი კომპიუტერს არ ენდობა და თავის ქვეშევრდომებს მოუწოდებს, ბიზნესგარიგების თაობაზე არსებული ინფორმაცია ხელნაწერის სახით მიაწოდონ, თან ისე, რომ ფურცლების რაოდენობა ერთს არ აჭარბებდეს.
პირველი ინვესტიცია კარლოს
სლიმ ელუმ 11 წლის ასაკში
განახორციელა
11 წლის ასაკში კარლოს სლიმ ელუმ კარიერაში პირველი ინვესტიცია განახორციელა მექსიკის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში და აღსანიშნავია, რომ ყიდვა-გაყიდვის დროს ბუღალტერიას თავად აწარმოებდა. 15 წლის ასაკში მან, იმ დროს მექსიკის უმსხვილესი ბანკის, „ბანკო ნაციონალ დე მეხიკოს” მცირე წილი შეიძინა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სლიმ ელუ სამშენებლო სფეროთი დაინტერესდა და ჰყავდა კიდეც საკუთარი საფონდო ბროკერი, რომელიც დღეში 14 საათს მუშაობდა.
კარლოს სლიმ ელუ საოჯახო
ბიზნესის მოყვარულია
სლიმ ელუს უყვარს საუბარი თავის ოჯახზე და აცხადებს, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე ძვირფასია. მილიარდერმა დააარსა ჯგუფი – „მამები და შვილები”, რომელიც ლათინური ამერიკის მილიარდერთა და მათი შვილების შეხვედრებს აწყობს. შეხვედრების ფარგლებში მილიარდერთა ოჯახები ერთად განიხილავენ ბიზნესპერსპექტივებს და ასევე, ერთად აგემოვნებენ მექსიკური და ლათინურ-ამერიკული სამზარეულოს კერძებს. საინტერესოა, რომ 70 წლის მილიარდერს ჯერაც არ დაუსახელებია თავისი ოფიციალური მემკვიდრე და ამბობენ, მექსიკის მთავრობა იმედოვნებს, რომ მილიარდერის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მთლიანი აქტივები სახელმწიფოს მფლობელობაში გადავა.

скачать dle 11.3