კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ვერ შეირაცხება წმიდანად პიროვნება, რომელიც მარტვილობას ეწევა და ვის აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება

დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება საკითხი ამა თუ იმ საერო პირის, მაგალითად, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის წმიდანად კანონიზების შესახებ. თუ როგორ ხდება მართლმადიდებლურ ეკლესიაში, განსაკუთრებით კი, საერო ადამიანის წმიდანად კანონიზება, ამის შესახებ გვესაუბრება სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, პროფესორი ედიშერ ჭელიძე:

– მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმიდანად კანონიზების საკითხი ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ გაცხოველდა ღვწა და გარჯილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილ საერო მოღვაწეთა მნიშვნელოვანი ნაწილის წმიდანად კანონიზება მოხდეს. თუმცა, არა მხოლოდ საერო მოღვაწეების – მეხუთე საუკუნის ქართველი მონოფიზიტის, მღვდელმთავარ პეტრე იბერის კანონიზების საკითხიც აქტიურად იყო აღძრული და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ორგზის გვქონდა წერილობითი გამოხმაურება. შევეცადეთ, გადმოგვეცა წმიდანად კანონიზების პრინციპებთან დაკავშირებით მართლმადიდებლური სწავლება. შემდეგ იყო აკაკი წერეთლის კანონიზაციის საკითხი, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს გამოცემული ცალკე ბროშურა და ბოლოს უკვე იდგა საკითხი იაკობ გოგებაშვილის შესახებ, რომელთან დაკავშირებით კომისიაც კი შეიქმნა. პეტრე იბერთან და აკაკი წერეთელთან დაკავშირებით კომისიები მხოლოდ მაშინ შეიქმნა, როდესაც ჩემი წერილობითი პუბლიკაცია გამოქვეყნდა და შეჩერდა საკითხი. ასევე, გამოვუშვით ბროშურა – „იაკობ გოგებაშვილის წმიდანად კანონიზების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“. ყველა ამ პუბლიკაციაში შეჯამებულად გვაქვს ფორმულირებული დებულება ეკლესიისა, თუ ვინ შეიძლება, შეირაცხოს წმიდანად.
– ანუ, როგორია დოგმატური საზომი?
– პირველი დებულება ასეთია: მართლმადიდებლურ ეკლესიაში კანონიზებული წმიდანი, უპირველესად ნიმუში უნდა იყოს (და ყველა შემთხვევაში ასეა) ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა, ანუ ის უნდა იყოს აბსოლუტურად გულწრფელი ამ რწმენის მიმართ და ემიჯნებოდეს ყოველგვარ ფარისევლობას, მოჩვენებითობას კაცთა შორის დიდებისთვის. მას უნდა ჰქონდეს წრფელი, უბიწო, უზაკველი სარწმუნოება, როგორც საფუძველი შემდეგი ღირსებებისა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ კმარა წმიდანად კანონიზებისთვის, მაგრამ ეს არის საფუძველი. მეორე – ეს არის მოღვაწეობითი თვითმარტვილობა, ანუ პიროვნება, რომელიც ირწმუნებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას, მან თავის ცხოვრება ამ ჭეშმარიტების მიხედვით უნდა წარმართოს. მხოლოდ ის კი არ კმარა, რომ მე ვირწმუნო მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი, მისგან დაფუძნებული ჭეშმარიტი ეკლესია, არამედ ეს რწმენა ჩემს ცხოვრებაში უნდა ვლინდებოდეს. კარგია, როდესაც ვქადაგებ ამ სარწმუნოებას, სხვებსაც მოვუწოდებ, მაგრამ რომც არაფერი ვთქვა, ჩემი ცხოვრება, საქმე უნდა ღაღადებდეს იმაზე, რომ მე ამ ჭეშმარიტის ქვეშ ვიმყოფები. ყველა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად გარკვეული მსხვერპლის გაღებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, სარწმუნოებრივი მოღვაწეობა არის განსაკუთრებულ საფრთხეთა მიმართ დაპირისპირება, ჭეშმარიტების გავრცელება და დამკვიდრება ჯერ საკუთარ თავში და მერე სხვებში. ეს არის ვნებებთან ბრძოლა, როგორც საკუთარი, ასევე სხვების ვნებებთან, უგუნურობასთან, უცოდინრობასთან, უგულისხმიერობასთან ბრძოლა. ეს დიდ ღვაწლს მოითხოვს, რაც თავისთავად უტოლდება თვითმარტვილობას, თვითმოწამეობრივ ხვედრს. ამას გარდა, ანუ მოღვაწეობითი ნიშნის გარეშე, განყენებულად, სარწმუნოებრივი მართებულება პიროვნებას ვერ აცხონებს და თუ ვერ ცხონდება, ის წმიდანიც ვერ გახდება. მესამე – წმიდანს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს დოგმატური, სამოძღვრო უცდომელობა. საკმარისია, ოდნავი ხარვეზი რწმენაში, რომ ვერც მოღვაწეობით თვითმარტვილობა, ვერც სარწმუნოებრივი უზაკველობა, ვერც ერთი სხვა დიდი ღირსება, პიროვნებას ვერ აცხონებს და წმიდანი ვერ გახდება. როგორც ეკლესიის მამათა მიერ მკაფიოდ არის ნათქვამი – ადამიანი მოწამეც რომ გახდეს, იმარტვილოს, ფიზიკურად შეეწიროს სარწმუნოებას, თუ მის მიერ ეს სარწმუნოება მართებულად არ არის აღსარებული, მცდარ სარწმუნოებას ეწირება – ეს მას ოდნავადაც ვერ აცხონებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ასკეტი, მონოფიზიტი, სხვა სარწმუნოების მიმდევარი, მაგრამ დიდმა ასკეტურმა ცხოვრებამ ისინი ოდნავაც ვერ აცხონა. იუდეველებსაც ჰყავთ მარტვილები, ბევრი მათგანი დარბევების დროს ეწამა კიდეც, მაგრამ ეკლესია არ აღიარებს მათ ცხონებულობას. წმიდანი იმ შემთხვევაში შეიძლება, იყოს კანონიზებული, თუ მას აქვს აბსოლუტური დოგმატური უცდომელობა. ვინც ამ ღირსებებით შეიმკობა, მას ღვთისგან სხვა ადამიანების წინაშე ჭეშმარიტების საქადაგებლად მიეცემა საკვირველმოქმედების ძალა, უნარი. ჩვენ არ ვიცით კანონიზებული წმიდანი, რომელიც ამ ნიჭით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, საკვირველმოქმედებითი მოღვაწეობა იმ პირისა, რომლის კანონიზებაც განიჭვრიტება, უნდა იყოს გამოკვეთილი. მე ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენი დიდი მოღვაწე, წმიდა გრიგოლ ხანძთელი ძველთაგან კანონიზებული იყო და მას განსაკუთრებულ პატივს ხანძთის ეკლესია მიაგებდა. ჩვეულებრივ, ამა თუ იმ ტაძრის გამორჩეულ მოღვაწეს იმავე ტაძრის მკვიდრნი ჩვეულებრივ, უფრო მეტ პატივს მიაგებდნენ. გრიგოლ ხანძთელთან ერთად იმ დროს მრავალი სხვა გამოჩენილი მოღვაწეც იყო – სერაპიონ ზარზმელი, ეპიფანე, რომელსაც გრიგოლ ხანძთელმა, მრავალი განსაცდელისგან დაცვის მიზნით, ორი ჯვარი დაუწესა აქეთ-იქით, ასევე, ზენონ დიდი, ეფრემ მაწყვერელი, რომელმაც ქართველებს მირონის მცხეთაში კურთხევა დაგვიდგინა და კიდევ მრავალი დიდი მოღვაწე. როდესაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება დაიწერა და ის ყველაზე აღმატებულ მოღვაწედ წარმოჩნდა მთელ სამხრეთ საქართველოს რეგიონში, სხვა ტაძრის მოღვაწეების უმეტესობას ეს არ მოეჩვენა სარწმუნოდ. მაგალითად, ზარზმის ეკლესიაში მოღვაწენი მიიჩნევდნენ, რომ ზარზმის წინამძღვარი სერაპიონ ზარზმელი იყო ყველაზე გამორჩეული, მიქელ პარეხელის სავანის მკვიდრნი კი მიქელ პარეხელს მიიჩნევდნენ ასეთად. ამიტომ, პრობლემა შეიქმნა. გიორგი მერჩულეს ცხადია, ჰქონდა დაფიქსირებული გრიგოლ ხანძთელის მიერ აღსრულებული სასწაულები, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ტაძრის მკვიდრნი მიიჩნევდნენ, რომ მათ წინამძღვრებს უფრო მეტი სასწაული ემოქმედათ და რომ ისინი უფრო დიდი მოღვაწეები იყვნენ. აი, ეს მხარე, ხარვეზი რომ ამოვსებულიყო, გვიანდელი ხანძთელი მოღვაწე წერს: ღმერთმა წყალობა მისცეს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავს, რომელმაც „ცხოვრებაში“ გრიგოლ ხანძთელის სასწაულმოქმედებანი ჩაურთო და ყვედრებანი მოგვისპოო. ანუ აყვედრიდნენ ხანძთელებს – თქვენ იმხელა მოღვაწედ წარმოაჩინეთ გრიგოლ ხანძთელი, რომ ამას მის შესახებ დაწერილი ცხოვრება არ ადასტურებს, მხოლოდ რამდენიმე სასწაულია ჩამოთვლილიო. ამ ჩანართის შემდეგ ეს ხარვეზიც ამოივსო. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ სასწაულმოქმედების სიმრავლითაც განიზომებოდა ამა თუ იმ პიროვნების აღმატებულობა. ყველა კანონიზებულმა წმიდანმა თავი დადო სარწმუნოებისთვის, რადგან სრული სარწმუნოებრივი დარწმუნებულობა ჰქონდათ და მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო თავად ჭეშმარიტების გამოცხადება. მანამდე კი, მათ ცხოვრებაში სრულიად ვლინდებოდა მოღვაწეობითი თვითმარტვილობა, დოგმატური უცდომელობა, საკვირველმოქმედებითი ძალა და შესაბამისად თავდადებასაც ავლენდნენ სარწმუნოების მიმართ. ამას ეწოდება აღმსარებლობისადმი სრული თავდადება. აი, ეს არის ერთობლიობა იმ ნიშანდებებისა, რაც ჩვენ წინაშე ქმნის სახეს და მახასიათებლებს – ყოფითად რომ ვთქვათ, კანონიზებული წმიდანებისა. თუმცა აქ არის კიდევ ერთი უმთავრესი მომენტი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა. პიროვნების კანონიზება, იმ შინაარსით, როგორც ჩვენთან არის გავრცელებული, უაღრესად მცდარია – თითქოს ეკლესია ვინმეს რაცხს წმიდანად. სინამდვილეში წმიდა სინოდი ვინმეს წმიდანად კი არ რაცხს, წმიდანად პიროვნება შეირაცხება ცათა შინა ღვთისგან. როდესაც ზეციურ წიგნში მისი სახელი ჩაიწერება და ცხონების წიაღში შევა, ის მაშინ ხდება წმიდანი და ამ ქვეყანას, სულიერად აღმატებულ ადამიანებს ეს გარკვეული საკვირველმოქმედებით, ზეციური ნიშნით ეუწყება. ჩვენთვის საცნაური ხდება, რომ ესა თუ ის პიროვნება ცათა-შინა წმიდანად იქნა შერაცხილი და ამქვეყნად ხდება მხოლოდ ამ მოვლენის დადასტურება, მრევლისადმი უწყება. ამის მნიშვნელობა კი ის არის, რომ როდესაც შევიცანი კიდევ ერთი წმიდანი, რომელიც ცათა შინა შერაცხილ არს, მე შევიძინე კიდევ ერთი ძლიერი, ახოვანი მეოხი, შემწე ჩემს ამსოფლიურ მორკინალობასა და დამაშვრალობაში. ამიტომ, არის საჭირო წმიდანის სახელის ცოდნა, თორემ ის ვინც ცათაშინა სუფევაშია, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს მის შესახებ გვეცოდინება თუ არა რამე. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვიცოდეთ ჩვენი შემწე წმიდანების სახელი, რათა მადლიერნი ვიყოთ მათ მიმართ, გვქონდეს იმედი, დიდი სასოება და შეჭირვების ჟამს, მათი მეოხებით ვინუგეშოთ თავი. რაც უნდა დიდი იყოს განსაცდელი, წმიდანების სახით ძლიერი მეოხნი გვყვანან.
– ანუ, გარდა ჩამოთვლილი საკითხებისა, ადამიანის წმიდანად კანონიზებას თან უნდა ახლდეს ზეციდან მოვლენილი ნიშანი?
– შეიძლება, ვინმე წმიდა ადამიანმა, სასულიერო იერარქმა მიიღოს გამოცხადება და ეს გამოცხადება სხვასაც მიეცეს, ან ზოგადად, გამოცხადების გარეშე გამოჩნდეს. მაგალითად, სტეფანე პირველმოწამის ნაწილი რამდენჯერმე სასწაულებრივად გამოჩნდა, არავინ იცოდა, სად იყო დამარხული. სიწმიდე და ღირსება არასდროს იქნება დამალული და მისი უწყება ზეციდან ხდება. პიროვნება ზეცაში შეირაცხება წმიდანად, შემდეგ ეს ჩვენ გვეუწყება და ამის დადასტურება და განცხადება ხდება წმიდა სინოდის მიერ. დავუშვათ, ადამიანი ჯოჯოხეთშია ტანჯვაში, არ არის უფლის მიერ გამოხსნილი, ჩვენ კი გადავწყვეტთ, მის ამქვეყნად წმიდანად შერაცხვას, ეს მის მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. ჩვენ ამქვეყნად კი არ უნდა შევრაცხოთ პიროვნება წმიდანად და მერე უფალმა ზეციდან ბეჭედი დაუსვას, პირიქით, ის ჯერ ზეცაში ირაცხება წმიდანად, შემდეგ ეს გვეუწყება გამოცხადებით. წმიდა სინოდი კი ახდენს მის წმიდანად კანონიზებას, იმისთვის, რომ ჩვენ ამ წმიდანის სახელი ვიცოდეთ და შემწეობა ვთხოვოთ. გამოცხადებასაც სხვადასხვა სახე აქვს, გამოცხადება ყოველთვის არ ნიშნავს ვინმეს მოვლინებას, ზოგჯერ მისი საქმე ყველაფერს ღაღადებს. ის პიროვნება თავისი ღვაწლით იმდენად განუყრელი ხდება დაცემულ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობისთვის, რომ აშკარად სულიერად, განცდისმიერად ვგრძნობთ მის ჩვენ გვერდით ყოფნას. როდესაც ხდება პიროვნების წმიდანად შერაცხვა, მის სახელზე წყდება მსახურება, პანაშვიდის, პარაკლისის გადახდა, პირად ლოცვებშიც არ ვიხსენიებთ, პირიქით, ის შეგვეწევა. მაგრამ საფრთხე ისაა, თუ ის ზეცაში წმიდანად არ არის შერაცხილი, პირიქით, მას აქეთ სჭირდება ჩვენი ლოცვა, მანუგეშებელი, მდგომარეობის შემამსუბუქებელი მსახურება. ამიტომ ნაჩქარევად, მხოლოდ კაცობრივი განსჯით გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. აქ მეორე მხარეც იჩენს თავს, ვისაც ვინმეს მიმართ სიმპათიები აქვს და მატერიალური შესაძლებლობაც გააჩნია, გაირჯება და კარგად თუ იაქტიურებს, თავისი ყოფითი აზრით და მცდარი გონებით, ჩათვლის – როგორც იტყვიან ყველაფრის ყიდვა შეიძლება მატერიალური საზღაურითო და იქამდე მივა სიტუაცია, რომ ვინც ამა სოფელში მეტად ძლიერი იქნება, ის უფრო მეტად მოახერხებს მისთვის სასურველი ადამიანის წმიდანად კანონიზებას. რაც, ნამდვილად აღსაკვეთია.
– ეკლესიის ისტორიაში თუ ყოფილა ასეთი ცდომილება?
– ეკლესიის ისტორიაში მომხდარა ამ თუ ის კერძო კრების, სინოდის შეკრების ცდომილება. უცდომელი არის მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრება და მის მიერ სანქცირებული ადგილობრივი კრებები. თორემ ჩვეულებრივი, გარკვეული შეკრებების მიერ, ყოფილა ასეთი ცდომილებები. ანუ, კიდეც რომ განხორციელდეს ყოფითი ძალმომრეობა, გაუკუღმართება, ცდომილება, მცდარი მოვლენის განხორციელება – ვიღაცის თითქოს წმიდანად შერაცხვა, ეს იმით დამთავრდება, რომ მისი სახელი დროებით ჩაიწერება იმ წლის კალენდარულ გამოცემაში. ცათა შინა მას ვერავინ შერაცხავს და მომავალი ღვთივსულიერი სინოდი აუცილებლად შეასწორებს წინამორბედისგან დაშვებულ შეცდომას. კალენდარში დაშვებულ ტექსტსაც შეასწორებს და უმართებულო განჩინებასაც მკაცრად განაკანონებს.
– პეტრე იბერისა და აკაკი წერეთლის წმიდანად კანონიზების საკითხი საბოლოოდ გადაიდო, თუ კიდევ დგას დღის წესრიგში?
– წესით, საბოლოოდ გადაიდო.
– რა ბედი ეწია იაკობ გოგებაშვილის წმიდანად შერაცხვის საკითხს.
– თვითონ პიროვნების ნებაზე მძლეობაც არის, თუ მას, რბილად რომ ვთქვათ, აქვს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და ჩვენ გვინდა, მაინცდამაინც წმიდანად შეირაცხოს. იაკობ გოგებაშვილი მოითხოვდა საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრებულიყო მღვდელმსახურების არჩევნები, დიაკონიდან დაწყებული კათოლიკოსამდე – ყველა ხალხს უნდა აერჩია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მღვდლები რომ დაიწყებდნენ ხალხის გადმობირებას. აი, რას წერს იაკობ გოგებაშვილი: „ერი, რომელიც ირჩევს მთელს სამღვდელოების კრებულს, დიაკვნიდან – კათალიკოსამდე, დღეს თუ ხვალ მოითხოვს, რომ მის ხელშეუხებელ უფლებას შეადგენდეს სახელმწიფო მოსამსახურეთა არჩევანი. საჭიროა, მთელმა ქართველობამ მედგრად მოითხოვოს ეს უფლება და მტკიცედ გამოაცხადოს, რომ თუ იგი უფლება არ დაგვიბრუნდება, მთელი ქართველობა ზურგს შეაქცევს და უარყოფს მართლმადიდებლობას, რომელიც სწორედ შავ ჭირად ეუფლება მას და უშლის მოიპოვოს სრული თავისუფლება სიმდისისა“. იაკობ გოგებაშვილს მე რომ ვაფასებ, ნეტავ, სხვებიც ასე აფასებდნენ, მაგრამ მას მართლმადიდებლობის მიმართ მკვეთრი პოზიცია აქვს. შეიძლება, მის მართლმადიდებელ წმიდანად კანონიზების საკითხის დაყენება, როდესაც ადამიანი ამბობს მართლმადიდებლობაზე – შავი ჭირიაო და მერე უნდა ვევედროთ, წმიდანო იაკობ, შენ, რომელიც შავ ჭირად აღიარებ მართლმადიდებლობას, მეოხ მეყავ წინაშე ღვთისა.
– მამა გაბრიელის წმიდანად შერაცხვის საკითხზეც თუ მუშაობთ?
– ეს საკითხი დიდი ხანია, დგას, მაგრამ ჩემი სამოღვაწეო პროფილი არ არის. მე ვეხებოდი ისეთ პირებს, რომლებიც საერონი იყვნენ და მათი კანონიზება ძალიან დიდი პრობლემაა. ამისთვის სიფრთხილეა საჭირო. საერთოდ, ეკლესიის ისტორიაში, თუ ადამიანი მარტვილი არ იყო, ფიზიკურად არ დათმო სიცოცხლე, ან იყო მეფე-დედოფალი (იმ გაგებით, რომ მეფე-დედოფალი მოციქულთა სწორია), რომელთაც აქვთ დიდი ძალაუფლება და თავის რეგიონში მოციქულებრივ ღვაწლს არ ეწეოდა, არ შეირაცხება წმიდანად. ანუ, საერო პირი ან მარტვილი უნდა იყოს, ან მოციქულთა ღვაწლს მიმსგავსებული საერო ხელისუფალი, ქალბატონი იქნება ეს თუ მამაკაცი.

скачать dle 11.3