კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პროდუქცია შეიცავს საქართველოში გენმოდიფიცირებულ დანამატებს და როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა გენური ინჟინერიის მიღწევებისგან

გენური ინჟინერიის მიღწევების წყალობით თანამედროვე მსოფლიო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას – წამყვან ქვეყნებში უფრო და უფრო იზრდება გენმოდიფიცირებული პროდუქტის ნაირსახეობა და მათი წარმოება. ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ექსპორტირებული პროდუქციის გაურკვეველი წარმომავლობისა თუ შემადგენლობის დადგენა, არათუ მომხმარებელს, თავად ექსპერტებსაც უჭირთ. მე სიამოვნებით დავთანხმდი რესპონდენტის მიერ შემოთავაზებულ ექსპერიმენტს და რამდენიმე ცნობილ მარკეტში, ერთი მარტივი კითხვა დავსვი: „ეს პროდუქცია გმო-ს შეიცავს?“ ამ შეკითხვას რამდენიმე გამყიდვლის ისეთი გაოცება მოჰყვა, თითქოს ჩინური კულტურის სათავეებზე ვესაუბრებოდი. არ ხარ ინფორმირებული – ნიშნავს, რომ არ ხარ დაცული. თუმცა, პროდუქტში გენმოდიფიცირების საშიში დანამატი აღმოაჩინო, იოლი ნამდვილად არაა. ამიტომ, იმ „რეცეპტის” დადგენა, თუ როგორ შეიძლება, დაიცვას მომხმარებელმა თავი „გენური ტექნოლოგიის“ საკვებისგან, სურსათის უვნებლობის სფეროს ექსპერტთან, მაკა შუბლაძესთან გასაუბრებით ვცადეთ.

მაკა შუბლაძე: გენმოდიფიცირებული საკვები თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მეცნიერების ვარაუდით, 2050 წელს დედამიწის მოსახლეობა 10-11 მილიარდი იქნება და ადამიანთა ამ რაოდენობის მოსახლეობის დაპურება სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემაა. ტრადიციული სოფლის მეურნეობა ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოუსადეგარია, ამიტომ მეცნიერები გენური ინჟინერიის ახალ-ახალი სფეროების დაპყრობას ცდილობენ. პასუხი შეკითხვაზე, ვისთვის არის ხელსაყრელი გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოება, ძალიან მარტივი იქნება, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ ინფორმაციას: ერთი ტონა ნორმალური ხორბალი ღირს 300 დოლარი, ამავე რაოდენობის ტრანსგენური ხორბლის ფასი კი 40-50 დოლარია, დამეთანხმებით, რომ საოცარი ეკონომიაა და, ამ მაჩვენებლების პერსპექტივით, 2050 წელს მსოფლიოს შიმშილი არ ემუქრება. თანამედროვე ბიოტექნოლოგიებმა მეცნიერებს მისცა საშუალება, შეექმნათ მცენარეთა და ცხოველთა ისეთი სახეობები, რომელთა მიღება ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა, მაგალითად, გამოიყვანეს მცენარე, რომელსაც შეუძლია, თავად დაიცვას თავი მავნე მწერებისგან, გაუძლოს გვალვას, ყინვას, ნიადაგის გამოფიტვას და სხვა არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებს... რომლის კვებითი ღირებულება უფრო მაღალია და დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს... მოკლედ, თან ვიკვებებით, თან ვიტამინებსაც ვიღებთ და გამოდის, რომ თანხებს ვზოგავთ (იცინის). გენური ინჟინერიის ექსპერიმენტების შედეგად შეიქმნა ყავა კოფეინის გარეშე, მარწყვი ნაკლები შაქრის შემცველობით, ბრინჯი მეტი რაოდენობის რკინით, კარტოფილი, რომელსაც დამატებული აქვს მორიელის გენი, პომიდორი, „დაჯილდოებული” პოლარული ქამბალის გენით. გენმოდიფიცირებული საკვების დადებით და უარყოფით მხარეებზე მეცნიერთა დისკუსიები დაუსრულებლად გრძელდება. ექსპერტთა ერთი ჯგუფის მტკიცებით, გენმოდიფიცირებული პროდუქტი აუცილებელი და სასარგებლოა, მაგრამ მეორე მხარეს დგას ექსპერიმენტები და ფაქტები, რომლებიც ამ პროდუქტის პოტენციურ საშიშროებაზე მეტყველებს.
– რომელი ქვეყნები ითვლება დღეს მსოფლიოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის მთავარ მწარმოებლად და საიდან ემუქრება საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე?
– ოფიციალურად, გენმოდიფიცირებული პროდუქტი 18 ქვეყანას მოჰყავს, და მათ შორის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, ამ მხრივ „წარმატებული” ქვეყნების რიგში: კანადა, არგენტინა, ბრაზილია, ჩინეთი და ავსტრალია; ევროპაში – გერმანია, ესპანეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. გენმოდიფიცირებული პროდუქტიდან ყველაზე მეტი რაოდენობით იწარმოება: ხორბალი, პომიდორი, სოია, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი, მარწყვი, ყაბაყი, პაპაია, ბამბა, ნესვი, ბრინჯი, თამბაქო. გენმოდიფიცირებული პროდუქტები ძირითადად დაგეგმილი იყო აფრიკის ღარიბი ქვეყნებისთვის და სწორედ ამ ღარიბმა ქვეყნებმა, უკვე ხუთი წელია, აკრძალეს გენმოდიფიცირებული პროდუქტების შეტანა – როგორც ჩანს, ურჩევნიათ, იშიმშილონ. გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანა იყენებდა გარკვეულ მეთოდებს, თუმცა, რიგ სახელმწიფოებში ეს საკითხი არ რეგულირდება. ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს კანონი გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით, ძირითად ყურადღებას უთმობენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით რისკებთან. რეგულირდება კონტროლის მექანიზმები ვაჭრობის, ტესტირებისა და მარკირების თვალსაზრისით. ევროპული ქვეყნებისთვის დადგენილი ზღვარი 0,9 პროცენტია და საქართველოშიც ეს ზღვარი მოქმედებს. თუ ეს ზღვარი უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს, პროდუქტს აუცილებლად უნდა მიეთითოს, რომ გენმოდიფიცირებულია. სხვა ქვეყნებში ეს ზღვარი ბევრად უფრო დაბალია – მაგალითად, იაპონიაში 5 პროცენტს შეადგენს. სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტები არა მხოლოდ პროდუქტის, არამედ მასში შემავალი ინგრედიენტების კონტროლსაც გულისხმობს. შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება, გააკონტროლოს გმო-ს ზღვარი, ამისთვის კი უნდა ჰქონდეს შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებსაც კი არ შეუძლია უმეტესი ტრანსგენური შემცველობის ზღვრების დადგენა და, როგორც ვიცი, ბოლომდე არ არის შეთანხმებული თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე. ძალიან რთულია, რომ საქართველო გამოცხადდეს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად – ეს დამატებით ბარიერებს შეუქმნის მეწარმეებს, რადგან, უნდა არსებობდეს იმის საშუალებაც, რომ გაკონტროლდეს ეს პროცესი და საზღვარზე არ შემოვიდეს ასეთი ტვირთი. ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც ევროგაერთიანებამაც კი ვერ შეძლო. საქართველოში ძალიან ბევრი პროდუქცია შემოდის თურქეთიდან, რადგან იაფია. რატომ არის იაფი?! იმიტომ რომ, უმეტესი წილი გენმოდიფიცირებულია. სწორედ ასეთი პროდუქცია უპრობლემოდ შემოდის საქართველოში. გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამერიკაშიც ბევრია, მაგრამ იქ არსებობს კონტროლის მექანიზმი – მარკეტებში ცალკე თაროზეა განლაგებული ეს პროდუქცია, შესაბამისი ეტიკეტით: „გნმ-ის შემცველობით“, უფრო მეტიც, ამ პროდუქტის ტრანსპორტირება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტთან ერთად საერთოდ არ შეიძლება. ამერიკაში მომხმარებლისთვის ეს ინფორმაცია დაფარული არ არის და თავად აკეთებს არჩევანს – იაფი გენმოდიფიცირებული პროდუქტი შეიძინოს, თუ ძვირი და ეკოლოგიურად სუფთა.
– როგორ დაიცვას ჩვენმა მომხმარებელმა თავი გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან?
– საქართველოს მოსახლეობა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უკვე შიშით უყურებს, უკვე აღარავინ არის დარწმუნებული, რომ სურსათი ეკოლოგიურად სუფთაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის მიღებული. დიდ საშიშროებას ზოგიერთი სახეობის პურ-ფუნთუშეული და ბავშვთა კვების პროდუქტი იწვევს: როგორც ცნობილია, საფუარი, რომლითაც პური მზადდება, მეტწილად სწორედ გენმოდიფიცირებულია. გამოვლენილია გმო-ს შემცველი პროდუქტების არასრული სია (ეს საქართველოს მონაცემები არ გახლავთ, – ავტორი): მარგარინი, მშრალი სუპები, სწრაფი მომზადების სადილები... არ გაგჩენიათ კითხვა, რა ინახავს მათ ამდენ ხანს და როგორ ფუშფუშდება ხუთ წუთში? საშიშროებას წარმოადგენს დიაბეტური კვების დიდი ნაწილი და ზოგიერთი სახეობის ნაყინი, შოკოლადები: „სნიკერსი“, „მარსი“, „ტვიქსი“, „მილქი ვეი“ და „ნესტლეს“ პროდუქტი – შოკოლადი და ნესქვიკი, სოიის თითქმის ყველა ნაწარმი, ჩიპსები, საღეჭი რეზინები, ყველასთვის საყვარელი „კოკა-კოლა“ და „პეპსი“, „ფანტა“ და „სპრაიტი“, ჩაი „ლიპტონი”, ნამცხვარი „პარმალატი”, იოგურტები და კეფირი, „კრაფტის“ პროდუქციის დიდი ნაწილი, ჰაინცის კეტჩუპები და სოუსები... სამწუხაროა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია ჩვენთვის კარგად ნაცნობია და ყოველდღიურად მივირთმევთ ჩვენც და ჩვენი შვილებიც. თითოეულ მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, რას და როგორი ხარისხის პროდუქციას ყიდულობს, მაგრამ, გამოავლინო გმო-ს შემცველობა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიულად. თავდაცვის ერთადერთ ბერკეტად რჩება, მომხმარებელმა ისწავლოს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ამომწურავად მიღება, გავამახვილოთ ყურადღება ეტიკეტზე გაკეთებულ წარწერაზე: „არ შეიცავს გმოს“, ან – „ეკოლოგიურად სუფთა“, თუმცა, აქაც არსებობს ერთი დიდი პრობლემა: ხშირად ეტიკეტირება ისე უკონტროლოდ და სერიულად ხდება, რომ ყოფილ დსთ-ს ერთ-ერთ ქვეყანაში ეტიკეტი წარწერით: არ შეიცავს გმო-ს ჰქონდა მობილურ ტელეფონს და პრეზერვატივს. თუ პროდუქცია წარმოებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის შემადგენლობაში შედის სოია, სიმინდი ან კარტოფილი, დიდია შანსი, გმო-ს შეიცავდეს. თუ პროდუქტზე გვხვდება წარწერა. „მცენარეული ცილა”, ესე იგი, ის არის ტრანსგენური. დაიმახსოვრეთ: E 322 – სოიის ლეციტინია, ხსნადია წყალსა და ცხიმში, გამოიყენება ნამცხვრებსა და შოკოლადებში; ასევე, E101 და E101ა – რიბოფლავინი, კარგად ცნობილი, როგორც ვიტამინი B, უმეტეს შემთხვევაში ტრანსგენურია, ის ხშირად არის დამატებული უალკოჰოლო გაზიან სასმელსა და ბავშვთა კვების პროდუქტებში; ხშირად ნახავთ შემადგენლობაში, კარამელი E150 და ქსანტანი E415 და, უნდა ვივარაუდოთ, რომ გმო-სთან გვაქვს საქმე. ხშირად, კოდის ნაცვლად, გვხვდება თავად პროდუქტის დასახელება, მათგან ყველაზე გავრცელებულია: სოიის ნაწარმი, მცენარეული ცხიმები, მალდოტექსტრინი, სახამებლის ნაირსახეობა, რომელიც ხშირად არის ბავშვთა კვების პროდუქტებში, გლუკოზა ან გლუკოზის სიროფი, რომელიც მიღებულია ტრანსგენური სიმინდის სახამებლისგან და ძირითადად იყენებენ ნამცხვრებში, ორცხობილებსა და ჩიპსებში სასიამოვნო ყავისფერი შეფერილობის მისაღებად. იგი უხვადაა მაღალენერგეტიკულ სასმელშიც. ასევე, გავრცელებულია ასპარტამი, ასპასვიტი, ასპამიქსი – დამატკობელები, რომლებიც უხვად გამოიყენება ეგრეთ წოდებულ დიეტურ, უშაქრო გაზირებულ სასმელებსა და საღეჭ რეზინებში. ბავშვთა კვების გამოყენებისას მაქსიმალურად უნდა გავამახვილოთ ყურადღება პროდუქციის შემცველობაზე და აუცილებლად ვკითხოთ რჩევა პედიატრს, რადგან, დედის რძის შემცველი ნებისმიერი ადაპტირებული ნარევის ცხიმოვანი კომპონენტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ცხიმები, სოია, სიმინდი, პალმა, ქოქოსი და ასე შემდეგ. დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გენმოდიფიცირება ხდება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ საკვები დანამატები არის ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტს მისი თვისებების შესაცვლელად, ფერის, გემოს, სუნის, შენახვის ვადის გასაუმჯობესებლად ემატება. „კოდექს ალიმენტარიუსის” მონაცემებით, არსებობს დანამატები, რომლებიც იწვევს კანის დაავადებებსა და ალერგიებს: E151, E231, E239, E907, E160, E232, E310-312, E951, E1105. კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის საშიშროებას წარმოადგენს დანამატები: E338-340, E351, E450-452, E4610463, E465, E466. სიმსივნეების გამომწვევი დანამატებია: E131, E153, E210-216, E219, E230, E233, E242, E249, E252, E280, E283, E330, E466, E591-593, E620, E636, E954 ჰიპერტონიული დაავადებების გამომწვევია: E154, E250-251, განსაკუთრებით საშიშია: E510, E123, აკრძალული დანამატებია: E102, E105, E111, E121, E125-126, E130, E 152, E952.
რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულს, საშიშროება აქაც არსებობს. რაც უნდა დიდი სურვილი მქონდეს, რომ შვილს ნატურალური, ჩემს მიწაზე მოყვანილი სიმინდი ვაჭამო, გენმოდიფიცირებული სიმინდისგან დამტვერვით, ნელ-ნელა „ჩემი” სიმინდიც აღარ არის ნატურალური და ენდოგენური ჯიშები ნელ-ნელა მთლიანად იკარგება. ნუ მოგხიბლავთ დიდი ზომის, უნაკლო პროდუქტი, თვალისმომჭრელი მარწყვი თუ ვაშლი – ეს ტრანსგენური პროდუქციაა, რომელიც მყიდველის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, გარდა ერთისა – არ არის უვნებელი და უსაფრთხო. ნატურალური პროდუქტის დამახასიათებელი ნიშნებია დაზიანებები და დაჭიანებული ადგილები. ასე რომ, მიირთვით ჭიანი ვაშლი და იყავით ჯანმრთელი!

скачать dle 11.3