მოპარული სამაჯური, მეგრელი რუსი და დაკავებული ჯიბგირები
ვიზუალურად რუსს ვგავარ, რადგან გვარით, ანუ ეროვნებით რუსი ვარ. მაგრამ, ჭიჭიკო გოგოლის არ იყოს, სულით ხორცამდე – ქართველი გახლავართ. დავიბადე ზუგდიდში, იქვე ვიზრდებოდი და ქართულ და რუსულ ენებზე სუფთად მეგრული ვიცი...
„მურში“ ახალი მოსული ვარ და უფროსობამ მე და სტიოპა ზახაროვი მეტროში გაგვგზავნა.
– მიდით, გაიკატავ-გამოიკატავეთ, იქნებ, ბედმა გაგიღიმოთ და ზურმუხტის სამაჯურის ქურდებს წააწყდეთ, – გვითხრა უფროსმა, – ზოგჯერ ახალბედებს უმართლებთ.
საქმე ის იყო, რომ ერთ, ძალიან ცნობილი კომპოზიტორის მეუღლეს უძვირფასესი თვლებით გაწყობილი სამაჯური მოჰპარეს ქურდებმა მეტროში და ჩვენი უფროსი ამას გულისხმობდა.
– წამო, კინოში წავიდეთ ან გოგოები „დავაბათ“ სკვერში, – შემომთავაზა სტიოპამ, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა ჩვენს „გამართლებაში“. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და დავალების შესასრულებლად მეტროში ჩავედით.
– კარგად დააკვირდი მოქალაქეებს, იქნებ, ქურდობის ფაქტი დავაფიქსიროთ, ბოროტმოქმედი დავაკავოთ და „ბრასლეტიც“ კი ვიპოვოთ, – ვუთხარი სტიოპას, მან კი ირონიულად გაიღიმა:
– კი, როგორ არა, დარწმუნებული ვარ, რომ ქურდს სამაჯურიანად აღმოაჩენ, – ჩაიქირქილა სტიოპამ, – ბიჭო, მოპარულ სამკაულს უკვე ქვები ექნება დაცლილი, ოქრო გადამდნარი და ყველაფერი გაყიდული. წამო, დამიჯერე, ტყუილად ვირჯებით, ამას ჯობია, გავერთოთ, – კიდევ ერთხელ სცადა მან ჩემი გადაბირება, მაგრამ კვლავ უარი ვტკიცე, სამაჯურის ფერად ფოტოსურათს კიდევ ერთხელ დავხედე და ჯიბეში შევინახე.
– კარგად დააკვირდი, კარგად! – არ ცხრებოდა სტიოპა, – ქურდს უეჭველად იპოვი, „ბრასლეტიანად“...
მოკლედ, ნახევარი დღე წინ და უკან დავგრიხინებდით სმოლენსკის ხაზზე, სადაც სამკაული მოიპარეს და ყველა საეჭვო პირს ვაკვირდებოდით, მაგრამ, უშედეგოდ. სტიოპა უკვე ხმამაღლა დამცინოდა. თითქმის გადამიბირა კიდეც და მეტროდან ამოსვლა დავაპირეთ.
– ბოლომდე ჩავსრიალდეთ და მოვრჩეთ, – ვუთხარი სტიოპას და სკამზე დავჯექი. მორიგ გაჩერებაზე ორი ახალგაზრდა შემოვიდა, გვერდით დასხდნენ და აჩურჩულდნენ. ისინი მეგრულად ლაპარაკობდნენ და ძალაუნებურად მივაყურადე.
– დავშალოთ და ნაწილ-ნაწილ, კეკლებად გავყიდოთ, – ამბობდა ერთი, მეორე კი უარზე იყო და სთავაზობდა, იუველირთან მივიტანოთო.
ახალგაზრდების საუბრიდან დავასკვენი, რომ მათ „მწვანეკეკლებიანი“ ნივთი ედოთ ჯიბეში და გაყიდვა უნდოდათ...
„მოპარული სამაჯური!“ – გამიელვა თავში. ამიტომ, არც ვაციე, არც ვაცხელე და ორივეს ხელბორკილი დავადე მოულოდნელად.
– ჩქარა, სამაჯური მომეცით! – ვუღრიალე მათ მეგრულად და შევუბღვირე.
– მეგრელი რუსი! – წამოიძახა ერთ-ერთმა დაბნეულმა ყმაწვილმა, ჯიბიდან უძვირფასესი სამაჯური ამოაცურა და მომცა. ამ ეპიზოდის შემხედვარე სტიოპას, ენა მუცელში ჩაუვარდა.
– რა პირი დაგიღია! – დავუძახე სტიოპას, – ხომ ხედავ, ქურდები ნაქურდალით ხელში დავაკავე, ადე, წავედით!
ქურდები „მურში“ მივიყვანეთ, რამაც ჩვენი კოლეგები ისე გააოცა, რომ საკუთარი თვალების არ სჯეროდათ და პირდაღებულები გვიყურებდნენ... მას შემდეგ სტიოპა დაჰიპნოზებული მყავდა და, რასაც ვეტყოდი, არაფერზე ამბობდა უარს, ყველაფერს მიჯერებდა. მაწონზე რომ მეთქვა, შავია-მეთქი, დამიჯერებდა...
პოლკოვნიკ თორნიკე
პეტროვის ნაამბობის მიხედვით