კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რასთან ურთიერთობისას იღებს გიორგი გასვიანი ყველაზე დიდ სიამოვნებას და რა კანონზომიერებას არ უჩივის ის

  მსახიობი გიორგი გასვიანი მაყურებელს კარგად ახსოვს სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“. ის, ასევე, მუშაობს რადიოში, არის სოხუმის თეატრის მსახიობი და მონაწილეობას იღებს სარეკლამო რგოლებში. აქტიური სამუშაო წლის შემდეგ გიორგიმ დასვენებაც აქტიური აირჩია და შვებულების გასატარებლად ბათუმში მიდის. რისგან იღებს ის ყველაზე დიდ სიამოვნებას და რა მნიშვნელოვან წინადადებებზე თქვა უარი, ამას მსახიობი თავად გვიამბობს.

– როგორ ხარ, რა ხდება შენკენ ახალი და კარგი?
– საზაფხულოდ ძალიან კარგ განწყობაზე ვარ. განსაკუთრებული სიახლე არ მაქვს, ძველებურად ვმუშაობ რადიოში, თეატრში. სერიალისგან ვისვენებ, სექტემბერში კი ისევ გაგრძელდება გადაღებები. ახლაც რაღაც ქასთინგებში ვიღებ მონაწილეობას. მოკლედ, მგონია, რომ სექტემბრიდან სიახლეები მექნება. რამდენიმე რეკლამაშიც გადამიღეს.
– დასასვენებლად არ მიდიხარ?
– კი, გავდივარ შვებულებაში და ზღვაზე მინდა წასვლა. ალბათ, ბათუმში წავალ. მთა იმდენად არ მიყვარს, თუმცა, სვანეთში დიდი სიამოვნებით წავიდოდი, რადგან სვანი ვარ და არასდროს ვყოფილვარ ჩემს მხარეში. თუ დამპატიჟებენ, აუცილებლად წავალ (იცინის). რაც შეეხება ზღვას, ის ჩემი სტიქიაა. შეიძლება, იმიტომ ვგიჟდები ასე ძალიან ზღვაზე, რომ სოხუმში დავიბადე, 6 წლამდე იქ ვიზრდებოდი და ბავშვობიდან შეჩვეული ვარ, ამიტომაც, განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ ზღვასთან ურთიერთობისას.
– ანუ, აქტიური მუშაობის შემდეგ – დასვენებაც აქტიური?
– ჩემს მუშაობას არც ძალიან აქტიურს დავარქმევ, არც პასიურს. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ 24 საათი ვმუშაობდე, ცოტა ხნის შემდეგ კი საქმე არ მქონდეს და ერთი კვირა არაფერი ვაკეთო. მოკლედ, მსახიობის გრაფიკი ისეთია, წინასწარ ვერაფერს დაგეგმავს. საერთო ჯამში, რასაკვირველია, აქტიური წელი მქონდა. სახლში უსაქმურად არ ვმჯდარვარ, თუმცა, ვისურვებდი, მომავალ წელს უფრო მეტი საქმე მქონდეს და მეტად დავიღალო. რაც შეეხება დასვენებას, ესეც აქტიური მიყვარს.
– რა არის შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
– ისევ და ისევ ზღვა (იცინის). ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა, მაინც ზღვის პირას დასვენებაა. მართალია, ეს აქტიურ დასვენებად ითვლება, მაგრამ, იყოს აქტიური, მთავარია, ზღვასთან ახლოს ვიყო (იცინის). ჰამაკში წოლა და წიგნების კითხვაც ძალიან მიყვარს, მაგრამ, ზღვაზე რომ ვიყო და სულ ჰამაკში ვიწვე, შეიძლება, დეპრესია დამემართოს და გავაფრინო (იცინის).
– საზაფხულოდ, ახალი ურთიერთობების დასაწყებადაც ხომ არ ხარ მზად?
– კი, აბსოლუტურად მზად ვარ. საერთოდ, ძალიან მიყვარს სიტყვა „ფლირტი“ – ეს არ ნიშნავს ძალიან სერიოზულს, არ გავალდებულებს რაღაც-რაღაცეებს. მოკლედ, თავისუფალი და სასიამოვნო განცდაა, რაც ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ფლირტი ძალიან ბევრჯერ მქონია, ყველაზე კარგი კი მაინც ზაფხულის სეზონზეა. ალბათ, იმიტომაც, რომ ზაფხულში სისხლი უფრო ჩქეფს, ორგანიზმი უფრო ცოცხალი და ცხელია (იცინის).
– ესე იგი, სერიოზული ურთიერთობების დაწყებას მაინც ფლირტაობა გირჩევნია?
– (იცინის) არა, ეს ბოლომდე ჩემზე დამოკიდებული, ალბათ ვერც იქნება, რადგან გრძნობების ყოველთვის გაკონტროლება, ცოტა მიჭირს. როცა სერიოზულად მიყვარს, ვეღარ ვფიქრობ ვერაფერზე. ამ დროს მხოლოდ გულია ჩართული, გონება აღარ მოქმედებს (იცინის). როცა ურთიერთობას უკვე სერიოზული სახე აქვს, ამ დროს ტყუილიც აღარ შეიძლება, ბოლომდე გულწრფელი უნდა იყო.
– ასეთი ურთიერთობა გქონია?
– კი, მქონია, მაგრამ, ეს ურთიერთობა თავისთავად დასრულდა – ეტყობა, ასე იყო საჭირო. ფსიქოლოგიურად მივიყვანე საქმე იქამდე, რომ თავისით დასრულებულიყო. ახლა ახალი ურთიერთობების მოლოდინში ვარ. ვფიქრობ, ყველაფერი წინ მაქვს. არ მიყვარს დაგეგმილი ცხოვრება. როცა მიხვდები, რომ ადამიანი გიყვარს და მასთან გინდა, გაატარო მთელი ცხოვრება, მაშინ ნამდვილად გამოიღებს ნაყოფს სიყვარული.
– ამ საკითხში ძალიან გამოცდილი ადამიანივით მესაუბრები.
– საერთოდ, „მორიელების“ თვისებაა – ისე მსჯელობენ, როგორც ომში გამოცდილი გენერლები (იცინის). ჰოროსკოპშიც ასე წერია – ისე საუბრობენ, თითქოს ყველაფერი იციანო. „მორიელები“ ძალიან ტემპერამენტიანები და სექსუალურები არიან. ცოტა ენამწარეებიც, მაგრამ, ბოროტები – არა. ხალხი თავს იკავებს „მორიელთან“ ყველაფრის თქმისგან, რადგან ძალიან პირდაპირები არიან და ცოტა კბენაც ახასიათებთ, ოღონდ, შხამიანები არ ვართ (იცინის).
– შენში ხედავ ამ თვისებებს?
– კი, ჩემში ეს თვისებები ნამდვილად არის. კბენა დიდად არ მახასიათებს, თან, არა მგონია, უხეშად და შხამიანად გამომდიოდეს. თუნდაც ნაწყენი ვიყო ადამიანზე, მაინც ვუპასუხებ მის ზარს. თუ ძალიან უმნიშვნელო საკითხია, შეიძლება, იგნორი გავუკეთო, მაგრამ, ძალიან იშვიათად.
– პოპულარობას უკვე გრძნობ? თუ გწერენ ან თუ გირეკავენ?
– იცი, როცა სერიალი გადიოდა, უფრო ვგრძნობდი, რომ ხალხი მცნობდა. ახლა თითქოს ცოტა ჩაცხრა ეს ყველაფერი. ვფიქრობ ხოლმე, ვიღას უნდა ვახსოვდე-მეთქი, მაგრამ, ხანდახან ამბობენ: ეს ის არ არის, სერიალის ვატოო?! რასაკვირველია, მიხარია. პოპულარობა რატომ არ უნდა გიხაროდეს, ამაში ცუდი რა არის?
– თაყვანისმცემლების რაოდენობამაც იმატა?
– „სოციალურ ქსელზე“ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება, კომპლიმენტებს მეუბნება. მეცნობიან, კომენტარებს მიტოვებენ და მეუბნებიან, რომ სერიალიდან მიცნობენ და მოვწონვარ. ეს ყველაფერი ძალიან მიხარია, თუმცა, იმას არ ნიშნავს, რომ თავში მაქვს ავარდნილი და ვარსკვლავი მგონია თავი. ვარსკვლავი რომ გავხდები, ალბათ, აღარც იქნება საჭირო, მკითხონ, მყავს თუ არა თაყვანისმცემლები. ჩემი მიზანია, გავხდე ხალხისთვის საყვარელი მსახიობი და, ვარსკვლავი ერქმევა ამას, მთვარე თუ ქანდაკებას დამიდგამენ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
– მიზანს ყოველთვის ადვილად აღწევ?
– არა, ყოველთვის ადვილად ვერ ვაღწევ მიზანს. ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ რაღაც გამომივიდეს. როგორც მე მინდა, ისე ნამდვილად არ ხდება ხოლმე. თუმცა, ცხოვრების კანონზომიერებას არ ვუჩივი (იცინის). სხვადასხვანაირი კატეგორიის ადამიანები არსებობენ: ისინი, ვინც ბევრს შრომობენ, წვალობენ და შემდეგ აღწევენ მიზანს; ისინი, ვინც ძალიან ნიჭიერები არიან და ადვილად ხდებიან წარმატებულები და ისინი, ვინც არც წვალობენ, არც შრომობ ან და არც ნიჭი აქვთ, მაგრამ, აქვთ ფული (იცინის). ჩემს ცხოვრებაში კი, დილას გავიღვიძო და საოცრად წარმატებული ვიყო – ასე არ ხდება. მადლობა ღმერთს, ზარმაცი არ ვარ და შრომა არ მეზარება. როცა რაღაც ახალი და კარგი ხდება, ჩემს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა. სულ იმას ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება კარგი და ეს სტიმულს მმატებს.
– ხშირად შემოუთავაზებიათ ისეთი რამ, რაზეც უარი გითქვამს?
 – კი, მქონია მსგავსი მომენტები. სერიალის შემდეგ ორჯერ შემომთავაზეს იმავე ტიპის როლი, მაგრამ უარი ვთქვი. საერთოდ, საქართველოში ნაკლებად თანხმდებიან ასეთი ტიპის როლებზე. ეს შემოთავაზება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, უარი იმიტომ ვთქვი, რომ ერთ ეტაპზე სამი ერთნაირი როლი ცოტა გამაღიზიანებელი იქნებოდა. უბრალოდ, პროფესიული იარლიყის მიკერების შემეშინდა. არ მინდა, ვიყო მხოლოდ ერთი ტიპის მსახიობი, ყველანაირი როლი მინდა, შევასრულო. თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ ასეთ შემოთავაზებაზე კიდევ ვიტყვი უარს – გააჩნია რეჟისორს, ადგილს და ფილმს.

скачать dle 11.3