8 წლის ასაკში დაწყებული კარიერა და ქართველი ფეხბურთელის წარმატება რუსეთში
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გია გრიგალავა საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. მისი საფეხბურთო კარიერა რუსეთში დაიწყო და ის დღესაც საფეხბურთო კლუბ „ვოლგაში” თამაშობს. რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან კი საქართველოს ნაკრებში გადმოინაცვლა. მისი საფეხბურთო წინსვლისა და სამომავლო გეგმების შესახებ თავად ფეხბურთელი გვესაუბრება.
– რამდენი ხანია, რაც უცხოეთში წახვედი და როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო წინსვლა?
– 8 წლის ვიყავი, როცა პირველად წამოვედი რუსეთში. მამასთან ერთად როსტოვში ვცხოვრობდი. ჩამოსვლისთანავე „ლოკომოტივის” სპორტულ სკოლაში შევედი. შემდეგ საფეხბურთო სკოლა „როსტოვში” გადავედი. ნელ-ნელა გაგრძელდა ჩემი საფეხბურთო კარიერა. ჯერჯერობით სხვა ქვეყნის გუნდებში არ ვყოფილვარ. რაც რუსეთში ვცხოვრობ, სულ ამ ქვეყნის გუნდებში ვთამაშობ. ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ვოლგაში” ვარ.
– როგორც ვიცი, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან საქართველოს ნაკრებში გადმოინაცვლე.
– კი, ასეა. მანამდე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი. იქიდან გამომდინარე, რომ რუსული პასპორტი მქონდა, გამომიძახეს და მეც დავთანხმდი. ახლა კი საქართველოს ნაკრებში გადმოვედი. რუსეთის გუნდში თამაში უფრო პერსპექტიულია, რაც შეეხება ნაკრებს, როგორც ქართველმა, საქართველო ავირჩიე. პირველი მატჩი ხორვატიასთან ვითამაშე. ბედნიერი ვარ, რომ ამ ნაკრებში გამოვდივარ. იმდენი ხანია, რუსეთის გუნდებში ვთამაშობ, მომენატრა ქართული ფეხბურთი.
– რუსეთში ცხოვრებას ადვილად შეეგუე, როგორც ვიცი, ბავშვობიდან დამოუკიდებლად ცხოვრობ?
– 13-14 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ. მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ, მე კი აქ დავრჩი. სიმართლე რომ გითხრათ, დამოუკიდებლად ცხოვრება არ გამჭირვებია, რადგან ენა ვიცოდი. მით უმეტეს, მაშინ, როცა როსტოვში ვცხოვრობდი არანაირი პრობლემა არ მქონია. თითქმის კავკასიური ქალაქია – სომხები, ქართველები ბევრნი არიან.
– თავისუფალ დროს რას აკეთებ, როგორ ერთობი?
– ვარჯიშის მერე ბიჭები ერთად მივდივართ სადილად. შემდეგ ვისვენებთ სახლში და საღამოობით ისევ ვხვდებით ერთმანეთს – მივდივართ სხვადასხვა ადგილებში. ჩვეულებრივად ვერთობი, განსაკუთრებული არაფერი (იცინის). ხშირად დავდივართ უცხოეთში შეკრებებზე, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ახლახან დავბრუნდი ავსტრიიდან. რუსეთის ჩემპიონატში შესვენება იყო და იმ პერიოდში 2 კვირით ვიყავით „ზბორებზე”. ხშირად დავდივართ ევროპაში. თუმცა, სულ ვვარჯიშობთ და ამ ორი კვირიდან ერთი-ორი დღე გვაქვს თავისუფალი.
– ცნობილ ფეხბურთელებს თუ ხვდები, ან თუ მეგობრობ რომელიმე მათგანთან?
– კი, როგორ არ ვხვდები. ხშირად ვეთამაშებით ძლიერ გუნდებს, სადაც პოპულარული ფეხბურთელებიც თამაშობენ. ჩემი ძალიან ახლო მეგობარია ნიგერიელი ფეხბურთელი – აკარონკო, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. მყავს ბრაზილიელი, სერბი და კიდევ ბევრი სხვა ეროვნების მეგობარი. ქართველ ფეხბურთელებთანაც ძალიან ახლოს ვარ. გუნდშიც ბევრია ქართველი ბიჭი.
– რუსეთის ნაკრებში მიწვევის შანსი გქონდა?
– ამის შანსი ყოველთვის შეიძლება იყოს. მე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდანაც მქონდა გამოძახება, მაგრამ მაშინ უკვე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი და ამიტომ, ისევ იქ დავრჩი. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებში მიწვევას, ალბათ, არ დავთანხმდები. მე ქართველი ვარ და მიხარია, საქართველოს ნაკრებში რომ ვთამაშობ.
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? თუ დატვირთული გრაფიკის გამო ამისთვის ნაკლები დრო გრჩება.
– არა, ისეთი დატვირთული გრაფიკიც არ მაქვს, რომ დრო საერთოდ არ მრჩებოდეს. მაგალითად, დღეს ვარჯიში არ მაქვს და ვისვენებ. ხან როგორ არის და ხან როგორ. თუმცა, პირად ცხოვრებაში დიდი არაფერი ხდება. ამ ეტაპზე მაინც ფეხბურთით ვარ დაკავებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ.