კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს თბილისში მცხოვრები 44 წლის ქალი თავის ბერძენ ნათესავებს ათენსა და სალონიკში და ვისი მოძებნის იმედი აქვს თბილისელ ქალბატონს

44 წლის ია პანაიდიკოს ასული ხუნწარია ეძებს თავის ნათესავებს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბერძენ ნათესავებს: 48 წლის გალია პანაიოდის ასულ კონსტანტინიდის, დაახლოებით 40 წლის სტავრო პანაიოდის ძე კონსტანტინიდის, ასევე, დაახლოებით 62-65 წლის ხრისტო კონსტანტინიდის (მამის სახელი არ მახსოვს) და ხრისტოს შვილებს – ოლია და ლენა კონსტანტინიდებს. ჩემი ნათესავები დაახლოებით 1990-1991 წლებში საცხოვრებლად ბათუმიდან საბერძნეთში გადავიდნენ (ქალაქ ათენსა და სალონიკში), მას შემდეგ ჩვენ ისინი აღარ გვინახავს. მთელი ჩემი ბავშვობა, ზაფხულობით, სწორედ მათთან, ბათუმში ჩავდიოდი. ძალიან მინდა მათი მოძებნა და მათთან დაკავშირება. თავად მე თბილისში ვცხოვრობ და, სამწუხაროდ, მათ შესახებ ვერაფერი გავიგე. უკვე მრავალი წელია, რაც მათი პოვნა ძალიან მინდა.
– რატომ დაკარგეთ ნათესავები და როგორ მოხდა, რომ ამ დრომდე ერთმანეთთან კავშირი არ გქონიათ?
– ბებიაჩემი, სოფია პანაიოდის ასული კონსტანტინიდი, ეროვნებით ბერძენი იყო (მამის დედა), სწორედ მისი ნათესავები იყვნენ ხრისტოს მამა (ბებიაჩემის ძმა იყო) და გალიას მამა (ბებიაჩემის ძმისშვილი). სამწუხაროდ, ბებიაჩემი 1986 წელს გარდაიცვალა. ბებია ძალიან თბილი და კარგი ქალი იყო და ასეთივე ნათესავები გვყავდა მისი მხრიდან. ვისაც მე ვეძებ, ისინი ადრე (1990 წლამდე) ცხოვრობდნენ ბათუმში, ენგელსისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. 1990 წლიდან კი, მოგეხსენებათ, საქართველოში არეულობა იყო და სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ბერძნების „გადინება“. ამ დროს წავიდნენ საქართველოდან საბერძნეთში ჩვენი ნათესავებიც. გვაქვს ხრისტოს ფოტო, სადაც ის თავის უფროს ქალიშვილთან, ოლიასთან ერთადაა, ასევე გვაქვს დების გალიასა და ნანას ფოტო, – ხრისტოს ჰყავს მეუღლე მილა (ეროვნებით ისიც ბერძენია) და სამი შვილი: ორი გოგონა (ოლია და ლენა) და უმცროსი – ვაჟი (სახელი არ მახსოვს). გალიას ოჯახს რაც შეეხება, მას ჰყავს და – ნანა, ის გალიაზე დაახლოებით 4 წლით უფროსია და მოსკოვში გათხოვდა) ძმა – სტავრო. როგორც ვიცით, საბერძნეთში გალია და მისი ძმა, სტავრო, დედასთან, ხრისულასთან ერთად, ერთ ქალაქში ცხოვრობენ. გალიას მამა დაახლოებით 10-12 წლის წინ გარდაიცვალა (როგორც ბათუმელი მეზობლებისგან გავიგეთ). სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცი, სალონიკში არიან თუ ათენში. გალია ბათუმიდან 27 წლის ასაკში წავიდა, იმ დროისთვის ის უკვე გათხოვილი იყო. საერთოდ კი, ყველა ჩემი ბერძენი ნათესავი საქართველოში დაიბადა. ნამდვილად მინდა მათი პოვნა, დღემდე ვინახავ მათ სურათებს.
– მას შემდეგ, რაც თქვენი ნათესავები საბერძნეთში წავიდნენ, არც ერთხელ არ გქონიათ ერთმანეთთან კავშირი?
– მათ გაყიდეს თავიანთი სახლები ბათუმში. თავიდან მათ ამბავს ბათუმელი მეზობლებისგან ვიგებდით, მაგრამ ამჯერად არც მათთან გვაქვს კავშირი და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ვიცი, რომ საბერძნეთში აქედან წასულ ყველა ქართველსა თუ ბერძენს აქვთ ერთმანეთთან კავშირი და, დიდი იმედი მაქვს, რომელიმე მათგანი მაინც იცნობს ფოტოთი ან გალიას, ან ხრისტოს, ან ნანას. ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს გალიას ოჯახზე: საქმე ისაა, რომ გალიას მამამთილი კარგად ერკვეოდა სამკურნალო მცენარეებში და, მას შემდეგ, რაც გალია მეუღლესთან ერთად საბერძნეთში წავიდა, ვიცი, რომ ის კაცი (სახელი არ მახსოვს) უგზავნიდა მათ სამკურნალო ბალახს. მოკლე დროში საბერძნეთში კლინიკაც კი გახსნეს. ხრისტოს ოჯახზე კი ვიცით, რომ მის შვილს, ოლიას, სილამაზის სალონი ჰქონდა გახსნილი, მისი ქმარი, იოტი კი, მძღოლად მუშაობდა – ტრაილერი დაჰყავდა საბერძნეთ-ქუვეიტის მიმართულებით (მაშინ, როდესაც ერაყსა და ქუვეიტს შორის არეულობა და საომარი მდგომარეობა იყო).
– როგორ ფიქრობ, თუკი შენს ნათესავებს ვიპოვით, ისინი მიხვდებიან, ვინ ეძებს მათ?
– ვფიქრობ, აუცილებლად მიხვდებიან, მით უმეტეს, თუკი ბავშვობის ფოტოს დააკვირდებიან. წესით, სწორედ ასეთი უნდა ვახსოვდე მათ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა და ისინი არა მხოლოდ ნათესავები, არამედ მეგობრებიც იყვნენ. მათი პოვნა, ჩემთან ერთად, ძალიან უნდა ჩემს ოჯახს. ჩვენ ყველანი ერთად ვიზრდებოდით. დღემდე ლამაზად მახსოვს ბათუმში მათთან გატარებული დღეები. იმედია, ისინი გამოგვეხმაურებიან და წლების წინ დაკარგულ ურთიერთობებს ისევ აღვადგენთ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3