მამათმავალი ციხეში 9 წელს გაატარებს
წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი 42 წლის მურმან გ-ს მამათმავლობისთვის 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. 14 წლის ბიჭმა, რომელიც მისი მსხვერპლი გახდა, მოძალადე თავად ამხილა. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ უკანასკნელი დანაშაულის ჩადენამდე, განსასჯელს ციხე სულ რაღაც თვე-ნახევრის დატოვებული ჰქონდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოძალადეს მსხვერპლის მიმართ მხოლოდ სექსუალური ძალადობა არ გამოუყენებია, მან ბიჭი გაძარცვა კიდეც...
სექსუალურ ძალადობაში მხილებულმა მურმან გ-მ, რომელიც მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე დააკავეს, თავად აღიარა, რომ მამათმავლობისკენ მიდრეკილება ადრეული ასაკიდან ჰქონდა. ამასთან, ვერც ძველ ჩვევას – ქურდობასა და ძარცვას ღალატობდა. საქმე ისაა, რომ, როდესაც დააპატიმრეს, მისი ბინაში პოლიციამ საგანგებოდ შეფუთული ნაქურდალი ნივთები: ტელევიზორი და ტელეფონი აღმოაჩინა. ნივთებს პატრონი მალე გამოუჩნდა, რადგან, არც მეტი არც ნაკლები, განსასჯელის კარის მეზობლის აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბინის გაქურდვის გამო საქმე აღძრული, მაგრამ გაუხსნელი იყო, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებული ნივთები მეზობლებს აჩვენეს, მათ კი საკუთარი ქონება ამოიცნეს. ამიტომ, მთლიანობაში, ის დამნაშავედ სამი მუხლით ცნეს – მამათმავლობაში, ქურდობასა და ძარცვაში.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის მომენტში, მურმან გ. მთვრალი იყო. იმ დღეს, მან ნაცნობებთან ერთად არაყი დალია. როგორც ჩვენებაში აცხადებს, მას სახლში მისვლა არ უნდოდა და ქუჩაში გაისეირნა. სწორედ ამ მომენტში, კინოსთან არასრულწლოვან ზვიად დ-ს შეხვდა. მოზარდს გამოელაპარაკა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესთავაზა სახლში გაჰყოლოდა. მურმან გ. ბავშვს დაჰპირდა, სახლში შენი ზომა, თითქმის უხმარი ტანსაცმელი მაქვს და გაჩუქებო.
გამოძიების მასალებით, არასრულწლოვანი ზვიად დ. განსასჯელ მურმან გ-ს სახლში წაყოლაზე უყოყმანოდ დათანხმდა. სახლში მისვლისთანავე კი განსასჯელმა, რომელიც მარტო ცხოვრობდა, ბავშვს დალევა შესთავაზა, ისიც დათანხმდა. მან სტუმარს მხოლოდ მწნილი, პური და არაყი მიუტანა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მურმან გ. ბიჭს ციხის ამბებს უყვებოდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. მას შემდეგ, რაც ბავშვმა შეატყო, რომ მასპინძელი წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებდა, სთხოვა, დაპირებული ტანსაცმელი მიეცა და თავის გზაზე წავიდოდა. მაგრამ, მასპინძელმა დარჩენა შესთავაზა. ბიჭმა უთხრა, რომ დილით მეზობელს უნდა დახმარებოდა, ადრე იყო ასადგომი და ჯობდა, წასულიყო. მურმან გ. არ მოეშვა, უთხრა, ცოტა ხანს კიდევ დარჩი, ცუდად ვარ და საწოლამდე მიმიყვანეო. სტუმარმაც ხელკავი გაუკეთა და იმ დროს, როცა საწოლამდე მიიყვანა, მოძალადემ ბავშვს ძლიერად ჩაავლო ხელი მხრებში და ძალის გამოყენებით, მასთან გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კავშირი დაამყარა. როგორც დაზარალებული ამბობს, წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მოძალადესთან გამკლავება ვერ შეძლო. ამის შემდეგ კი, მოძალადე ბავშვს მოკვლით დაემუქრა, თუ მომხდარს ვინმესთან გაამჟღავნებდა. დაზარალებულის თქმით, მურმან გ. მომხდარის შემდეგაც მას სახლიდან არ უშვებდა და აშინებდა. უბრძანა, თუ რამე თანხა ჰქონდა მისთვის მიეცა, რადგან დილით ლუდი უნდა ეყიდა. ბიჭს 15 ლარამდე ხურდები ჰქონდა და ვინაიდან თვითონაც სჭირდებოდა, უარი უთხრა, მაგრამ მურმან გ-მ ძალის გამოყენებით, მაინც წაართვა. დაზარალებულის თქმით, მოძალადისგან თავის დაღწევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც მთვრალს ჩაეძინა.
როგორც საქმიდან ირკვევა, არასრულწლოვანი დაზარალებულის, ზვიად დ-ს ოჯახს ეკონომიურად უკიდურესად უჭირდა. თავად დაზარალებული გონებრივად ჩამორჩენილია, მაგრამ თავს საკუთარი შრომით ირჩენდა. ზოგისთვის შეშა მიჰქონდა, ზოგს ფიზიკურად ეხმარებოდა. იმის გამო, რომ ბავშვი შრომობდა, ყველას უყვარდა და ხშირად ფულს ისედაც სჩუქნიდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამით ისარგებლა განსასჯელმა, ივარაუდა, რომ უპატრონოს არავინ მოიკითხავდა. მეორე დილით ბავშვი რომ არ გამოჩნდა, მეზობელი კი ელოდებოდა, ბიჭს ძებნა დაუწყეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს. იმავე საღამოს კი იპოვეს ტყეში. ზვიად დ. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და ტანსაცმელი ნახევრად შემოხეული ჰქონდა.
რადგან ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობოდა, თანასოფლელებმა ივარაუდეს, ვიღაცამ სცემაო და სთხოვდნენ, ეთქვა რა შეემთხვა. თუმცა, ბავშვი ხმას არ იღებდა. შეშინებულებმა მისი საავადმყოფოში წაყვანა დააპირეს და ბავშვი სატვირთო ავტომანქანაში აიყვანეს. როცა ტანსაცმლის გამოსაცვლელად სახლში მიიყვანეს, ბავშვმა წინა ღამით მომხდარის შესახებ ყველაფერი თქვა და მურმან გ-ც დაასახელა. შემდეგ კი შოკურ მდგომარეობაში მყოფი, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და საქმეში პოლიციაც ჩაერთო. სამედიცინო ექსპერტიზამ ბავშვის მონათხრობი დაადასტურა – ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოზარდი უკანა ტანიდან იყო გაუპატიურებული...
საგულისხმოა, რომ ვიდრე პოლიცია მოძალადეს დააკავებდა, ის ჯერ თანასოფლელებმა სცემეს. მურმან გ. ჩადენილს კატეგორიულად უარყოფდა, ირწმუნებოდა, რომ ზვიადი გონებაჩამორჩენილია და რაღაცეებს თავად იგონებო. მაგრამ, თავის მართლება არ გაუვიდა. სხვათა შორის, რომ არა პოლიცია, შესაძლოა, ის ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლი გამხდარიყო. პოლიციამ სულზე მოუსწრო და კბილებჩამტვრეული ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
14 წლის მოზარდის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან: „საღამოს 8 საათი იქნებოდა, ქუჩაში მურმანი შემხვდა. ძლივს დადიოდა. მივესალმე, გამომელაპარაკა და მთხოვა, სახლში წავყოლოდი. მითხრა, სახლში თითქმის ახალი ტანსაცმელი მაქვს, რომელსაც ვეღარ ვიცვამ და დამპირდა, მაჩუქებდა. ტანსაცმელს ხშირად მჩუქნიდნენ და არ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი. რადგან ციხიდან ახალი გამოსული იყო და მას არავინ ეკარებოდა, არ მინდოდა, მეც ასე მოვქცეოდი და უფრო ამიტომ, დავთანხმდი. მასთან რომ მივედით, უკვე ბნელოდა. სახლში შესვლისთანავე ვიღაცას დაურეკა და მოსვლა სთხოვა, მაგრამ როგორც მივხვდი, უარი უთხრა, რის გამოც მისი მისამართით რამდენჯერმე შეიგინა. დალევის პერიოდშიც იგინებოდა და ციხის შესახებ ყვებოდა რაღაცეებს. დილით მეზობელს ტყეში უნდა წავყოლოდი და მინდოდა, ადრე დამეძინა. ამიტომ, ვთხოვე, ტანსაცმელი მოეცა და წავიდოდი. ის კი მთხოვდა, მასთან დავრჩენილიყავი, რადგან მარტო ყოფნის ეშინოდა. თუმცა, შემდეგ მითხრა, გაგეხუმრეო და მეც წამოსვლა დავაპირე, თან ტანსაცმელი კიდევ შევახსენე. ჯერ კარადისკენ წამიყვანა, ტანსაცმელი გადმოყარა და მითხრა, აარჩიეო, მაგრამ ჩემი ზომა ვერაფერი ვნახე. ოთახში შუქი არ იყო და ვუთხარი, სხვა დროს მოვალ-მეთქი. ვიდრე წამოვიდოდი, მთხოვა, დაწოლაში მივხმარებოდი და ფეხსაცმელები გამეხადა მისთვის. თუმცა, როგორც კი მივუახლოვდი, მოულოდნელად, ძლიერად ჩამჭიდა ხელები და შარვალი გამხადა. ვცდილობდი, გავქცეოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, სახეში დამარტყა... მითხრა, თუ ხმას ამოიღებ და ვინმეს ეტყვი, მოგკლავო და დანა დამანახვა. მემუქრებოდა, არავის არაფერი უთხრა, თორემ ჩემთვის ციხე არაფერს ნიშნავსო. ძალიან შემეშინდა, დავპირდი, რომ არავის ვეტყოდი. შემდეგ მთხოვა, რაც ფული გაქვს მომეციო. თუმცა, ჩემს პასუხს არც დაელოდა, ისე წამართვა. მისგან თავის დაღწევა მხოლოდ მას შემდეგ შევძელი, რაც ჩაეძინა...”
ვინაიდან სასამართლო პროცესს მცირეწლოვანი დაზარალებული არ დასწრებია, პროცესზე გამოძიებაში მიცემული ზემოხსენებული ჩვენება გამოქვეყნდა, რომელიც კანონის სრული დაცვით იყო მოპოვებული.
რაც შეეხება დაკავებულს, ეჭვმიტანილი წინასწარი გამოძიების სტადიაზევე უარყოფდა სექსუალური ძალადობის ფაქტს. ერთადერთი, იმას ადასტურებდა, რომ ქუჩაში ზვიადს ნამდვილად შეხვდა. თუმცა, ბოლოს დანაშაული აღიარა და სასამართლოს პატიება სთხოვა.
მურმან გ-ს ჩვენებიდან: „იმ დღეს ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და ქუჩაში დავლიე. სახლისკენ რომ წამოვედი, ზვიადი დავინახე და ვთხოვე, ჩემთან წამოსულიყო. გზაშივე ცუდად ვიყავი და ჩამოვჯექით. სახლში რომ მივედი, ვგრძნობდი მთვრალი ვიყავი, მაგრამ ვივარაუდე, ბავშვს ეშიებოდა და რაც მქონდა, გამოვიტანე. მერე არაფერი მახსოვს... იმ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. საღამოს კი უბნელები მოვიდნენ და ცემა-გინებით ეზოში გამიყვანეს. რომ არა პოლიცია, შესაძლოა, დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. სწორედ იმ მომენტში გამახსენდა, რაც ჩავიდინე...”
მოგვიანებით, განსასჯელმა ჩვენება შეცვალა, ზვიად დ-სთან შეხვედრის ფაქტი კატეგორიულად უარყო. აცხადებდა, რომ ჩვენება პოლიციამ ძალით დააწერინა. თავს უდანაშაულოდ აცხადებდა და გათავისუფლებას ითხოვდა. ის არც ძარცვაში ცნობდა თავს დამნაშავედ, ირწმუნებოდა, რომ ზვიად დ-მ ფული მას თავად მისცა.
რაც შეეხება მისი ბინიდან ამოღებულ ნივთებს, ამბობდა, რომ არ იცის მასთან საიდან მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ, აღიარა, რომ ქურდობა გაჭირვების გამო ჩაიდინა.
განსასჯელის ჩვენებიდან: „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ვფიქრობდი, არაფერი მომეპარა. მინდოდა, ნორმალურად მეცხოვრა, მაგრამ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. სამსახური არ მქონდა, არც არავინ მეხმარებოდა და იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი”, – ამბობდა სასამართლო პროცესზე განსასჯელი.
თითქმის ყველა მეზობელი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. მათი განცხადება საქმის მასალებში იდო. ყველა მეზობელი აწერდა ხელს, რომ სოფლიდან გაესახლებინათ.
საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, სასამართლომ მურმან გ. ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაბოლოს, როგორც საქმის მასალებშია ნათქვამი, განსასჯელი მურმან გ. ასეთ გადახრებში ადრეც იყო შემჩნეული. როგორც ირკვევა, მას საშუალო განათლებაც არ აქვს, რადგან სკოლიდანაც იგივე მიზეზით გამორიცხეს. თუმცა, მაშინ მას პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.