როგორ აღმოჩნდა გოგი დოლიძე მსოფლიოში უდიდესი გავლენის მქონე ჟურნალსა და ტელეარხზე და რომელი ქართული ტრადიციები მოსწონს და არ მოსწონს მას
საქართველო რომ ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა უნდა გახდეს, ამ მიმართულებას ბევრი უფროსი თაობის წარმომადგენელი მტკივნეულად აღიქვამს – ვაითუ ქართული ტრადიციები დაიკარგოსო. ახალი რუბრიკის „საქართველო და მსოფლიო“ პირველი სტუმარია გოგი დოლიძე, რომლის თამადობაც უკვე ოკეანის გაღმაც დიდი ხანია, აღიარეს.
გოგი დოლიძე: რამდენიმე წლის წინ „ვაშინგტონ პოსტმა“ საგანგებო გამოცემა გამოუშვა. საქართველოში ჯგუფი ჩამოვიდა და ჩემი თამადობა გადაიღეს... ჩანაწერის მიხედვით დაიწერა სტატია, რომელიც შემდეგ ითარგმნა და ქართულ პრესაშიც დაიბეჭდა. სტატიაში წერია, თუ რა მნიშვნელობა აქვს თამადობის ტრადიციებს. 6 ათასი მილი გავიარეთ მსოფლიოში, რომ უდიდესი თამადა გაგვეცნოო და ასე შემდეგ... წინასწარ მითხრეს, რომ სურდათ ჩემი თამადობა გადაეღოთ ვინმეს დაბადების დღეზე. ვუთხარი, არ მსურს გამოგონილ სუფრაზე ვითამადო-მეთქი და ვთხოვე, ერთი კვირა დრო მოეცათ. ერთი კვირის განმავლობაში გადავხედე სიას და ჩოხოსნებში მართლაც აღმოჩნდა ერთი იუბილარი – დევნილი ყმაწვილი. მას დაბადების დღე რესტორანში გადავუხადეთ, სუფრა თავიდან ბოლომდე გადაიღეს – თუ რა სადღეგრძელოები შევსვით, რა ვთქვით თბილისზე, საქართველოზე და ასე შემდეგ... „ვაშინგტონ პოსტში“ სტატია დაიბეჭდა სათაურით – საქართველოს სადღეგრძელო“...
– როგორც ვიცით, უცხოეთიდან კიდევ იყო დაინტერესება...
– დიახ... ამა წლის მარტში „ბი ბი სის“ კორესპონდენტი მეწვია და მითხრა, რომ „ჩოხოსან რაინდთა“ დასზე სურდა გადაეღო. მე ჟურნალ-გაზეთები მაქვს, რომელსაც თავად გამოვცემ და ჩვენ შესახებ დაინტერესებულ პირებს ვჩუქნი. „ბი ბი სის“ კორესპონდენტიც ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს გაეცნო და განაცხადა, რომ უშუალოდ რაიმე ღონისძიების გადაღება სურდა. ჩოხოსან რაინდთა დასს ჩვენი კალენდარი გვაქვს: 29 აპრილს, აკაკი ხორავას დაბადების დღეს ყოველთვის მთაწმინდის პანთეონში აღვნიშნავთ, ხოლო 15 მაისს ქართული კინოს დღეა, მაგრამ გვაქვს სოლომონ დოდაშვილის მივიწყებული დღესასწაულიც, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ... „ბი ბი სიდან“ აირჩიეს ხორავას დაბადების დღის გადაღება მთაწმინდაზე. 45 ჩოხაში გამოწყობილი ბავშვი მთაწმინდაზე, ხორავას საფლავთან იდგა და საქართველოს სადიდებელ სიმღერას მღეროდა. ამაზე საინტერესო სანახაობა რა უნდა ყოფილიყო?! მე ყოველ წვეულებაზე დაბადების დღესა და დასაფლავებაზე ჩოხით მივდივარ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩოხაზე კარგს ვერაფერს ჩავიცვამ... მთაწმინდაზე „ბი ბი სის“ კორესპონდენტმა მკითხა: ჩოხა რატომ გაცვიათ, ან რას გრძნობთ, ასე ჩაცმულიო? ვუპასუხე: როცა ჩოხა მაცვია და ასეთ ამაღლებულ ადგილზე ვდგავარ, მგონია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ან გიორგი სააკაძე ვარ და მზად ვარ, ჩემს ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გავუძღვე-მეთქი... „ვაშინგტონ პოსტიდან“ წერილები მოდიოდა, თქვენი ყველაზე დიდი თამადა გაგვაცანითო. ახლაც, ორი კვირის წინ, ლონდონის საელჩოდან დამიკავშირდა ალექსანდრე ღვთისიაშვილი და მითხრა: „ბი ბი სის“ გადაცემის შემდეგ, მთელი მსოფლიოდან გვირეკავენ საელჩოში და ძალიან ბევრ ადამიანს სურს, თქვენს „ჩოხოსან რაინდთა“ დასში გაერთიანებაო... უცხოელები, უპირველესად, დაინტერესებული ყოფილან, თუ სად შეიძლება ეროვნული კოსტიუმების შეძენა. ჩვენ ქართული და ინგლისური ანკეტა გვაქვს, რომელიც გავაგზავნეთ და ჩვენმა საელჩომ თავის ვებ-გვერდზე განათავსა. უკვე დაგვიკავშირდა ერთ-ერთი უცხოელი და ფერების მიხედვით დაიწყო ჩოხის შერჩევა (მას, ალბათ, ჰგონია, ჩოხების დიდი წარმოება მაქვს). „ბი ბი სის“ გადაცემის დისკი გამოაგზავნა და შემოგვითვალა, ამ ჩანაწერის 47-ე წამზე რომ ჩოხაა, ისეთი მინდაო... მე, მგონი, ძალიან საინტერესოა, სადღაც, ვიღაც უცხოელს რომ უნდა ჩვენი ჩოხა ჩაიცვას, ჩვენი საზოგადოების წევრი იყოს და იცხოვროს იმ სტილით, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.
– გსურთ, უცხოელებმა ჩვენი წესებით იცხოვრონ?
– ახლახან ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე ერთი ამბავი: ონში ამერიკელი ჩავიდა და იქ ერთ-ერთ ოჯახურ სასტუმროში დაბინავდა. ქართველი კაცის ამბავი ხომ იცით?! ამ სასტუმროს მასპინძელსაც გაუშლია პურმარილი და თან გადაჰყოლია. შემდეგ ამერიკელისთვის მშობლებზე უკითხავს. იმასაც უთქვამს, დედა გარდამეცვალა, მამა 15 წელია, თავშესაფარშია და სამწუხაროდ, არც ვიცი, ცოცხალია თუ არაო... გადარეულა ის ონელი კაცი და თარჯიმნისთვის უთქვამს, პირდაპირ გადაუთარგმნეთ, როცა ეგ ამ სასტუმროში იქნება, თავის ოთახში მიართვით ყველაფერი, ჩვენთან ერთად არ დავინახოო... – ვინ ხარ, 15 წელია, მოხუცი მამა თავშესაფარშია, არც იცი, მკვდარია თუ ცოცხალი და შენთან ერთად ღვინოს როგორ დავლევო, – უთქვამს. მეორე დღეს, თურმე, ისე წავიდა ონელი კაცი სათიბში, სტუმარს არც გამოემშვიდობა... წავიდა თურმე ის ამერიკელიც და ამ თარჯიმანმა ონელთან ისევ მიიყვანა სხვა დამსვენებლები. ამ დროს მოსულა ამერიკელი კაცის მამის წერილი, რომელიც იწერებოდა: თქვენი მადლობელი ვარ, რადგან შვილი და ღირსება დამიბრუნეთო... ამერიკელს მოუძებნია მამამისი და თავის სახლში გადმოუყვანია საცხოვრებლად. აი, ასეთი მნიშვნელობა აქვს ქართულ ტრადიციებს.
არასოდეს ისე სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ჩემს ლექციას, წიგნს და გამოსვლას, როგორც თამადობას. მანქანის „კაპოტზე“ რომ ყოფილა პურმარილი, იქაც ხომ თამადაა საჭირო?! პირველად ვამბობ უფლის სადღეგრძელოს, შემდეგ მშობლებზე, შემდეგ ჩვენს ბიჭებზე – გმირულად რომ დაეცნენ... ბავშვი იქნება სუფრაზე, უცხოელი თუ სხვა ვინმე, რაღაც უნდა ისწავლოს, რაღაც უნდა წაიღოს. როგორც უწმიდესმა ბრძანა, ქართული სუფრა ეს არის უბრწყინვალესი ფენომენი. ერთი კვირის წინ ჩემი დის ორმოცი იყო და ისე წავიყვანე სუფრა, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ჩვენი გმირი ბიჭების სადღეგრძელო... გაისმა ხმები: ლევან აბაშიძე, საშკა იოსელიანი, ჭაბუა ამირეჯიბის შვილი... რა, ჭაბუა ამირეჯიბს იმის საშუალება არ ჰქონდა, ომში შვილი არ გაეშვა?! – მაგრამ, არა, შვილი რომ გეტყვის, მამული მეძახის და უნდა წავიდეო, ვერ გადაეღობები. წავიდა ირაკლი ამირეჯიბი და გვახსოვს, როგორც გარდაიცვალა: ფრანგი ჟურნალისტი გამოიყვანა, ის დაიფარა და ამ დროს ტყვია თვითონ მოხვდა... რაინდული სული უნდა განვამტკიცოთ, თორემ ისე, არაფერს წარმოვადგენთ.
ძალიან ხშირად მიწვევენ თამადად და ორი მოთხოვნა მაქვს: არ უნდა იყოს პატარა სუფრები. უნდა იყოს გრძელი სუფრა – თამარ დედოფლის დარბაზივითა. პატარ-პატარა სუფრები არღვევს მთელ განწყობილებას და პატარ-პატარა ჯგუფები იქმნება... მეორე მოთხოვნაა, რომ არ უნდა იყოს ერთმანეთზე შელაგებული თეფშები. ზოგჯერ სუფრას რომ შეხედავ, საჭმელი ყრია და ეს არ გვეკადრება. პროდუქტს, რომელსაც ადამიანი ქმნის, იმას არ უნდა აკადრო ასეთი მოპყრობა და ასევე, არც ოჯახს და ქვეყანას. აუტანელია, თეფშსა და თეფშსა შორის რომ ეძებ რაღაცას. უცხოეთში საჭმელი კი არ ყრია, მოაქვთ იმდენი, რამდენიც გჭირდება. ამ მხრივ, უცხოელებს უნდა მივბაძოთ და ეს ურთიერთგამდიდრება იქნება. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ, სადაც კი თამადა ვარ, უცხოელებს ყველაზე მეტად სუფრაზე წესრიგი მოსწონთ.
– რამე ისტორია გვიამბეთ...
– ისტორია კი არა, ამბავი... ისტორია არის ქვეყნის, სხვა ყველაფერი ამბავია. 40 წელია, ვებრძვი ამ სიტყვის ასე უხეირო გამოთქმას.
– ახლა, დავწერ ამას და სხვებიც გაითვალისწინებენ.
– ვთქვათ, მიუნხენში მთელი მსოფლიოს კინოსტუდიის ხელმძღვანელები ვიკრიბებით და ამ დროს თამადა ვარ. უპირველესად, სუფრაზე მაშინვე წესრიგი მყარდება. არავის შეუძლია, სუფრიდან ადგეს და ჩემი ნებართვის გარეშე გავიდეს. ერთხელ, მახსოვს, რუსეთში ვიყავი თამადად და რუსმა ქალბატონებმა პრეტენზიები წამოაყენეს, – დაიწყე ახლა სტალინისებურადო... საბედნიეროდ, სუფრა ისე წავიყვანე, რომ მსგავსი ფრაზები აღარ წამოსცდენიათ. მესამე სადღეგრძელო ყოველთვის მშობლების არის და უცხოელებს ეს ცოტა უკვირთ. უცხოელებთან ერთად რომ ვარ, ამოვიღებ ხოლმე ლამაზი ქალის – დედაჩემის ფოტოს და მათ ვეუბნები, ამ ქალის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ-მეთქი. შემდეგ ყველას მივმართავ, დაურეკონ თავიანთ მშობლებს და უთხრან, რომ ერთი თბილისელი გიჟი პროფესორია და ისე დათვრა, მაიძულებს, თქვენი სადღეგრძელო დავლიოთო... ეს ისეთი მონტაჟური სვლაა სადღეგრძელოსკენ, რომ არ შეიძლება, არ აღფრთოვანდნენ. ბევრს ჩემი თანდასწრებით დაურეკავს თავისი მშობლებისთვის და სადღეგრძელო უთქვამს. ეს დიდი ბედნიერებაა, როცა მიუნხენიდან ნიუ-იორკში ურეკავს შვილი დედას და ლოცავს... ქალებმა რომ იციან გაუთავებელი საუბარი სუფრასთან, ზოგს ჰგონია, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლა ამაოა... როცა მე სადღეგრძელოს ვამბობ და ქალი საუბრობს, მივუბრუნდები და ვეუბნები – ქალბატონო, მე მიჩვეული ვარ, რომ ლამაზი ქალი მხოლოდ მე მიყურებდეს, – ამ ნათქვამზე ერთს ჩაიხითხითებს, მაგრამ შემდეგ უკვე ჩემია და გულდასმით მისმენს. ან კაცი რომ ადგება სუფრიდან და ჩემ დაუკითხავად წავა, ამ საკითხს უყურადღებოდ არ ვტოვებ. თავიდან ვაცხადებ, რომ არავის დავსჯი, მხოლოდ მე და ჩემი მოადგილე დავიჯარიმებთ თავს-მეთქი. როცა ადამიანი სუფრიდან მიდის, გამოდის, ცუდი თამადა ვარ და როცა უკან დაბრუნდება, მას კი არ ვსჯი, საჯარიმოს მე და ჩემი მოადგილე ვსვამთ. არ შეიძლება, ამან არ იმოქმედოს თავმოყვარე ადამიანზე. თავადაც მოინდომებს დალევას, მაგრამ – ნურას უკაცრავად... სუფრის მომსახურეებიც გაფრთხილებული მყავს, როცა სადღეგრძელოს ვამბობ, მაშინ არ იწრიალოთ-მეთქი. სუფრიდან წარამარა რაღაცას ითხოვენ, ესენიც ცდილობენ, ყველას მოემსახურონ და ეს უწესრიგობას ქმნის. ქუთაისში 700-კაციანი ქორწილი იყო და ერთმა მომსახურე ქალმა იატაკის მორეცხვა დაიწყო. ლამის გავგიჟდი – მაშინვე გავაგდე. მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ქუთაისის სუფრაზე კი დაამყარე წესრიგი, მაგრამ ქალაქზეც თუ გადმოხვალ, კარგი იქნებაო.