სუვენირი – „ნონ გრატა“
სუვენირი თქვით თქვენ და... დიდი შანსია, რომ სწორედ „უწყინარი“ ნივთი გექცეთ პრობლემად და თავის ტკივილად.
* ტუნისიდან და ინდოეთიდან ვერაფრით ვერ წამოიღებთ ადგილობრივ მონეტებს. შეიძლება, გინდათ, რომ სამახსოვროდ დაიტოვოთ, მაგრამ, ადგილობრივი კანონი ამისთვის დეკლარაციის შევსებას ითხოვს.
* თუ ტაილანდში ან თურქეთში ძვირფასთვლიან საიუველირო ნაწარმს შეიძენთ, აუცილებელია, ჩეკი კარგად შეინახოთ, თორემ, ქვეყნიდან არავინ გაგატანინებთ.
* ტუნისიდან და საბერძნეთიდან აკრძალულია ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და ჭურჭლის გამოტანა, თუკი მას სათანადო სერტიფიკატი არ ახლავს, რომ ის სიძველეს არ წარმოადგენს.
* იაპონიის ფარგლებს გარეთ სამურაის ხმლის გატანა კანონით ისჯება. ასევე, არ გამოგატანენ ეროვნულ, ტრადიციულ ხანჯლებსა და დანებს იტალიიდან და სირიიდან.
* მალაიზიაში, დომინიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაში ეგზოტიკური ორქიდეები მართლა იყიდება, მაგრამ მის თაიგულს სახლში სამახსოვროდ ვერ წამოიღებთ. არ გამოგატანენ.
* ტაილანდში ძალიან მგრძნობიარენი არიან რიტუალური და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ – საზღვარზე ბუდას ქანდაკებას არ გადაგატანინებენ.
* აფრიკაში აკრძალულია ზვიგენის კბილის ან სპილოს ეშვის შეძენა და საზღვარზე გადატანა.
* ზღვის სიმდიდრის – მარჯნის რიფების, სადაფის ნიჟარებისა და იშვიათი მინერალების გატანა ეგვიპტიდან, ტაილანდიდან და კუბის კუნძულებიდან კანონით მკაცრად ისჯება. თუ სუვენირების სახით მაღაზიაში შეიძენთ, ჩეკი შეინახეთ.