როგორი არომატის სუნამო უნდა გქონდეთ ზღვაზე და მთაში დასვენებისას და როგორი სურნელი უხდება გარუჯულ სხეულს
ტყუილად როდი ამბობენ, ადამიანზე მეორე ადამიანის სურნელს ისეთი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, თავსაც კი დააკარგვინებსო. როგორც ამ საქმის ექსპერტი ხატია შამუგია ამბობს, სურნელს მართლაც მომაჯადოებელი ძალა აქვს და მისი საშუალებით შესაძლოა ადამიანის ხასიათი, პროფესია და ასაკიც კი გამოიცნოთ.
– რა როლს თამაშობს სუნამო და მისი სურნელი ადამიანის ცხოვრებაში?
– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად, სხვადასხვა სურნელი მოსწონს, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული. პირადად მე, იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, ვისთვისაც სუნამო და მისი სურნელი ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ეს ადამიანებთან ურთიერთობაშიც მშველის. ასევე, სურნელის მიხედვით, შემიძლია, ადამიანის ხასიათს ჩავწვდე, მისი ზრახვები ამოვიცნო და უბრალოდ, მივხვდე, რა როლი აკისრია მას საზოგადოებაში. ადამიანი, რომელიც დიდ ყურადღებას ანიჭებს ამა თუ იმ არომატს, ის აუცილებლად გემოვნებიანია. სუნამო სხეულის შემადგენელი ნაწილია, მისი არომატი კი კიდევ უფრო უსვამს ხაზს თქვენს ადგილს გარშემო მყოფთა შორის. დამიჯერეთ, შემიძლია, დავზოგო თანხა ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სხვადასხვა აქსესუარზე, მაგრამ სუნამოზე, სხეულისა და სახის მოვლის საშუალებებზე – ვერა. სუნამოსა და პარფიუმში თანხას ვერ დავზოგავ, ეს ჩემი სისუსტეა. ახლა რომ დავფიქრდი, ყველაზე ბევრი ფული, სწორედ სუნამოებში მაქვს გადახდილი (იცინის).
– ალბათ რთულია, მამაკაცისთვის სუნამო გაჩუქოს და ამით შეეცადოს შენი გულის მოგებას. არ მეთანხმები?
– არა, რატომ? მიუხედავად იმისა, რომ სუნამოებთან შეხება მაქვს და ეს ჩემი სამსახურია, მაინც მსიამოვნებს, როცა სუნამოს მომართმევენ. თუმცა, იშვიათად მჩუქნიან (იცინის), ეტყობა, ფიქრობენ რადგან აქ ვმუშაობ, ყველა სუნამო უნდა მქონდეს. კი მაქვს, მაგრამ, ნაჩუქარი, მაინც მსიამოვნებს. თუმცა, ვამაყობ იმით, რომ რა სუნამოც კი შემოდის საქართველოში, პირველად ის ჩემს თაროზე დევს. სუნამო მაინც ძალიან ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის, თანაც მიმაჩნია, ვინც ამას აკეთებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვარ. მას უნდა რომ მისთვის არომატული და მიმზიდველი ვიყო. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჩუქება ძალიან ინტიმური და ბანალურია, სუნამო და სამკაული კი, ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი საჩუქარია. ერთი სიტყვით, სუნამო, რომელიც შენს გემოვნებაში ჯდება, ინდივიდუალურად შენთვისაა შერჩეული და მას საყვარელი ადამიანი გჩუქნის, ეს დელიკატური საქციელია. სუნით ბევრი რამის მიხვედრა შეიძლება. მაგალითად, სამსახურში რომ მოვდივარ, სურნელით ვხვდები, ოფისში ვინ მომასწრო მოსვლა ან ვინ გაიარა იქ. მე ტკბილი, ვანილისა და კანფეტის არომატის სუნამოები მომწონს და ჩემი თანამშრომლებიც ხვდებიან, როდის სად ვარ (იცინის).
– ზაფხულში, ძირითადად, გრილ არომატებზე აკეთებენ ქალბატონები აქცენტს. ეს სწორი მიდგომაა? ზოგადად, როგორი არომატის სუნამოებია განკუთვნილი ამ სეზონისთვის?
– აბსოლუტურად ვეთანხმები მათ, ვინც ზაფხულში გრილი სურნელის სუნამოს არჩევს. გრილი არომატი ზაფხულს უხდება, მოტკბო და თბილი არომატები კი – ზამთარს. მაგალითად, ეს შემიძლია, შევადარო წყალს. ზამთარში ვსვამთ შედარებით თბილ წყალს, ზაფხულში კი – ცივს. სუნამოც ასეა, ადამიანს ზაფხულში გრილი სურნელი უნდა დაჰკრავდეს, ზამთარში კი – თბილი და ტკბილი. ისედაც ცხელა გარეთ, დისკომფორტს განიცდის ორგანიზმი და მასზე რომ კიდევ ტკბილი და თბილი სუნამო დაისხათ, ეს ცოტა შემაწუხებელი იქნება არა მარტო თქვენთვის, გარშემო მყოფებისთვისაც. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს ინდივიდუალურია და თუ ადამიანს ზაფხულშიც არ გიქმნის დისკომფორტს თბილი პარფიუმის სურნელი და ეს მოგწონს, რა პრობლემაა?
– თუ იყოფა ასე, რომ ზღვაზე გარკვეული სურნელის მქონე პარფიუმი უნდა ვიხმაროთ და, საერთოდ, როგორი არომატის სურნელი უხდება გარუჯულ კანს?
– რასაკვირველია, თუ გადაწყვეტილი გაქვს, სად აპირებ დასვენებას, ამის მიხედვით უნდა შეარჩიო თან წასაღები პარფიუმერიაც. არსებობს სუნამოები, რომლებიც დილის, შუადღის, საღამოს გარკვეულ საათებში უნდა დაისხათ. ასევე, არის აუზის სუნამოები, მთაში, წიწვოვან ჰაერზე დასასხმელი და ასე შემდეგ. გარუჯულ კანს უხდება გრილი სურნელი, რადგან კანი ისედაც გარუჯულია, მუქია, მხურვალეა და ბუნებრივია, მას გრილი არომატი მოუხდება. ზოგი რომ ამბობს, გარუჯულ კანს სუნამო არ უხდებაო, ეს სისულელეა. გარუჯულ კანზე, რომ განსაკუთრებული არომატის ნელსაცხებელს წაისვამ, მისცემ თვალშისაცემ ელფერს და ბრწყინვალებას, თან სასიამოვნო სურნელიც დაგკრავს, ეს ცუდია? არ მესმის ისეთი ადამიანების, ვინც ამას უარყოფს. რა ჯობია ხავერდოვან კანს. ასევე, გარუჯულ კანს უხდება სპეციალური ნელსაცხებლები, მოვლის საშუალებები, რომლებიც მიმზიდველ, მბრწყინავ შესახედაობას აძლევს მას. გასარუჯად რომ მივდივარ, იმხელა ჩანთა მიმაქვს, ხალხი დამცინის. ჩანთაში უამრავი გასარუჯი პარფიუმერული ნაწარმი მიდევს – ტანზე, სახეზე, ცხვირზე, თვალის გარშემო, ხალზე, თმაზე და რა ვიცი, სად აღარ წასასმელი (იცინის). რას ამბობთ, აუზიდან რომ ამოვალ, მოვწესრიგდები, ნელსაცხებელს გადავისვამ კანზე და სუნამოს ვიპკურებ, მეორედ ვიბადები. ეს უდიდესი ნეტარებაა. ზაფხული ჩემი სტიქიაა და ამ სეზონზე ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ახლიდან ვიბადები. თანახმა ვარ, წელიწადის ყველა დრო ზაფხული იყოს.
– თუ ადამიანი მთაში, სუფთა, წიწვოვანი მცენარეების გარემოცვაში ისვენებს, მაშინ, ზღვისგან განსხვავებით, როგორი ტიპის სურნელს უნდა მიანიჭოს უპირატესობა?
– მთაში ჰაერი ძალიან სუფთაა, სასიამოვნოდ გრილა, ამიტომ მოტკბო არომატის პარფიუმის ხმარება, ადამიანს გარემოს აღქმის უნარს გაუძლიერებს. ეს რასაკვირველია, ჩემი პირადი მოსაზრებაა და კიდევ ვამბობ, ყველაფერი ინდივიდუალურია. თუმცა, ჩემი რჩევაა, ზღვაზე გრილ არომატებზე გააკეთოთ აქცენტი, მთაში კი მოტკბო პარფიუმზე.
– სურნელით ადამიანის შეყვარება თუ არის შესაძლებელი?
– რასაკვირველია, სურნელი დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ მიგიზიდოს ადამიანისკენ, მიაქციო მას ყურადღება და გაგიჩნდეს სურვილი, კიდევ უფრო მიუახლოვდე. სხვათა შორის, ჩემთვის არის სუნამოები, რომელთა სურნელიც კონკრეტული ადამიანის თავს მახსენებს. საერთოდ, ვაკვირდები და ქართველ მამაკაცებს მოსწონთ გრილი არომატები და არ მოსწონთ – მოტკბო, ევროპელი მამაკაცებისგან განსხვავებით. სხვათა შორის, ასევე დავაკვირდი, რომ გემოვნებიანი ქართველი მამაკაცების ბრენდი „ბულგარი” და „შანელია”. და, ასევე, იმდენი უნდა დაისხა, რომ სხვა არ გაღიზიანდეს შენი სუნამოს გადაჭარბებული სუნით. სუნამოს შენთვის ისხამ და არა სხვისთვის. რა საჭიროა, ქუჩას რომ ჩაივლი და ისეთ სურნელს დატოვებ, მთელი საღამო დგას? სუნამო, რომელიც შენია და გიხდება, ის ისედაც მიიზიდავს საწინააღმდეგო სქესს და არ არის საჭირო მისი უზომოდ პკურება. როცა სუნამოს ისხამ და მის არომატს ვერ გრძნობ, სწორედ ისაა შენთვის მისაღები, ის გიხდება, იმით მიიზიდავ საპირისპირო სქესს. აგრეთვე, არსებობს სუნამოები – თინეიჯერების, ზრდასრული და ხანშიშესული ადამიანებისთვის.
– პროფესიის მიხედვით თუ შეიძლება სუნამოს არჩევა?
– რასაკვირველია. ექიმს, მასწავლებელს, ჟურნალისტს, პედიატრსა და დიასახლისს, ხომ არ შეიძლება, ერთი სურნელი ასდიოდეს? არის სპეციალური ბრენდები, რომელიც ცხოვრების სტილის, პროფესიის, ასაკის, ხასიათის მიხედვითაა შექმნილი. თან, აუცილებლად უნდა გადახედოთ ანოტაციას, რომელიც სუნამოს მოჰყვება. იქ წერია, როგორი ტიპის ადამიანისთვისაა ის შექმნილი, რა ინგრედიენტებს შეიცავს და წლის რომელი პერიოდისთვისაა განკუთვნილი.