კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-32(554)

ქალმა ჩანაწერების წიგნი აიღო და დაწერა: „ტრადიციულად, ინტელიგენტი – ფრთხილი, მოუხერხებელი და მორცხვი არსებაა... გაუბედავიც... მაშინ, როცა ველური ყველაფერზე მიდის. ის აქტიურიც არის და თავდაჯერებულიც. ველურს არ აწუხებს კომპლექსები, პირდაპირ გადადის შეტევაზე და ხშირად რჩება მოგებული. თუმცა, ის მაინც ბოროტია და შურიანი – თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მას ჰკარნახობს, რომ სხვაზე ნაკლებია, შობს აგრესიასა და სისასტიკეს... ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა შური სიძულვილში შერეულ სევდას შეადარა, გულის დაწყვეტას, თუმცა აგრესიულს, როცა ხედავ, როგორ ნებივრობს ვიღაც ამქვეყნიურ სიკეთეში, თუმცა ამას არ იმსახურებს... – აი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ გაბოროტდე... ადამიანებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ მასწავლა, რომ არასოდეს არავის არ უნდა ენდო ბოლომდე, საკუთარ თავსაც კი...“ – ქალმა კალამი დადო და წიგნაკი კომოდის უჯრაში, თეთრეულის ქვეშ ამოდო.
– დედა, შეიძლება, შემოვიდე?
– ნიკა კართან იდგა და გულზე ხელდაკრეფილი უყურებდა. ქალი შეცბა და უჯრა გასაღებით ჩაკეტა. ნიკუშას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– გინდოდა რამე? – ჰკითხა ქალმა.
– ჰო. როდის მიდიხარ სემინარზე?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში. ამას შენთვის მნიშვნელობა აქვს? გჭირდები რამეში?
– არა, ისე დავინტერესდი. არ მიყვარს, როცა დიდი ხნით მიდიხარ.
– დიდი ხნით არ მივდივარ, ხუთ დღეში ჩამოვალ. შენ თუ ფიქრობ, რომ ის გოგო წასვლამდე უნდა გავიცნო, მოიყვანე და გავიცნობ... თუნდაც ხვალ.
– აქ მოვიყვანო? სახლში? – ცოტა არ იყოს გაოცებით იკითხა ნიკამ.
– ჰო. პრობლემას რაში ხედავ? თუ ასე სერიოზულად გაქვთ საქმე, მგონი, მისი ოჯახში მოყვანა აჯობებს.
ნიკას ყოყმანი დაეტყო.
– რა ხდება, ნიკა, ხომ არ გადაიფიქრე?
– არა. უბრალოდ, მე ჯერ მარიკას პასუხი არ ვიცი.
– პასუხი რაზე? – ქალი შესამჩნევად აღელდა, – შენ, რა, ხელიც სთხოვე უკვე? უჩემოდ გადაწყვიტე ეს ამბავი?
– არა, არა. რას ამბობ! იმის თქმა მინდოდა, მარიკამ ჯერ არ იცის, შენ რომ უნდა გაგაცნო.
– მართლა? მერე, უნდა?
ნიკა გაჩუმდა.
– ნიკა, იცი, როგორ შეიცვალე? ვეღარ გცნობ. ჯერ იმ გოგოსთვის არაფერი გითქვამს და საქორწილოდ ემზადები?
– არა, დედა, ეგ საიდან მოიტანე? ისეთი სამსახური აქვს, დროს თითქმის ვერ პოულობს, რომ შევხვდეთ. ამიტომ, რაღაცნაირად, ვეღარ მოვახერხე, დავლაპარაკებოდი.
ქალი შეიჭმუხნა:
– ერთ რამეს გთხოვ – თავი არ მოიტყუო.
– ამას რატომ მეუბნები? შენ ფიქრობ, მარიკას არ ვაინტერესებ და ეს ჩემი ახირებაა?
– მაგას ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცნობ იმ გოგოს და არც თქვენი ურთიერთობის შესახებ ვიცი რამე. უბრალოდ, რჩევას გაძლევ: თავი არ მოიტყუო, ნურც „სათადარიგო ბორბალი“ იქნები.
– დედა! – ნიკა გაწითლდა.
– მე გითხარი, ახლა შენ იცი. რადგან შენ გინდა, გავიცნობ, სულერთია, ჩემს წასვლამდე თუ ჩამოსვლის შემდეგ, მთავარია, რომ მე ამისთვის მზად ვარ...
***
მინისტრის კაბინეტიდან თემო კმაყოფილი გამოვიდა, ახვლედიანს კი, პირიქით, სახე ისე ჩამოსტიროდა, გამომძიებლის ჯიბრითაც კი ვერ მოახერხა, გაეღიმა. როგორც კი შენობის გარეთ აღმოჩნდნენ და თავი შედარებით „უსაფრთხოდ“ დაიგულა, მაშინვე მიახალა:
– ახლა კარგად ხარ? ეს გინდოდა? მაგრამ, დაფიქრდი, არის კი მომგებიანი შენთვის ჩემთან კონფლიქტი? თუ, გგონია, რომ, რადგან გაგიღიმა და მაგიდაზე ხელი არ დაურტყამს, ხვალვე თავის მოადგილედ გადაგიყვანს?
– არც მაგის ილუზია მაქვს და არც ამბიცია მაწუხებს. მთავარია, რომ ჩემი გაიგო. ახლა მუშაობას უფრო ადვილად გავაგრძელებ.
– ეს მე დაგინდე, თორემ, ვნახავდი, როგორ გაგიგებდა, გამოაჯავრა ახვლედიანმა, – უნდა მეთქვა, შენი ორიგინალური მეთოდებით მთელი სამმართველო რომ ზარალდება, განყოფილებაზე აღარაფერს ვამბობ. სამი მკვლელობა ბოლო ორი თვის განმავლობაში და ერთიც ვერ გახსენით.
– საინტერესო აღიარებაა, – გაეცინა პაპავას.
– რა აღიარება, რას ამბობ?
– „სამიდან ვერც ერთი ვერ გახსენით“... – ესე იგი, ელჩის სასიძოს მკვლელობა გახსნილად არც თქვენ მიგაჩნიათ.
ახვლედიანი ასეთი სულელიც არ იყო, მიხვდა, რომ გამოიჭირეს.
– სიტყვაზე ჩემს გამოჭერას ნუ ცდილობ. ჯერ ისევ შენი უფროსი ვარ.
– დიახ, ვიცი. რაც შეეხება ჩემს პროფესიონალიზმს, თუ ეჭვი გეპარებათ, შევბრუნდეთ მინისტრთან და დავწერ განცხადებას.
– პაპავა, მორჩი ჩემ დაშანტაჟებას. წადი და იმუშავე! დეისაძის მკვლელობა კი, ჩათვალე, რომ გახსნილია.
– კარგი, ვეცდები, ჩავთვალო, – ირონიულად დაეთანხმა პაპავა, – კიდევ გჭირდებით?
– მჭირდები? ძალიან უცნაური შეკითხვაა. მჭირდები, რა... ჩემი მდივანი ხარ თუ ნივთი ყოველდღიური ხმარებისთვის? რამდენჯერ გითხარი, შენგან მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ მოქმედების გეგმა ჩემთან შეათანხმო, განა ეს ასეთი ძნელია? შენ კი ჯიბრში მიდგახარ. არ ვიცი, ამით რისი მიღწევა გინდა, მაგრამ, გაფრთხილებ, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება.

скачать dle 11.3