როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
სტეფანაშვილი-სტეფანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სტეფანე. სტეფანე ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს გვირგვინს. ეს სახელი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოზ, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში, მეექვსე საუკუნეში. ამ სახელისგან წარმოქმნილი გვარებია: სტეფანაშვილი, სტეფანიშვილი, სტეფანია, სტეფნაძე და ტეფნაძე.
1873 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოს იასე და ალექსანდრე სოლოღოვების, იგივე სოლოღაშვილების მამულში მოიხსენიებიან ივანე და მისი ვაჟი, იოსებ სტეფანეშვილები.
საქართველოში 137 სტეფანაშვილი ცხოვრობს: 585 – სტეფანიშვილი;
365 – სტეფნაძე;
35 – სტეფანიძე.
გოხაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოხა.
მურად და ლუარსაბ გოხაძეები 1873 წლის აღწერაში პატარა თონეთში მოიხსენიებიან.
1882 წელს პატარა თონეთში ესტატე ხელაძის თავდებად მოიხსენიება ისაკ გოხაძე.
საქართველოში 217 გოხაძე ცხოვრობს: თბილისში – 84, რუსთავში – 28, გარდაბანში – 27. არიან სხვაგანაც.
გალუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გალა. ეს გალაქტიონის კნინობითი ფორმაა, რომელიც ცალკე სახელადაც დამკვიდრდა.
1823 წელს სოფელ ღოუბანში მოიხსენიება მიქაელ გალუაშვილი ოჯახთან ერთად.
საქართველოში 206 გალუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 155, გარდაბანში – 35, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
მესტვირიშვილი – გრიგოლაშვილი
გვარის ფუძეა ხელობის აღმნიშვნელი სიტყვა მესტვირე, რაც სტვირის ხელოსანს ნიშნავს.
1781 წელს კოდაში მოიხსენიება ალთუნა აზიაშვილი – მესტვირე გრიგოლი. მესტვირე გრიგოლისგან წარმომდგარია გვარი მესტვირიშვილი.
1818 წელს სოფელ ვარდისუბანში მოიხსენიება ალექსანდრე მესტვირიშვილი.
1873 წლის აღწერით, მოიხსენიებიან აღდგომელა და ზაქარია გრიგალაშვილები.
პატარა ენაგეთში მცხოვრები ქართული სარწმუნოების მქონე პეტრე მესტვირიშვილი 1875 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნათლავს შვილს – მარიამს. მიმრქმელი იყო მისი თანასოფლელი ქრისტესაშვილი.
მესტვირიშვილი და გრიგოლაშვილი ერთი და იგივე გვარია.
საქართველოში 790 მესტვირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 372, თელავში – 150, თეთრი წყაროში – 112. არიან სხვაგანაც.
ზადიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზადიკა.
საკუთარი სახელი ზადია გვხვდება გვარში – ზადიაშვილი. ვარაუდობენ, რომ გვარი ზადიკაშვილი აქედანაა ნაწარმოები.
1672 წელს დავითა ზადიკაშვილი მოიხსენიება მითარას მიერ ალავერნა საფარიშვილის სახელზე გაცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.
საბარათიანოში, ბატონის დედოფლის სახასოში, 1721 წელს მოიხსენიება პაპუა ზადიკაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ზადიშვილი, ზვადიშვილი, ზადიაშვილი.
საქართველოში 20 ზადიკაშვილი ცხოვრობს.
ელიაშვილი – ელიავა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელია, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მზიურს, მზიანს ნიშნავს. ქართულში დამკვიდრებულია კნინობითი ფორმები – ილო, ილიკო.
1721 წელს მოიხსენიება გერმანოზიშვილების ყმა ივანა ელიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი – ელიავა.
არსებობს დღესასწაული ელიაობა, რომელიც ამინდის ღვთაების – ელიას სახელობისაა.
საქართველოში 1261 ელიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 309, ქარელში – 286, გორში – 258. არიან სხვაგანაც.
კონიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კონა.
კონია მოიხსენიება 1789 წელს გიორგისაშვილის სიმონას მიერ ვახტანგ ყაფლანიშვილისადმი გაცემულ ნასყიდობის წიგნში.
საქართველოში 359 კონიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 138, საგარეჯოში – 132, კასპში – 52. არიან სხვაგანაც
ტერტერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტერტერა. სომეხთა მღვდელსაც ტერტერა ჰქვია.
„ავთანდილ ტერტერაშვილი 1685 წლის ღალის ამოკვეთის წიგნში მიცემული იყო მუხრანის ბატონის შვილის ბოვნელ ეპისკოპოსის ნიკოლოზის მიერ დოლმახა შანშიაშვილისადმი“.
1721 წლის აღწერით, ტერტერაშვილები ყაფლანიშვილების აზნაურებად მოიხსენიებიან. მათ უცხოვრიათ და ყმები ჰყოლიათ ქცია-ყარაბუღლაში, გარისის მიწაზე, სოფელ ლიპში.
„დათუნა ტერტერაშვილი, 1701-1711 წლების აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა დილამაშენში“.
მოგვიანებით, ტერტერაშვილები რუსული დაბოლოებით – ტერტეროვებად გაუფორმებიათ.
საქართველოში 1 124 ტერტერაშვილი ცხოვრობს: გორში – 464, ახმეტაში – 350, საგარეჯოში – 86. არიან სხვაგანაც.
გაბაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბა.
ამავე ძირისაა გვარი გაბაშვილი.
1853 წელს სოფელ ბორბალოში მოიხსენიება კიკოლა გაბაძე.
1843 წლის აღწერაში, დიდ თიანეთში მოიხსენიება მაკარ გაბაძე.
საქართველოში 936 გაბაძე ცხოვრობს: საჩხერეში – 497, თბილისში – 203, ლაგოდეხში – 32. არიან სხვაგანაც.
საქუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საქუა.
1721 წლის ყმების ნასყიდობის წიგნში, რომელიც გიორგი სოლოღაშვილს ოგანეზა ვარდიგულაშვილისთვის მიუცია, მოიხსენიება საქუაშვილი.
ტაბახმელელი ბაღდასარა საქუაშვილი მოიხსენიება 1736 წელს თავდახსნილობის წიგნში, რომელსაც ელიზბარ და სხვა სოლოღაშვილები აძლევენ მელიქო საქუაშვილს.
ხაბაზი დათუა საქუაშვილი მოიხსენიება 1782 წელს, ზაალ გურამიშვილის ყმების ნუსხაში.
საქართველოში 208 საქუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 51, ახმეტაში – 40, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.
დუშუაშვილი
დუშუაშვილი ძირძველი ქართული გვარია. „ამათნი წინაპარნი ჩანან ადგილსა სურამის სამთავროსა შინა და აზნაურის ხარისხით არიან მიღებულნი“.
დუშია გაუვრცობელი ფორმით, სუფიქსის გარეშე იყო გავრცელებული და მოიხსენიება როგორც ქვემო, ისე შიდა ქართლსა და სამეგრელოში. დღეს შემორჩენილია მხოლოდ გვარი დუშუაშვილი.
საქართველოში 148 დუშუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 51, საჩხერეში – 41, ქუთაისში – 28. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით