როგორ მოიპოვა მსოფლიო აღიარება თამარ ლიჩელმა და რა დაუმტკიცა მან საკუთარ თავს
დღეს, როცა ნებისმიერი ქართველი ხელოვანი უცხოეთში გაღწევას და იქ კარიერის აწყობას ცდილობს, საერთაშორისო რანგის პიანისტმა თამარ ლიჩელმა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სცენებზე გამოსულა და „კარნეგი ჰოლმაც“ მიიწვია, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა და თავისი შემოქმედებით ქართველი კომპოზიტორების მხარში დგომას ამჯობინებს.
– თამარ, თქვენი რანგის ყველა მუსიკოსი უცხოეთში მოღვაწეობს. თქვენ რატომ არჩიეთ, გამონაკლისი ყოფილიყავით?
– რაც უნდა ტრაფარეტულად ჟღერდეს, უზომოდ მიყვარს საქართველო და არ არსებობს ქვეყანა, სადაც უკვეთ ვიგრძნობ თავს. უცხოეთში დარჩენის არაერთი შემოთავაზება მქონია, თუნდაც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, მაგრამ, მინდოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ საქართველოშიც შეიძლება ბევრი კარგი რამის გაკეთება. გული მწყდება, რომ დღესდღეობით ყველა უცხოეთისკენ მიისწრაფის, მაგრამ ამას ლოგიკური ახსნა აქვს – იქ მეტია შესაძლებლობა, თან, უფრო მარტივია თუნდაც, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება და ასე შემდეგ. თუმცა, მე ეს გზა ავირჩიე და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.
დატვირთული გრაფიკი მაქვს, რადგან, ხშირად ვუკრავ როგორც სოლო, ასევე კამერულ მუსიკას. საბედნიეროდ, თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში უკვე არაერთი საინტერესო ფესტივალი და მუსიკალური ღონისძიება ტარდება. უცხოეთშიც ხშირად მიწევს ყოფნა – გარდა იმისა, რომ თვითონ ვუკრავ, ყოველწლიურად მიწვეული ვარ იტალიაში საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრად. საერთოდ კი, მიმაჩნია, რომ მუსიკოსისთვის ადვილი გზა არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში.
– საერთაშორისო დონის პიანისტი რატომ ასრულებთ ყველაზე ხშირად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს?
– ჩემი აზრით, მუსიკოსი მრავალმხრივი უნდა იყოს. არ მინდა, ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ, ვცდილობ, მოვიცვა ყველა სფერო, რაც პიანისტის შესაძლებლობებშია. არ მესმის პიანისტების, რომლებიც მხოლოდ სოლო პროგრამას ასრულებენ. როგორ შეიძლება, მუსიკოსს არ იზიდავდეს და სიამოვნებას არ ანიჭებდეს კამერული მუსიკა თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარითა და უზომო შესაძლებლობებით?! ან თუნდაც, არ აინტერესებდეს ის მუსიკა, რომელიც დღეს მის ქვეყანაში იქმნება?! მე ეს ბუნებრივად მიმაჩნია, მაინტერესებს და მინდა იმ ნაწარმოების შესრულება, რომელიც ქართულია და რომლის მოსმენის შესაძლებლობა მსმენელს აქამდე არ ჰქონია. გარდა ამისა, არის ისეთი ქართული ნაწარმოებები, რომლებიც, უბრალოდ, მაინტერესებს და სიამოვნებას მანიჭებს.
– ამის შემდეგ, ბუნებრივია, გკითხოთ – რა მიიღეთ თანამედროვე ქართული მუსიკის შესრულებით?
– ამან მეტი თავისუფლება მომცა. თანამედროვე მუსიკაში არ არსებობს კანონები, რომელსაც უნდა დაემორჩილო. ის გაძლევს გამოვლენის სრულ თავისუფლებას. ამიტომ, თანამედროვე მუსიკაზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო პროცესია. გარდა ამისა, მე დამიკრავს ისეთი ტიპის თანამედროვე ქართული ნაწარმოებები, იმდენად რთული, ტექნიკური და, თუნდაც, ანსამბლის თვალსაზრისით, რომ ამ კუთხით – და ამას ხაზს ვუსვამ – ნებისმიერი კლასიკური ნაწარმოები უკვე მარტივი მეჩვენება.
– რომელმა კომპოზიტორებმა ინებეს, რომ ყოფილიყავით მათი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი?
– საბედნიეროდ, მომიხდა, შემესრულებინა ღლონტის, კემულარიას საფორტეპიანო კონცერტები, ჩლაიძის საფორტეპიანო ტრიო, აზარაშვილის საფორტეპიანო კვინტეტი, ნადარეიშვილის საფორტეპიანო ტრიო, მაჭავარიანის საფორტეპიანო კონცერტი – ეს ის ნაწარმოებებია, რომელთა პირველი შემსრულებელი მე ვარ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ქართული მუსიკის რეპერტუარში მაქვს დავითაშვილის, ტატიშვილის, ცინცაძის, მიზანდარის ნაწარმოებები.
– ეს ყველაფერი, ალბათ, გულისხმობს სწავლების გარკვეული ეტაპების გავლას...
– ბუნებრივია. დავამთავრე მე-5 სამუსიკო სკოლა პედაგოგ ნათელა გულდამაშვილთან. ცნობილია, რომ პირველი პედაგოგის წვლილი უდიდესი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტია მუსიკოსის ჩამოყალიბებაში და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. დღეს ჩვენ უკვე დიდი ხნის მეგობრები ვართ. შემდეგ სწავლა განვაგრძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიაში, პედაგოგ გომა გოგიასთან. ეს ჩემთვის გარდატეხის მომენტი იყო – უეცრად სრულიად სხვა გარემოში აღმოვჩნდი და ბევრ რამეზე დავფიქრდი. კონსერვატორიაში ბატონ გიზი ამირეჯიბთან ვსწავლობდი, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ სტაჟირებას გავდიოდი რომის სანტა-ჩეჩილიას აკადემიაში, პროფესორ სერჯო პერტიკაროლისთან. ბოლო პერიოდში, ორი წლის წინ, ვსწავლობდი გერჰარდ ოპიტცი მიუნხენის სამუსიკო აკადემიაში. ძალიან ბევრი მომცა იტალიასა და გერმანიაში ამ ორ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან ურთიერთობამ – მომცა ისეთი რამ, რაც მოგვიანებით უფრო დავაფასე და გავაანალიზე. მიმაჩნია, რომ აუცილებელია სხვადასხვა მუსიკოსის აზრი, რჩევები მოისმინო, რადგან ეს გახლავს საშუალება, განვითარდე და ერთ ადგილზე არ გაიყინო. მაგრამ, იმ ძირითადს, რასაც ბატონი გიზი აძლევს თავის სტუდენტებს, არაფერი შეცვლის და არაფერი შეედრება – ესაა ყველაზე ამაღლებული, ლოგიკური და, ერთდროულად, ემოციური, ყველაზე დახვეწილი მუსიკა ამის დასტურია ბატონი გიზის მრავალრიცხოვანი, წარმატებული სტუდენტების სია.
– გვიამბეთ თქვენი ბოლო კონცერტის შესახებ...
– ბოლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო. დავიწყებ კიდევ ერთი ქართული ნაწარმოების პირველი შესრულებით – ეს იყო კემულარიას საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც 40 წლის წინ დაიწერა და პირველად წელს შესრულდა. კონცერტი შედგა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ამას მოჰყვა მეორე პრემიერა – ვახტანგ მაჭავარიანის საპორტეპიანო კონცერტის შესრულება კონსერვატორიის დიდ დარბაზში არაჩვეულებრივ იაპონელ მევიოლინესთან, კენ აისოსთან ერთად. მოკლე დროში ძალიან საინტერესო პროგრამა გავაკეთეთ: ფრანკის სონატა, შოსონის პოემა, თანამედროვე იაპონური პიესები და „ბისზე“ – ცინცაძის საჭიდაო. კონცერტი დიდი წარმატებით ჩატარდა. ბოლო პერიოდის კონცერტებიდან გამოვყოფდი, ასევე, უნგრეთისა და პოლონეთის საელჩოების მიერ ორგანიზებულ კონცერტებს, რომლებიც შოპენისა და ლისტის წლებს უკავშირდებოდა. შოპენის ნაწარმოებები შეასრულა ირმა გიგანმა, ხოლო ლისტის – მე. ამას მოჰყვა კლასიკური მუსიკის კვირეული, რომელიც ქუთაისის თეატრის ახალ, არაჩვეულებრივად ლამაზ დარბაზში ჩატარდა. კვირეულის ერთ-ერთი საღამო ჩემს სოლო კონცერტს დაეთმო. პროგრამაში მქონდა შოპენის, ლისტისა და რაველის ნაწარმოებები. შემდეგ უკვე გავემგზავრე საერთაშორისო კონკურსზე იტალიაში, სადაც, როგორც უკვე გითხარით, ყოველ წელს ვარ მიწვეული ჟიურის წევრად. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ პარალელურად, მომიწია დაკვრა რამდენიმე ძალიან საინტერესო მევიოლინესთან ერთად. ამდენად, ეს ჩემთვის დაძაბული და, ამავე დროს, შემოქმედებითი პერიოდი იყო. ამჟამად ახალი ჩამოსული ვარ იტალიიდან და ახალი კონცერტებისთვის ვემზადები.
– ალბათ, მომავალშიც ქართველ მსმენელს გაანებივრებთ...
– ახლო მომავლის გეგმებს რაც შეეხება, ლიანა ისაკაძის ფესტივალისთვის ვემზადები, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბათუმში ჩატარდება. ქალბატონ ლიანასთან ერთად შევასრულებ ბრამსის საფორტეპიანო კვარტეტს – თხზ. 25. მოუთმენლად ველოდები ამ ფესტივალს, რადგან ქალბატონ ლიანასთან ერთად სცენაზე ყოველი გამოსვლა და მასთან ერთად გატარებული ყოველი რეპეტიცია ისეთ ემოციას ბადებს, რომელიც წარუშლელია და დიდი ხნის განმავლობაში მიმყვება... 20 სექტემბერს ვუკრავ „შემოდგომის თბილისის“ გახსნაზე, სადაც შევასრულებ პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტს. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ვახტანგ კახიძეს, რადგან ამ ფესტივალზე დაკვრა ჩემთვის დიდი პატივია. ნოემბერში, ტრადიციულად, ტარდება კამერული მუსიკის ფესტივალი, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობს ჩვენი ტრიო ბატონ ოთარ ჩუბინიშვილის (ჩელო), ჩემი, მანანა ქანთარიას (ვიოლინო) შემადგენლობით. ყოველ წელს მოუთმენლად ველი ნოემბრის მოახლოებას, რადგან ამ ფესტივალზე ყოველთვის ახალი და საინტერესო პროგრამით გამოვდივართ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კამერულ მუსიკას ჩემს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი კამერული მუსიკის პედაგოგის, ბატონ ოთარ ჩუბინიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ამ ჟანრის არსი გამაგებინა და მასწავლა ყველაფერი, რაც კამერულ მუსიკას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ოთარი დიდი ხანია, ჩემი პედაგოგი აღარ არის, საბედნიეროდ, ჩვენ ხშირად ვუკრავთ ერთად და ვამდიდრებთ ჩვენს რეპერტუარს. ამავე ფესტივალის ფარგლებში დავუკრავ შოსტაკოვიჩის პირველ საფორტეპიანო კონცერტს (კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის) – „ჯორჯიან სიმფონიეტას“ გიორგი შამანაურთან ერთად... ასე რომ, წინ მეტად დატვირთული და საინტერესო პერიოდი მელის.