როდის არ უნდა გამოვუშროთ იაპონურ კამელიას ნიადაგი და როგორ მზეზე ვამყოფოთ ის
აგვისტოა. უამრავი ადამიანი გარემოს იცვლის, მიემგზავრება დასასვენებლად. ამ დროს კი მცენარეები უპატრონოდ რჩება ბინაში. „ფლორა ინტერნაციონალის,” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკისგან, ბატონ ამირან ბიწაძისგან შევიტყობთ, შესაძლებელია თუ არა იაპონური კამელიას ბინაში უყურადღებოდ დატოვება და როგორ ვიზრუნოთ მასზე ზაფხულში, დასასვენებლად წასვლის შემთხვევაში.
– ბატონო ამირან, გვიამბეთ იაპონური კამელიას შესახებ, იოლი მოსავლელია ეს მცენარე?
– იაპონური კამელია ძალიან ლამაზი მცენარეა და, ამასთანავე – მარადმწვანე, რომელიც საკმაოდ დიდ ეფექტს ახდენს, თანაც, იმდენად უპრეტენზიოა, რომ მის მოვლას ყველა თქვენგანი შეძლებს. ამ მცენარის ოჯახი დიდია და მათი სახეობები განსხვავდება როგორც ფოთლის, ისე ყვავილების ფორმითაც. მისი ყვავილების ფერი შეიძლება იყოს: წითელი, ვარდისფერი, ჭრელი ან შინდისფერი. ის კარგად ყვავის როგორც გაზაფხულზე, ასევე, შემოდგომითაც.
– სად გვირჩევთ ამ მცენარის გახარებას – ქოთანში თუ გარე გრუნტში?
– როგორც მოგახსენეთ, იაპონური კამელია ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, ამიტომ მისი გაზრდა შესაძლებელია ოთახის პირობებშიც და ბაღშიც. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ეს მცენარე იაპონიიდანაა და ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახში ხარობს – მას ოჯახის თილისმად მიიჩნევენ. საქართველოში მას „სირიულ ვარდს“ უწოდებენ, სინამდვილეში კი ის იაპონური კამელიაა და, თუ გსურთ, თქვენს ოჯახსაც თავისი თილისმა ჰქონდეს, აუცილებლად გაახარეთ.
– როგორ პირობებში გავახაროთ იაპონური კამელია?
– იაპონური კამელიას ყვავილები, ქოთნის პირობებში, დიდი ხნით ჩერდება ხეზე. ის ორ მეტრამდე სიმაღლის იზრდება და კარგად ეგუება ჩრდილსაც და სიცხესაც.
– ახლა ხომ არ არის საშიში მისთვის მაღალი ტემპერატურა?
– აგვისტოში როგორი მაღალი ტემპერატურაც არ უნდა იყოს, ნუ შეგეშინდებათ – ეს მასზე ნამდვილად არ იმოქმედებს. ამ მცენარეს უყვარს მსუბუქი ნიადაგი. იაპონურ კამელიას ზაფხულში კარგი მორწყვა უხდება, ამიტომ, ნუ მოაკლებთ წყალს. შეგიძლიათ, მიწის ზემოდან მოათავსოთ სველი ხავსი, რომ მიწა არ გამოშრეს და არ დაზიანდეს მისი ფესვები.
– როდის სჭირდება მცენარეს დამატებითი კვება?
– იაპონურ კამელიას არ სჭირდება დამატებითი კვება, ის ბუნებრივადაც ძალიან სწრაფად იზრდება და სასუქების მიწოდება აღარ არის აუცილებელი. მთავარია, ეცადოთ, რომ მისი ნიადაგი ძალიან არ გამოშრეს.
– სად გვირჩევთ მის დადგმას?
– ზაფხულში, ისევე, როგორც ყველა მცენარეს, მასაც სიამოვნებს გარე კლიმატში ყოფნა. ამიტომ, თუ თქვენ ბაღი არ გაქვთ, შეგიძლიათ, აივანზე დადგათ. იაპონურ კამელიას მოსწონს გაფანტული მზის სხივები და სწორედ ასეთი გარემო უნდა შეურჩიოთ. ასეთი მზე მცენარის ფოთლებზე ცუდად არ იმოქმედებს და არ დაწვავს.
– არის თუ არა საჭირო ამ მცენარის გასხვლა და გვირჩევთ თუ არა ახლა მისი ფოთლების დანამვას?
– იაპონურ კამელიას არ უყვარს ზემოდან წყლის დასხმა, თუმცა, ძალიან სიამოვნებს წვიმა. თუ ზაფხულის წვიმა მოხვდება, ეს დადებითად იმოქმედებს მის სიჯანსაღეზე. შესაძლებელია ტოტების გასხვლა და მისთვის სასურველი ფორმის მიცემა.
– რაც შეეხება ტემპერატურას?
– ზაფხულის ტემპერატურა მცენარეს არ აშინებს, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში მას არ უყვარს სითბო, რადგან ყინვაგამძლეა და მინუს 5 გრადუს ყინვასაც კი ეგუება. ამიტომ ზამთარში ის სიგრილეში უნდა დადგათ.
– რით შეიძლება დაავადდეს იაპონური კამელია?
– მისი ძირითადი დაავადებაა ტკიპა ან ცრუ ფარიანა. ამიტომ, ხშირად შეამოწმეთ ფოთლები, როგორც ზემოდან, ასევე ქვემოდანაც, რომ მავნებელი არ შეესიოს და თვეში ერთხელ შეასხურეთ კარატეს ერთპროცენტიანი ხსნარი.
თუ ფოთლები დასცვივდა, ეს იმის ნიშანია, რომ ის დაავადდა. ზოგადად, მას არ ახასიათებს ფოთოლცვენა. ოთახის პირობებში მცენარე დადგით აღმოსავლეთის მხარეს. ახლა ბინაში, კვირაში ორჯერ მორწყეთ, მაგრამ ეზოს პირობებში ყოველ საღამოს სჭირდება წყლის დასხმა, რადგან, შესაძლებელია, ძალიან მალევე გამოშრეს ნიადაგი.
– როგორ და რით გავამრავლოთ იაპონური კამელია?
– იაპონური კამელია მრავლდება თესლითაც და კალმითაც. მისი კალამი უნდა აიჭრას სწორედ აგვისტოში და დაფესვიანება ხდება მხოლოდ სილაში. კალამი დაფესვიანდება ორი თვის შემდეგ. როდესაც ძალიან გაკრეჭთ, ან მოაჭრით თავს, შესაძლებელია, მცენარე გაგიხმეთ ამ დროს ის ღვრის კუთვნილ წყალს მოჭრილი ადგილიდან და ავადდება, რაც მის კვდომას იწვევს. ამიტომ ეცადეთ, ყოველთვის ზომიერად გაკრიჭოთ.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის მუდმივად გახარება ბაღში?
– დიახ, შეგიძლიათ იაპონური კამელია მუდმივად დატოვოთ გარე კლიმატში, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის ყინვაგამძლეა და ზამთრის სეზონზე შეფუთვაც კი არ სჭირდება. ამ შემთხვევაში, შეიძლება, 4 მეტრამდეც კი გაიზარდოს.
– როგორც ვიცი, მის ყვავილს, სილამაზის გარდა, სხვა დანიშნულებაც აქვს...
– ნამდვილად ძალიან ბევრი საქმისთვის იყენებენ იაპონური კამელიას ყვავილის ფურცლებს. მაგალითად: მისგან ამზადებენ კანის გამწმენდ საშუალებებს, ასევე, ყვავილის ფურცლებს ყრიან წყალში აბაზანის მიღებისას, რადგან ითვლება, რომ ასეთი წყალი კანის ნაადრევ დაბერებას უშლის ხელს. მცენარის თესლისგან კი იხდება ზეთი, რომელსაც იაპონელები მედიცინაში იყენებენ – იაპონურ კამელიას სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. გაუფრთხილდით მას და გაახარეთ დიდხანს.
– როგორ მოქმედებს იაპონურ კამელიაზე კონდიციონერი, შესაძლებელია თუ არა, ზაფხულში, თუ დასასვენებლად მივემგზავრებით, მისი დატოვება ერთი კვირით მარტო?
– იმ ოთახში, სადაც კონდიციონერია, არავითარ შემთხვევაში, არ ამყოფოთ იაპონური კამელია. არც ზაფხულში დატოვებაა სასურველი მოურწყველად. ამ მცენარეს თითქმის ყოველდღიური მორწყვა სჭირდება, განსაკუთრებით ახლა და, ამიტომ, გირჩევთ, მცენარე ყურადღების მისაქცევად სხვას გადააბაროთ.