რა ბედი ეწია საბჭოთა ეპოქაში კუზნეცოვის, პოპოვის, გარდნერისა და იმპერატორის ფაბრიკებს და რომელი მათგანის ფიგურებია დაცული სოსო სისაურის კოლექციაში
სოსო სისაურის ფაიფურის ფიგურების კოლექცია ისეთივე მდიდარი და მრავალფეროვანია, როგორც მის მიერ მონათხრობი ამბები, რომლებიც კონკრეტულად ამ კოლექციას და ზოგადად, ფაიფურის ფიგურების წარმოებას ეხება. დღეს ბატონი სოსო ჩვენი რესპონდენტია.
სოსო სისაური: ფაიფურის ფიგურების ეს კოლექცია დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. საერთოდ, მომწონს ფაიფურის ნაწარმი. სხვა კოლექციებთან შედარებით, ფაიფურის ფიგურები უფრო ესთეტიკურად მიმაჩნია, სილამაზის შეგრძნებას იწვევს თითოეული მათგანის სახისა და სხეულის ნაკვთები, დიზაინი, ფერები... ეს ყველაფერი მხიბლავს და ძალიან მიყვარს. ფიგურები ათასნაირი დონისა და წარმომავლობისაა.
– როგორია საერთოდ, ფაიფურის ფიგურის ისტორია, როდის გაჩნდა ის?
– არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძველ ეგვიპტეში არაერთი ფიგურაა ნაპოვნი, რომლებიც ამჟამად მუზეუმებში ინახება. როგორც ჩანს, მათ ჩვენს წელთაღრიცხვამდეც კი ამზადებდნენ, როგორც ფაიფურისგან, ისე ლითონისგან. ამით მტკიცდება, რომ იმხანადაც უყვარდათ და მოსწონდათ ადამიანებს პატარა სკულპტურების გაკეთება და სამშვენისებად გამოყენება. მაგალითად, შუამდინარეთის დედოფლის სამარხი რომ გახსნეს, აღმოჩნდა, რომ მასაც ფიგურები ჰქონდა ჩატანებული.
რა თქმა უნდა, შემდეგ პერიოდებში, კერძოდ, შუა საუკუნეებში, განვითარების უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია სკულპტურების შესრულების დონემ.
– რომელი ქვეყანაა ცნობილი ამგვარი ფიგურების წარმოებითა და ხარისხით?
– რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღევანდელ მსოფლიოს ბაზარზე ისევ რუსეთის წარმოების ფაიფურის ფიგურებია პოპულარული. მაგალითად: დღეს, საქართველოში ძალიან ძნელი საშოვნია კუზნეცოვის, თუნდაც გარდნერის ან პოპოვის, გნებავთ, იმპერატორის ფაბრიკების წარმოების ფიგურები და, თუ მაინც წააწყდით სადმე, მათგან მხოლოდ ერთეულები შეიძლება, ჩაითვალოს ორიგინალად, თავისი დამღებით, რაც ძალიან ძვირი ღირს.
– მაგალითად?
– პოპოვი ცნობილია თავისი მოოქრული სტილითა და დახატული ყვავილებით. იმპერატორის ფაბრიკის წარმოების ფაიფურის ფიგურას თუ შეხვდებით, შეიძლება ღირდეს 50 ათასიც და 100 ათასიც. პოპოვი ოდნავ ჩამოუვარდება მას, შემდეგ მოდის გარდნერი და შემდეგ – კუზნეცოვი. კუზნეცოვის წარმოების ყველაზე მცირე ზომის, დაბალფასიანი ფიგურა დღეს მსოფლიოს ბაზარზე 3 ათასი დოლარი ღირს.
– ჩვენ ოთხი ცნობილი წარმოება დავასახელეთ, რომლებიც სხვა პროდუქციასთან ერთად, ფაიფურის ფიგურებსაც აწარმოებდნენ. რას გვიამბობთ ამ ბრენდების შესახებ?
– კუზნეცოვის ფაბრიკა მეფის რუსეთის პერიოდში დააარსა მიხეილ კუზნეცოვმა. ეს ფაბრიკა მოქმედებდა 1917 წლის, ოქტომბრის რევოლუციამდე. როდესაც გასაბჭოება მოხდა, მარაგი ამ ქარხანაში ისევ ჰქონდათ, ამიტომ, კვლავ განაგრძეს წარმოება, ოღონდ, ახალი დამღით, რომელზეც გამოსახული იყო ნამგალი და ურო. თიხა და ფერები იმავე ხარისხის იყო. სხვათა შორის, ბევრი მუშაც დატოვეს, როდესაც ახალი მმართველები მოვიდნენ სათავეში.
ამავე პერიოდში მოქმედებდა გარდნერი. მისი მფლობელი, გვარად გარდნერი, ებრაელი იყო, მაგრამ რუსეთში ჰქონდა ფაბრიკა და იქვე მოღვაწეობდა. მისი ნაწარმი კუზნეცოვისგან ბევრად განსხვავდება, რადგან გარდნერი შედარებით დაბალი ფენებისთვისაც უშვებდა პროდუქციას და მდიდრებისთვისაც. კუზნეცოვი კი ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი ფენებისთვის მუშაობდა, რაც არ ახასიათებდა პოპოვს. პოპოვი მხოლოდ მდიდრებისთვის აწარმოებდა პროდუქციას – მისი ნაწარმი ოქროთია მოვარაყებული და ყვავილებით შემკული.
– ეს ის პოპოვი ხომ არ არის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ბათუმში, მისი აღმშენებლობით იყო დაკავებული და საქართველოში ჩაის კულტურა შემოიტანა?
– ჩაის კულტურაც შემოიტანა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაც იყო დაკავებული. დიახ, ეს ის პოპოვი გახლავთ.
რაც შეეხება საიმპერატორო ფაბრიკას, ის მხოლოდ სამეფო ოჯახსა და დიდგვაროვანთათვის ამზადებდა თავის ნაწარმს. მათი წარმოების პროდუქცია დღეს ძირითადად მუზეუმებშია დაცული.
– როგორც აღნიშნეთ, საბჭოთა პერიოდში კუზნეცოვის ფაბრიკა ცოტა ხანს მოქმედებდა ახალი სახელითა და დამღით. სხვა ფაბრიკებს რა ბედი ეწიათ?
– პოპოვისა და საიმპერატორო ფაბრიკები ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო გარდნერი ცოტა ხანს კიდევ მოქმედებდა, ისევე, როგორ კუზნეცოვი.
– საბჭოთა პერიოდში ცნობილი იყო ლენინგრადის ფაიფურის ქარხანა.
– ეს ქარხანა პირველი იყო მთელ საბჭოთა კავშირში, რომელიც უშვებდა ყველანაირ ფაიფურის ნივთს. მათ ნაწარმზე დღეს ბუმია და ძალიან ფასობს. ამ ბოლო პერიოდში შეიქმნა ტენდენცია – ატÇ-ს მარკის ნივთები გაძვირდა და მასზე დიდი მოთხოვნაა. არ არსებობდა ცხოველი, რომლის ფიგურაც ამ ქარხანას არ გამოეშვა. რამდენიმე მათგანი ჩემს კოლექციაშიცაა დაცული. ისინი მე საბჭოთა პერიოდში მაქვს შეძენილი და ძალიან მიყვარს. ამავე პერიოდისაა ეს მზვერავი თავის ძაღლთან ერთად, ესენი კი გოგოლის პერსონაჟებია.
– დღეს რას შეადგენს მათი საშუალო ფასი საქართველოში?
– გააჩნია ფიგურას, მის ზომასა და ხარისხს, – 20 ლარიდან 1 000 დოლარამდე; შესაძლოა, ორი და სამიათასდოლარიანი ფიგურებიც შეგხვდეთ.
– რომელ ფიგურას გამოყოფდით ამ კოლექციიდან?
– მაქვს გარდნერისა და კუზნეცოვის რამდენიმე ფიგურა. შესაძლოა, მასზე ძვირფასიც არსებობს, მაგრამ მე ყველაზე მეტად მომწონს კუზნეცოვის „მეთევზე“.
– სულ რამდენი ფიგურაა ამ კოლექციაში?
– ასამდე.
– ყველა მათგანი რუსული წარმოებისაა?
– არა, მაქვს ევროპული წარმოების ფაიფურის ფიგურებიც. ამავე პერიოდებში, ევროპის ბაზარს თუ გადავხედავთ, გერმანია იყო ფაიფურის წარმოებით ყველაზე ცნობილი. გამოვყოფდი „საქსის” ფიგურებს. ჰოლანდიასაც ჰქონდა თავისი წარმოება და ინგლისიც იყო განთქმული „ალფრედ მელკინის” ფაიფურის ნაწარმით.
– აზიისკენაც გადავინაცვლოთ.
– ჩინეთი და იაპონია ოდითგანვე ცნობილია ფაიფურის წარმოებით. საერთოდ, ფაიფურის წარმოებაში ჩინეთი დედად ითვლება. ჩემს კოლექციაში ცალკე კუთხე მაქვს დათმობილი ჩინური და იაპონური წარმოების ფიგურებისთვის – ისინი ყველასგან გამოირჩევა. მაგრამ, რატომღაც, არ უყვართ ჩინური და იაპონური ფაიფურის ნაკეთობები.
– არ უყვართ თუ აღარ უყვართ?
– არა, არც ადრე უყვარდათ, რატომღაც... თუმცა, გერმანიას თავისი ნაკეთობების წარმოებისთვის ფაიფური დღესაც ჩინეთიდან მიაქვს.
– ამ დროს, გერმანული პოპულარულია, ჩინური კი – არა.
– ნამდვილად ასეა.
ჩემი კოლექცია ძალიან ძნელი მოსავლელია, რადგან დროთა განმავლობაში, ფიგურების ნაკეცებსა და ნაოჭებს მტვერი ედება, რასაც სათუთი გაწმენდა სჭირდება. ამიტომ, ჩემს ფიგურებს არავის ვაკარებ და თვითონ ვწმენდ სპეციალური ფუნჯით – ჯერ მშრალით, შემდეგ სველით და შემდეგ ისევ მშრალით.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– როგორც ყველა კოლექციონერისთვის, ჩემთვისაც, ჩემი კოლექცია არის ჰობი, გატაცება, სიყვარული და სულიერი ტკბობა...