კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დახოცა 7 ადამიანი იმერეთის რეგიონის მილიციის უფროსმა

– კარგი, კარგი, ნუ ცხარობ! რაც იყო, იყო, ამის შემდეგ უფრო სუფთად იმუშავე, – დაუყვავა ხუჭუჭთმიანმა კაცმა წამოწითლებულ ყმაწვილს, რომელსაც ისევ ეჭირა ხელში მაყუჩიანი პისტოლეტი და მგელივით იყურებოდა.
– დაუშვი ეგ პუშკა, თუ კაცი ხარ! წავედი ახლა მე, – ისევ ალაპარაკდა ხუჭუჭთმიანი და გაიღიმა.
ყმაწვილმა პისტოლეტი დაუშვა. ამ დროს, ხუჭუჭთმიანმა ქურთუკის ჯიბიდან ორი ტყვია ესროლა ყმაწვილს, წაქცევის შემდეგ კი კიდევ ორი ტყვია დაახალა: ერთი გულში, მეორე კი – თავში.
– ესეც ასე, ეს არანორმალური გავისტუმრე, ახლა მისი ძუკნას ჯერია, – ჩაილაპარაკა ხუჭუჭთმიანმა და, როდესაც ყმაწვილის სიკვდილში დარწმუნდა, ოთახი დატოვა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა...
საზარელი მკვლელობები
იმერეთის რეგიონული სამმართველოს მილიციის მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე იდგა და ბოროტმოქმედების ძებნაში ღამეებს ათენებდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხრა მკვლელობა მოხდა და ამის გამო სამმართველოს უფროსი ცოფებს ყრიდა.
– ოთხ კვირაში ცხრა მკვლელობა? ეს უკვე მეტისმეტია! მოსახლეობაში პანიკაა და ჩვენი მუშაობით უკვე რესპუბლიკის მმართველი ამხანაგებიც დაინტერესდნენ! – გაჰკიოდა ჯონდი ხერხაძე სპეციალურად მოწვეულ თათბირზე, რომელსაც იმერეთის ყველა მილიციის უფროსი ესწრებოდა.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
– რეგიონის მილიციის უფროსი, პოლკოვნიკი ხერხაძე გისმენთ! – ჩასძახა მან ყურმილს და გაირინდა. შემდეგ გაფითრდა, ყურმილი აპარატზე დაკიდა და ამოილუღლუღა: – გათავდა! ერთი საათის წინ უცნობი ახალგაზრდა კაცის გვამი აღმოაჩინეს წყალტუბოში, ერთ-ერთ ბინაში.
მოკლული ახალგაზრდა მილიციის მიერ ძებნილი ანზორ შენგელია აღმოჩნდა. ის მკვლელობის საქმეზე დააპატიმრეს, სამი თვის წინ კი ქუთაისის ციხიდან, წინასწარი დაკავების საკნიდან ზედამხედველის ხელშეწყობით გაიქცა. მეორე დღეს ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანში საკუთარ მანქანაში მოკლული ზედამხედველი აღმოაჩინეს, რომელსაც ორი ტყვია ჰქონდა თავში მოხვედრილი, თავად ანზორ შენგელია კი ოთხი ტყვიით იყო მოკლული – ორი მუცელში, ერთი – გულში და ერთიც – თავში.
თათბირი რომ დასრულდა და მილიციის უფროსები წავიდ-წამოვიდნენ, ხერხაძემ თავისი მოადგილე იხმო:
– კაკო! აქ რაღაც ისე არ არის. გული მიგრძნობს. ამიტომ, სანამ პროპკასავით არ გავუსროლივართ მე და შენ ამ საქმეს მიხედე. წუხელ რაიკომის მდივანმა მითხრა საიდუმლოდ, თურმე, ედუარდ ამბროსოვიჩს დაურეკავს მისთვის და უთქვამს, ამერიკას ხომ არ შეუერთდით, ამხანაგო მდივანოო. რატომო, რომ უკითხავს, შევარდნაძეს უპასუხია: გავიგე, პანტაპუნტით ხოცავენ თქვენთან ადამიანებს და, ჩიკაგოში ცხოვრობთ თუ ქუთაისშიო. ვითომ ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ, კარგად ვიცნობ მე ამბროსოვიჩს და, თუ დროზე არ მივხედეთ ამ საქმეს, შეიძლება, ციმბირი დაგვატოვებინოს უკან, – დაასრულა ხერხაძემ თხრობა და აკაკი მელაძეს ანიშნა, დაჯექიო.
– ჯონდი პავლოვიჩ! ბოლო ერთი თვეა, რაც ამ საქმეზე ვმუშაობ და ამის გამო ცოლ-შვილსაც ვერ ვნახულობ. ათასი მახე მაქვს დაგებული, მაგრამ, თითქოს წინასწარ იციან იმ შეჩვენებულებმა, ჯერჯერობით, ვერავინ გავაბი, – მიუგო მაიორმა მელაძემ პოლკოვნიკს.
ხერხაძე შეიშმუშნა, შემდეგ ადგა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ფანჯარასთან შეჩერდა და გაირინდა. ასე იდგა ერთხანს, შემდეგ მკვეთრად შებრუნდა და მელაძეს უთხრა:
– ბიჭო, იქნებ, მართლა წინასწარ იციან?
მილიციის ვარაუდით, იმერეთში კარგად ორგანიზებული ყაჩაღთა შეიარაღებული ბანდა მოქმედებდა. ისინი მდიდარ ოჯახებზე ნადირობდნენ და ძირითადად, ღამით ესხმოდნენ მათ თავს. კბილებამდე შეიარაღებული, ნიღბიანი ბოროტმოქმედები განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდნენ და მცირედი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც კი ადგილზევე კლავდნენ თავის მსხვერპლს. ცხრა მკვლელობიდან ექვსი ადამიანი სწორედ წინააღმდეგობის გაწევისას გამოასალმეს სიცოცხლეს, მხოლოდ ებრალიძეების მკვლელობა იყო ბურუსით მოცული.
შენგელიას მკვლელობიდან ორი კვირით ადრე, საფიჩხიაზე, ებრალიძეების საცხოვრებელ სახლში სამი ქალის – ანა, თინა და ანუკი ებრალიძეების ცხედრები აღმოაჩინეს. თინა და ანუკი ებრალიძეები დედა-შვილი იყვნენ – 36 და 16 წლის, 62 წლის ანა ებრალიძე კი – თინას დედამთილი და ანას ბებია... სამივეს გვამი „ზალაში“ ნახეს, თითოეულს სამ-სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის – თითო საკონტროლო გასროლა თავში. გამოძიებამ თავიდანვე გამორიცხა ძარცვა, რადგან ბინიდან არაფერი არ იყო წაღებული და მიცვალებულებსაც ზედ ეკეთათ სამკაულები. ექსპერტის დასკვნით, ისინი არც გაუპატიურებულები იყვნენ, ამიტომ გამომძიებლები შურისძიების ვერსიას ამუშავებდნენ. საქმე ის იყო, რომ ოჯახის უფროსი, 40 წლის ნოდარ ებრალიძე, ორჯერ იყო ქურდობისთვის ნასამართლევი, თუმცა, უკვე რვა თვე არ გამოჩენილა სახლში და, ამბობდნენ, ციმბირში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობსო. დედისა და ცოლ-შვილის გასვენებაში ჩამოსულ ნოდარს დაკრძალვის დროს წნევამ დაარტყა, რეანიმაციაში უგონოდ იწვა და მისი დაკითხვა ვერ ხერხდებოდა. ცხრავე მკვლელობის ერთმანეთთან კავშირი იმით დასტურდებოდა, რომ იმ დანაშაულებში ერთი და იგივე იარაღი იყო გამოყენებული. კერძოდ, 16 წლის ანუკი ებრალიძეს და იმ ბანდის მიერ მოკლულ პირველ მსხვერპლს, ჯიმი კარტოზიას, ერთი და იმავე, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ჰქონდათ მიყენებული საკონტროლო გასროლა თავში. გარდა ამისა, ამ საქმეში სხვადასხვა დანაშაულის დროს გამოყენებული, ერთი და იმავე ავტომატიდან გასროლილი ტყვიებიც ფიგურირებდა.
განსაკუთრებული ჯგუფი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, ხერხაძის უშუალო დავალებით, აკაკი მელაძემ განსაკუთრებული საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. ისინი სრულიად საიდუმლოდ, ოფიციალური ძიების პარალელურად, მოქმედებდნენ და ბანდის საქმიანობას იკვლევდნენ.
– ამხანაგო მაიორო, ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ოთხი მკვლელობა სწორედ იმ ავტომატებიდან გასროლით არის ჩადენილი, რომლებიც შარშან კოპიტნარის სამხედრო ნაწილიდან დაიკარგა, – მოახსენა მელაძეს კაპიტანმა ნოე თოდუამ.
– ჰოდა, კვალსაც შენ მიჰყევი, ოღონდ, ისე, რომ სამხედროები არ გააღიზიანო. ხომ იცი, არმიაა მაინც და რუსები არიან. ამიტომ, ვინ იცის, რას მოიმოქმედებენ. მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ ამ ფაქტის დამალვა და „ხოდი“ რომ მივეცით, არ ესიამოვნათ, – დამოძღვრა მელაძემ თოდუა და კაბინეტიდან გაისტუმრა.
დეკემბერში კოპიტნარის სამხედრო ნაწილიდან „აკაესის“ სისტემის რვა ავტომატი გაქრა. სამხედროებს საქმის ჩაფარცხვა უნდოდათ, მაგრამ, არ გამოუვიდათ. როდესაც „არუჟეიკის“ გუშაგი, უმცროსი სერჟანტი პაველ ნოსოვი ქუთაისის საავადმყოფოში თავის ქალის მძიმე ტრავმით გადაიყვანეს, ექიმებმა მილიცია გამოიძახეს. მართალია, ეს საქმე სამხედრო პროკურატურის ქვემდებარე იყო და საბოლოოდ მაინც მის უწყებას გადაეცა, მაგრამ მილიციამ იაქტიურა და სამხედროები აიძულა, სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ.
მართალია, სამხედრო პროკურატურამ დამნაშავეებს ვერ მიაგნო და ავტომატები ჩამოწერეს, მაგრამ, საქმე აღძრული იყო და, საჭიროების შემთხვევაში, მისი განახლება შეიძლებოდა.
ნოე თოდუამ, ერთ-ერთი თავისი ძველი ნაცნობის მეშვეობით, ამ საქმის ასლები მოიპოვა და მასალის შესწავლა დაიწყო.
– ამხანაგო მაიორო, როგორც ეტყობა, ის რვა ავტომატი სინამდვილეში გაყიდეს და მხოლოდ თავდასხმის იმიტაცია მოხდა. „არუჟეიკის“ მაშინდელი უფროსი, სტეპან სოკოლოვი თბილისში დააწინაურეს და „ზაკვოს არუჟეიკის“ უფროსად დანიშნეს. გული მიგრძნობს, იქ რაღაც დიდი სიბინძურე მოხდა, – მოახსენა თოდუამ მელაძეს.
ხერხაძესთან შეთანხმებით, მელაძის ჯგუფის ოთხი წევრი თბილისში ჩავიდა და სოკოლოვს „დააჯდა კუდზე“. ისინი თითქმის ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ მას და აღმოაჩინეს, რომ საბჭოთა შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი იარაღით ვაჭრობდა. საგანგებო ჯგუფმა ჯერ იარაღის მყიდველები დააკავა, სოკოლოვისგან ნაყიდი იარაღი ამოიღეს, ყველაფერი შესაბამისად გააფორმეს, შემდეგ კი თავად სოკოლოვიც დააპატიმრეს იარაღის „საკონტროლო შესყიდვების“ დროს, თან, ეს ყველაფერი ფირზე დააფიქსირეს. როცა სოკოლოვი თბილისის მილიციის სამმართველოში საიდუმლოდ გადაიყვანეს, სახე მას ცარცივით ჰქონდა გათეთრებული.
სოკოლოვმა ჯერ მიკიბვ-მოკიბვა სცადა, მაგრამ, როდესაც ფირი უჩვენეს და გათავისუფლებას შეჰპირდნენ, პოლკოვნიკმა მყიდველის გვარი დაასახელა. სოკოლოვი, რა თქმა უნდა, არავის გაუშვია, მისთვის მიცემული პირობა ბლეფი იყო და ის „კაპეზეში“ ჩააყუდეს, ფირის ასლი კი „ზაკვოში“ გადაგზავნეს.
მილიციის უფროსის ნაამბობი
პოლკოვნიკ სოკოლოვის მიერ მხილებული პიროვნება ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსის მძღოლი რომან ნიჟარაძე იყო. ქუთაისის მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფმა ის თავის ბინაში ღამის 3 საათზე აიყვანა. კოპიტნარიდან დაკარგული 8 ცალი ავტომატი ნიჟარაძის მიერ იყო ნაყიდი და მან 5 ათასი მანეთი ჩაუთვალა სოკოლოვს. ნიჟარაძე გამოტყდა, რომ ის ყაჩაღური ბანდის წევრი იყო, ბანდას კი მისი უფროსი, მილიციის მაიორი ბონდო ბრეგვაძე მეთაურობდა. ბრეგვაძე მილიციამ ვერსად აღმოაჩინა, მასზე ძებნა გამოცხადდა და ოთხი დღის შემდეგ, ის აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში დააკავეს მესაზღვრეებმა, როდესაც თურქეთში გადასვლას ცდილობდა. ჩხრეკისას მას დიდძალი ძვირფასეულობა, უცხოური ვალუტა და „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი აღმოუჩინეს.
მილიციის უფროსის, ბონდო ბრეგვაძის ჩვენებაში ვკითხულობთ: „შეიარაღებული ბანდის შექმნის იდეა ერთი წლის წინ მომივიდა, რადგან ხელფასი პურის ფულადაც არ მყოფნიდა. ამიტომ, ფულის შოვნის სხვა გზის ძიება დავიწყე. ჩემი ბანდის წევრებმა იმერეთში თხუთმეტი შეიარაღებული ძარცვა მოახდინეს და ექვსი მათგანი მკვლელობით დასრულდა. ბანდაში მე და ჩემი მძღოლის გარდა, კიდევ ორი წევრი იყო. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ, რომლებთანაც ურთიერთობა მქონდა ჩემი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. პირადად მე მხოლოდ ერთ ყაჩაღობაში მივიღე მონაწილეობა და, ისიც, პირველ საქმეზე. მაშინ ჩვენ კარტოზიების ოჯახი გავძარცვეთ და მე ოჯახის უფროსი მოვკალი, რადგან წინააღმდეგობა გაგვიწია. რაც შეეხება ებრალიძეების დახოცვას, ამ საქმეზე მე და ჩემი მძღოლი ვიყავით და ეს დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების მოტივით ჩავიდინე. ბინაში ღამით მივედი. ებრალიძეები კარგად მიცნობდნენ და უპრობლემოდ შეგვიშვეს. მათ სუფრის გაშლაც კი დაიწყეს, რომ პატივი ეცათ ჩვენთვის, მაგრამ, ჩემმა მძღოლმა ჯერ ბებიას ესროლა მუცელში, შემდეგ კი – მის რძალს. ამ დროს პატარა გოგონაც გამოჩნდა. ის გაოცებული იყურებოდა, შემდეგ ყველაფერს მიხვდა და გაქცევა სცადა, მაგრამ მე მას ზურგში ვესროლე ორი ტყვია და, რომ დაეცა, ერთიც თავში დავამატე.
რვა წლის წინ ნოდარ ებრალიძემ ჩემი უფროსი ძმა მოკლა. მაშინ ისინი „პაძელნიკები“ იყვნენ და ერთად ყაჩაღობდნენ. ერთ დღესაც, ჩემი ძმა სახლში არ დაბრუნდა. ის მეორე დღეს იპოვეს რაიონში დამხრჩვალი. მაშინ მე არც ჩემი ძმის ყაჩაღობის ამბავი ვიცოდი და არც ჩემი ძმის მკვლელის ვინაობა. ეს ყოველივე ანზორ შენგელიამ მომიყვა, რომელიც ციხიდან იყო გაქცეული, შევიფარე და ბანდაში ჩავრიცხე. ანზორი ჩემი ძმისა და ნოდარ ებრალიძის „პაძელნიკი“ იყო და ეს ისტორია სიმთვრალეში წამოროშა“.
თავის ჩვენებაში მილიციის ყოფილი უფროსი მის მიერ ჩადენილ შვიდ მკვლელობას აღიარებდა, მან, კარტოზიასა და 16 წლის ანუკი ებრალიძის გარდა, კიდევ ხუთი ადამიანი დახოცა – თავისი ბანდის ოთხი წევრი და შენგელიას მეუღლე. თითოეული მათგანი, შენგელიას გარდა, ბრეგვაძემ ტყეში დამარხა. მისივე თქმით, ის თავისი მძღოლის მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ, მილიციის სპეცჯგუფმა შეუშალა ხელი.
მილიციის ყოფილი უფროსი, მაიორი ბრეგვაძე გაასამართლეს და დახვრიტეს.

скачать dle 11.3