ექვსდღიანი დიეტა წიწიბურითა და „ჰერკულესით“
ერთ კვირაში ზღვაზე მიდიხართ და კილოგრამების „ჩამოყრა“ არ გაწყენდათ?! დაიცავით ეს დიეტა და ზუსტად 1 კვირის შემდეგ ნებისმიერი საბანაო კოსტიუმი მოგიხდებათ.
დიეტის პრინციპი ასეთია: ეს ორი ინგრედიენტი მონაცვლეობით უნდა მიირთვათ, ანუ, ერთ დღეს – წიწიბურა, მეორე დღეს – „ჰერკულესი“ (სულ 3-3-ჯერ), ოღონდ, ორივე პროდუქტი უნდა მოამზადოთ შემდეგნაირად:
დილით, პირველ საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, ჩაყარეთ ლიტრიან მინის ქილაში 3 სადილის კოვზი „ჰერკულესი“ (უნდა შეიძინოთ ის, რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება), დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ ერთი თითის დადებაზე დაიფაროს. სანამ „ჰერკულესი“ დალბება, მოამზადეთ მასში შესარევი ხილი: ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი, ჟოლო, მოცხარი ან მაყვალი (თქვენი სურვილის მიხედვით). ბანანი, ფორთოხალი და ვაშლი უნდა დაჭრათ წვრილ კუბიკებად, კენკრის ნებისმიერი სახეობა კი პირდაპირ ჩაყარეთ. შეგიძლიათ, სხვადასხვა ხილი ერთდროულად გამოიყენოთ, ან, მხოლოდ რომელიმე ერთ-ერთი. შაქარი გამორიცხეთ.
ერთი დღის ულუფაა 3 სადილის კოვზი ჰერკულესი პლუს 200-300 გრამი ხილი. ეს ფაფა უნდა გადაანაწილოთ მთელ დღეზე, პატარ-პატარა ულუფებად. ამის გარდა, დღის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა, სითხე კი – 2 ლიტრზე მეტი (ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ნებისმიერი მინერალური ან ახალგამოწურული ხილის წვენი, უშაქროდ და წყალში გაზავებული).
„ჰერკულესის“ დღე, როგორც უკვე გითხარით, სამჯერ მეორდება (დღეგამოშვებით), შუალედურ დღეებში კი უნდა მიირთვათ შემდეგნაირად მომზადებული წიწიბურა: 3 სადილის კოვზი წიწიბურა კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ლიტრიან მინის ქილაში და დაასხით იმდენი მდუღარე, რომ ოდნავ დაიფაროს. 1-2 საათის შემდეგ წყალი გადაწურეთ, ქილა შეავსეთ უცხიმო მაწვნით და კარგად ამოურიეთ. სასურველია, თუ წინა ღამით მოამზადებთ (ანუ წიწიბურა მაწონში მთელი ღამით უნდა დატოვოთ, ოღონდ, მაცივარში).
მაწვნიანი წიწიბურაც, ისევე, როგორც ხილიანი „ჰერკულესი“, თანაბარ და პატარ-პატარა ულუფებად უნდა გადაანაწილოთ მთელ დღეზე. დანარჩენი პირობები იგივეა. ექვსი დღის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ, „ამოისუნთქოთ“ და მიირთვათ ბოსტნეული, სალათები, მოხარშული ხორცი (საქონლის, ფრინველის) ან თევზი და თითო კვებაზე პური „მხნეობის“ 1-2 პატარა ნაჭერი, ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ, თქვენი ექვსდღიანი წვალება წყალში ჩაგეყრებათ.
თუ ამ დიეტას ცოტ-ცოტა ვარჯიშსაც წააშველებთ, თქვენს მიზანს გაცილებით ადრე და უკეთესი შედეგით მიაღწევთ.