რას ვერ თმობს ირინკა ბათიაშვილი და როგორ ცხოვრობს ის მეუღლესთან დაშორების შემდეგ
ირაკლი ბათიაშვილის უმცროსი შვილი, ირინკა, ცოტა ხნის წინ იურისტის სტატუსის ლეგიტიმური მფლობელი გახდა – მან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად, ადვოკატის სერტიფიკატიც აიღო და სამოქალაქო სამართალში აქტიურ საქმიანობას გეგმავს. ადვოკატის პირველი პრაქტიკის გავლას ირინკა საკუთარი განქორწინების სასამართლო პროცესზე აპირებს – ის რამდენიმე თვის წინ დაშორდა მეუღლეს, ვალერი გელაშვილის შვილს – უმცროს ვალერი გელაშვილს. თუმცა, ამ თემაზე საუბარს ის დიდხანს არიდებდა თავს. ირინკა ბათიაშვილი, ექსკლუზიურად ჩვენი ჟურნალისთვის, გამონაკლისს უშვებს და ვალერი გელაშვილთან დაშორების შესახებ პირადად გვიამბობს.
ირინკა ბათიაშვილი: ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო სიახლე მოხდა – დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და უკვე დიპლომიანი იურისტი გავხდი. ერთი სული მქონდა, როდის გადმომცემდნენ დიპლომს საზეიმო ვითარებაში, რომელიც მალე ჩარჩოში უნდა ჩავსვა და საპატიო ადგილი მივუჩინო. რამდენიმე თვე გავდიოდი ადვოკატურის კურსს და სერტიფიცირებული ადვოკატიც გავხდი.
– რა პროფილით აპირებ მუშაობის დაწყებას?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, ახლა მე რაღა გამაჩერებს სახლში? დასაცავი ირგვლივ იმდენი მყავს, მით უმეტეს, ადამიანის უფლებების მხრივ (იცინის). როდესაც სისხლის სამართალს გავდიოდით, კაზუსების ამოხსნა ისე კარგად გამომდიოდა, სულ მირჩევდნენ, ეს მიმართულება აირჩიეო. მაგრამ, სისხლის სამართალი ძალიან მძიმე ტვირთია – სხვისი ცხოვრების გადაწყვეტა, როცა მას ციხეში უშვებ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამ ტვირთს ვერ დავაკისრებ ჩემს თავს, ვერც იმის მონაწილე გავხდები, რაც ბოლომდე არ ვიცი. ამიტომაც, სამოქალაქო სამართალში მინდა, ვიმუშაო. ძალიან მინდა, გავიარო ადვოკატის კარგი კერძო პრაქტიკა – ყველა საფეხური, რაც ამ საინტერესო და რთულ საქმესთან არის დაკავშირებული; ასევე, ჩემი დიდი სურვილია, ვიმუშაო რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში – გაეროში ან ევროსაბჭოში. მთელი ცხოვრება მინდოდა რეჟისორობა; ბაბუაჩემი ისე გარდაიცვალა, არ იცოდა, რომ იურიდიულზე ვსწავლობდი. ვიცოდი, ეს რომ გაეგო, ცოტა გული ეტკინებოდა. ბაბუამ დამიტოვა სცენარი და დღემდე ვფიქრობ, ვისთან ერთად შეიძლება დიმას სცენარის გადაღება, რომლის ნაწილი უკვე გადაღებულია. ბაბუაჩემს სხვა ხედვა და სამყარო ჰქონდა. ჯერ ვერ მივაგენი ისეთ ვინმეს, ვინც მის სცენარს ისე გაიგებს, როგორც საჭიროა.
– ბოლო პერიოდში შენი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა. რატომ დაშორდი მეუღლეს?
– სამწუხაროდ, ასე მოხდა, ჩვენ ცოტა ხანს – ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. გაუგებრობები საკმაოდ მალე დაიწყო. იყო გულისტკივილიც, მაგრამ ეს ჩხუბამდე არასდროს მისულა. ჩემი ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დიდი ნებისყოფა მაქვს. ახლა ჩვენ უკვე ერთად აღარ ვართ და ამ ეტაპზე არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ვალერის თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ერთად აღარ გვეცხოვრა, უფრო სწორად, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ვილნიუსიდან წამოსვლის წინ ამის შესახებ ვალერისაც ვუთხარი. როდესაც იქიდან მოვდიოდი, მან იცოდა, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი.
– რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება?
– საერთოდ, ასეთი მნიშვნელოვანი რამ უცებ არ ხდება, ყველაფერს თავისი წინაპირობები აქვს. მე არასდროს ვიტყვი ცუდს ჩემს ყოფილ მეუღლეზე, ის ჩემი შვილის მამაა და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ბევრ რამეში ვერ შევეწყვეთ. ის უფრო კონსერვატორია თავისი ბუნებით, მე კი შინაგანად თავისუფალი ადამიანი ვარ. მე მაქვს ჩემი მიზნები და გეგმები, რომლებსაც სხვა ადამიანების გეგმებს ვერ დავუქვემდებარებ. ოჯახის ინტერესების გამო გარკვეულ დათმობებზე წასვლა მეც შემიძლია. მაგრამ, ჩემს თავისუფლებას სხვისი აკვიატების გამო, ვერ დავთმობ. თუმცა, ეს თემა ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი დაშორების მიზეზი, მე დეტალებზე საუბარი არ მსურს. ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იქნება, უნდა უხაროდეს ჩემი წინსვლა, პროფესიული ზრდა, რადგან, ვერ წარმომიდგენია, ქალმა იცხოვროს სრულფასოვნად და არ ჰქონდეს არც პროფესია და არც კარიერაზე ფიქრობდეს. იმ პერიოდში, რაც ერთად გავატარეთ, მეც ძალიან მიყვარდა ის და, დარწმუნებული ვარ, მასაც ვუყვარდი.
– თუმცა, როდესაც დაოჯახდით, თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ეს იყო უფროსების გადაწყვეტილება და შენ არ თქვი უარი ფინანსურად უზრუნველყოფილ მომავალზე.
– ჩემამდეც მოვიდა ეს ხმები, თუმცა რეალურად, ეს ასე არ ყოფილა. მე არც გათხოვებამდე მქონია მატერიალური პრობლემები. როგორც ვცხოვრობდი გათხოვებამდე, ისე ვცხოვრობდი იმ ერთი წლის განმავლობაშიც. მამაჩემი ხუთ უნივერსიტეტში მუშაობს და ოჯახს, შეძლებისდაგვარად, ყველანაირად უზრუნველყოფს. ახლაც, არც მე მაკლია არაფერი, არც ჩემს შვილს. ირაკლი ყველაფერს უკეთებს ბავშვს, ის არის ჩვენი პატრონი. მე არავის საბანკო ანგარიშებში არ ვიხედები, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ, ვინც მე ახლოს მიცნობს, იცის, რომ ჩემი ცხოვრება ამ მხრივ საერთოდ არ შეცვლილა. მე არ ვარ ფულსა და ჭინჭებზე გამოკიდებული ადამიანი. ვინც ჩვენი ოჯახი იცის, ამაში დამერწმუნება – ჩვენთვის სხვა ღირებულებებია მთავარი. მე მართლა მიყვარდა ვალერი. როგორც კი დავინახე, მაშინვე ვთქვი ჩემს მეგობრებთან, რომ ძალიან მომეწონა. თუმცა, ამაზეც ვიღაცეებმა ბევრი იჭორავეს მაშინ – ასე უცბად როგორ შეუყვარდაო. ჩემმა ახლობლებმა ჩემი ხასიათი კარგად იციან – სულ ვამბობდი, რა საჭიროა, შეყვარებულები ერთმანეთს სამი-ოთხი წელი რომ ხვდებიან, ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება უფრო სწრაფად უნდა მიიღო-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს არაა სწორი. გოგო და ბიჭი ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდნენ – ეს უფრო მყარი ოჯახური ცხოვრების გარანტიაა. ზუსტად ვიცი, რომ მომავალში ერთი თვის გაცნობილ ადამიანს ცოლად არ გავყვები. ერთ თვეში, შეიძლება, შეგიყვარდეს ადამიანი, თან, ძალიან შეგიყვარდეს, მაგრამ, ოჯახი არ უნდა შექმნა, რადგან ოჯახი სხვა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
– თქვენი დაშორება უფროსებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ გახდა? ისინი როგორ შეხვდენ თქვენი ოჯახის დანგრევას, ვალერი გელაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი ხომ დიდი ხნის მეგობრები იყვნენ?
– ჩვენ ისე დავშორდით, სკანდალები არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ ირაკლისთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მეც და მამაც ვცდილობთ, ამ თემაზე არ ვისაუბროთ. მე არასდროს ვიქნები წინააღმდეგი, რომ ირაკლისა და ვალერის ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ – ისინი მამაკაცები არიან და თავად გადაწყვეტენ თავიანთ საქმეს. ის, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს ვერ გავუგეთ, არც ერთის ბრალია და არც მეორის.
– გელაშვილები ნახულობენ პატარა ვალერის?
– იშვიათად. რაც მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით, სულ ორჯერ ნახეს ჩემი შვილი: ერთხელ მამამ, ერთხელ – ბაბუამ, მაგრამ ეს ჩემ გარეშე მოხდა – მე არ მქონდა ჩემი ყოფილი მეუღლის ნახვის სურვილი. თუმცა, ნამდვილად მინდა, რომ მე და ჩემს ქმარს მომავალში ნორმალური, ცივილური ურთიერთობა გვქონდეს და იმავეს ვითხოვ მისგანაც. ჩვენ გვაკავშირებს საერთო შვილი. ბავშვი მის გვარს ატარებს და მის ცხოვრებაზე ორივემ უნდა ვიფიქროთ. როცა დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ, მათ ცალ-ცალკე უნდა მოიხადონ თავიანთი ვალი. მე მინდა, ჩვენი ურთიერთობის დასრულებას ოფიციალური სახე მივცეთ, რაც, ალბათ, სასამართლოს მეშვეობით მოხდება, მერე კი ჯვარსაც ავიყრით.
– როგორც ამბობენ, შენს ცხოვრებაში უკვე ახალი სიყვარულია?
– არა, ეს არაა მართალი. ვერ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩემ ირგვლივ არიან თაყვანისმცემლები, მაგრამ, სიყვარული ჯერ ნამდვილად არ მწვევია. როცა ღმერთი გადაწყვეტს, სიყვარულიც მეწვევა და ოჯახსაც შევქმნი. ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ვალერკასაც, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად მარტო ვარ. ჩემს ცხოვრებაში ნაადრევი და ნაჩქარევი ქორწინება აღარ იქნება, სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ოჯახების უმეტესობა ინგრევა. თბილისში იმასაც ამბობენ, რომ მე ოჯახი ძველი სიყვარულის გამო დავანგრიე, მაგრამ, ესეც ჩვეულებრივი თბილისური ჭორია. ისიც კი გავიგე, რომ ვთხოვდები და ესეც აბსურდია. ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც ვცხოვრობდი.
– სასამართლოზე, სადაც თქვენი ოჯახური დავა განიხილება, ადვოკატი აღარ დაგჭირდება – ალბათ, უკვე ოფიციალურად დაიცავ საკუთარ უფლებებს.
– თუ საჭირო გახდა, საკუთარი თავის ადვოკატი მე ვიქნები და პირველ პრაქტიკასაც გავივლი, დიპლომიც მაქვს და სერტიფიკატიც (იცინის). კანონი თავად არეგულირებს ოჯახურ დავებში კონკრეტულ საკითხებს. ასე რომ, რა როგორ გადაწყდება, ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ჩემგან კი ჩემს შვილს აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება. გელაშვილების ოჯახში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც ვაფასებ და პატივს ვცემ. მათ შორის არის ვალერის ბებია, ვის მიმართაც ძალიან დიდი სიყვარული შემომრჩა. ჩვენი სასამართლო იქნება მხოლოდ ფორმალობა, უზრუნველყოფენ თუ არა გელაშვილები ჩემს შვილს, ფინანსურად ეს მათი გადასაწყვეტია. მე და ვალერკამ ოფიციალურად უნდა გავაფორმოთ ჩვენი განქორწინება, რომ მომავალი ცხოვრებისთვის ორივე თავისუფალი ვიყოთ.