ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი „სელებრითი” „ფიფლის” ვერსიით და რომელი ადგილი უკავია ტოპ-ათეულში ამერიკის პირველ ლედის, მიშელ ობამას
გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფიფლმა” მსოფლიოს ათი ყველაზე გემოვნებიანი „სელებრითის” სია გამოაქვეყნა. ათივეს სრულიად განსხვავებული ჩაცმის სტილი და გემოვნება აქვს, თუმცა სხვა „სელებრითი” ვარსკვლავების ფონზე, ისინი ნამდვილად გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩაცმის სტილის შერჩევაში ცდებიან კიდეც. მართალია, ეს თვალშისაცემი ხდება, მაგრამ ისინი მაინც მისაბაძნი არიან მილიონობით თაყვანისმცემლისთვის.
ყველაზე გემოვნებით და მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავად „ფიფლმა” პოპ-კერპი – რიჰანა დაასახელა. მისი სკანდალური სასცენო კოსტიუმები ფეტიშისა და მადონას ადრეული კარიერის ნაზავია და წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთანავე, იგი დიზაინერების კრიტიკის მთავარი ობიექტი ხდება. ამბობენ, რომ მისი გარდერობი გატენილია უგემოვნო და მოდიდან გადასული ტანსაცმლით. თუმცა, საზოგადოებაში გამოჩენისთანავე რიჰანა ყურადღების ცენტრში ექცევა. მისი იმიჯი, ვარცხნილობა, სტილი, მიუხედავად მოდელიორების მხრიდან კრიტიკისა, მაინც საუკეთესოდ მიიჩნევა, რასაც რეიტინგის პირველი პოზიცია მოწმობს.
მეორე ადგილზეა „ალისა საოცრებათა ქვეყანაში” და „ეშმაკი ირჩევს პრადას” ვარსკვლავი – ენ ჰეთუეი. მსახიობი სერიოზულად არის გატაცებული მოდის ინდუსტრიით და ნიუ-იორკში გამართულ თითქმის ყველა მოდის კვირეულს ესწრება. ენის თქმით, იგი მკაცრად აკონტროლებს თავის გარდერობს და ძალიან განიცდის, როცა ჩაცმულობის გამო აკრიტიკებენ. „ყველა ჩვენებაზე, თავს სტუდენტ გოგოდ ვგრძნობ, რომელიც პირველად მოხვდა მაღალი წრის საზოგადოებაში, შებოჭილია და ფიქრობს, რომ ყველა მის უგემოვნო ჩაცმულობას, ვარცხნილობასა და მაკიაჟს უყურებს”, – ერთ-ერთ ინტერვიუში ასე დაახასიათა საკუთარი თავი ენიმ, რომელსაც სხვათა შორის, ხშირად აკრიტიკებენ ჩაცმულობის გამო. არაერთმა ცნობილმა დიზაინერმა განაცხადა, რომ ვარსკვლავს დაუმსახურებალდ უკავია მეორე ადგილი „ფიფლის” რეიტინგში, რადგან მისი „გუშინდელი” სტილი, არ ჯდება თანამედროვე მოდის ტენდენციებში.
მესამე ადგილზე „ბლექ აიდ ფისის” სექსუალური სოლისტი – სტეისი ფერგიუსონი, ან უბრალოდ – ფერჯი მოხვდა. იგი ყოველთვის გამოირჩევა ექსტრავაგანტური ჩაცმულობით და ასაკის მიუხედავად, უარს არ ამბობს მინი-კაბებზე. საინტერესოა, რომ ფერჯი ყოველთვის თვითონ არჩევს ტანსაცმელს და უარს აცხადებს სტილისტებისა და იმიჯმეიქერების მომსახურებაზე.
ქეით ჰადსონს მოდის კრიტიკოსები ერთ-ერთ ყველაზე მოდურ „სელებრითად” მოიხსენიებენ, რომელსაც საოცარი გემოვნება დაბადებიდან დაჰყვა. ქეითი boho-ს მიმართულებას ანიჭებს უპირატესობას და თამამად ახდენს სხვადასხვა სტილის ტანსაცმლით კომბინირებას, რაც ვარსკვლავთა უმეტესობას არცთუ კარგად გამოსდის. ჰადსონი ირწმუნება, რომ არ ადევნებს თვალყურს მოდის ტენდენციებს, არ სარგებლობს კოსმეტოლოგის მომსახურებით და ფეხების დეპილაციასაც კი სახლში თვითონ იტარებს. მას არ აქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ საკუთარ თავს დაუთმოს და ურჩევნია, შვილთან ერთად ისეირნოს.
ოთხი შვილის დედა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტოპ-მოდელი – ჰაიდი კლუმი მუდამ გამოირჩევა თავისი ჩაცმულობით და სტილით. იგი პლანეტის საუკეთესო იმიჯმეიქერების რჩევებს იყენებს და მოდის ტენდენციებს მიჰყვება. ჰაიდის სტილი დამწყები მოდელებისთვის ნამდვილი ეტალონია.
ევა მენდესი მუდამ სექსუალურად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რაც აცვია – ღია საღამოს კაბა დეკოლტეთი თუ დახურული სპორტული კოსტიუმი. ვარსკვლავს არ უყვარს ბეწვეული და აცხადებს, ურჩევნია, შიშველმა იაროს, ვიდრე რომელიმე ცხოველი იმის გამო მოკლან, რომ მისი სხეული ბეწვეულმა გაალამაზოს. მენდესის სექსუალური იმიჯის და ზედმეტი გულახდილობის გამო, „ქელვინ ქლაინის” სუნამოს რეკლამირება ტელევიზიით აიკრძალა.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის, მიშელ ობამას ძნელია უწოდო ლამაზი, თუმცა მომხიბვლელობა და შარმი ბარაკ ობამას მეუღლეს ნამდვილად აქვს. მიშელი ამერიკის „სახეა” და მას ჩაცმის ძალიან ინდივიდუალური სტილი აქვს, რაც კინო და პოპ-ვარსკვლავების უმეტესობას აკლია. მოდის ექსპერტები მიშელ ობამას სტილს მაღალ შეფასებას აძლევენ და მათი თქმით, იგი არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე გემოვნებიან „სელებრითებს”.
გვენ სტეფანი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავია, რომელიც არა მარტო კარგად იცმევს, არამედ თვითონ ქმნის ტანსაცმელს თავისი დიზაინით და რეკლამირებასაც უკეთებს. იგი თავისი ბრენდის ცოცხალი რეკლამაა და მისი ნაწარმით იმოსებიან – ბრიტნი სპირსი, ლინდსი ლოჰანი, გვინეტ პელტროუ და თვით მადონაც კი, ქალიშვილ ლურდესთან ერთად. „მე მიყვარს ტანსაცმლის შექმნის პროცესი”, – აღნიშნავს გვენ სტეფანი, რომლის დებიუტი სამოდელო სფეროში 2003 წელს შედგა ეპატაჟური კოლექციის ჩვენებით.
გვინეტ პელტროუ სარეკლამო ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვარსკვლავია. მას საკუთარი კულინარიული შოუ მიჰყავს. ჯანმრთელ კვებასა და დიეტებზე რამდენიმე წიგნის ავტორია. გვინეტი სადა სტილით გამოირჩევა და მას არ სჩვევია ექსტრავაგანტური და ეპატაჟური ჩაცმულობა, მაკიაჟი და ვარცხნილობა.
„ფიფლის” გადაწყვეტილებით, მეათე პოზიციაზე ნიუ-იორკის მოდის სახე – სარა ჯესიკა პარკერი მოხვდა. მას ღმერთმა არ უბოძა სექსუალური გარეგნობა, თუმცა გემოვნება, საუკეთესო აქვს, რასაც არაერთი რეიტინგი და გამოკითხვა მოწმობს. გვენ სტეფანის მსგავსად, სარაც დიზაინერობით არის გატაცებული და მის კოლექციაშია, როგორც ყოველდღიური ტანსაცმელი, ასევე, საღამოს კაბები, აქსესუარები, თეთრეული და სუნამოებიც კი. სარა ჯესიკა პარკერის არომატები – „კოვეტი” და „ლოვლი” ნიუ-იორკის ათ ყველაზე გაყიდვად სუნამოების რიცხვში შედის.
უშანგი რუხაძე