რა დაავადებაა მიკროსპორია და როდის ხდება სოკოვანი დაავადება საშიში
მიკროსპორია ადამიანისა და ცხოველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული სოკოები იწვევს. სოკოთი დაზიანებული კანის ქერცლი, თმის ან ბეწვის ღერები, რომლებიც შეიცავს სიცოცხლისუნარიან სოკოებს, შორდება დაზიანების უბანს და სოკო გადააქვს ავადმყოფის ტანსაცმელზე, თეთრეულზე ან ყოველდღიური მოხმარების საგნებზე.
სოკო საკმაოდ გამძლეა გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია, შეინარჩუნოს დასნებოვნების უნარი. ამ სოკოვანი დაავადების გადადება შეიძლება მოხდეს როგორც ავადმყოფ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტის გზით, ასევე, დაბინძურებული ნივთების შეხებისას.
სოკოვანი დაავადების, ანუ მიკროსპორიის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დროულ და სწორ მკურნალობას, არამედ პირადი ჰიგიენის დაცვას და ყოველდღიური მოხმარების საგნების, ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექციას.
მოარიდეთ ბავშვები ქუჩაში მაწანწალა კატებსა და ძაღლებს; არ მისცეთ საშუალება, ხელით შეეხონ მათ ან მოეფერონ.
თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, მიკროსპორის დაავადების შემთხვევაში, დაავადება მწვავდება და დიდხანს მიმდინარეობს. დაავადებულის პირადი საგნები აუცილებლად უნდა განაცალკევოთ, მაგალითად, ჯაგრისი, სავარცხელი, სათამაშო და ასე შემდეგ; მოახდინოთ მათი გაწმენდა-დეზინფექცია, ადუღოთ ისინი ორპროცენტიან სოდიან წყალში. თეთრეული აუცილებლად უნდა დააუთოოთ, სახლი სველი წესით დაალაგოთ, იატაკი და აბაზანა კი ქლორიანი წყლით დაამუშაოთ.