ექიმის რჩევები
კითხვა: რა შეიძლება იყოს ენაზე თეთრი ნადების მიზეზი?
პასუხი: ენაზე თეთრი ნადების გასტროენტეროლოგიურ მიზეზებს განეკუთვნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიები (გასტროდუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) ან სანაღვლე გზების (მაგალითად, ქრონიკული ქოლეცისტიტი ან სანაღვლე სადინარების დისკინეზია). სავარაუდოდ, ექიმი გირჩევთ მუცლის ღრუს ექოსკოპიას, გასტროსკოპიას და სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. ამის გარდა, შესაძლებელია სტომატოლოგიური მიზეზიც, მაგალითად, იგივე კარიესი.
კითხვა: რა ვიტამინებს გვირჩევთ სიმაღლის მოსამატებლად?
პასუხი: ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დასრულებული ხრტილოვანი ზრდის ზონის გაძვლოვანება (ამის გამოსარკვევად საჭიროა ხელის მტევნის რენტგენი). ბავშვებსა და მოზარდებს აქტიური ზრდის პერიოდში უნიშნავენ პოლივიტამინებს, რომლებიც შეიცავს D ვიტამინსა და კალციუმს. ეს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას უწყობს ხელს.
კითხვა: რა არის „ტიკი“?
პასუხი: ეს პსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ფსიქიატრმა უნდა უმკურნალოს. მარტივ შემთხვევაში, მონაწილეობს ერთი კუნთი ან კუნთების ჯგუფი. უფრო რთულ შემთხვევებში კი, ეს არის ჟესტიკულაცია, რაღაც საგნებზე შეხება და სხვა.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ვენების ვარიკოზული გაგანიერების განკურნება? ეფექტურია თუ არა დეტრალექსი? რას მირჩევთ?
პასუხი: თუ პირველადი ვარიკოზია, ეფექტურია მხოლოდ ოპერაცია, დანარჩენი საშუალებები მხოლოდ შეაჩერებს დაავადების პროგრესირებას. დეტრალექსს კარგი ეფექტი აქვს, მაგრამ, უმჯობესია, ანგიოლოგის დანიშნულებით მკურნალობა.
კითხვა: ვარ 33 წლის, მაქვს ცხიმოვანი ჰეპატოზი. რა დაავადებაა ეს და როგორ ვიმკურნალო? არსებობს თუ არა ჰეპატოზის პროფილაქტიკა?
პასუხი: ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს ხდება ღვიძლის უჯრედებში ცხიმის დაგროვება, რაც აუარესებს ნივთიერებათა ცვლას. დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ან რაიმე მედიკამენტის მიღებით, ინფექციური აგენტებით (B, C ჰეპატიტების ვირუსებით), შაქრიანი დიაბეტით და სხვა. ცხიმოვანი ჰეპატოზი შებრუნებადი პროცესია შესაბამისი დიეტისა და მკურნალობის ფონზე.
კითხვა: რა არის ცისტალგია?
პასუხი: ცისტალგიის დროს ადგილი აქვს ცისტიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს (გახშირებული შარდვა, წვა, უსიამოვნო შეგრძნებები შარდვის ბოლოს, შარდის შეუკავებლობა), მაგრამ შარდში მიკრობები არ არის. ამიტომ ცისტალგიას ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ. უფრო ხშირად მიზეზი ჰორმონალური დარღვევა, ესტროგენების უკმარისობაა. მკურნალობა: ციკლებად ჩატარებული ვიტამინოთერაპია, ფიზიოთერაპია, საჭიროების შემთხვევაში – ჰორმონოთერაპია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი