წუთისოფელი
იგავ-არაკი
ერთ კაცს გაცოფებული სპილო მოსდევდა. კაცი კლდის პირას მოამწყვდია. ბედად ერთი მაღალი ხე დაინახა და ზედ ავარდა. როდესაც ძირს გადმოიხედა, დაინახა, რომ ერთი შავი და ერთი თეთრი თაგვი იმ ხეს ძირს უღრღნიდნენ.
კაცმა ხიდან კლდეს ჩახედა – იქ კიდევ პირდაღებული გველეშაპი იწვა და მის ჩამოვარდნას ელოდებოდა.
კაცმა ახლა ზემოთ აიხედა და დაინახა, რომ ხის კენწეროდან თაფლი მოწვეთავდა. კაცმა თაფლის ლოკვა დაიწყო და თავისი განსაცდელი სულ გადაავიწყდა.
გაიარა ხანმა. თაგვებმა ხე წააქციეს. კაცი სპილომ აიტაცა და გველეშაპს ჩაუგდო ჩასაყლაპავად.
სინამდვილეში ის სპილო სიკვდილია, რომელიც ადამიანს მუდამ თან სდევს, ხე – წუთისოფელი, თეთრი და შავი თაგვები დღე და ღამე. თაფლი – ამ წუთისოფლის სიტკბოება, რომელიც კაცს შეიქცევს ხოლმე.