კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მნიშვნელობა აქვს ფერისცვალების დღესასწაულს ქრისტიანის ცხოვრებაში და რა სასწაულის მხილველები ხდებიან ადამიანები ყოველი წლის 19 აგვისტოს თაბორის მთაზე

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში, როგორ უნდა აღნიშნოს მან ფერისცვალების დღესასწაული, ამის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი):

– ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე აღმატებულია. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში?
– ეკლესიაში არსებობს მოძრავი და უძრავი დღესასწაულები. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთვის უძრავია და 19 აგვისტოს აღინიშნება. რა თქმა უნდა, ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებულია. როდესაც მაცხოვარი განკაცდა, მან გარშემო შემოიკრიბა მოციქულები და მათთან ერთად დადიოდა, აღასრულებდა სასწაულებს, სნეულებს კურნავდა, მიცვალებულებს აცოცხლებდა, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, დაბა-დაბა დადიოდა და ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აღასრულებდა. მაშინ, როდესაც მოახლოვდა მაცხოვრის ჯვარცმის ჟამი, მან თავის მოწაფეებიდან გამოარჩია სამი მოციქული: პეტრე, იაკობი, იოანე და მათთან ერთად ავიდა შემაღლებულ მთაზე, რომელსაც ეწოდება თაბორის მთა. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, მოწაფეებს ჩაეძინათ და ისინი დიდმა ბრწყინვალებამ გამოაღვიძა. როგორც ვიცით, დედამიწაზე ყველაფერი – ხილული და უხილავი სამყარო უფლის შექმნილია, ისევე, როგორც მზე. მოციქულები ამ ნათებას მზის ნათებას ადარებენ – მზესავით სპეტაკი იყო, ბრწყინავდაო. „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“. ამ დროს მოციქულებმა მაცხოვრის გვერდით დაინახეს ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები, რომლებიც მაცხოვარს უამბობდნენ იმ ვნებებისა და ტანჯვის შესახებ, რომელიც მას იერუსალიმში მოელოდა. ეს ერთგვარი ნუგეში იყო, რადგან ისინი მზად ყოფილიყვნენ მაცხოვრის ჯვარცმისთვის, ვნებებისთვის. მათ ბოლომდე ჰქონდათ შეცნობილი, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ის იყო ღმერთი, განკაცებული დედამიწაზე. ამიტომაც უთხრა პეტრემ მაცხოვარს – იქნებ გავაკეთოთ აქ სამი კარავი, ერთი თქვენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიასთვისო. მოგვიანებით, თაბორის მთაზე აშენდა სამი ეკლესია და დღეს ამ ადგილზე მდებარეობს ფერისცვალების მამათა მონასტერი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესო ქრისტეს სწორედ მაშინ გამოეცხადნენ წინასწარმეტყველები, როდესაც ის განმარტოებული მთაზე ლოცულობდა და ეს არ არის შემთხვევითი. როდის იცვალა მაცხოვარმა ფერი? როდესაც ის ლოცულობდა, ამიტომ, თითოეული ქრისტიანისთვის გულწრფელი ლოცვა შეიძლება, გახდეს ერთგვარი ფერისცვალება – ცუდიდან კარგისკენ, უკეთესობისკენ შეცვლა. თუ ადამიანში არ მოხდა სულიერი ფერისცვალება, ცოდვებისგან განწმენდა, სხვანაირად ის ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, როდესაც მოციქულები ხაზს უსვამენ იმ მომენტს, რომ მაცხოვარმა სწორედ მაშინ იცვალა ფერი, როდესაც ის ლოცულობდა. სწორედ მაშინ მოხდა მისი ფერისცვალება, განსპეტაკება და ეს იხილა სამმა მოციქულმა, რომლებიც მართლაც გამორჩეულები იყვნენ. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები. ანუ, მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულად არის გაცისკროვნებული ღვთაებრივი ნათელით.
– როგორც ცნობილია, „თაბორის ნათლის“ შესახებ ძველად სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა.
– მეთოთხმეტე საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. მაგალითად, კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობას და შეუქმნელობას უარყოფდა, მას დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ კი, წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღვთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი, რომელიც ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს; რომ მაცხოვარმა თაბორის მთაზე მოწაფეები სწორედ ამ ღვთაებრივი ძალის ღირსი გახადა და არა ბუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისთვის შეიქმნა, როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. დავას გამოეხმაურნენ ათონელი ბერებიც, მათ კონსტანტინეპოლში გაგზავნეს „ტომოსი“, რომელშიც ადასტურებდნენ, თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღვთაებრიობას. კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებამ, 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა.
– როგორც ცნობილია, თაბორის მთაზე, სადაც დღეს ფერისცვალების მონასტერია, ყოველი წლის 19 აგვისტოს სასწაული ხდება.
– იერუსალიმის წმიდა მიწა განსაკუთრებულია და როგორც ცნობილია, იქ სამი დიდი სასწაული აღესრულება. პირველი – როდესაც დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში და მეორე – 19 იანვარს, როდესაც არის ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მდინარე იორდანე უკუიძვრის. როგორც ვიცით, ისრაელი და იერუსალიმი უდაბნოზეა გაშენებული, იქ წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება წამოვიდეს წვიმა, მით უმეტეს, განსაკუთრებული სასწაული ის არის, რომ ყოველ წელს, ფერისცვალება დღეს, 19 აგვისტოს, როდესაც იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღასრულებს თაბორის მთაზე, ფერისცვალების მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, სწორედ იმ დროს, მონასტრის თავზე, ამაღლებულ ადგილზე, სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა, ცვარივით მოედინება წვიმა ზევიდან, რის მხილველიც ძალიან ბევრი ადამიანი ხდება.
– რატომ გამოარჩია მაცხოვარმა 12 მოციქულიდან მხოლოდ სამი?
– პეტრეს გამორჩეული სიყვარული შეეძლო, იაკობი გამოირჩეოდა ერთგულებით და იოანე, კი ბოლომდე მაცხოვრის გვერდით დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველამ მიატოვა. ამიტომაც, მათი გამორჩევა შემთხვევითი არ არის. როგორც ვიცით, უფალი ჩვენი იესო ქრისტე სამების განუყოფელი ნაწილია და სამი მოციქულის გამორჩევასაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. წმიდა მამები განმარტავენ, რომ სწორედ თაბორის მთაზე მოხდა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრა, რადგან მოსე და ელია იყვნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, ხოლო მაცხოვარი და სამი მოციქული ახალი აღთქმის პერიოდში მოღვაწეობდნენ და ამ დროს აღესრულა ორმაგი სასწაული.
– 19 აგვისტოს, ეკლესიაში წირვის დროს ყოველთვის იკურთხება ხილი, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას?
– რადგან ზაფხულის პერიოდში უწევს ფერისცვალების დღესასწაული, ამიტომ ეკლესიაში იკურთხება ხილი. რა თქმა უნდა, ეს დოგმა არ არის, ერთგვარი ტრადიციაა. საერთოდ, ეკლესიაში ასეთი მიდგომა არსებობს, როდესაც ადამიანი მოსავლის დათესვას აპირებს, თესლი უნდა იკურთხოს და ისე დაითესოს. არსებობს, ასევე, დათესვის წინ, მოსავლის აღების შემდეგ წასაკითხი ლოცვები. ფერისცვალება კი ზაფხულის მიწურულს არის, ამ დროს ახალი ხილია შემოსული და ჩვენს ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ამ დღეს ეს ხილი იკურთხოს. თუმცა, ეს არა მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში, სხვა ეკლესიებშიც ხდება.
– ფერისცვალება მარიამობის მარხვაში უწევს. ხშირად გამიგია, თითქოს ამ დღესასწაულამდე არ შეიძლება ახალი ხილის, საზამთროს, ლეღვის ჭამა. ეს სიმართლეს შეესაბამება თუ უბრალო ცრურწმენაა?
– ეს, უბრალოდ, ხალხური გამონათქვამია, ხალხური ტრადიციაა და ეკლესიურ სწავლებასთან არ აქვს კავშირი. როდესაც მარხვაა, ადამიანმა უნდა მიიღოს სამარხვო საჭმელი. ფერისცვალება მარიამობის ორკვირიან მარხვაში ერთადერთი დღეა, როდესაც თევზით არის ხსნილი და ადამიანებს შეუძლიათ თევზის მირთმევა.
– როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ფერისცვალების დღესასწაულს უშუალო კავშირი აქვს ადამიანის სულის ფერისცვალებასთან. როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა სულიერი ფერისცვალება?
– ნათქვამია, დედამიწა სამოთხე როდია, სამოთხიდან განდევნის ადგილიაო. ამიტომ, ჩვენ, ყველანი, ცოდვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ცოდვილი ბუნება აქვს ადამიანს და აქედან გამომდინარე, ვცოდავთ სიტყვით, საქმით. ადამიანისთვის უფალი უნდა იყოს ორიენტირი და ყველანაირად უნდა ეცადოს, მისაბაძი გახდეს თავისი საქმით, ქცევით, საუბრით, ყოველივეთი. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, მარხვას, აღსარებას, ზიარებას, უნდა ეცადოს, რომ მისი ცხოვრება მთლიანად შემოტრიალდეს, ანუ მოხდეს მისი ფერისცვალება. თუ ჩვენ ფერი არ ვიცვალეთ, არ მოხდა ჩვენი ცოდვების ჩამორეცხვა, გაწმენდა, სხვანაირად ცათა სასუფეველს ვერ დავიმკვიდრებთ. შესაბამისად, ნებისმიერი მარხვა, ლოცვა, დღესასწაული კიდევ ერთი მიახლებაა ღვთისკენ. ამიტომ, აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა ვიცხოვროთ მარხვით, ლოცვით, რათა ჩვენში მოხდეს სულიერი ფერისცვალება.
– როგორ უნდა აღნიშნოს ადამიანმა ფერისცვალება?
– როგორც აღვნიშნე, ეს დღესასწაული მარიამობის მარხვის პერიოდში უწევს. წელიწადში 4 ძირითადი მარხვაა, მაგრამ რადგან მარიამობისა და პეტრეპავლობის მარხვა ზაფხულში უწევს, ეკლესიის მრევლი სხვადასხვა რაიონში მიდის დასასვენებლად, ამიტომ მარხვის შენახვას საჭიროდ არ მიიჩნევენ. ადამიანის ეკლესიური ცხოვრება იწყება ნათლისღებით, ხდება ეკლესიის მრევლი, წევრი და შესაბამისად, სადაც იქნება, შეძლებისდაგვარად, უნდა შეინახოს ყველა მარხვა, ლოცვები იკითხოს, უფალი ადიდოს. უნდა აღასრულოს ის კანონები, რომელიც მოძღვრისგან აქვს მიცემული. რაც შეეხება ფერისცვალების დღესასწაულს, აუცილებელია, ადამიანი წინა დღეს დაესწროს საზეიმო ლოცვას, როდესაც ხდება პურისა და ზეთის კურთხევა, დილით, კი – საზეიმო წირვას და ეზიაროს თუ მზად იქნება. შემდეგ გაიხსნილოს თევზით და ზომიერების ფარგლებში გაატაროს ეს დღე

скачать dle 11.3