მამათა შეგონებანი
გაბრიელ ეპისკოპოსი: გამართლება იმას ნიშნავს, რომ კაცს თავისი ცოდვა, როგორც თანაშობილი, ანუ მასზე ადამისგან გადმოსული, ისე საკუთრივ მის მიერ აღსრულებული, არ მიეთვალა, ანუ არ შეერაცხა; ესე იგი, როცა იგი ღმრთის წინაშე უბრალო შეიქმნა და არც ერთ პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარა.
იოსებ ათონელი: ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო, მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც კი არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა და ამ სიმწარისას ხმა ჩამესმა, ძალიან ტკბილი და ძალიან წმიდა, უღრმესი თანადგომით აღსავსე: „განა არ დაითმენ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის?“ და ამ ხმის გაგონებისთანავე ცრემლები წამსკდა, ისეთი ძლიერი და ვნანობდი სულმოკლეობას, რომელმაც ჩემში იმძლავრა, არასდროს მავიწყდება ეს ხმა, ისეთი ტკბილი, რომ მყისვე გაქრა განსაცდელი და მთელი სულმოკლეობა.
ეპისკოპოსი ეგნატე: ადამის დაცემის შემდეგ, როცა ადამიანისთვის სამოთხე დაიკეტა და მცველად დადგენილ იქნა ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით, დაცემულ ანგელოზთა მეთაური – სატანა თვისი მორჩილი ურდოებით „დედამიწიდან სამოთხისკენ მიმავალ გზაზე დადგა და მას მერე, ჩვენი ხსნისთვის ქრისტეს წამებამდე და მაცხოვნებელ სიკვდილამდე, ბოროტს ამ გზაზე სხეულს განშორებული არც ერთი ადამიანის სული არ გაუტარებია. ზეცის კარი სამუდამოდ ჩაიკეტა ადამიანისთვის. მართალნიცა და ცოდვილნიც ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ. მარადისობის კარი და უვალი გზაც მხოლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე გაიხსნა“.
პაისი მთაწმინდელი: ეკლესიას სხვადასხვანაირი ადამიანები სჭირდება – ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვა საკვები სჭირდება – ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვერას მწარე ფოთლებიც კი საჭიროა. თითოეულ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ამის მსგავსად, ეკლესიასაც სხვადასხვაგვარი ადამიანი ესაჭიროება. ერთი ადამიანი მეორეს ავსებს. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, არა მარტო მოითმინოს მოყვასის სულიერი თავისებურებანი, არამედ – ნაკლოვანებებიც, რომელიც მასში, როგორც ადამიანში, აუცილებლად იქნება. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი განუსჯელად პრეტენზიულია სხვათა მიმართ. ისინი მოითხოვენ, რომ ყველა მათი მსგავსი სულიერი წყობისა იყოს. და როდესაც სხვა ადამიანი მათგან განსხვავებული აღმოჩნდება, მაგალითად – მეტად შემწყნარებლური ან მეტად მკაცრი ხასიათი აქვს, მაშინათვე დაასკვნიან, რომ ის არასულიერი ადამიანია.
მარკოზ განშორებული: წარმოიდგინე, რომ არსებობს თორმეტი უწმინდური ვნება. თუ ერთ-ერთს მაინც ნებით შეიყვარებ, მაშინ ეს ერთი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს.
***
როგორც თითოეულ ხილულ საგანს ღმერთმა საკუთარი ბუნება გაუჩინა, ასევე – ადამიანის ზრახვასაც, გვსურს თუ არა ეს ჩვენ.
თეოფანე დაყუდებული: არაფერია ღვთის თვალში იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე წყენის მიტევება; რამეთუ ამით ვემსგავსებით გულმოწყალე უფალს. და არაფერი ისე ადვილად არ გვაცდუნებს, როგორც სურვილი შურისძიებისა, სიტყვით იქნება ეს აღსრულებული თუ საქმით. გამოდის, განუწყვეტლივ ვკარგავთ, შეძენის ნაცვლად, არადა, ეს უკანასკნელი თავად გვეძლევა ხელთ – აპატიებ? სიმშვიდესა და ღვთის წყალობას მოიპოვებ; არ აპატიებ? შინაგანი დრტვინვა მოგიღებს ბოლოს და ნუღარც წყალობას ელი ღვთისგან.