ვინ არის ყველაზე ცნობილი სალონური მომღერალი ევროპაში და როგორ იქცა მოსკოვში პირველი გალერისტი მირანდა მირიანაშვილი თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერად
მირანდა მირიანაშვილი დიდი ემოციით, სიყვარულითა და რაც მთავარია, სრულიად უხმაუროდ აკეთებს თავის საქმეს. მირანდა მირიანაშვილის შესახებ საქართველოში ცოტას თუ სმენია რამ, ის ერიდება იაფ პოპულარობას, ყვითელ პრესას, ჭორებს, ხმაურს მისი სახელის გარშემო. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ, სალონურ მომღერლად მიიჩნევა, იწვევენ უმაღლესი დონის დახურულ წვეულებებზე, მათ შორის ევროპის დიდგვაროვნები და სამეფო ოჯახის წევრებიც კი...
ცხოვრების წესი
ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, დიდი შრომის შედეგად მოხდა. კონკიას ისტორია არ გადამხდენია თავს, უცებ, სასახლეში არ გამიღვიძია. თანმიმდევრულად მოვიდა ყველაფერი. ერთი კია, სულ ვცდილობდი, ჩემი სახელის გარშემო ხმაური არ ყოფილიყო და ალბათ, ამ გადმოსახედიდან ამიტომ ჩანს ყველაფერი ასე იოლად მიღწეული. რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს ყურადღების ცენტრში ან სოფიტების სინათლეში ყოფნა. როცა ურთიერთობა მაქვს სცენასთან და იმ პროფესიებთან, რომლებთანაც შეხება მაქვს, მზადაც ვარ იმისთვის, ავანსცენაზე, ყურადღების ცენტრში ვიყო და ეს კი არ მაწუხებს, მომწონს კიდევაც და ამას არც დავმალავ. მაგრამ ის გზა, რომელსაც ზოგიერთი მომღერალი ყურადღების მისაქცევად ირჩევს, რაღაც ხელოვნური ფიარ-ნაბიჯები და ინტრიგა, ჩემთვის ყოველთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ვფიქრობ, ალბათ, სწორად დავიცავი ბალანსი ყურადღების ცენტრში ყოფნასა და პირად სივრცეს შორის, რადგან ახლა კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს, ჩემი ცხოვრების, ჩემი დღის წესრიგის მეუფე ვარ. არასდროს არავინ ჩარეულა მასში უხეშად.
დასაწყისი
უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა გადასარევად ვგრძნობდი თავს-მეთქი, ვერ ვიტყვი. გული ყოველთვის არტისტული, შემოქმედებითი გარემოსკენ მიწევდა, საკმაოდ კარგად ვწერდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი თუმცა, ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ვიყავი. მეგობრების გამუდმებულმა ქებამ გამბედაობა შემმატა და ისე, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არაფერი მითქვამს, თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე საბუთები, ორ დღეში ტექსტი ვისწავლე და ჩემდა გასაოცრად, ტრიუმფალურად ჩავირიცხე! მესამე კურსზე ჩვენმა ოსტატმა, ბატონმა გიზო ჟორდანიამ, ნოდარ დუმბაძის „ბოშები” დადგა, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა. სპექტაკლი მთლიანად ბოშური სიმღერებით იყო გაჟღენთილი, რომლებსაც მე ვასრულებდი. დიდხანს ვთამაშობდით, ისეთი წარმატება გვქონდა. ამ სპექტაკლის შემდეგ უამრავი წინადადება წამოვიდა როგორც მომღერალთან. სიმღერა ძირითად პროფესიად ვერაფრით წარმომედგინა, იმედის მომცემ მსახიობად ვითვლებოდე და ეს იყო ჩემი ოცნება. მაგრამ შემთხვევის და მარინა ბერიძის, (რომელიც მას მერე ჩემი ახლო მეგობარია) წყალობით, აღმოვჩნდი „ივერიასა” და ,,ორერას“ საერთო საკონცერტო პროგრამაში. სწორედ მათთან ერთად გავემგზავრე გასტროლებზე მოსკოვში. ახალ, 1995 წელს იქ შევხვდით. პატარა გოგო ვიყავი და უცებ, ჩემდა გასაოცრად, ისეთი ყურადღების კონცენტრაცია მოხდა ჩემ ირგვლივ, ვერ წარმოიდგენთ. კობზონი, მალინინი და ამ რანგის სხვა ვარსკვლავები მოდიოდნენ და კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ. მახსოვს, საგრიმიოროში შემოვიდა ბიჭი და მეუბნება, იცით, თქვენ არ მიცნობთ, მე აქ ვმღერი და მინდა, გითხრათ, თქვენით აღფრთოვანებული ვარო. ვალერი მელაძე აღმოჩნდა, სულ მალე ვარსკვლავი გახდა. ამის შემდეგ სოსო პავლიაშვილმა სიმღერა დამიწერა და გადავწყვიტე, კონკურსზე გასვლა. იმ წლებში იურმალის „ახალი ტალღის“ ნაცვლად, თუ გახსოვთ „მოსკოვი-იალტა“ იმართებოდა. დიახ, ისე აღმოვჩნდი რუსული ესტრადის მისადგომებზე, რომ სერიოზულად არც მიფიქრია ამის თაობაზე. გადაწყვეტილებებისა და გააზრების გარეშე, საქართველოდან მოსკოვში გადმოვედი.
ჩაშლილი კონკურსი
მოსკოვში კონკურსის წინ ავარიაში მოვყევი. არ მიყვარს იმ დღეების გახსენება... სასტუმრო „კოსმოსის” საკონცერტო დარბაზში გაგანია რეპეტიციები მიმდინარეობდა და მე ზემოთ, ნომერში ტვინის შერყევითა და დაჟეჟილობებით ვიწექი. საშა რევზინი, („ახალი ტალღის’’ მთავარი რეჟისორია დღესაც, და ჩემი მეგობარი) მეუბნებოდა, წელს ნუ გამოხვალ. გაისად ჯანმრთელად და ლაღად გაიმარჯვებო, მაგრამ მე დავიჟინე და მაინც გავედი. რის ვაი-ვაგლახით, ტკივილგამაყუჩებლების წყალობით გავლილი ორი რეპეტიციით გავედი სცენაზე. პროგრამა, ცხადია შემეცვალა, რადგან სცენაზე ცეკვა კი არა სიარულიც მიჭირდა. ბუთხუზ ბასილაიამ მომიტანა ძველი „ივერიის” ფონოგრამა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ტონალობა არ იყო, „არგოს” შესრულება გადავწყვიტეთ. არადა, მანამდე ძველ რუსულ ტანგოს ვასრულებდი და თან, უნდა მეცეკვა. ჩემი მეგობრები და ჯგუფელები – თეა გობეჯიშვილი, ეკა ნიჟარაძე, ასევე კატია წიკლაური და კოტე ფურცელაძე იყვნენ ჩემთან ერთად როგორც მოცეკვავეები. ძალიან ლამაზი ტანგო გვქონდა დადგმული. მოკლედ, კონკურსი ჩემთვის მარცხით დამთავრდა, მაგრამ ზუსტად იმ ორ კვირაში შემომთავაზეს სოლო კონცერტი მოსკოვის კომპოზიტორთა სახლში და ეს ისეთი შემოთავაზება იყო, რაზეც უარს ვერ ვიტყოდი. ასე აეწყო... მერე შვეიცარია, ინგლისი და აი, მოვედი დღემდე.
სალონური მომღერალი
ისე მოხდა, რომ ჩემ გარშემო ერთგვარი სალონური წრე შეიკრა, კლუბივით, სადაც ღირსეული, შესანიშნავი ადამიანები იკრიბებოდნენ და ეწყობოდა სასიამოვნო საღამოები. დღესდღეობით იგივე ხდება ჩემს სახლშიც. პეტერბურგსა და მოსკოვში საუკუნეების წინ ჩაყრილ ტრადიციას გაგრძელება დღემდე აქვს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფორმით. ვიკრიბებით ჩემი მეგობრები, მათი მეგობრები, უცხოელი სტუმრები, ვსაუბრობთ, ვმღერით. აქ არიან მუსიკოსები, კინორეჟისორები, მსახიობები, ბიზნესელიტა, მხატვრები, მწერლები, პოეტები და ეს შეკრებები ერთგვარი შემოქმედებითი პროცესია, ენერგიების, ინფორმაციის, შთაბეჭდილებების, ცოდნის გაცვლა-გამოცვლა. ხელოვანი ადამიანები ცოტა წურბელები ვართ. ვგიჟდები ნიჭიერ ხალხზე, სულ მჭირდება მათთან ურთიერთობა, ამით ვიკვებები. ისინიც ზუსტად ასე იქცევიან. ეს ენერგიების ურთიერთშევსების პროცესია. ბევრს ვმოგზაურობ სალონური კონცერტებით, ვმღერი სხვადასხვა ენაზე, რა თქმა უნდა, ქართულადაც. რამდენიმე წლის წინ გავხდი ძალიან ღირსეული პრემიის „ტრიუმფის” ლაურეატი, საოცარია, მაგრამ ზემფირას მერე, მე გავხდი ამ პრესტიჟული პრემიის მფლობელი, როგორც წლის საუკეთესო მომღერალი. მე, რომელსაც დისკიც კი არ ჩამიწერია (ამჟამად ვწერ შვედეთში, იქაურ მუსიკოსებთან) ახლა ვფიქრობ, რამ და როგორ მოიტანა ეს ყველაფერი.
მახსოვს, დიდი ხნის წინ, რამდენიმე კონცერტზე მე და თემურ ბოჯგუა ერთად მოვხვდით. ძალიან გულისხმიერი ბიჭია, ყველას ეხმარებოდა. ერთხელაც მირეკავს, რომ ქორწილში გვპატიჟებენ, ძალიან უნდათ, რომ იქ იყო და მთხოვეს შენთვის შემომეთავაზებინაო. საკმაოდ სოლიდურ თანხას გვთავაზობდნენ. ეს მაშინ, როდესაც მოსკოვში ახალჩამოსულს მაინცადამაინც არავინ მიცნობდა და ფული, რასაკვირველია, ძალიან მჭირდებოდა. თემურს მადლობა გადავუხადე, მაგრამ ქორწილში წასვლაზე უარი ვუთხარი. ეს იმიტომ კი არ გამიკეთებია, რომ ვიუკადრისე, უბრალოდ, არ შემეძლო, ეს ჩემი არ იყო და, ალბათ, ისედაც არ მიჭირდა, თავი დამეძლია. დიდი და ღირსეული მომღერლები გამოვიდნენ რესტორნიდან დიდ სცენაზე და ამაში არაფერია ურიგო, პირიქით, რესტორნული მუშაობა მომღერლების პროფესიონალად ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს. მაგრამ, ეს მე არასდროს შემეძლო.
ძალიან სერიოზული ურთიერთობა მქონდა ცხონებულ აიზენშპისთან, საკმაოდ მსუყე ძალები იყვნენ გაერთიანებული ჩემ გარშემო, რომელთაც დიდი გეგმები ჰქონდათ ჩემთან დაკავშირებით. მახსოვს, მარტი იყო და დიდი განხილვებისა და უამრავი შეხვედრის შემდეგ, შევიმუშავეთ მოქმედების საბოლოო გეგმა და სამი კვირით მალდივებზე დასასვენებლად წავედი. იქ, სიმშვიდესა და სიწყნარეში მივხვდი, რომ არ მინდა ეს ყველაფერი, შემაწუხებელი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად წავუვიდოდი, უზარმაზარი ფულადი დანახარჯები, რაც ყველასთვის უცნობი გოგონას ვარსკვლავად ქცევას ესაჭიროებოდა. არ მინდა, ვიყო უკაშკაშესი ვარსკვლავი ყველა ჟურნალის ყდაზე, ჩემ გარშემო იყოს სულ ხმაური, გაუთავებელი სირბილი და რეიტინგის გაუმჯობესება, წითელი ხალიჩები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საოცრად მიმზიდველია. იური აიზენშპისი დიდხანს ვერ ხვდებოდა პროექტიდან ჩემი გაქცევის მიზეზს. არ მინდა, თავის ქებად ჩამომართვათ, მაგრამ ნათლად ვხედავდი, რა ემოციებს იწვევს ჩემი ნამღერი ადამიანებში და სრულიად არ მქონდა შიში იმისა, რომ უმოქმედოდ დავრჩებოდი. მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამ ყველაფერზე უარის თქმა შევძელი.
გაშლილი შავი თმა და ხმით
დაპყრობილი გულები
1997 წელს ლონდონში, ზურაბ სოტკილავასთან ერთად „წითელი ჯვრის” საქველმოქმედო მეჯლისზე ვიმღერე, სადაც ინგლისის მაღალმა საზოგადოებამ მოიყარა თავი. ამ კონცერტმა, რომელსაც კერძო, დახურულ კლუბებში გამოსვლები მოჰყვა, სულ სხვა მასშტაბებზე გამიყვანა. დღესაც ბევრი მსგავსი საღამოები მაქვს ევროპაში... ძალიან საინტერესო ხალხს ვხვდებოდი. ოდესმე აუცილებლად დავწერ... დავწერ იმ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ ჩემს ცხოვრებაზე კი არა, ქვეყნების ისტორიის მსვლელობაზეც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. მათ თავისი კვალი დაატყვეს ისტორიას როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად. ხშირად ვიკრიბებოდით ცხონებულ ვანია დიხავიჩნისთან, ლიუდმილა გურჩენკოსთან, მიშა კალატოზიშვილთან, იბრაგიმბეკოვებთან, მიხალკოვებთან და ვინ მოთვლის... შარშან კევინ სპეისისა და ჯონ მალკოვიჩისადმი მიძღვნილ საღამოზე ნიკიტა მიხალკოვს გადავეხვიე და ვუთხარი, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი რამ გამიკეთეთ-მეთქი. გაეცინა... მოსკოვის კინოფესტივალზე პირველად სწორედ მან მიმიწვია. მერე ნიკიტას ორმოცდაათი წლისთავის იუბილეზეც აღმოვჩდნი, ამდენ საპატიო სტუმარს შორის. „მაია პივუნიას” მეძახდა. ძალიან დავალებული ვარ რუსტამ იბრაგიმბეკოვისგან, დღეს ერთი ოჯახი ვართ. რუსტამის ფილმში მთავარი როლი ვითამაშე „აზერბაიჯანფილმში“. აქედან დაიწყო კინოფესტივალებისა და „კინოშნიკებთან” დამეგობრების ისტორია. ოლეგ იანკოვსკი, ლიუდმილა ჩურსინა, საშა აბდულოვი, პაველ ლებეშევი, ანატოლი რამაშინი, ნონა მორდიუკოვა... – რუსული კინოს ლეგენდები, მოგვიანებით, გოშა კუცენკო, კოსტია ხაბენსკი, კოლია ხომერიკი, კატია მინდაძე... მათთან ერთად ჩვენი უახლოესი მეგობარია – კატია დვიგუბსკაია, იგორ კანჩალოვსკის და, რომელიც დღეს ძალიან წარმატებული რეჟისორი და მსახიობია.
დღეს, ასე მგონია, უკვე განსაკუთრებული მისიაც მაკისრია, ყოველთვის კონცერტამდე, ვყვები საქართველოზე, ღრმა და ნათელ ინფორმაციას ვაწვდი მოწვეულ სტუმრებს ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაზე. ვერ წარმოიდგენთ, რა მწირი ინფორმაციაა ჩვენზე მსოფლიოში. მაგალითად, შარშან ორი გამოსვლა მქონდა გერმანიაში. ბავარიის ერთ-ერთ უძველესი გვარის წარმომადგენლებთან ვიყავით მიწვეული მე და ჩემი მეუღლე, სადაც სამდღიანი მიღება ჰქონდათ. ლანგლანგის კონცერტის შემდეგ, მიუნხენიდან მათ სასახლეში გავემგზავრეთ. სხვათა შორის, ამ სასახლეშია დაბადებული „ვალკირი”. ის მოგეხსენებათ, და ამას თვითონ მასპინძლები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პიროვნებაა მეოცე საუკუნის გერმანიის ისტორიაში. ახლა ამ სასახლეში ჩემი ახლობლები, ჰერცოგის უმცროსი ვაჟი, რონი და მარენიკ მატერნიკები ცხოვრობენ, წოდება უფროს ძმას დარჩა (ჰერცოგის წოდება უფროს ვაჟს გადაეცემა.) თვითონ რონი გრაფია, უბრალო გრაფი (იცინის). მისი ძმა, ოჯახის წევრები, მეგობრები ესწრებოდნენ მიღებას, ჩამოსული იყო „სიმენსის” პრეზიდენტი, ეკონომიკის მინისტრი, „აუდის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დაახლოებით ოცი-ოცდახუთი ადამიანი. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ამ დონის საზოგადოებაშიც ცოტამ იცის, რომ ქართველებს ჩვენი ენა, დამწერლობა და აბსოლუტურად განსხვავებული, დიდი კულტურა გაგვაჩნია. უამრავი კითხვა დამისვეს ჩემი ისტორიული ექსკურსის შემდეგ. სამწუხაროა, მაგრამ ბევრ მათგანს საქართველო და რუსეთი ერთი და იგივე ეგონა. სულ ვამბობ ვიმღერებ საუკეთესო ქართულ და რუსულს სიმღერებს და თქვენ შეადარეთ, რამდენად თავისთავადი, უნიკალური, ლამაზი, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებულებია ეს ორი კულტურა. იმ საღამოს, სხვა სიმღერებს შორის გოგი ცაბაძის „მთვარეოც” ვიმღერე. მაისში საფრანგეთში მქონდა კონცერტი, სადაც ხაზგასმით მთხოვეს მეტი მემღერა ქართულად. ფრაუ მატერნიკი მოვიდა და მითხრა, გეხვეწები „მთვარეზე” რომ სიმღერაა, ის იმღერეო. ვერ გადმოგცემთ, რა ბედნიერი ვიყავი.
„სტელა კეი“
contemporary art gallery
გალერისტობა, ჩემი მეორე პროფესიაა, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ხელოვნებაში რაღაც გამეგება. 2003 წელს, როცა სტელა კეიმ და მე გალერეა გავხსენით, იმხანად მოსკოვში დასავლური თანამედროვე ხელოვნების ერთი გალერეაც კი არ იყო. მართლა პირველები ვიყავით. ჩემი მეგობარი, სტელა, დღესდღეობით, ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონის კომისარია. ისევე როგორც ყველა იდეა და გატაცება ჩემს ცხოვრებაში, მოულოდნელად მოდის, ასე მოვიდა ეს თემაც. ოთხი წლის განმავლობაში, ყოფილ მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ვცხოვრობდი და სწორედ მან გამიხსნა თანამედროვე ხელოვნების ლაბირინთში გარკვევის, მისი შეცნობის გზები. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით, დავდიოდით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში, გალერეებში. ახალი სამყარო გაიხსნა ჩემ წინაშე. ჩემი მეგობარი ლუცია, ჟოელ ჰენესის („ჰენესის’’ მეპატრონე) მეუღლე, ხშირად იმეორებს ფრაზას: „მირანდა, ძვირფასო, ჩვენ არ დავბადებულვართ პირში ვერცხლის კოვზით”. და ეს სიმართლეა. „მომაში” და „ტეიტში” გაზრდილი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ მერე, როგორც ღრუბელი ისე ვიწოვდი ნებისმიერ ინფორმაციას და დღესდღეობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უამრავ ადამიანს მე ვუხსნი თანამედროვე ხელოვნების გაგების, მიღებისა და შეყვარების გზებს. როდესაც პირად ცხოვრებაში ცვლილებების გამო დავბრუნდი მოსკოვში, სტელასთან ერთად დიდხანს ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. სტელას გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდა, მისი ქმარი ძლიერი ბიზნესმენია და უნდოდა საინტერესო, უჩვეულო რამესთვის მოგვეკიდა ხელი. ყოვლად მოულოდნელი იდეა, გაგვეხსნა თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მოგვაწოდა ჩვენმა შვეიცარიელმა მეგობარმა, კლერ სავორეტიმ. სიახლემ ძალიან ჩაგვითრია. კლერმა, რომელიც ამ წრეში ტრიალებდა, გაგვაცნო ევროპის კოლექციონერების, გალერისტებისა და დილერების ელიტა. ედიურდ მიტერანი, მოგრაბები, ენრიკო ნავარა, მერე ჩვენც ვიმარჯვეთ ლარი გაგოზიანი, ტონი შაფრაზი, ბარბარა გლადსტოუნი, ტომ კრენცი, ნიკ ილინი, მერი ბუნი და სხვა ლეგენდარული ადამიანი გაჩნდა ჩვენს გარემოცვაში. ეს სახელები შეიძლება აქ ცოტამ იცის, მაგრამ, მერწმუნეთ, მათთან შეხვედრაზე უამრავი მხატვარი და გალერისტი მთელი ცხოვრება ოცნებობს. ჩვენ მართლა გაგვიმართლა. გავხსენით გალერეა და პირველებმა ჩამოვიტანეთ მოსკოვში ბასკია, უორჰოლი, ვესელმანი, ალექს კაცი, დევიდ სალე, ემილია და ილია კაბაკოვები: ჩემი პირადი პროექტი იყო რობერტ მეპელტორპის გამოფენის ჩამოტანა. ბერლინში, „დოიჩე ბანკში“ გამართულ გამოფენაზე მარტო ვიყავი ჩასული და რომ დავბრუნდი, სტელა ძლივს დავიყოლიე, მეპელტორპი ჩამოგვეტანა. იმდენად პროვოკაციული პროექტი იყო, ეშინოდა, საზოგადოება ანათემას გადაგვცემსო. მორალურ სირთულეებთან ერთად, კომერციულადაც სარისკო საქმე იყო. დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე, დავარწმუნე ჩემი მეგობარი, რომ ამის გაკეთება ღირდა და გავარტყი. ამას იმხელა ადრენალინი და სიამოვნება მოჰყვა, ვერ აგიწერთ. მაშინ არ მქონდა ამ ნამუშევრების შეძენის საშუალება და დღესდღეობით უკვე სულ სხვა, კოლექციონერის პოზიციიდან ვუყურებ ყველაფერს. შემთხვევით ხელში ჩაგდებულ ნამუშევრებს მაშინაც ვიძენდი, მაგრამ ახლა უკვე მაქვს იმის საშუალება, რომ ვესელმანი და მეპულტორპი ვიყიდო. მხატვრები, რომელთა აღმოჩენასა და დაკვალიანებაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, წარმატებებს აღწევენ, რაც წარმოუდგენელ ბედნიერებას მანიჭებს. სამწუხაროდ, ჩვენი გალერეა დაიხურა, დარჩა მხოლოდ „სტელა კეი ფაუნდეიშენი”, ფონდი, რომელიც შიდსის წინააღმდეგ იბრძვის და თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს.
შემოდგომის სიყვარული
ჩემს მეუღლეს, ლეონიდ ოგარიოვს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, ერთი წრე, ერთი სამეგობრო გვყავდა. განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების სიყვარულმა დაგვაახლოვა. ყველაფერზე, რაც მაინტერესებს და ეს კი ძალიან ფართო პალიტრაა, მას გაცილებით ღრმა და ფუნდამენტური ცოდნა აქვს. ლიონია ცნობილი ფოტოგრაფი იყო. ის ერთადერთი რუსი ფოტოგრაფია, რომელიც „პარი მაჩ ფოტოს” ყდაზე და შიდა შლაზე დაიბეჭდა. სერიოზული გამოცემები აქვს გაკეთებული ევროპის ქვეყნებში და მართალია, ახლა ბიზნესშია, ხელოვანი მასში არსად გამქრალა. ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა სიყვარულში უცებ არ გადაზრდილა. თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ლიონიას იმთავითვე ჰქონდა ქართველ გოგოზე თვალი დადგმული (იცინის). სად არ ჩამოდიოდა რომ ვენახე, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებებში დავდიოდი. მე კი ვფიქრობდი, როგორ უყვარს ამ კაცს თანამედროვე ხელოვნება-მეთქი. ხანდახან ვეკითხები, როგორ იყავი ამდენ ხანს ასე უმოქმედოდ, ხელიდან რომ გაგცლოდი, რას აპირებდი-მეთქი და ღიმილით მპასუხობს ეს შენ გგონია, რომ უმოქმედოდ ვიყავი. ზუსტადაც სწორად რომ ვმოქმედებდი, იმიტომ ზიხარ ახლა ჩემ წინო. არაჩვეულებრივი, ღრმა ადამიანია, რომელიც ყველაფერს, რაც მიყვარს, რაც ჩემთვის ძვირფასია, უაპელაციოდ იღებს. ახლა უკვე ზრდასრული ქალის ბედნიერებისთვის, ეს აუცილებელი პირობაა. რაღა დაგიმალოთ და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს – კარგი შემოსავალი, საყვარელი საქმე, საინტერესო ცხოვრება მქონდა, სასტუმროს ყოფა და სულ ფრენა ძალიან მომწონდა. ეს შენი თავისუფალი მიკროსამყარო, რომ დაარღვიო ძალიან უნდა გიღირდეს და გიყვარდეს ის ადამიანი. ძალიან მადლიერი ვარ ბუნების, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი შემოვიდა.
ბედნიერება
ძალიან მყარ ნაჭუჭში კომფორტულად ვიჯექი, რომლის გატეხა ვეღარ წარმომედგინა, მომწონდა კიდეც. ალბათ, იმ დროს ისე უნდა მეფიქრა, ასე იყო საჭირო. სერიოზული კრახის მერე თავი არასოდეს შემცოდებია, ბალიშზე არ დავმხობილვარ და ტირილი არ დამიწყია. არ უნდა დახურო ყველა კარი და შუბლზე პრობლემური ქალის ყადაღა არ უნდა დაგედოს. ბევრი ეტაპი მაქვს გამოვლილი, ვიცი, მარცხისა და გამარჯვების ფასი და გემო. ყოველთვის ვცდილობდი, დროს და გარემოს მოვრგებოდი, მაგრამ არა დღეს. დღეს გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მავსებს, მიცავს. მაქვს საინტერესო სამსახური და ჩემი არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს.