რატომ არის წაგებული ქმარი, რომელიც ეჭვიანობით იზღვევს თავს ცოლის ღალატისგან
ეჭვი ცუდი მრჩეველია. კიდევ უფრო ცუდი მრჩეველია მეგობრის ნიღაბს ამოფარებული მოშურნე. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ჩვენს ნდობას ბოროტად იყენებენ – შენ ენდობი და ეს ნდობა ცხოვრებას გინგრევს. ამბობენ, მამაკაცები ნაკლებად გახსნილები არიანო, მაგრამ, ყველაფრის ბოლომდე გამხელა, თურმე, არც ყველაზე ახლობელი მეგობრისთვის შეიძლება – გამორიცხული არ არის, სწორედ ზედმეტი გულახდილობა გექცეს დიდ პრობლემად.
როცა წყვილს შორის პრობლემები ჩნდება, როცა ურთიერთობა იბზარება და იწყება გაუცხოება, სანამ სიტუაციის მოგვარებაში მეგობრებსა და ახლობლებს ჩართავდეთ, აჯობებს, თქვენს მეორე ნახევარს დაელაპარაკოთ. ცოლ-ქმრისთვის ერთმანეთზე ახლობელი არავინ არ უნდა იყოს. როცა ამის განცდა ქრება, იქ ის ძაფიც წყდება, რომელმაც ოჯახი უნდა შეკრას.
გიორგი (39 წლის): ჩემს ასაკში რომ პირს მოაღებ და შენს პირადულზე საჯაროდ ილაპარაკებ, ხომ წარმოგიდგენია, როგორ უნდა გაგიჭირდეს. მართლა ძალიან გამიჭირდა. არ მინდა, ოჯახი დამენგრას, არადა, ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. ჩემი ცოლი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენე, რომ მიღალატოს, არ გამიკვირდება. სულ მეგონა, რომ ეჭვიანი კაცი არ ვიყავი, მაგრამ ცხოვრებამ დამანახვა და დამარწმუნა, რომ სრული იდიოტი ვარ.
– თუ ეჭვიანი არ იყავით, რა მოხდა ასეთი, რამაც თქვენში ეს გრძნობა გამოიწვია?
– გეტყვით. ჩემი ცოლი ხუთი წლით ჩემზე უფროსია, მაგრამ, ისეთი გარეგნობა აქვს, გაცნობის დღიდან გადავირიე. ძალიან დიდხანს ვეხვეწებოდი, მართლა, მაგრამ, არ მთანხმდებოდა.
– ასაკის გამო, თუ არ უყვარდით?
– უფრო ასაკის გამო. ვუყვარდი და მეუბნება, რომ ახლაც ვუყვარვარ. ცხრა წლის წინ ეს ასაკობრივი სხვაობა ცოტა უფრო შესამჩნევი და საზოგადოებისთვის ძნელად მისაღები იყო. ამიტომ იკავებდა თავს. მეუბნებოდა, მერე ვიეჭვიანებო, არ მინდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოო, მოკლედ, ყოყმანობდა. მაგრამ, ისეთ რამეებს ვაკეთებდი, დავითანხმე. სხვათა შორის, თავიდან ის ეჭვიანობდა ჩემზე. თუმცა, ცოლად რომ შევირთე, რაღაც დამემართა – მის მიმართ ცოტა გავცივდი და უყურადღებოც გავხდი და ეს ვერ აიტანა. ხშირად ვჩხუბობდით. მერე ბავშვი გაგვიჩნდა და მისი მოვლა ართმევდა დროს. სულ გაღიზიანებული იყო, სანამ ძიძა არ აიყვანა და სამსახურში არ გავიდა. მერე კი უცებ შეიცვალა.
– რას ნიშნავს – შეიცვალა?
– თითქოს ხელახლა დაიბადა. იმას ვგულისხმობ, რომ არაბუნებრივად ხალისიანი გახდა, ენერგიული. სულ კარგ გუნებაზე იყო, თვალები უციმციმებდა, აი, ისე, შეყვარებულ ქალებს რომ აქვთ ხოლმე. ბუნებრივია, ეჭვი გამიჩნდა.
– აციმციმებული თვალების გამო დასდეთ ბრალი ცოლს ღალატში?
– არა, რა თქმა უნდა. ასეთი სულელიც არ ვარ, მაგრამ ასეთმა მეტამორფოზამ შემაშინა. თან, უკვე აღარ ეჭვიანობდა, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, დავაგვიანებდი სახლში მისვლას თუ არა და ამანაც შემაშფოთა. მანამდე თითქმის ყველა ნაბიჯს მიკონტროლებდა. მობილურში ჩემს მესიჯებს კითხულობდა. ერთ დღეს კი ეს ყველაფერი დამთავრდა, გაქრა... ჩემი ცოლი თითქოს გამოცვალეს. სულ იღიმებოდა. არავითარი ისტერიკები და ეჭვიანობის სცენები.
– ანუ, მანამდე, ეჭვიანობის სცენები და ისტერიკები იყო?..
– ხანდახან ესეც არ გვაკლდა. მე მაღიზიანებდა მისი უსაფუძვლო ეჭვი, ვსაყვედურობდი, მერე ამაზე ავყვებოდით და ვჩხუბობდით. ვნატრობდი, ჩემს ცოლს აღარ ეეჭვიანა და, როცა ეს მოხდა, სიმშვიდის ნაცვლად, დისკომფორტი ვიგრძენი.
– ესე იგი, თქვენ უფრო ეჭვიანი ადამიანი ყოფილხართ ბუნებით, ვიდრე თქვენი მეუღლე.
– საბოლოოდ, ასე გამოვიდა. თუმცა, მე ამას დიდხანს არ ვაღიარებდი. მაგრამ, იმას კი სულ ვამბობდი, კაცი ცოტათი ეჭვიანი უნდა იყოს, რომ მისმა ცოლმა ღალატზე არ იფიქროს-მეთქი. ახლა უკვე ვიცი, რომ ეს ძალიან სუსტი პოზიციაა და ლოგიკას მოკლებული არგუმენტი, მით უმეტეს, როცა შენ თვითონ არ გსიამოვნებს, შენზე რომ ეჭვიანობენ და არ გენდობიან. ანუ, იდეაში მე ეს ყველაფერი გააზრებული მქონდა, მაგრამ, არანაირად არ მიშველა, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე. საერთოდ, ასეა, ხომ იცით – თეორიაში მაგრები ვართ ყველანი, მაგრამ რეალურად, კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან არაადეკვატურად ვიქცევით. მე მაინც, ძალიან სულელურად დამემართა. ეჭვიანობით ცოლის ღალატისგან თავის დაზღვევა გადავწყვიტე და მხოლოდ წავაგე ამით.
– ანუ, ის, ვინც ეჭვიანობს, ყოველთვის წაგებულია თუ, კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში შეიქმნა პრობლემა?
– მე კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე ვლაპარაკობ. თუმცა, ეჭვი რომ კარგი არ არის და სიკეთე არავისთვის მოაქვს, ესეც ფაქტია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რადიკალურად მცდარი გზა ავირჩიე ცოლის ერთგულებაში დასარწმუნებლად. ახლა მიმაჩნია, რომ ქალზე მეტად კაცს ჰმართებს კეთილგონიერება. ქალს კი არა, კაცს მოეთხოვება მეტი.
– ძალიან უცნაურ რამეს ამბობთ, მამაკაცისთვის უცნაურს...
– ჰო, მამაკაცების პოზიციაა, რომ ქალს მოეთხოვება მეტი – პასუხისმგებლობაც, კეთილგონიერებაც, სიმშვიდეც, მოთმენაც, დათმობაც... მაგრამ, არ უნდა იყოს ასე.
– მამაკაცები გაგინაწყენდებიან.
– ვიცი. მეც ზუსტად მათსავით ვფიქრობდი... რამდენჯერ, ცოლთან კამათის დროს, ზუსტად ეგ სიტყვები მითქვამს – შენ მეტი მოგეთხოვება-მეთქი და, როცა გაბრაზებულა, გავნაწყენებულვარ. კაცები ზოგჯერ ძალიან ეგოისტები ვართ. არასდროს მითქვამს ეს, მხოლოდ ახლა ვაღიარებ, ისიც იმიტომ, რომ, მინდა, წაიკითხოს ჩემმა ცოლმა და მიხვდეს, როგორ ვნანობ.
– სინანულის აღიარებაც ვაჟკაცობაა.
– მართლა? ვაჟკაცობაზე პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს, ახლა მარტო ჩვენი ურთიერთობის გადარჩენაზე ვფიქრობ. არ მინდა ცოლის დაკარგვა და ოჯახის დანგრევაც მენანება. არადა, საქმე სწორედ აქეთ მიდის. შეიძლება, არც მაპატიოს და ეს გასაკვირი არ იქნება, რადგან, შეურაცხყოფილია!
– შეურაცხყოფილი იმით, რომ ეჭვიანობდით?
– მარტო რომ მეეჭვიანა, ეს კიდევ არ იქნებოდა დიდი ტრაგედია. წინდაუხედაობა გამოვიჩინე – ჩემი ძმაკაცი ჩავრთე ამაში. შენი ოჯახის ამბავი გარეთ არ უნდა გაიტანო, ეს შენს ღირსებას აკნინებს. ამაზე რატომ ვერ ვიფიქრე? ძალიან დიდი შეცდომა იყო მისთვის ყველაფრის მოყოლა.
– რა მოუყევით მეგობარს, ცოლი მღალატობსო?
– სწორედ ეს და რჩევაც ვკითხე. ჭკუა სად მქონდა? მეგობარი, როგორი ახლობელიც უნდა იყოს, პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩაახედო. მძიმე სიტუაციაში ხომ ჩავაყენე თავი, სასაცილოც გამოვჩნდი. თურმე, საერთოდ არ ვიცნობდი ქალს, რომელთანაც ექვსი წელი ვიცხოვრე.
– ექვსი წლის განმავლობაში თქვენი მეუღლე სულ ეჭვიანობდა და ბოლო წელს შეიცვალა როლები?
– არა, არა, პირველი ორი წელი მსგავსი არაფერი ყოფილა არც ერთის მხრიდან – არც მე ვეჭვიანობდი და არც ის გამოხატავდა უკმაყოფილებას. ორი წლის შემდეგ კი, ჯერ ის გადაირია – ერთ წელზე მეტი გაუსაძლისად ეჭვიანობდა, მერე ჩემი ჯერიც დადგა... საშინელება ყოფილა ეჭვით ცხოვრება. ნურავის განაცდევინოს ღმერთმა ის, რაც მე გადავიტანე. ფაქტობრივად, ცოლის არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა, ჩემი ძმაკაცი კი მეთვალყურედ მივუჩინე.
– მართლა სერიოზული შეცდომა დაგიშვიათ.
– გამოუსწორებელი. და ამიტომაც აღმოვჩნდი თქვენთან. ეს ჩემი ერთადერთი იმედია, თუმცა დიდად არ მჯერა, რომ გაჭრის. შემომითვალა, საშინლად შეურაცხყოფილი ვარო.
– ანუ, წასულია სახლიდან?
– დიახ, ერთი თვეა უკვე. ბავშვიც წაყვანილი ჰყავს. სანამ წავიდოდა, ისე მწარედ გადამიხადა სამაგიერო, ასეთ რამეს ქალი თუ მოიფიქრებს, თორემ, კაცი ვერ მოტვინავს.
– თქვენ თქვით, ძმაკაცი მივუჩინე მეთვალყურედო. ეს რას ნიშნავს?
– პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოთ. სხვათა შორის, თვითონ შემომთავაზა – თუ გინდა, რომ მშვიდად იყო, გაგიგებ, ხომ არავინ ჰყავსო. იმ მომენტში ისე განვიცდიდი ამ ამბავს, დაუფიქრებლად დავთანხმდი. პრინციპში, მე ჩავაგდე შურისძიების ხიბლში ჩემი ცოლი. უნდა მცოდნოდა, რაზე შეიძლება წავიდეს გამწარებული და შეურაცხყოფილი ქალი – ასეთ დროს, თურმე, ყველაფრის ჩადენა შეუძლია.
– გამწარებულ და შეურაცხყოფილ კაცს არ შეუძლია ყველაფრის ჩადენა? ამის თქმა გინდათ?
– იცით, რაშია სხვაობა? კაცის წარმოსახვას დიდი გასაქანი არა აქვს, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მაგდენს ვერ „გავქაჩავთ“. შეურაცხყოფილმა კაცმა, ყველაზე მეტი, რაც შეიძლება, გააკეთოს, მუშტს გაიქნევს. ან, შეიძლება, მოკლას შეურაცხმყოფელი... მაგრამ ინტრიგები კაცის საქმე ნამდვილად არ არის. ჩემი ცოლის გონებრივი შესაძლებლობებიც კარგად ვერ გავთვალე. ძალიან მაგარი ყოფილა, ვერ შევაფასე ჯეროვნად და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასე შემომიტრიალებდა სიტუაციას. ჩემმა მეგობარმაც ძალიან ცუდი როლი შეასრულა – ბოროტად გამოიყენა ჩემი ნდობა. იმის ნაცვლად, რომ დავემშვიდებინე, ცეცხლზე ნავთი დამისხა. არ ვიცი, რა მეთოდებით უთვალთვალებდა, მაგრამ, ჩემმა ცოლმა სწრაფად გაშიფრა – ეგრევე მიხვდა და გადაირია.
– მესმის მისი.
– მეც ვცდილობ, მესმოდეს. ვიცი, რომ ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა. მე ჭკუიდან შევიშლებოდი, მას რომ მეთვალყურე მოეჩინა ჩემთვის. მაგრამ, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ეს რატომ გავაკეთე? მეც მაქვს გამართლება. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ცოტა გვერდიდან შეხედოს სიტუაციას. პატიება ყველაფრის შეიძლება, თუ ადამიანი შენთვის ძვირფასია, თუ ის რამედ გიღირს და გიყვარს.
– იქნებ, აღარ ხართ მისთვის ძვირფასი?
– გამორიცხულია. ვიცი, რომ ვუყვარვარ. მაგრამ, ძალიან გავაბრაზე. თუმცა, მანამდე მან გამაბრაზა. როგორც გითხარით, ჩემი ძმაკაცი მალევე გაშიფრა და, იცით, რა გააკეთა? – „შებმა“ დაუწყო. რა იდიოტი ვარ! მე მოვახდინე ამის პროვოცირება და წარმოუდგენელი რამ მოხდა – ჩემი ძმაკაცი ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა, რომ ჩემი ცოლი „ეჩალიჩებოდა“. თხასავით გამყიდა.
– ანუ, თქვენი ძმაკაცი მზად აღმოჩნდა, თქვენს ცოლთან ურთიერთობისთვის?
– სწორედ ეგაა ტრაგედია, რომ აღმოჩნდა. არავის არ უნდა ენდო, არავის. საერთოდ როგორ დაუშვა, რომ შეეძლო, ჩემი ცოლისთვის სხვანაირად შეეხედა?! ჩემმა ცოლმა თავისი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა: ის ხომ გაასულელა და გამოაშტერა, მერე მე ჩამაყენა საქმის კურსში, თანაც, ისე ოსტატურად, კარგა ხანს მეგონა, დიდი საიდუმლო ამოვხსენი. შტერი რომ იქნება კაცი! ჩემი ძმაკაცის მოკვლა მინდოდა. მოვკლავდი კიდეც, მუხლებში რომ არ ჩამვარდნოდა და წკმუტუნი არ დაეწყო. ისეთი საცოდავი შესახედავი იყო, ისეთი არარაობა, რომ ერთი ალიყურით გადამირჩა. შენმა ცოლმა თვითონ დამიწყო „ჩალიჩიო“ – თავი იმართლა. ამაზე კიდევ ცალკე იყო საბეგვი. მერე, მესიჯები რომ წავიკითხე, რასაც ერთმანეთს სწერდნენ... მაინც როგორ გამიკეთა ეს ჩემმა ცოლმა? კი, მე ვიყავი დამნაშავე, მაგრამ, ისეც არა, რომ ასე დავესაჯე. ხომ შეიძლებოდა, ჩემი კრეტინი ძმაკაცი მართლა მომეკლა?!
– თქვენ ფიქრობთ, რომ ის მსხვერპლია და არ იყო მოსაკლავი?
– ეგ სხვა თემაა. რაც ჩვენ შორის მოხდა, მაგას არ მოვყვები. საინტერესო არ არის. აქ ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობის შესახებ სალაპარაკოდ მოვედი – მე ეს უფრო მაწუხებს. ძმაკაცი დავკარგე და ამას შევეგუე, ანუ, შეველიე, მიუხედავად იმისა, რომ ესეც საკმაოდ მტკივნეული იყო. ჩემი ცოლის დაკარგვა კი არ მინდა, მიუხედავად ყველაფრისა.
– მიუხედავად რისა?
– იმ ყველაფრისა, რაც მისგან ვიწვნიე. ძალიან მატკინა და მაწყენინა, თუმცა, არ უარვყოფ, რომ მეც დამნაშავე ვარ.
– ანუ, უნდა დაეზოგეთ?
– დიახ, უნდა დავეზოგე. იცით, როგორ უნდა მოქცეულიყო? როცა ჩემი იდიოტური გადაწყვეტილება გაშიფრა და მიხვდა, რაც ხდებოდა, იმ კრეტინთან კი არ უნდა დაეწყო ფლირტი, ჩემთვის უნდა ეთქვა, ცუდად მოიქეციო, გაბრაზებული ვარო; ეჩხუბა, ბოლოს და ბოლოს, ისევ ისტერიკა მოეწყო, – ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ ეს არა. თან რა გააკეთა იცით? ბოლომდე „მიმიშვა“. მისმენდა ირონიული სახით, ხმას არ იღებდა... ისეთი საშინელებები ვუთხარი... რა არ ვუწოდე: უზნეო, კახპა ხარ, ქუჩის ქალი, რომელმაც ვიღაც კაცი არ იკმარა და ქმრის ძმაკაცს ეკიდებოდა კისერზე-მეთქი. მოკლედ, კარგად დავიცალე და იმანაც კარგად „გამაფარჩაკა“. მერე მომდგა და... უთავმოყვარეო არარაობა ხარო. მეორე დღეს კი, სამსახურიდან მოსულს, არც ის დამხვდა, არც ბავშვი... რამდენიმე დღე ვბობოქრობდი, მერე კი მივხვდი, ცუდად იყო საქმე. ვეხვეწები, ვურეკავ და არ მპატიობს შენ ჩემი და შენი ღირსება ვერ დაიცავი და ასეთი ქმარი არაფერში მჭირდებაო. ვგრძნობ, რომ სადღაც მართალია, მაგრამ, მთავარი ხომ ეს არ არის. როგორ დავიბრუნო?