ინტიმური საუბრები
ქმარს ბილწსიტყვაობის გამო ვეყრები
არ ვიცი, ასეთი რამის მოწერა თუ შეიძლება, მაგრამ, იმდენად ცუდ მდგომარეობაში ვარ, აღარ ვიცი, ვის მივმართო. მოძღვარსაც კი ვერ ვუმხელ, რადგან, მრცხვენია. ალბათ, იტყვით, მოძღვართან თქმის გრცხვენია და საქვეყნოდ კი ლაპარაკობო. მაგრამ, მკითხველი ხომ ვერ მხედავს, პირადად არ მიცნობს, სახელებსაც ვცვლი, ანუ, მაქსიმალურად ვინიღბები, რომ უფრო თავისუფლად შევძლო, ჩემი გასაჭირის შესახებ გიამბოთ. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, ეს რომ ჩემმა მოძღვარმა გაიგოს, ალბათ, ძალიან არ მომიწონებს ასეთ საქციელს.
ერთი სიტყვით, მყავს ქმარი, რომელთანაც უკვე ათი წელია, ვცხოვრობ. ორ გოგონას ვზრდით. ბავშვები 5 და 8 წლისანი არიან. ჩემი მეუღლე, ზოგადად, ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, მაგრამ, საშინელი ენაბილწია, ანუ, შეუძლია, ყოველ წუთში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, იგინოს და ილანძღოს. მის ლანძღვა-გინებას ხშირად კონკრეტული „ადრესატი“ არ ჰყავს, მაგრამ, ეს საშინელი სიტყვები ესმით ბავშვებს (რომ აღარაფერი ვთქვა საკუთარ თავზე), რაც ძალიან მანერვიულებს. საწყლები, დაფეთებული თვალებით შესცქერიან ხოლმე მამას და აღარ იციან, როგორ მოიქცნენ. იმდენად არის შეჩვეული ჩემი მეუღლე ბილწსიტყვაობას, აღარც ჩემთან სტუმრად მოსულ მეგობრებს ერიდება, აღარც მეზობლებს. თან, შევატყვე, ამით ერთგვარად თავიც კი მოაქვს. რამდენჯერ სერიოზული ჩხუბიც კი მოგვსვლია ამის გამო, მაგრამ შედეგი მაინც არ არის, მეუბნება, ჩემს სახლში, როგორც მინდა, ისე მოვიქცევი და რასაც მინდა, იმას ვიტყვი. თუ არ გსიამოვნებს, შეგიძლია, წაბრძანდე, კალთებს არ ჩამოგახევო. ეს უკვე იმდენჯერ გამიმეორა, ხანდახან, ვფიქრობ, იქნებ, მართლა უნდა, რომ წავიდე და სხვანაირად ვერ მაგებინებს-მეთქი. თან, ბოლო ხანებში საკმაოდ ცივად და უხეშად მექცევა. ეკლესიაში რომ მივდივარ, სულ მისთვის ვლოცულობ, ეგებ გონზე მოიყვანოს უფალმა. თან, სულ იმას ვუხსნი ჩემს ქმარს, ამდენი ბილწსიტყვაობით სახლიდან ანგელოზები გააქციე-მეთქი, მაგრამ, არაფერი ესმის. ამ ყველაფერთან ერთად, ისიც ძალიან მანერვიულებს, რომ ბავშვები მუდმივად დაძაბულები და შეშინებულები არიან, როცა ასეთი სიტყვები ესმით. თანაც, ჩემს უმცროს გოგონას, ეტყობა, კარგი ჰგონია და, რამეზე რომ გაბრაზდება, მამამისის ლექსიკონიდან ზოგიერთ სიტყვას ისე თამამად იყენებს, არანაირი საყვედური, შენიშვნა ან დასჯა აღარ მოქმედებს, მაშინვე მპასუხობს – აბა, მამიკო რომ ამბობსო?!
მოკლედ, მისი ბინძური ენის გამო ოჯახიც მენგრევა და ბავშვებსაც ფსიქიკა შეერყათ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზრდილობის ელემენტარულ წესებსაც აღარ (თუ ვეღარ) ითვისებენ.
ამიტომ, მართლა გადავწყვიტე, რომ გავეყარო. თუ როგორმე მოვიდა გონს, მიხვდა, რის გამო დაენგრა ოჯახი და შეიცვალა თავისი „სტილი“, შევურიგდები, თუ არა და, იყოს თავისთვის მარტო და იგინოს, რამდენიც უნდა. ჩემი შვილების სულს, ვინც არ უნდა იყოს, ვერავის დავამახინჯებინებ.
ლანა, 34 წლის
იუმორის გრძნობა მთავარია
ვარ ძალიან მხიარული და ხალისიანი ადამიანი. ჩემი ახლობლები ყოველთვის იმას აღნიშნავდნენ ხოლმე, რომ ბავშვობიდან ყველასგან გამოვირჩეოდი იუმორის გრძნობით. სხვათა შორის, ჩვენს სადაქალოში ყველანი ასეთები ვიყავით და, თან, ისე გვესმოდა ერთმანეთის, რომ ერთმანეთისგან ნებისმიერ, თუნდაც ცოტა უხეშ შეხუმრებასაც კი, ნორმალურად ვიღებდით. არანაირი წყენა და გაბუტვა ჩვენ შორის იმის გამო, რომ – „რა წესია, ეს რა ხუმრობააო“ – არ მომხდარა. ამიტომ, შეჩვეული ვიყავი „ღადავს“, სარკაზმს, შაყირს და მეგონა, ყველა ისე მიიღებდა ჩემს იუმორს, როგორც ჩემი დაქალები იღებდნენ.
გავიდა დრო და მოხდა ისე, რომ სამსახური შევიცვალე და სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, ძველი მეგობრები არ დამიკარგავს, მაგრამ ჩემი რეჟიმის გამო, მათ ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი. სხვათა შორის, ისინიც, გარკვეულწილად დაიშალნენ: ერთი ფეხმძიმედ იყო და სახლში იჯდა, ერთი ქმარს გაჰყვა უცხოეთში, ერთი ფეხმოტეხილ დედას უვლიდა... მოკლედ, ყველას თავისი საქმე და დარდი ჰქონდა და ათასში ერთხელ თუ ვახერხებდით შეკრებას გულის მოსაოხებლად. ამიტომ, ძალაუნებურად, ვცდილობდი, ჩემს ახალ „სასტავში“ შემექმნა ისეთივე სიტუაცია, როგორიც მე და ჩემს დაქალებს გვქონდა. თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად აეწყო, მაგრამ, ძალიან მალე მივხვდი, რომ ამ ქალებთან საერთოს გამონახვა ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ იუმორის გრძნობა (ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაგებით). როგორი სასაცილო ანეკდოტიც არ უნდა მოეყოლა ვინმეს, ყველაზე დიდი რეაქცია ის იყო, რომ ზრდილობის გამო თუ გაიღიმებდნენ და, როგორც წესი, ყველა ერთსა და იმავე კომენტარს დააყოლებდა: „უიმე, რას ამბობ“, ან – „უიმე, ღმერთო ჩემო!“. თან ეს სიტყვები ყოველთვის ნასწავლი „სვეცკური“ ტონით იყო წარმოთქმული, რაც არა მარტო მაღიზიანებდა, არამედ, საერთოდ მიკარგავდა მათთან ხუმრობის ხალისს.
ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩემს დაქალებთან ყველანაირ შეხუმრებას მიჩვეულს, ხანდახან მათთანაც წამომცდებოდა ხოლმე ჩვენი „სტილის“ „გაღადავება“, რასაც ისინი ვერ იგებდნენ და უფრო ხშირად სწყინდათ კიდეც. ამიტომ, მეც თანდათან დავანებე ამ ყველაფერს თავი და ამჟამად მათთან მხოლოდ ოფიციალური, სამსახურებრივი ურთიერთობა მაქვს, ყოველგვარი იუმორისტული „ჩანართების“ გარეშე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს, რადგან მთელი დღე მათ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა და ერთი სიტყვაც რომ ვთქვა, წინასწარ უნდა დავფიქრდე, რამეს უკუღმა ხომ არ გაიგებენ, ან ხომ არ ეწყინებათ-მეთქი. ისე დავიღალე, ვერ აგიწერთ. თანამშრომლები კი არა, იუმორის არქონის გამო შეყვარებულს დავშორდი. არა, მთლად შეყვარებულიც არ იყო, უფრო თაყვანისმცემელს დავარქმევდი – მას ვუყვარდი, მეც მომწონდა და ვხვდებოდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ, რამდენიმე პაემნის შემდეგ მივხვდი, რომ ვერ ავეწყვეთ და ვერც ვერასოდეს ავეწყობოდით. მე ხალისიანი ადამიანი ვარ, თორემ, ცანცარა კი არა. სიდინჯესა და სერიოზულობას მეც ძალიან ვაფასებ და ჩემი მხიარულება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სულელივით სულ ვიცინი და ვმასხარაობ, მაგრამ, ზედმეტი არაფერი მიყვარს, მათ შორის, არც სერიოზულობა. ეს უკვე მუდოობასა და უხასიათობაში გადადის, ასეთ ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება კი დიდ სისულელედ მიმაჩნია, მით უმეტეს, ჩემისთანა გოგოსთვის. აბა, წარმოიდგინეთ: ხალისიანი ცოლი, ყველაფერი რომ უხარია, თვალები უციმციმებს, სახეზე ღიმილი აქვს გადაფენილი და ყველასა და ყველაფერში დადებითის დანახვას ცდილობს და ასე შემდეგ და, გვერდით ჰყავს ქმარი, რომელიც სულ მოღუშული და დაღვრემილია, სულ რაღაცაზე დარდიანად ჩაფიქრებული, სიტყვაძუნწი, ყველათი და ყველაფრით უკმაყოფილო, მუდამ შეწუხებული სახით... ხომ გამორიცხულია ორი ასეთი ადამიანის ერთად ცხოვრება?! მაგრამ, ალბათ, ამაზე უარესია, როცა ორივე, ცოლიც და ქმარიც, ერთნაირად დაღვრემილი, მუდო და უჟმურია. წარმომიდგენია, რა უბედური იქნება ასეთი მშობლების ხელში შვილი. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, ყველას თავისი შესაფერისი მეგობარი და მეორე ნახევარი აპოვნინოს, მაგრამ მე ასეთ ადამიანებთან არც მეგობრობა შემიძლია და არც მათთან მთელი ჩემი ცხოვრების დაკავშირება. ამიტომ, გადავწყვიტე: ისინი – თავისთვის, მე – ჩემთვის. რატომ დავიტანჯო თავი უჟმური ადამიანების გუნება-განწყობის გამოსასწორებლად, მით უმეტეს, როცა წინასწარ მეცოდინება, რომ არაფერი გამომივა?! იყვნენ ერთად და უბღვირონ ერთმანეთს, მე კი ისევ ჩემი მხიარული დაქალები მირჩევნია ყველას. ცხოვრების თანამგზავრს რაც შეეხება, იმედი მაქვს, აუცილებლად ვიპოვი ხალისიან, ენერგიულ, იუმორის გრძნობის მქონე მამაკაცს და ერთმანეთს ცხოვრებას გავუხალისებთ.
სოფო, 25 წლის.
ჩემმა მეგობარმა ყველაფერი ვერ გათვალა
გწერთ ჩემი ძმაკაცის შესახებ. არ ვიცი, თვითონ წაიკითხავს თუ არა ამ წერილს და მიხვდება თუ არა, რომ ამას მისი მეგობარი წერს, მაგრამ, მსგავსი ისტორია თბილისში საკმაოდ ხშირია და ამიტომ, რომც წაიკითხოს, შეიძლება, ბევრს ვერაფერს მიხვდეს. ნამდვილად არ მინდა მისი წყენინება, ალბათ, არც შეეფერება ახალგაზრდა კაცს ბავშვობის მეგობრის შესახებ ასეთი რამეები დაწეროს, მაგრამ ჩემს ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზები აქვს და ამიტომაც გადავწყვიტე, მოგწეროთ.
ეს ჩემი ძმაკაცი, ცოტნე, ყველანაირად კარგი ბიჭია, მაგრამ, ალბათ იმიტომ, რომ მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ, მატერიალურადაც დიდად არ ულხინდათ, თვითონ კი თბილისში, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა, მიზნად ჰქონდა დასახული, ვინმე მდიდარი თბილისელი გოგო (თანაც, აუცილებლად დედისერთა) „მოეჩანგლა“, ცოლად შეერთო და ასე დაფუძნებულიყო თბილისში. ერთი იგავი არსებობს: მელას ძაღლმა კუდი მოაწყვიტა და დანარჩენმა მელიებმა დასცინეს – შე უკუდოო. ამან კი უპასუხა, უკუდო მელაც კი ჯობია ზედსიძესო. ეს იგავი ცოტნემაც იცოდა, მაგრამ ზედსიძეობაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავდა – ნახევარი საქართველო ასე ცხოვრობს და მე რა გამონაკლისი ვარო.
ჭკვიანი ბიჭი იყო და იცოდა, რომ ასეთი გოგოების მოხიბვლას განსაკუთრებული რაღაც სჭირდებოდა და ზუსტად გამოთვალა, რა იყო ეს „რაღაც“. ფიზიკურად მართლაც უნაკლო ეთქმოდა, ამიტომ, დანარჩენს მიხედა: პირველ ყოვლისა, ქალაქური და გამართული მეტყველება ისწავლა, მერე ინტენსიური ვარჯიში დაიწყო კრივში და საკმაო წარმატებებსაც მიაღწია, რამაც ჯერ თანაკურსელ და მერე მთელი ინსტიტუტის გოგოებში საოცარი პოპულარობა მოუტანა. უწიგნური ისედაც არ იყო, მაგრამ წიგნებს კი არ კითხულობდა, ნთქავდა, გასაკუთრებით იმ მწერლებს, რომლებიც თბილისში მოდაში იყო. რუსული ისედაც იცოდა (ზღვისპირეთიდან იყო და იქ რუსული თითქმის ყველამ იცის), ამიტომ, ინგლისურზე დაიწყო სიარული და ერთ წელიწადში ყველას გაგვასწრო. ამ ყველაფრის პარალელურად, ძალიან კარგად სწავლობდა, ყველა სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა (რაშიც საოცარი ნიჭიერებაც უწყობდა ხელს). ერთადერთი, ისე ვერ იცვამდა, რომ ამითაც მოეჭრა თვალი გოგოებისთვის, მაგრამ, აქაც მონახა გამოსავალი: რადგან კრივის გამო ყოველდღე უწევდა ვარჯიშზე სიარული, ძირითადად, სპორტულებით დადიოდა. მერე ისიც მოახერხა, ცოტა ფული შეაგროვა და ორი ხელი ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდა და, უკვე მოპოვებული პოპულარობით, თავისი სტილიც კი დაიმკვიდრა – თბილისელი „მარიაჟი“ ბიჭებიც კი ცდილობდნენ, ყველაფერში მისთვის მიებაძათ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ „ქაჩავდნენ“.
მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის საუკეთესო გოგოები ბუზებივით ეხვეოდნენ, ყველასთან ზომიერად თავდაჭერილი იყო. თეთრი შურით მშურდა მისი იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ნებისყოფიანი და მიზანსწრაფული იყო. აშკარად და სხვის მისახვედრად არ მოქმედებდა, მაგრამ, ვიცოდი, რომ გამალებით ეძებდა თავისთვის სასურველ კანდიდატურას. ერთი-ორჯერ ეგონა, რომ იპოვა კიდეც, მაგრამ, ჩემთვის გაუგებარი რაღაც მიზეზით ორივეს დაშორდა. მეოთხე კურსზე ვიყავით, ერთ-ერთი თანაკურსელის დაბადების დღეზე ერთი გოგო გაიცნო. ძალიან ჩვეულებრივი გოგო იყო გარეგნობით, არაფრით გამორჩეული და ამიტომ, ყველას გაუკვირდა, რომ ცოტნე მთელი საღამო მხოლოდ მასთან ცეკვავდა. დანარჩენი გოგოები შურით სკდებოდნენ და აღარ იცოდნენ, როგორ დაეცინათ უცნობი მეტოქისთვის, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმ წვეულებაზე, მაგრამ ცოტნე ყურადღებას არავის აქცევდა და თავს ევლებოდა თავადაც გაოცებულ გოგოს – უთხრა კიდეც, აქ ამდენი ლამაზი გოგოა და რაღა მე მოგეწონეო. ცოტნემ უპასუხა, ჩემთვის ყველაზე ლამაზი შენ ხარო. მოკლედ, ამ დაბადების დღის შემდეგ ისინი კარგა ხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს და, მეხუთე კურსზე რომ გადავედით, დაქორწინება გადაწყვიტეს. ცოტნეს არაფერი დაუმალავს ლელასთვის და როდესაც ლელამ ოჯახში მიიყვანა მშობლების გასაცნობად, მის დედ-მამასაც ყველაფერი უამბო. თან თავის მიზნებზეც ესაუბრა (რა თქმა უნდა, არა დედისერთა გოგოს ოჯახში ჩასიძების შესახებ). საუბარში, ვითომ შემთხვევით, ყველა თავისი წარმატება „წამოსცდა“ და პირველივე ნახვისას მოხიბლა მომავალი სასიდედრო და სასიმამრო. ოჯახის გაცნობიდან ერთ თვეში ცოტნეს და ლელას ნიშნობა ჰქონდათ, კიდევ ერთ თვეში – ქორწილი. საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოსვლის შემდეგ კი ცოტნემ თქვა, ჯერჯერობით ნაქირავებში ვიცხოვრებთ, სანამ ჩემი მშობლები სოფელში სახლს გაყიდიან და ბინას გვიყიდიანო, მაგრამ სიმამრმა თავი გაიგიჟა – ის სახლი აგარაკად დაიტოვეთ და ჩემთან იცხოვრეთ. რად გვინდა ამხელა სახლი მარტო მე და ჩემს ცოლსო. ცოტნე თავიდან ცოტა „გაიპრანჭა“, მაგრამ მერე, ვითომ ლელას ხათრით, დათმო პოზიციები და მათ ოჯახში გადავიდა.
მე მოგვიანებით გავიგე, რომ ლელას გაცნობისას უთქვამს ცოტნესთვის, დედისერთა ვარ და მამაჩემი სერიოზული ბიზნესმენიაო. ნამდვილად არ ვიცი, ლელამაც „შემთხვევით“ გააგებინა ახალგაცნობილ ლამაზ და პოპულარულ ბიჭს თავისი ოჯახის მდგომარეობა თუ არა, მაგრამ, ფაქტია, რომ შედეგი სასურველი მიიღო. ერთი სიტყვით, ცოტნე დაოჯახდა. ვერ გეტყვით, რომ ცუდი ქმარი იყო, პირიქით, თან ჰყვებოდა ცოლს, ხელისგულზე დაჰყავდა, სიდედრ-სიმამრსაც ისე შეუყვარდა, მის მზეს იფიცებდნენ, მაგრამ, ორი წლის შემდეგ მოხდა ის, რაც მაშინ (და, ალბათ, ახლაც) ძალიან ხშირად ხდებოდა – ცოტნეს სიმამრს ბიზნესი ჩაუვარდა და დიდი ვალები დაედო. ამიტომ, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, გაყიდეს, თუმცა, ვალებს მაინც არ ეყო. ამიტომ ცოტნე იძულებული გახდა, საკმაოდ მსხვილი თანხა თვითონაც ესესხა მამამისის ნათესავებისგან. მაგრამ ისე მოხდა, რომ სიმამრმა ვეღარ ააწყო ბიზნესი, ის კი არა, დაიჭირეს კიდეც და ის აღებული ვალი ცოტნეს „შეეტენა“. ეს კი სულაც არ შედიოდა მის გეგმებში. ამიტომ, ძალიან უკმაყოფილო იყო თავისი არჩევნის და ნელ-ნელა ცოლთან ურთიერთობაც გაუფუჭდა. ძალიან უნდოდა, გაყროდა, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ დგამდა, რადგან გაყრის შემდეგ კიდევ სხვა პასუხისმგებლობები დაეკისრებოდა. ბოლოს იმ დონემდე მივიდნენ, რომ ის ბინაც გაყიდეს, რომელშიც ცხოვრობდნენ და უფრო პატარა ბინაში (თანაც – გარეუბანში) გადავიდნენ. ცოტნეს ვეღარ ვცნობდი, ნერვებად იყო ქცეული. სიდედრ-სიმამრს კი არა, ცოლსაც ვეღარ იტანდა, ერთადერთი შვილის ხსენებაც კი აღიზიანებდა. ამდენს ვეღარ გაუძლო და ლელას გაეყარა, ისევ ნაქირავებში დაიწყო ცხოვრება და შვილს მხოლოდ ალიმენტს უგზავნიდა. ცოლს შეუთვალა, მეტს ნუ მომთხოვთ, მამაშენის გამო აღებული ვალი მაქვს გასასტუმრებელი და ის თანხა უნდა დავაგროვოო. მართლაც, კაპიკს კაპიკზე ადებდა, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა და ერთ წელიწადში იმ ვალის რაღაც ნაწილი გადაიხადა. ყოფილ ცოლთან საშინელი ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ, მოხდა ისეთი რამ, რაც მხოლოდ ზღაპარში ან სერიალებში ხდება: ლელას ოჯახს მოუვიდა წერილი, რომელშიც ატყობინებდნენ, რომ ცოტნეს სიმამრის უცოლო ბიძა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უცხოეთში ცხოვრობდა, ღრმად მოხუცებულ ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დაუტოვებია და სიკვდილის წინ დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც, მთელ ქონებას თავის ერთადერთი ძმის შვილს, ანუ ლელას მამას უტოვებდა. ხომ მართლა ჰგავს ზღაპარს? იმ ანდერძის წყალობით, რა თქმა უნდა, ლელას ოჯახში ყველაფერი მოგვარდა (ამასობაში კიდევ წელიწად-ნახევარი გავიდა). ცოტნეს ყოფილი სიმამრი ციხიდან გამოვიდა და ისევ ფეხზე დადგა, მაგრამ, ოჯახმა გადაწყვიტა, იმ ქვეყანაში წავიდეს, სადაც ბიძის დატოვებული სასახლე ელოდებათ. ცოტნე კი შავ დღეშია, უნდა, ისევ შეურიგდეს ცოლს, მაგრამ ლელას მისი დანახვაც არ უნდა და ვერც ვამტყუნებ.
ამჟამად ჩემი ძმაკაცი ისევ ნაქირავებში ცხოვრობს. სიმამრმა ის თანხა მთლიანად დაუბრუნა, ლამის ერთი იმდენიც დაუმატა და უთხრა, შვილის ნახვის უფლება ყოველთვის გექნება, მეტს კი ნუ მოითხოვო.
ძალიან მეცოდება ცოტნე, მაგრამ, ვერც ლელასა და მის ოჯახს ვამტყუნებ. არ ვიცი, თქვენ რას იზამდით, მაგრამ მე, ალბათ, ლელას მამასავით მოვიქცეოდი.
ისე გამოვიდა, რომ ცოტნემ კარგად ვერ გათვალა ყველაფერი და ერთი რუსული ზღაპრის პერსონაჟი მოხუცივით ზედმეტი მოინდომა და საწყის მდგომარეობაში, ანუ გატეხილი ვარცლის ამარა დარჩა.
ლევანი, 25 წლის.
ჩემი ქმარი მოთამაშე აღმოჩნდა
დიდი ხანია, თქვენი ერთგული მკითხველი ვარ, მაგრამ ჩემი ისტორიის საჯაროდ გამოქვეყნება მხოლოდ ახლა გავბედე. ესეც იმიტომ, რომ მკითხველმა ჩემნაირი შეცდომა აღარ დაუშვას და ამ ნაბიჯის გადადგმისას კარგად დაფიქრდეს.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა საკმაოდ კარგ ადგილას, კარგ თანამდებობაზე, მაღალი ანაზღაურებით. ვიყავი ყოველმხრივ უზრუნველყოფილი – სახლით, მანქანით, აგარაკით და ასე შემდეგ. მიუხედავად ჩემი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნისა, გათხოვებაზე არც მიფიქრია, იმდენად ვიყავი ჩართული საქმეებში, მაგრამ, მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა: თავს მევლებოდა, საჩუქრებით მავსებდა და ჩემი კეთილგანწყობაც ადვილად დაიმსახურა. საკმაოდ მალე შემომთავაზა დაქორწინება და მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან მეგონა, მასზე უკეთესი მამაკაცი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა.
28 წლის ასაკში გავთხოვდი. უბედნიერესი ვიყავი, თვალები გვიბრწყინავდა როგორც მე, ისე ჩემს მეუღლეს. მაგრამ ეს ბედნიერება დროებითი აღმოჩნდა. მეც ვერ ვხვდები, როგორ, მაგრამ, ისე რადიკალურად მოკლე დროში შეიცვალა ასეთი ანგელოზივით კაცი, არ ვიცოდი, რისთვის დამებრალებინა. საერთოდ შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა, თავის თავში ჩაიკეტა, შეიძლება ითქვას, აღარც მელაპარაკებოდა. მანამდე, თურმე, მატყუებდა, კარგ ადგილას ვმუშაობო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ 33 წლის კაცს თავის ცხოვრებაში ერთი დღეც არ უმუშავია და მთელი მისი სამსახური და შემოსავალი აზარტული თამაშები და იქ მოგებული ფული ყოფილა. მართალია, არ ენანებოდა ჩემთვის ეს ფული, მაგრამ, რად მინდოდა ასეთი ზრუნვა? ისე ჩაითრია კაზინომ, რომ ოჯახი სულ გადაავიწყდა და ყველაფერი დაკარგა, მათ შორის ბინაც, რომელიც მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვის ხათრით, რომელიც ღამით ტირილით იღვიძებდა შიშისგან, ვცდილობდი, ყველაფერი მომეთმინა, მაგრამ ნელ-ნელა მასთან ცხოვრება აუტანელი ხდებოდა. სახლის დაკარგვის შემდეგ ჩემს ბინაში გადმოვიყვანე როგორც თვითონ, ისე დედამისი, ძმა და ძმის მრავალშვილიანი ოჯახი. ჩვენს სახლში მხოლოდ მე ვმუშაობდი. დედამთილი ბავშვს უვლიდა, მაგრამ ამ მოვლის საფასურად მთელ ხელფასს მართმევდა და თვითონ ანაწილებდა. რამეს რომ ვიყიდდი, ჩეკს მართმევდა, რომ ზუსტად დაეანგარიშებინა, რაში რა დავხარჯე, ბავშვის საჭმლის ფულსაც კი მითვლიდა. ჩემი ქმარი ამაზე ხმას არ იღებდა, რადგან დედამისის მიერ განაწილებული ჩემი ხელფასიდან წილი მასაც ხვდებოდა, რასაც ისევ თამაშში ხარჯავდა.
მე ამდენს ვეღარ გავუძელი და ბავშვთან ერთად დედაჩემის სახლში გადმოვედი. ახლა ყოველღამე სინდისი მქენჯნის, რომ ჩემი შვილის მამა ასე მივატოვე, მაგრამ, ეს ისევ ჩემი შვილისთვის გავაკეთე. ახლა იმედია, ფეხზე დავდგები და შევძლებ, მისი მომავლის უზრუნველყოფას. ჩემი შვილი რომ არა, ვფიქრობ, ჯობდა, საერთოდ არ გავთხოვილიყავი.
ლალი, 33 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.