კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დააარსა კურორტი ცემი

დავით ღამბაშიძეს ქართველი საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ქართულ ენციკლოპედიაში ერთი სტრიქონიც არ აქვს დათმობილი არც მის სახელს და არც იმ პერიოდულ გამოცემას, რომელსაც „მწყემსი” (1883-1910) ერქვა. მას იგი 27 წლის განმავლობაში უწყვეტად რედაქტორობდა და გამოსცემდა დაბა ყვირილაში (ზესტაფონში). დავით ღამბაშიძეს სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, არაერთხელ შესთავაზეს თბილისში დარჩენა. სანამ საგამომცემლო საქმეს შეუდგებოდა, იგი ხშირად თანამშრომლობდა „დროებასა” და სხვა გამოცემებთან, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ჟურნალისტი გელა საითიძე, რომელიც კარგა ხანია, იკვლევს და ამზადებს მონოგრაფიას დავით ღამბაშიძის სასულიერო და საერო მოღვაწეობის შესახებ.

გელა საითიძე: დავით ღამბაშიძე დაიბადა შორაპნის მაზრაში, სასულიერო პირის ოჯახში. მამამისი ბესარიონ ღამბაშიძე მღვდელი იყო. როგორც იხსენებდა, მას სამედიცინო განათლების მიღება სურდა, მაგრამ ვინაიდან ამის შესაძლებლობა ოჯახს არ ჰქონდა, გადაწყდა, დავითიც მამის გზას დასდგომოდა. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მალე მთელ ქალაქს ქოლერა მოედო, სასწავლებელში რამდენიმე მოსწავლე დაავადდა, მათ შორის ის, ვინც პატარა დავითთან ერთად ცხოვრობდა ოთახში და ორი კვირის თავზე გარდაიცვალა. დავით ღამბაშიძე კი მშობლიურ სოფელში დააბრუნეს. მოგვიანებით, როდესაც უკვე შესაძლებელი გახდა სწავლის გაგრძელება, მამისგან უარი მიიღო: იქიდან თვითონ გამოგიძახებენ და შემდეგ გაგიშვებო. როდესაც იგი დარწმუნდა, რომ მამა თავის გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა, მონახა შესაფერისი დრო და ოჯახიდან გაიპარა. ფეხით გაუდგა გზას ზესტაფონიდან ქუთაისამდე. ღამე დუქანში, მწყემსებთან გაათენა და მეორე დღეს ჩააღწია დანიშნულების ადგილას. ვფიქრობ, ეს იყო პირველი გამოვლინება მისი ურჩი და შეუპოვარი ხასიათისა და მიზანდასახულობისა.
ქუთაისში ახლად ჩასული დავითი, როგორც მანამდე, ახლაც მდგმურად დაბინავდა დეკანოზ ბალანჩივაძის ოჯახში, სადაც მეორე დღესვე ჩააკითხა უფროსმა ძმამ. მას დავითის უკან დაბრუნება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ბავშვი არ დაემორჩილა. იგი დეკანოზმაც დაიცვა – სასწავლებლად გამოიპარა, ცუდი საქმისთვის ხომ არაო.
მნიშვნელოვანი ფაქტია მისი პირისპირ შეხვედრა იმპერატორ ალექსანდრე მესამესთან, როდესაც იგი კავკასიას ესტუმრა და გელათის ტაძრის დასათვალიერებლად ქუთაისს ეწვია. იმპერატორთან მიახლოების საშუალება არათუ პროვინციიდან ჩამოსულ რიგით სასულიერო პირს, არამედ ეპისკოპოსსა და სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირთაც არ ენიჭებოდათ. დავით ღამბაშიძემ კი, იმპერატორთან არა მხოლოდ მიახლოება, საუბრის გაბმა და საჩუქრის გადაცემაც კი მოახერხა.
– რა საჩუქარი გადასცა მან იმპერატორს?
– ეს იყო საკუთარი სასაჩუქრე გამოცემა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ღამბაშიძე წარუდგა იმპერატორს და მოახსენა: მე ვარ მოძღვარი დაბა ყვირილის ეკლესიისაო.
იმავე დღეს, იმპერატრიცასაც გაესაუბრა დავით ღამბაშიძე. უფრო სწორად, დედოფალი თვითონ გაესაუბრა მას, როდესაც იგი სამრეკლოდან ჩამოდიოდა. პირველ ყოვლისა, დედოფლის ყურადღება მან თავისი გარეგნობით მიიპყრო. მათ შორის გაიბა დიალოგი. დედოფლისგან ამგვარი ყურადღება ბევრს ნიშნავდა.
– რაც შეეხება დავით ღამბაშიძის შემოქმედებას, რას გვიამბობთ ამის შესახებ?
– ღამბაშიძის შემოქმედების გვირგვინად უნდა ჩაითვალოს 1883 წელს ჟურნალ „მწყემსის” გამოცემა. ეს იყო ორკვირეული ჟურნალი. 3-4 წლის შემდეგ, პარალელურად რუსულად „პასტირის” სახელწოდებით გამოდიოდა დამატება. ზოგი დავით ღამბაშიძის წამოწყებას ეჭვით, ზოგიც დაცინვით უყურებდა. მიაჩნდათ, რომ თბილისის სემინარიის კურსდამთავრებულს არ შეეძლო პერიოდული გამოცემის რედაქტორობა და მათი შენარჩუნება. აქაც ჩანს მისი შეუპოვარი ხასიათი.
ჟურნალის თემატიკა მრავალფეროვანი გახლდათ. ის გათვალისწინებული იყო საშუალო და დაბალი ფენის სასულიერო პირთათვის. ჟურნალის ფურცლებიდან დავით ღამბაშიძე მათ აიძულებდა, რომ ქართველ მრევლს ქართულად ეწერა. აქედან გამომდინარე ის მხარში ედგა იმ მამულიშვილებს, რომლებიც იმ დროს განსაკუთრებით ხმალამოღებულნი ებრძოდნენ რუსულ ბიუროკრატიას მშობლიური ენის დაცვისთვის.
– რა არის ცნობილი დავით ღამბაშიძის ოჯახური მდგომარეობის შესახებ?
– დავით ღამბაშიძის ხასიათის სიმტკიცეზე მიანიშნებს მისი დაქორწინება ალექსანდრე ყაზბეგის მკვიდრ ბიძაშვილზე, ჩოფიკაშვილის ქალზე, რომელთანაც „არათავადური” წარმოშობის ღამბაშიძემ ბედნიერი ოჯახი შექმნა. მათ 4 შვილი შეეძინათ: ვახტანგი, ქსენოფონტე, მიხეილი და დავითი. ცხოვრობდნენ ზესტაფონში. ქსენოფონტე მამის გზას გაჰყვა. საქვეყნოდ ცნობილი ექიმი, კურორტ ცემის დამაარსებელი ვახტანგ ღამბაშიძე კი გახლდათ, შემდგომში ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე საფრანგეთში, რომლის ხელშიც დალია სული მისმა მეგობარმა – ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. მიხეილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. რაც შეეხება ნაბოლარა დათიკოს, ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო ინგლისში, რომლის შთამომავლები დღესაც უცხოეთში ცხოვრობენ. დათიკოს ახალგაზრდობის წლებში ახლო ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან. ცხრაასიან წლებში ორივე სოციალ დემოკრატებს უთანაგრძნობდნენ. ამის გამო, ერთხელ, ბათუმში ყოფნისას, ორივე დააპატიმრეს. მათ დიდი სასჯელი მოელოდათ, მაგრამ ბათუმში დეკანოზ ღამბაშიძის ჩასვლამ ორივე ციხიდან იხსნა. ამბობენ, თურმე ეს ფაქტი სტალინს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა. ამის შემდეგ, დეკანოზ ღამბაშიძეს შვილისთვის უთქვამს: შენი საქმე პოლიტიკა არ არის, განათლება მიიღეო. სწორედ ამის შემდეგ გაემართა დათიკო ბრიტანეთში. წლების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ცნობილ მოღვაწეს მაკ-მილანს, რომელიც კარგად იცნობდა დათიკო ღამბაშიძეს, უთქვამს: საქართველოში 10 კაცი თუ არის დავით (უმცროსი) ღამბაშიძის მსგავსი, ის უდიდესი ერი ყოფილაო.
ომის შემდეგ საბჭოთა სპეცსამსახურის წარმომადგენლები უცხოეთში ჩადიოდნენ და აგიტაციას ეწეოდნენ ემიგრანტებთან, რათა ისინი საბჭოთა კავშირში ჩამოეტყუებინათ. მათ შორის დათიკო ღამბაშიძეზეც მუშაობდნენ. როგორც ამბობენ, სტალინს მისთვის პირადად შეუთვლია: ჩამოდი, თანამდებობასაც მოგცემ და ხელს ვერავინ გახლებსო, მაგრამ დათიკოს ყოფილი მეგობრისთვის შეუთვლია: მიმიფურთხებია იმ ქვეყნისთვის, სადაც შენ პირველი კაცი ხარო.
– როგორ აღესრულა დავით ღამბაშიძე?
– დავით ღამბაშიძის, ჯერ კიდევ შრომისუნარიანი, ჭარმაგი მამაკაცის აღსასრულის მიზეზი, იმდროინდელი ბიუროკრატიული რეჟიმი გახლდათ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის მოგონებებში ახსნილია დეკანოზ ღამბაშიძის უეცარი სიკვდილის მიზეზი. თურმე, მეოცე საუკუნის ათიან წლებში საკითხი დასმულა ზესტაფონის ორად გაყოფის შესახებ. ნაწილს სოფელს ეძახდნენ, ნაწილს – ქალაქს. ცენტრის უფროსს გადაუწყვეტია, ქალაქი გაემშვენიერებინა, რისთვისაც გადასახადი მთელი ზესტაფონისთვის შეუწერია. სოფლის ნაწილს დეკანოზი ჩასდგომია სათავეში, უჩივლიათ და გაუმარჯვიათ. ეს ამბავი მაზრის უფროსს გულში ჩაუდია და გუბერნატორთან უჩივლია – დეკანოზი ღამბაშიძე ხელს გვიშლის ქალაქის გამშვენიერებაშიო. სიტუაციაში გასარკვევად გუბერნატორი თვითონ ჩასულა ადგილზე 1909 წლის ოქტომბერში. მოუთხოვია დავით ღამბაშიძესთან შეხვედრა. დეკანოზი ამ დროს წირვას აღავლენდა რუს მღვდელმთავრის, დიმიტრი როსტოველის გარდაცვალების 200 წლისთავის გამო. კანონის მიხედვით, მას უფლება არ ჰქონდა წირვა შეეწყვიტა, ამიტომ, გუბერნატორისთვის შეუთვლია: წირვას დავასრულებ და გეახლებითო, რაც ამ უკანასკნელს შეურაცხყოფად მიუღია. ამიტომ, 2 საათის დაგვიანებით გამოცხადებულ ღამბაშიძეს, მთელი ზესტაფონის თვალწინ, გამძვინვარებულმა გუბერნატორმა სულ მუშტები უბრახუნა და შეურაცხყოფა მიაყენა. 70-ს გადაცილებულ მოხუცს უძახა: ხალხს აჯანყებ, სახელს უტეხ ხელისუფლებას. ტყუილად მოიგონე წირვა, რათა ჩემთან არ გამოცხადებულიყავიო და სხვა მისთანები. ამის შემდეგ კი ბრძანება გაუცია, დეკანოზი 5 ათასი მანეთით დაეჯარიმებინათ და სანამ ჯარიმას არ გადაიხდიდა, მისთვის ფეხმოუცვლელად ჩაფარი (დარაჯი) მიუჩენიათ. ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში, ღამბაშიძეს ჩამოართმევდნენ ქონებას და საჯარო ვაჭრობით გაუყიდდნენ.
– რა მოჰყვა ამას?
– ერთ დღეს, მართლაც, ღამბაშიძის ქონება, წიგნები, ბროშურები, ტანსაცმელი, ხატები, ლოგინი... ზესტაფონის ბაზარში შუა მოედანზე გამოიტანეს და გაყიდეს. ეს დამცირება დავით ღამბაშიძემ მოთმინებით გადაიტანა. საქმის გამოსაძიებლად წერილები გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვს, პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვა.
– რა შედეგი გამოიღო ამ ღონისძიებამ?
– ერთადერთი ის, რომ ჩაფარი ჩამოაცილეს. დანარჩენი საქმის გამოსაძიებლად კომისია შეიქმნა, მაგრამ დასკვნის გამოტანამდე, დეკანოზს გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ საქმე დახურა. სამწუხაროდ, დავით ღამბაშიძის შეურაცხმყოფელთ ყველაფერი შერჩათ.

скачать dle 11.3