რატომ ვერ ძლებს ერთი წამითაც, მის ცხოვრებაში ახალი სიყვარულის გამოჩენის მერე მერაბ სეფაშვილი და რა ოცნება აუხდა მას ორმოცდაათი წლის ასაკში
მომღერალი მერაბ სეფაშვილი სულ მალე იუბილარია და 50 წლის ხდება. თუ როგორ ემზადება ამ თარიღისთვის, რატომ არაფერს შეცვლიდა განვლილ წლებში, რა სიახლეებს გვთავაზობს შემოქმედებითი კუთხით და ვინ არის ის პატარა ქალბატონი, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი აზრია, ამაზე თავად გვესაუბრება.
მერაბ სეფაშვილი: უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც ამ სამყაროს მოვევლინე. საინტერესოა ცხოვრება, თავისი დადებითი და უარყოფითი მოვლენებით. ახლა რომ გადავხედე ჩემს განვლილ გზას, მერწმუნეთ, არაფერს შევცვლიდი. შენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, სწორად უნდა მიიღო და მაშინ ცხოვრებაც კარგი და მშვენიერია. მინდა, გითხრათ, რომ ცხოვრებას კარგი თვალით ვუყურებ და ისიც ასევე, კარგი თვალით მიყურებს (იცინის). გაბოროტებული კაცისთვის რთულია ცხოვრება. კაცი რომ გაბოროტდება, ის თავის თავს მეტს ვნებს, ვიდრე სხვას. რასაკვირველია, მეც მწყენია, გულიც მტკენია, მაგრამ არასდროს გავბოროტებულვარ და გულში ბოღმა არ ჩამიდევს.
– ხშირად იყო შენს ცხოვრებაში ეგრეთ წოდებული ჩავარდნის პერიოდები?
– ამას ჩავარდნის პერიოდებს ვერც დავარქმევ, უფრო შესვენების პერიოდები იყო. ნებისმიერი ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ხდება ეს. სწორ ხაზზე ცხოვრება არ გამოდის და არც მე მიცხოვრია სულ სწორხაზოვნად. ხან ჩავარდნა გექნება კაცს და ხან – აღმასვლა, ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება.
– დღეს ბევრი კონცერტი ტარდება. თუმცა, შენ არსად ჩანხარ. არ გიწვევენ, თუ თავად ამბობ მონაწილეობაზე უარს?
– გახსნილად გეტყვით, ჩემთვის არასაინტერესო კონცერტებია და რომ გითხრათ, იქ არ გამოვდივარ და გული მწყდება-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ. თუმცა, ტარდება სოლო კონცერტები, სადაც სიამოვნებით გამოვდივარ. ახლა, ლუდის ფესტივალზე მიგიწვიონ და ერთი სიმღერა გამღერონ, ეს, ცოტა არ იყოს, ჩემთვის მიუღებელია. რასაკვირველია, ეს ჩემი აზრია და ამით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას. შენი მოთხოვნილება და პოტენციალი თუ არ დაკმაყოფილდა, მხოლოდ ფულის გამო არ უნდა გამოხვიდე სცენაზე და იმღერო.
– იქნებ, იმდენ თანხას არ გიხდიან, რამდენსაც ითხოვ?
– არ იხდიან კი არა, ვერ იხდიან. თან, როგორც გითხარით, ყველაფერი ფულით არ იზომება. უცხოეთში ხშირი მიწვევები მაქვს. იქ დავდივარ და არც ფინანსურ გაჭირვებას ვუჩივი (იცინის).
– გავიგე, თითქოს უცხოეთში ბიზნესი გაქვს. ეს სიმართლეა?
– არა, ეს სიმართლე ნამდვილად არ არის. არ მაქვს უცხოეთში არანაირი ბიზნესი. ჩემი საქმე სიმღერაა და იქ კონცერტებს ვმართავ ქართველი ემიგრანტების მიწვევით.
– მერაბ, ახლა, ნახევარი საუკუნის გავლის შემდეგ, რომ შეგეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება, რას შეცვლიდი?
– არც არაფერს შევცვლიდი. რა უნდა შევცვალო? უბრალოდ, ერთი იმას შევცვლიდი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს გავაცოცხლებდი, აფხაზეთს არ დავკარგავდი და იქ ჩავატარებდი სოლო კონცერტს. მართლა მაქვს ოცნება, რომ აფხაზეთში დაბრუნებულმა, პირველი სოლო კონცერტი მე გავმართო. სხვათა შორის, აფხაზეთში ბოლო კონცერტიც მე მქონდა. ახლა, სოლო კონცერტზე ვმუშაობ. ამ კონცერტით მინდა, საკუთარ თავს ორმოცდაათი წლის, ანუ ნახევარი საუკუნის გავლა მივულოცო. მაყურებელს, ჩემს ერთგულ მსმენელს კი მივუძღვნა კიდევ ერთი ხარისხიანი და გემოვნებიანი საღამო, თანაც ცოცხალი შესრულებით და იმ ადამიანების დახმარებით, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. 15 ოქტომბერს ვარ დაბადებული და ეს კონცერტი 15 ოქტომბერს, ფილარმონიაში ჩატარდება. აი, მერე ნახავთ, უცხოელები უფრო მაგარ შოუს – სანახაობას ატარებენ და მღერიან, თუ ჩვენ (იცინის).
– ხარ მეუღლე, მამა, ბაბუა. ფაქტობრივად, ორმოცდაათი წლის ასაკში პირადი ცხოვრებაც მოიწყვე, ხალხის სიყვარულიც დაიმსახურე და ბევრისთვის კვლავ საყვარელ მომღერლად დარჩი.
– დიდი მადლობა, თუ ასე ფიქრობთ. ვერაფერზე დავიწუწუნებ, მართლა გამიმართლა, როგორც პირადულში, ისე ხალხის სიყვარულში. თან, ჩემს ცხოვრებაში ისეთი ვინმე შემოვიდა, რომლის გარეშეც არსებობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ერთი სიტყვით, ჩემს პირად ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა – ჩემი შვილიშვილი, პატარა გოგო, ნინა. თავს ვიჭერ იმაში, თუ სულ როგორ მენატრება და მის გვერდით მინდა ყოფნა. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია, უძვირფასესი. სულ მინდა, ოცდაოთხი საათი მის გვერდით ვიყო. არც ერთი ჩემი შვილი ისეთი ნიჭიერი არ არის, როგორც ეს პატარა არსება. ორი წლის ხდება და ისეთი მუსიკალურია, ვგიჟდები. აბსოლუტური სმენა აქვს და ისეა ამყვება ხოლმე, გადარეული ვარ.
– ხომ არ გიფიქრია იმაზე, რომ მასთან ერთად დუეტი ჩაწერო?
– გავა წლები და თუ ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, დიდი სიამოვნებით ჩავწერ მასთან დუეტს და სცენაზეც დავდგები. ვნახოთ, ისე კარგი იდეაა. სიგარეტსაც დავანებე თავი და ალბათ, ჩემი ჯანმრთელობაც გაითვალისწინებს ამას, არ მიღალატებს (იცინის). ჩემს თავს რომ ვუყურებ, სულ ბაბუაჩემი მახსენდება – მე და ჩემს ძმას როგორ გვანებივრებდა. სიმპათიური კაცი იყო და მიხაროდა მის გვერდით სიარული. დაუზარელი ბაბუა იყო. მისი გაზრდილები ვართ მე და ჩემი ძმა.
– როგორი მამამთილი ხარ?
– ძალიან კარგი. ანუ, ისეთი ვარ რძალთან, როგორიც სინამდვილეში და არ მიწევს თამაში. ძალიან კარგი გოგოა ანკა. ჩემთან ურთიერთობაში ძალიან გახსნილი და თბილია. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან მინდოდა, გოგო მყოლოდა. ახლა კი, ორი ბიჭის შემდეგ, ორი გოგო ერთდროულად მყავს – ანკა და ნინა. ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ოცნებაც ამიხდა და ამისთვის, მადლობა ღმერთს. უცხოეთში, მაღაზიას რომ ჩავუვლი, პირველი ნინა მახსენდება – რომ შევიდე და რამე ვუყიდო. ახლა, ის ჩემი მთავარი საზრუნავია. ამ ზაფხულს საგურამოში ისვენებს და ყოველ საღამოს მივდივარ, რომ ჩემი პატარა გოგო ვნახო, მივესიყვარულო და მეორე დილით კვლავ თბილისში ვბრუნდები.
– კარგ ფორმაში ხარ. ეს გენეტიკის ბრალია თუ თავს უვლი?
– არანაირად არ ვუვლიდი თავს. დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი, არც ვვარჯიშობდი და არც განსაკუთრებულ გამაჯანსაღებელ-გასაახალგაზრდავებელ პროცედურებს ვიტარებდი. სხვათა შორის, ჩემი ძმაც გამხდარია და არც წლოვანება ეტყობა. ჩემზე ათი წლით დიდია და ნამდვილად ვერ იტყვით მასზე, სამოცი წლისააო. ეტყობა, ჩემი გარეგნობა უფრო გენეტიკის ბრალია, ვიდრე ჯანსაღი ცხოვრების. სიგარეტს კი დავანებე თავი, მაგრამ სხვა რამეებს ვერ ველევი. მაშინ, ცხოვრებაც დამთავრდება (იცინის).