კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოატარა დავით ბაქრაძემ მაკა გიგაურს ნიცა და ვინ უწყობს მას გამოცდებს

მაკა გიგაური წლების განმავლობაში იმ პროფესიის წარმომადგენელი იყო, ვინც ცეცხლში არ იწვის და წყალში არ იძირება – აქტიურ ჟურნალისტიკაში ბევრ ექსტრემს გაუძლო, მათ შორის ტყვეობასაც კი. დღეს, როცა ძველ ცხოვრებას უკვე შეელია, იმ პერიოდის მონატრება თავს ხშირად ახსენებს. აქტიური ჟურნალისტის როლი პრესსპიკერის მშვიდ ცხოვრებაზე წლების წინ გაცვალა და მას შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობაზე ზრუნავს. თუმცა, ამ მხრივ ძალიან გამოცდილი დავით ბაქრაძე საკუთარ პრესსპიკერს საზრუნავს თითქმის არასდროს უჩენს..

მაკა გიგაური: პრესსპიკერის ცხოვრება არც ისე მშვიდია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას და პროფესიული არჩევნის წინაშე ვიდგე, აუცილებლად ჟურნალისტი ვიქნებოდი. თუმცა, პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და, რაც უნდა გაგიკვირდეთ, პროფესიით თეოლოგი ვარ. ჩემთვის ჟურნალისტიკაში მოსვლა თავიდან ნამდვილად გაუგებრობაში მოხვედრას ჰგავდა: ორგანიზაცია „ძლევაის“ ხელმძღვანელებმა მთხოვეს რელიგიური თემატიკის გადაცემის გაკეთება ტელეკომპანია „საქართველოს ხმაზე” და ამ თემატიკიდან ისე მოვხვდი საინფორმაციო სამსახურში, თვითონაც რომ ვერ წარმოვიდგენდი.
– ბოლოს საფუძვლიანად დაფუძნდი პოლიტიკის სფეროში. მანამდე რა იყო შენი საყვარელი პროფილი?
– დავიწყე რელიგიიდან, მაგრამ, მოვხვდი ყველა სფეროში. ერთ დღეს „საქართველოს ხმის” საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი დააკლდა. ეტყობა, მანამდეც შემჩნეული ჰქონდათ, რომ მე მოვერგებოდი ამ საქმეს და გამიშვეს პირდაპირ ქალთა კოლონიაში. მახსოვს, ჩემმა ტექნიკურმა პროდიუსერმა, მეტსახელად „ნირვანამ”, ვისთან ურთიერთობის გამოცდილებაც ძალიან ბევრ ტელეჟურნალისტს ჰქონია, გადაღებიდან დაბრუნებულს „პროსტიტუცია-ნარკომანია” შემარქვა (იცინის). მერე და მერე ჩემი საქმიანობის მთავარი პროფილი გახდა პოლიტიკა. ჩემი პოლიტიკურ-ჟურნალისტური ნათლობა დაიწყო ედუარდ შევარდნაძის ტერაქტით და დასრულდა 2007 წელს ჩემი დაკავებით სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ჩვენ, ტყვედ ჩავუვარდით „აპალჩენებს“. წინაგარას პოლიციის განყოფილებაში საკმაო ხანს დავყავით. საქმეში ჩაერივნენ ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და დავით ბაქრაძე, რომელიც მაშინ იყო სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და, როგორც იქნა, გაგვათავისუფლეს. ეს რომ აგვისტოს ომის შემდეგ მომხდარიყო, ჩვენ ახლა ცოცხლები ნამდვილად არ ვიქნებოდით. კარგად იცით, რა რთულია ჩვენი პროფესია და როგორ ძლიერ ნერვებს მოითხოვს. იმდენ არაორდინარულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ ჩემი სამსახურის გადამკიდე, ახლა მიკვირს კიდეც, იმ რეჟიმს როგორ ვუძლებდი. ვარდების რევოლუციის დროს, აქციებზე, ერთ დილას გამაღვიძა სისველემ – თურმე მთელი დღის დაღლილს, პარლამენტის კიბეებზე, წვიმაში ჩამძინებოდა (იცინის). ერთხელ შატილში გამგზავნეს სიუჟეტზე. ზუსტად ერთ საათში ჩამოხვალო, – მითხრა პროდიუსერმა. შატილში წავედი თხელი შარვლითა და მაისურით და, იქ ისეთი თოვლი მოვიდა, ერთი კვირა მთებში ვიყავი გამოკეტილი და მესაზღვრეების სასწაულებრივი ტელეფონით ძლივს ვუკავშირდებოდი თბილისს (იცინის).
– ხიბლიც ხომ ბევრი ჰქონდა იმ პერიოდს? შენზე ამბობენ, ამერიკის ერთ-ერთი შტატის საპატიო მოქალაქეაო. რატომ, რა დამსახურებისთვის?
– იმ პერიოდში უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია წასვლა სხვადასხვა ოფიციალურ ვიზიტზე. რაც შეეხება ამერიკის საპატიო მოქალაქის წოდებას, ეს მაინც უფრო სიმბოლური წოდებაა და მეტი არაფერი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი გახლდათ. სტაჟირება, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ჩვენ ვიყავით დამკვირვებლები და საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ ხდებოდა მნიშვნელოვანი უწყებების ფიარი. გვქონდა საშუალება, შევსულიყავით ისეთ დახურულ უწყებაში, როგორიცაა პენტაგონი. ჩვენ გვქონდა დამკვირვებლის სტატუსი, ვხედავდით, როგორ წერდა ინტერვიუს ჟურნალისტი პენტაგონის ერთ-ერთ შეფთან. თუმცა, ეს მხოლოდ დავინახეთ, მოსმენის საშუალება არ მოგვცეს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ჩვენ შეგვხვდა ქალაქის მერი და მან უშუალოდ გადმომცა ლუის ვილის საპატიო მოქალაქის წოდება (იცინის).
– დავით ბაქრაძის პრესსპიკერი როგორ გახდით?
– „მზეში” მუშაობის დროს საპარლამენტო ჟურნალისტი ვიყავი. ერთ-ერთი მორიგი სიუჟეტის მომზადებისას, რომელიც კონფლიქტის ზონას ეხებოდა, უნდა ჩამეწერა დავით ბაქრაძე – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მას ვიცნობდი იმ პერიოდიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო და, ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, რომ ის ძალიან ჭკვიანი და საინტერესო რესპონდენტია, მე ვიტყოდი, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რესპონდენტი. სიუჟეტის მომზადების შემდეგ დათო ბაქრაძემ თვითონ შემომთავაზა, მუშაობა დამეწყო სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ასე დაიწყო ჩემი პირველი სახელმწიფო სამსახური. მას შემდეგ ხუთი წელია, რაც დათო ბაქრაძის გვერდით ვმუშაობ.
– ძალიან ბევრ პრესსპიკერს უჭირს მუშაობა სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელესთან, რადგან ბევრი, როგორც წესი, პრესმდივნების აზრს არ იზიარებს. იოლი „სამართავია” დათო ბაქრაძე, უჯერებს ის თავის პრესსპიკერს?
– მან კარგად იცის, ჟურნალისტებთან ურთიერთობის ფასი და ძალიან მეხმარება ჩემს საქმეში. სატელევიზიო სიუჟეტის აწყობაც კი იცის, არც ის გამოეპარება, ინტერვიუ კარგი გამოდის თუ არა. რომ მოენდომებინა, თავის დროზე, მისგან კარგი ჟურნალისტი დადგებოდა (იცინის). დათო ბაქრაძე პიროვნულად არის ძალიან კომფორტული ადამიანი. მე მაქვს უფლება, საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს შევეხმიანო მას, გვიან ღამეც რომ იყოს. ასეთ დროს ძირითადად ესემესების მეშვეობით ვუკავშირდები ხოლმე. რა თქმა უნდა, ხშირად მერიდება კიდეც ამის გამო – ქვეყნის მეორე პირს ჟურნალისტებთან ურთიერთობის გარდა, ხომ ათასი სხვა საზრუნავიც აქვს! პარლამენტის თავმჯდომარე იმდენად გახსნილი და უშუალოა, მით უმეტეს – ჟურნალისტებთან, რომ ნებისმიერ ჟურნალისტს თავად პასუხობს ესემესზე. ეს მისთვის პრობლემა არაა, რაც ძალიან დადებითი მომენტია სახელმწიფო მოხელისთვის.
– მის „რისხვას” არ იმსახურებ ხოლმე?
– დათო ბაქრაძე არაა ის ადამიანი, ვინც ოდესმე სცდება ზღვარს თანამშრომლებთან ურთიერთობაში, თუნდაც ეს შენიშვნის მიცემა იყოს. ის ძალიან დელიკატურია, მაგრამ, საქმეში – საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი. სამუშაო პროცესი შეცდომებისგან დაზღვეული არასდროსაა და, შესაბამისად, შენიშვნას მეც ვიმსახურებ, თუმცა, ჩემს შეცდომას თავადაც ისე განვიცდი, რომ საყვედური აღარც კი მჭირდება. დათო ბაქრაძესთან ერთად ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი უცხოეთში, ოფიციალურ ვიზიტებზე, სადაც დღე ისე არ დასრულდება, მინიმუმ ხუთი შეხვედრა არ ჰქონდეს დაგეგმილი. არაოფიციალურ გარემოში ის განსაკუთრებით ენამოსწრებულია, მას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და ამას ბოლომდე ამჟღავნებს. დათო ძალიან ინტერესიანი ადამიანია – თუ პირველად არის რომელიმე ქვეყანაში, ფეხით ბევრს დადის და საინტერესო ადგილებს ათვალიერებს. ერთხელ ნიცაში ვიყავით საპარლამენტო ასამბლეაზე, რამდენიმე საათი გვქონდა თავისუფალი და იმდენი გვატარა ფეხით სანაპიროზე, მე ბოლომდე ვერ შევძელი გაყოლა, შუა გზაზე გავჩერდი – მაინც ხომ აქეთ ჩამოივლით და აქ დაგელოდებით-მეთქი (იცინის).
– ოჯახი როგორ ხვდება შენს ასეთ რეჟიმს?
– იმ რეჟიმს უძლებდნენ, რაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ყოფნის დროს მქონდა და ახლა უჩვეულო მათთვის არაფერია. რომელ მამაკაცს მოეწონება, ცოლი სახლში ღამის 11 საათზე რომ შევა და ნახევარ საათში ისევ უკან წავა? იმის მიუხედავად, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთი პროფესიის წარმომადგენლები ვიყავით, ამასთან შეგუება ბოლომდე მაინც გაუჭირდა. ახლა მე და ჩემი გოგონა, ანა, მარტო ვცხოვრობთ. ანა წლის და რვა თვის იყო, როცა სამსახურში დავბრუნდი დეკრეტული შვებულებიდან და მას შემდეგ ერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი.
– პარლამენტის თავმჯდომარე პრესსპიკერის დაოჯახებაზე არ ზრუნავს?
– არა, ესღა აკლია საზრუნავად (იცინის)! პირად საკითხებზე მასთან საკმაოდ მორიდებული ვარ. პირადი ცხოვრება ისეთი რამაა, თავად უნდა მიიღო გადაწყვეტილებები, თუმცა, ხშირად თავადაც ვერაფერს გადაწყვეტ – ალბათ, ეს ის კანონზომიერებაა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად წყდება. იმედია, ჩემს ცხოვრებაშიც მოვა ეს დრო. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, როგორც ჩანს, მე ასე ცხოვრებას უკვე შევეჩვიე. მარტო ვცხოვრობ და, როცა მომავალზე ფიქრს ვიწყებ, მაშინვე ჩემი ყველა აზრი შვილთან ბრუნდება. ამ სიცარიელეს საქმე, შვილი და მეგობრები მივსებენ. მათთან ერთად სპონტანურად, მაგრამ საინტერესოდ გადის ჩვენი თავისუფალი დრო. მათ, ჩემგან განსხვავებით, უფრო ეგზოტიკური სტიქიები აქვთ, ცოტა მეც ამიყოლიეს, თუმცა, ექსტრემის სიყვარულითა და თავის გამოცდით, მაინც ვერ დავიკვეხნი.
– გიგაური და არაექსტრემალი?!
– ჰო, აქ მთამ ვერ გაჭრა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გვარის ფესვები ხევსურეთიდან მოდის, პირადად ჩემი შტო ყაზბეგიდანაა – მე მოხევე გიგაური ვარ. ძალიან მეამაყება, რომ პაპაჩემის პაპა ალექსანდრე ყაზბეგის მეკალმე ყოფილა და ყველა ნაწარმოები მისი ხელით არის შესრულებული. დღეს ჩვენი გვარის ეს საამაყო რელიკვია მუზეუმში ინახება. რაც შეეხება ჩემს ექსტრემს, იმის მიუხედავად, რომ დიდი მოთხოვნილებების ადამიანი არ ვარ, დისკომფორტს მაინც ვერ ვიტან. ჩემს ჟურნალისტურ წარსულში სად არ მიძინია, მაგრამ, საქმის გარეშე, კარვით ნამდვილად ვერსაით გავუდგები გზას. ვერც ფიჩხს ვატარებ, რომ ცეცხლი ავანთო და ღამე ტყის პირას გავათენო. თუმცა, მაინც მგონია, რომ ვარ შინაგანად მამაცი, პრაქტიკულად, არაფრის მეშინია, მაგრამ, არ მიყვარს ზედმეტი რისკები და გამოცდები – ამ გამოცდებს ხომ ისედაც საკმაოდ ხშირად გვიწყობს ცხოვრება (იცინის).

скачать dle 11.3