რომელი ვირუსული დაავადებების საფრთხე იმატებს ზაფხულში და რატომ არ უნდა დააბრალოთ ის ზღვას და მზეს
ყველა ცდილობს, ზაფხულში დაისვენოს, დაივიწყოს საქმესთან დაკავშირებული პრობლემები და კურორტზე გადამეტებულ სიამოვნებაზეც არ თქვას უარი. ამიტომ, აუცილებელია, ყველამ იცოდეს, როგორ დაიცვას თავი იმ პრობლემისგან, რომელიც თან ახლავს ზაფხულს, მზეს, ზღვას, უკონტროლო, შემთხვევით სექსს და ქცევას, რომელიც არდადეგებისა და შვებულების დროს შედარებით სხვანაირია, ვიდრე ჩვეულებრივ, რიგით დღეებში.
როგორც ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ვახტანგ კვირკველია ამბობს, სწორედ ამ სეზონზე იმატებს ეგრეთ წოდებული „საკურორტო დაავადებების” რიცხვი. ნამზეურის შემდეგ კი, ზოგ ადამიანს კანზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც ჩირქდება და უსიამოვნო შესახედია. მისივე თქმით, შემთხვევითი რომანის დროს, შესაძლოა, ადამიანი ისე დაინფიცირდეს, შემდეგ, მთელი ცხოვრება ვირუსის მატარებლად დარჩეს.
ვახტანგ კვირკველია: ზაფხულის სეზონი ყველას გვიყვარს, რადგან ის არდადეგებთან, შვებულებასა და დასვენებასთან ასოცირდება. ამ დროს ადამიანი არც გარუჯვაზე ამბობს უარს და არც საკურორტო რომანზე, რომელიც შესაძლოა ცუდი შედეგით დასრულდეს.
– სტატისტიკურად, ვირუსული პათოლოგიებით დასნებოვნების საფრთხე ზაფხულში, სწორედ ამ სეზონზე იმატებს. რას გვირჩევთ, როგორ დავიზღვიოთ თავი და, ზოგადად, რა გამოვლინებები ახასიათებს ამ პათოლოგიებს?
– ამ სეზონზე განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოვლენა გმართებთ. როცა ადამიანი დასასვენებლად მიდის, უნდა მოერიდოს შემთხვევით სექსუალურ კონტაქტებს. ამ დროს ჩნდება ინფექციების გადადების საშიშროება, გენიტალიური ჰერპესი იქნება ეს თუ პაპილომა ვირუსი. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ არც ერთი ეს დაავადება, სრულ განკურნებას არ ექვემდებარება. გენიტალიური ჰერპესის ვირუსი გადადის სქესობრივი გზით, და სხვათა შორის, დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში. შესაძლოა, ადამიანი მისი მატარებელი იყოს და ეს არც კი იცოდეს. რაც შეეხება გამოვლინებებს, მას ახასიათებს კანზე ბუშტუკოვანი, მტკივნეული გამონაყარი, წვის შეგრძნებით, არასასიამოვნო შესახედია და იწვევს ნევროზებს. პაპილომავირუსიც ძალიან გავრცელებულია და არც მისი საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი არსებობს. ახასიათებს კანზე მეჭეჭის სახის გამონაყარი. თუმცა შესაძლოა, ამ დროს არც გამონაყარმა იჩინოს თავი კანზე, მაგრამ ადამიანი ვირუსის ფარული მატარებელი იყოს. დასვენების დროს არ უნდა ეძებოთ შემთხვევითი კონტაქტები, რათა ერთმა დაუცველმა ნაბიჯმა მერე მთელი თქვენი ცხოვრების წესი არ შეცვალოს, რაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს შეგიქმნით და გაგამწარებთ. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, როცა ზაფხულში ქალაქგარეთ დასასვენებლად მიდიხართ, თავის დაზღვევის მიზნით, ჯობია, ისე დაგეგმოთ შვებულება, გვერდით საიმედო, უსაფრთხო და მუდმივი სასიყვარულო პარტნიორიც გახლდეთ.
– ხშირად გხვდებათ პრაქტიკაში ამ, ეგრეთ წოდებული, „საკურორტო დაავადებით” შეწუხებული ადამიანები?
– სამწუხაროდ, ძალიან ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემები საქართველოს მასშტაბით არ არსებობს, ვირუსული პათოლოგიებით დაავადებულთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში, საკმაოდ დიდია. პაციენტებს ხშირად მიზეზის დასახელება უჭირთ. და ეს გასაგებია ჩემთვის. ბევრს არ უყვარს იმის აღიარება, რომ სექსუალურ პარტნიორს ხშირად იცვლის. თუმცა, ეს ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, ნათელი და დასაბუთებულია. დაავადების მიხედვით, პაპილომავირუსი ჯანმრთელ ადამიანზე მხოლოდ დაავადებული ადამიანისგან გადადის და არამც და არამც საკვებიდან, წყლიდან ან ჰაერიდან. ეს ზღაპარია. ცუდია, რომ პაპილომავირუსით დაავადების შესახებ მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული. ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, ჯობია, ამის შესახებ იცოდნენ მათ, რომლებიც ჯერ არ არიან ინფიცირებული.
– პროფილაქტიკის რაიმე მეთოდი არ არსებობს?
– სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს ადამიანი, მანამდე უნდა იყოს ის ინფორმირებული. მინდა გითხრათ, რომ პროფილაქტიკა სჭირდება ჯანმრთელ და არა დაავადებულ ადამიანს. აქვე, იმასაც მოგახსენებთ, რომ უცხოეთში მუშავდება პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელიც გამოცდის პერიოდს გადის. ეს ვაქცინა უნდა გაუკეთდეს ადამიანს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე და ამას უნდა ჰქონდეს მასობრივი ხასიათი. ის შექმნის მყარ იმუნიტეტს ინფექციის საწინააღმდეგოდ და იქნება თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება.
– თქვით, ჩემამდე მოსულ ადამიანებს უჭირთ იმის აღიარება, რომ სექსუალური პარტნიორისგან დაინფიცირდაო. მაინც რას ამბობენ და რით იმართლებენ თავს?
– როგორც გითხარით, ბევრმა ადამიანმა არ იცის პაპილომავირუსის შესახებ და ამას არც კი მიიჩნევს ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებად. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, ამიხსნია პაციენტისთვის მისი გადადების გზების შესახებ და გაკვირვებული სახით უთქვამთ, იცით, შეიძლება, ქვაზე დავჯექი ან ზღვაში ბანაობის დროს დავავადდიო. ამით თითქოს თავს იტყუებენ, ცდილობენ, საკუთარი ქცევის დამალვას, მაგრამ მე რას გამომაპარებენ და მომატყუებენ (იცინის)? დაკვირვებული ვარ, როცა ქალს არ ჰყავს მეუღლე, თავის მართლებას ამ გზით ცდილობს. სხვათა შორის, ეს ვირუსული დაავადებები, შემდგომ ორსულობისა და მშობიარობის დროს, ნაყოფს და თავად დედის ჯანმრთელობას უქმნის საშიშროებას. მინდა, ეს ყველა ქალმა გაითვალისწინოს. მესმის, ადამიანები ვართ და ასეთი, ეგრეთ წოდებული „საკურორტო შეცდომა”, შესაძლოა, ბევრს მოუვიდეს. თუ თავი ვერ შეიკავეთ და შეცდით, ჯობია, დასვენებიდან დაბრუნების შემდეგ, საყვარელ ადამიანთან გარკვეული ხნით სექსუალურ ურთიერთობაზე უარი თქვათ. ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები და გამორიცხოთ ნებისმიერი ვირუსული დაავადების შესაძლო არსებობა. ასე რომ, თუ ინტიმური ურთიერთობა გექნებათ წყალში, წყლის პირას, ტყეში თუ ტყის პირას, ამას ბინძურ წყალს და გარემოს ნუ დააბრალებთ. არ ჯობია, წყნარად და დაცული, იყოთ? წაიყვანეთ თან ჯანმრთელი და ერთგული პარტნიორი და გემრიელად დაისვენეთ ზღვაზე თუ მთაში.
– ამ მხრივ დამცავი საშუალებები თუა საიმედო?
– სამწუხაროდ, დამცავი საშუალებები ყველა ინფექციისგან არ იცავს ადამიანს. პაპილომავირუსი შეიძლება, კანიდან გადაგედოთ და პრეზერვატივი ამ დროს ვერ დაგიცავთ. მაგრამ, შიდსისა და სხვა ვერაგი დაავადებებისგან კი იქნებით დაცული. დამიჯერეთ, ყველაზე კარგი დამცავი საშუალება მუდმივი სექსუალური პარტნიორია, რომელთანაც თავდაცვა და სიფრთხილე არ დაგჭირდებათ. ზაფხულში, დასვენების შემდეგ ბევრი დაინფიცირებული ადამიანი ჩამოდის კურორტიდან და შემდეგ სხვებსაც უქმნის ამით პრობლემას. ბევრი შემთხვევაა, როცა შვებულების შემდეგ, ქმარი შინ ბრუნდება, იქ კი მას შემთხვევითი ინტიმური კავშირი ჰქონდა. ამის შედეგად შეყრილი ვირუსული დაავადებით ის უკვე საკუთარ მეუღლეს აინფიცირებს. თავის მხრივ, ეს შვილზეც ახდენს გავლენას და არ არის გამორიცხული, ორსულობის დროს, ნაყოფიც დაინფიცირდეს დედის მუცელში. ვფიქრობ, ამ რისკად ნამდვილად არ ღირს ის, რაც შემთხვევითი ნაცნობობის შემდეგ, წუთიერ სიამოვნებას მოჰყვება.