ვის ადანაშაულებს ხელოვნური გვალვის გამოწვევაში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი და როდის აპირებს იგი პირველი ირანელი კოსმონავტის კოსმოსში გაშვებას
იგი დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგეა პლანეტაზე, ამერიკის პოლიტიკის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი და რუსეთთან და არაბულ სამყაროსთან დაახლოების ინიციატორი. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეექვსე პრეზიდენტი და თეირანის ყოფილი მერი – მაჰმუდ აჰმადინეჯადი მსოფლიოს ქარიზმატულ ლიდერთა სიაში შედის და „თბილისელების” ამ ნომერში მის შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* მაჰმუდ აჰმადინეჯადი ღარიბი მჭედელის ოჯახში, 1956 წელს, სოფელ არადანში დაიბადა. არსებობს ვერსია, რომ ეთნიკურად აჰმადინეჯადი ირანელი აზერბაიჯანელია, მეორე ვერსიით იგი თალიშია, ხოლო ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის” ცნობით, სინამდვილეში, აჰმადინეჯადი ებრაელია და მისი ნამდვილი გვარი საბურიჯიანია. ეს ირანელი ებრაელების ცნობილი გვარია, რომელიც მაჰმუდის მშობლებმა მისი დაბადებისთანავე შეიცვალეს და ისლამი მიიღეს. მოგვიანებით, ეს ვერსია, ახლო აღმოსავლეთის ებრაელთმცოდნემ მეირ ჯავენდარფარმა უარყო. მისი თქმით, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მამა მორწმუნე შიიტი იყო, ხოლო დედა „სეიედი” – შიიტი, რომელიც მუჰამედის შთამომავლებს მიეკუთვნება.
* ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა საფრანგეთის პირველი ლედის, კარლა ბრუნის ადვოკატობა იკისრა. პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია, ისლამური პრინციპების გვერდის ავლით, შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და აუცილებელია დასჯა, რათა ხელმეორედ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. შეგახსენებთ, რომ კარლა ბრუნმა ღიად გააკრიტიკა ირანის ხელისუფლება იმის გამო, რომ საკინეჰ მოჰამად აშტიანს, რომელმაც ქმარს უღალატა, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ირანის ხელისუფლების კონტროლირებადმა გაზეთმა „კეიჰანმა” ბრუნს „მეძავი” უწოდა და ამ ფაქტის გამო იყო შეშფოთებული მაჰმუდ აჰმადინეჯადი.
* ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავის თურქმენ კოლეგას, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ირანული წარმოების სპორტული ტიპის თვითმფრინავი აჩუქა. „თავისუფალ ჩიტს”, როგორც ამ ირანულ თვითმფრინავს უწოდებენ, თავის კლასში მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია. მას შეუძლია საათში 300 კილომეტრის სიჩქარის განვითარება და ათას კილომეტრამდე მანძილის დაფარვა. თვითმფრინავის ღირებულება 120 ათასი დოლარია და თურქმენეთის პრეზიდენტს ის თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში საზეიმოდ გადაეცა.
* ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა საქველმოქმედო აუქციონზე გასაყიდად გაიტანა საკუთარი ავტომობილი – 1977 წლის გამოშვების „პეჟო 504”. საზოგადოებაში ამ ავტომობილით აჰმადინეჯადი ერთადერთხელ, 2005 წელს გამოჩნდა, როდესაც თეირანის მერის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო, აჰმადინეჯადი დაჯავშნულ ავტომობილში გადაჯდა. თეთრი ფერის „პეჟოს” გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილებისთვის ბინების აშენების პროგრამას მოხმარდება.
* ირანის და ბოლივიის პრეზიდენტებმა – მაჰმუდ აჰმადინეჯადმა და ევო მორალესმა მონაწილეობა მიიღეს მინი-ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში. პრეზიდენტები ერთ გუნდში თამაშობდნენ და თითო გოლი გაიტანეს, ხოლო მათი მოწინააღმდეგე გუნდი პროფესიონალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან შედგებოდა. მატჩი ანგარიშით – 4:4 დამთავრდა, ხოლო პენალტების სერიაში პრეზიდენტების გუნდმა გაიმარჯვა. გამარჯვების ბურთი ირანის პრეზიდენტმა გაიტანა. მატჩი თეირანში გაიმართა და მორალესის ვიზიტს მიეძღვნა, რომელიც ფეხბურთის დიდი მოყვარულია.
* მაჰმუდ აჰმადინეჯადი ირანის მოდის ინდუსტრიით დაინტერესდა. მისი თქმით, აუცილებელია, ირანელი ქალის ჩაცმულობა შეესაბამებოდეს მუსლიმანურ ღირებულებებს. ამასთან დაკავშირებით, აჰმადინეჯადმა ირანის ვაჭრობის მინისტრს დაავალა შესაბამისი ტანსაცმლით სავაჭრო ობიექტების უზრუნველყოფა. ამჟამად ირანულ ბაზრებზე გაყიდვაშია იაფფასიანი და ირანისთვის შეუსაბამო ტანსაცმელი, ირანელ ქალებს კი ძვირი უჯდებათ, ისე შეიმოსონ, რომ არ დაარღვიონ სტილი. შეგახსენებთ, რომ ირანში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, საზოგადოებაში მოტკეცილ პიჯაკში, ფერადი თავსაბურავით ან შარვლით გამოჩენა 50 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმას ან ორთვიან პატიმრობას ითვალისწინებს.
* ირანის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები ხელოვნური გვალვის გამოწვევაში დაადანაშაულა. აჰმადინეჯადის თქმით, ევროპული სახელმწიფოები გამოიყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს და არ აძლევენ საშუალებას ღრუბლებს, რომ ირანს მიუახლოვდეს. ამიტომაც, ირანელები წვიმის გარეშე რჩებიან. აჰმადინეჯადი ირწმუნება, რომ ამის შესახებ მან ერთ-ერთ ევროპულ ჟურნალში წაიკითხა, სადაც კომპეტენტური პირი საუბრობდა ისეთი ტექნიკის არსებობაზე, რომლის საშუალებითაც გვალვის ხელოვნურიად გამოწვევაა შესაძლებელი თურქეთსა და ირანში, რადგან სწორედ ამ ორი ქვეყნის კულტურა უქმნის საფრთხეს დასავლეთს.
* ირანელი მეცნიერები ახლო მომავალში ხელოვნური თანამგზავრის გაგზავნას აპირებენ კოსმოსში, რომლის ბორტზე იქნება პირველი ირანელი კოსმონავტი – მაიმუნი. თანამგზავრის სახელია „კავოშგიარ-5” და მაიმუნის გარდა, მის ბორტზე 250 კილოგრამი ტვირთიც იქნება. ცნობილია, რომ ირანის კოსმოსური პროგრამა აქტიურ ფაზაში შედის და ამ ფაქტის გამო, დასავლეთი შეშფოთებულია. ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის თქმით, 2017 წლისთვის პირველი ირანელი კოსმონავტი გაემგზავრება კოსმოსში, ხოლო დასავლეთის ქვეყნები და ისრაელი ვარაუდობენ, რომ ირანის მთავრობა კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე მუშაობს და კოსმოსური პროგრამა ბლეფია.
* ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით, იგი ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს იმაში, რომ მისი ადმინისტრაციის – ესფანდიარა რაჰიმ მაშეის დაახლოებული პირები ჯინის გამოძახებასა და შავ მაგიაში დაადანაშაულეს. აჰმადინეჯადის თქმით, თუკი ჯადოქრები დაკავებულები არიან, ამიერიდან მის მუშაობას ხელს აღარავინ შეუშლის. „ფრანს პრესის” ცნობით კი, აჰმადინეჯადი დარწმუნებულია, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსს შავ მაგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და იგი უდანაშაულოა.
* მაჰმუდ აჰმადინეჯადმა 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი, წინასწარმეტყველი რვაფეხა პაული, დასავლური საზოგადოების ლპობისა და დაცემის სიმბოლოდ გამოაცხადა. თავის გამოსვლაში ირანელმა ლიდერმა პაული დასავლეთის პროპაგანდად და ცრურწმენის გავრცელების ტიპურ მაგალითად მოიხსენია. „ვისაც რვაფეხის წინასწარმეტყველების სჯერა, ვერასდროს მიაღწევს სულიერ სიმშვიდეს და მუდამ ჩამორჩენილი იქნება ირანელი საზოგადოებისგან, რომელსაც განსხვავებული სულიერი ღირებულებები აქვს”.