პოლიტიკური კალეიდოსკოპი
სულები და ვაკის ღმერთები ჩავესის მოკავშირეები არიან
ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, რომელიც კიბოსგან მკურნალობის კურსს გადის, განაცხადა, რომ აუცილებლად დაამარცხებს სასიკვდილო სენს, რადგან სულები და ვაკის ღმერთები მისი მოკავშირეები არიან. სამხედროებთან შეხვედრის დროს, ჩავესმა, რომელსაც ქიმიოთერაპიის გამო თმა გასცვივდა, მადლობა გადაუხადა ლოს-ლიანოსის კერპებს, განსაკუთრებით კი ინდიელთა ღვთაებას – მარია ლიონცას. მის წინაშე ლოცვა დამკვიდრებულია ვენესუელაში, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია არ აღიარებს ამ ღვთაებას, რომელსაც ვენესუელელი გლეხები ხშირად შინაურ ცხოველს სწირავენ. ამავე შეხვედრაზე ჩავესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას 2031 წლამდე აპირებს.
ობამამ თავის მრჩევლებს პურმარილი „უკისრა”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მადლობის ნიშნად, თავისი ეკონომიკური მრჩევლები, რომლებიც ტექნიკური დეფოლტის საწინააღმდეგო პროგრამაზე მუშაობდნენ, სასადილოდ ვაშინგტონის კაპიტოლიუმთან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტში – „გუდ სტაფ ითერიში” დაპატიჟა. ობამას თქმით, ამ სასადილოს ხშირი სტუმარია მისი მეუღლე მიშელი და, ასევე, აქ ხშირად სადილობენ კაპიტოლიუმის ჩინოვნიკები. კვების ობიექტის თანამშრომელთა თქმით, ნამდვილი სიურპრიზი იყო, როდესაც მათთან მოვიდა პრეზიდენტი თავის გუნდიანად. ცნობილია, რომ ობამა ჰამბურგერებისა და ჩიზბურგერების დიდი მოყვარულია და ხშირად ესტუმრება ხოლმე მსგავს ობიექტებს. ერთხელ მასთან სტუმრად მყოფი დიმიტრი მედვედევიც კი წაიყვანა არლინგტონში მდებარე „რეის ჰელ ბურგერში”.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის შვილის არჩევანი
შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ფრედრიკ რაინფელდტის 18 წლის შვილმა, გუსტავმა, „მაკდონალდსის” რესტორანში დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ მან საკუთარი „ტვიტერის” საშუალებით აუწყა შვედებს. ცნობილია, რომ გუსტავი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე „მაკდონალდსის” რესტორანში იმუშავებს. თავისი მიკრობლოგის საშუალებით, იგი უკვე მოუწოდებს ყველა მეგობარს, ესტუმრონ რესტორანს და მისი დამზადებული ჰამბურგერები დააგემოვნონ. ფრედრიკ რაინფელდტს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია შვილის ახალ სამსახურზე. რაინფელდტები შვედეთში შეძლებული ოჯახის სახელით არიან ცნობილი და გუსტავის „მაკდონალდსში” მუშაობის დაწყებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი გააკვირვა.
პირველი ქალი ტაილანდში
ტაილანდის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იინგლაკ ჩინავატის კანდიდატურა დაამტკიცა. 44 წლის იინგლაკი ტაილანდის ექსპრემიერის, ტაქსინ ჩინავატრას დაა და პირველი ქალია ტაილანდის არსებობის ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა დაიკავა. ამისთვის იინგლაკს ტაილანდის 500-კაციანი პარლამენტიდან 251 ხმის მიღება ესაჭიროებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტია „ფხია თხაი”, რომელიც პარლამენტში უმრავლესობაა და 265 დეპუტატით არის წარმოდგენილი, სწორედ იინგლაკის ლიდერობით მოხვდა პარლამენტში. იინგლაკის ძმას, ტაქსინს, 2001-2006 წლებში ეკავა პრემიერის პოსტი, 2009 წლიდან კი იგი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო ინტერპოლით არის ძებნილი.
პუტინი და „რუსული ატლანტიდა”
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ანტიკური ქალაქის – ფანაგორიას ადგილზე ნაკრძალის გახსნისკენ მოუწოდა რუსეთის შესაბამის სამსახურებს. რამდენიმე დღის წინ, პუტინმა ტამანის ყურეში აკვალანგით ჩაყვინთა და ჩაძირული ფანაგორია – რუსულ „ატლანტიდად” წოდებული ანტიკური ქალაქი დაათვალიერა. ფანაგორია ბერძნული კოლონია იყო ძველი რუსეთის ტერიტორიაზე და ის დაახლოებით 2 550 წლის წინ არსებობდა, მისი არქეოლოგიური შესწავლა კი ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. პუტინის თქმით, 2012-2018 წლებში რუსეთის მთავრობა არქეოლოგიურ კვლევებზე 100 მილიარდი რუბლის გამოყოფას აპირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.