კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ძმაკაცის საქციელმა კაცების ჭორიკნობაში დამარწმუნა
ხშირად გამიგია, კაცები გაცილებით უფრო ჭორიკნები არიან, ვიდრე ქალებიო (ამას, რა თქმა უნდა, ქალები ამბობენ), ძალიან ვაპროტესტებდი ხოლმე ამ მოსაზრებას, მაგრამ, ერთი შემთხვევის გამო დავრწმმუნდი, რომ მართალი იყო.
სამსახურში, შესვენების დროს, კაცები რომ შევიკრიბებოდით ხოლმე, მაშინაც მიდიოდა ვიღაცეების გაკილვა, ოჯახური თუ პირადი ამბების განხილვა, მაგრამ ამას ჭორაობად არ ვუთვლიდი ჩემს „თანამოძმეთ“ (ანუ – კაცებს). ეტყობა, იმიტომ, რომ მე არ მეხებოდა, მაგრამ ერთხელაც, მე თავად გავხდი განსჯის ობიექტი, თანაც, ვითომ ძმაკაცების მხრიდან და მაგრად ამეწვა კუდი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამსახურში ახალი თანამშრომელი მიიღეს – უმშვენიერესი ახალგაზრდა ქალი. ყველა მამაკაცმა, ცოლიანმაც და უცოლომაც, თვალები დააჭყიტა მის დანახვაზე და ყველა თავისი მეთოდით შეეცადა მისი გულის მონადირებას. მაგრამ ნათია ძალიან თავდაჭერილი და მიუდგომელი ციხესიმაგრე აღმოჩნდა. ოფიციალურის გარდა, არავისთან არანაირი ურთიერთობა არ  ჰქონდა. მისი ასეთი ხასიათი ძალიან მომეწონა და შევეცადე, სულ სხვა გზით დავახლოებოდი. მხოლოდ სამსახურის საქმესთან დაკავშირებით მივმართავდი, ვიყავი ძალიან თავდაჭერილი, ხაზს ვუსვამდი, რომ პატივს ვცემდი მის აზრს, მის პროფესიონალიზმს. ამ მეთოდმა გაჭრა და ჩვენ ჯერ დავმეგობრდით, მერე კი ეს მეგობრობა ნელ-ნელა გრძნობებში გადაიზარდა. უბედნიერეს კაცად ვგრძნობდი თავს, რადგან ასეთ ქალს ვუყვარდი. ნათიას თხოვნით, სამსახურში არ გაგვიმხელია ჩვენი ურთიერთობის შესახებ. მკაცრად კონსპირაციულად ვხვდებოდით ერთმანეთს და ეს კიდევ უფრო მეტ რომანტიკულობას ჰმატებდა ჩვენს სიყვარულს. მაგრამ, ამდენი ბედნიერება, როგორც ჩანს, ჩემმა გულმა ვერ დაიტია და ჩემს უახლოეს ძმაკაცს გავენდე (ისიც ჩვენთან ერთად მუშაობდა). აბა, მე რა ვიცოდი, თუ მასაც მოსწონდა ნათია და არაფერი გამოუვიდა. მე კაცურად, როგორც მეგობარსა და უახლოეს ადამიანს, გავანდე ჩემი საიდუმლო, მან კი, შურით გულზე გამსკდარმა, ჯერ მთელ სამსახურს მოსდო ეს ამბავი, მერე კი ნათიასთან დაიწყო ჩემზე ისეთი რამეების მოყოლა (ვითომ შემთხვევით), რაც არც ერთ ქალს არ მოეწონებოდა: ჩემი ყოფილი „ნაშების“, უიღბლო თუ იღბლიანი რომანების და სხვა ამგვარი საკითხების შესახებ. მოკლედ, იმდენი იჩალიჩა, რომ მე და ნათია ერთმანეთს დაგვაშორა. თან, ამ ყველაფერს ისე „უწყინარად“ აკეთებდა, შარსაც ვერ მოსდებდი. პარალელურად, ვითომ მე მგულშემატკივრობდა და ქალებს ლანძღავდა – არასანდოები, მერყევები და არაერთგულები არიანო. გვიან მივხვდი, რომ ჩემს მხარესაც ისე „მუშაობდა“, ნათიაში ეჭვი რომ შემპარვოდა და შემეძულებინა. სხვათა შორის, ჩემი „ძმაკაცის“ ამ ვერაგობას ნათია მიხვდა, თანაც, ჩვენი დაშორებიდან რამდენიმე თვის შემდეგ და თვითონ დამირეკა, რომ ჩემთვის თვალი აეხილა. თავიდან არ ვუჯერებდი, მაგრამ, ერთ დღეს, შესვენებაზე ოთახში მოულოდნელად დაბრუნებულმა, შემთხვევით მოვკარი ყური ჩემს „ძმაკაცს“,  როგორ ეუბნებოდა ერთ თანამშრომელს: ერთმანეთს კი დავაშორე, მაგრამ მე მაინც არ მიკარებსო. მივხვდი, ვინც იგულისხმა, მოულოდნელად მივვარდი, საკინძეში ხელი ჩავავლე და ისეთი მუშტი ვუთავაზე ყბაში, კბილები დავაყრევინე. გონს რომ მოვიდა, პატრულის გამოძახება დააპირა, მაგრამ ბიჭებმა არ მისცეს ნება – უარესის ღირსი ხარ და შენთვისვე ჯობია, გაჩერდეო. მერე ყველამ გაამტყუნა და ისეთ დღეში ჩააგდეს, იძულებული გახადეს, სამსახურიდან წასულიყო.
ნათია ძლივს შემოვირიგე. ჩვენ ახლა ერთად ვართ, მაგრამ კაცები რომ ჭორიკნები არიან, ვიდრე ქალები, ამაზე უკვე აღარავის ვედავები, თუმცა ეს ამბავი ძალიან მყწინს.
ბესო, 32 წლის.

შურისძიებამ ნამდვილი
სიყვარული მაპოვნინა
შემიყვარდა ბიჭი, რომელიც საოცრად პოპულარული იყო გოგონებში და ეს ამბავი ძალიან ჰქონდა თავში ავარდნილი. კვირაში ერთხელ იცვლიდა შეყვარებულებს და ამით თავი მოჰქონდა. იმ გოგონებსაც კი ზემოდან უყურებდა და აყვედრიდა თავს, ვისაც ხვდებოდა და სიყვარულს ეფიცებოდა. საშინელი მექალთანე იყო, მაგრამ მაინც მიყვარდა. ჩვენი ნაცნობობა პირველ კურსზე დაიწყო. მერე მეგობრები გავხდით. ერთ დღეს კი მივხვდი, რა მეგობრობა, რის მეგობრობა, ჭკუაზე აღარ ვიყავი მისი სიყვარულით. ძალიან ვცდილობდი, დამემალა ჩემი გრძნობები, არ შემემჩნია, მაგრამ ვახო რის მექალთანე იქნებოდა, ეს რომ არ გამოეყენებინა. იხელთა თუ არა შესაფერისი მომენტი, არშიყობა დამიწყო. უნდა გამოვტყდე, რომ ეს ისე კარგად გამოსდიოდა, მიუხედავად იმისა, ვიცოდი, მისი თვისებები, ხასიათი და, საერთოდ, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება, მაინც „შემაბა“. თუმცა, რა შებმა მჭირდებოდა, ისედაც ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. სხვებთან შედარებით, ჩვენი რომანი დიდხანს – ერთ თვეს გაგრძელდა. მერე ერთმანეთს დავშორდით, უფრო სწორად, ვახომ მიმატოვა. მე ამას კარგა ხანია, ველოდი, მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე. სამი თვის შემდეგ ისევ თვითონ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მისი ხმა რომ გავიგონე, წყენაც დავივიწყე, თავმოყვარეობაც და მაშინვე გავიქეცი. ჩემი დაქალები მეჩხუბებოდნენ, ანგელოზივით გოგო ხარ, ნახევარ თბილისს უყვარხარ, მაგისი შესახვეწი რა გაქვსო, მაგრამ ჩემთვის არც ერთი ბიჭი არ არსებობდა მის გარდა, არავინ მაინტერესებდა. იმ დღიდან განახლდა ჩვენი შეხვედრები. მე ამაყი ვიყავი იმით, რომ არც ერთ სხვა გოგოსთან, ვისაც დაშორებია, აღარ განუახლებია ურთიერთობა, მე ვიყავი ერთადერთი და ამიტომ, თავი დავირწმუნე, რომ ნამდვილად ვუყვარდი. თუმცა, შორს წასული ფანტაზიები ნამდვილად არ მქონია. ყველაფრის მიუხედავად, შინაგანად სულ ველოდი, რომ ისევ მიმატოვებდა. კიდევ ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ: ამ შერიგების შემდეგ ლამის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ, სულ ვგრძნობდი, რომ პარალელურად, სხვა გოგოებთანაც დადიოდა. ამის შემოწმება ძალიან ადვილი იყო, მაგრამ არ ვაკეთებდი – არ მინდოდა, მის არაკაცობაში დავრწმუნებულიყავი. არაკაცობაა, აბა, რა არის, როცა ერთ გოგოს თავს ევლები, სიყვარულს ეფიცები და იმავე დღეს სხვა გოგოსთან (ან გოგოებთან) ერთი ამბები გაქვს. მაგრამ, მაინც ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
მაგრამ, მოხდა სასწაული. წინათგრძნობამ მიღალატა და ერთ დღეს ვახო სახლში მომადგა ყვავილებით, ტორტით, ბრილიანტის ბეჭდით და ჩემს მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. დედამაც და მამამაც მისაყვედურეს, რატომ არ გაგვაფრთხილეო, მაგრამ ეს ჩემთვისაც ისევე მოულოდნელი იყო, როგორც მათთვის. ვახოს სიტყვა-პასუხი არ ეშლებოდა, ფიზიკურად ძალიან მომხიბლავი მამაკაცი იყო და ამიტომ ჩემი მშობლების გულის მოგება არ გასჭირვებია, ჩემი – მით უმეტეს. ერთ კვირაში კი ჯვარი დავიწერეთ, ხელი მოვაწერეთ და საქორწინო მოგზაურობაში წავედით. თაფლობის თვის ნახევარი ზღვაზე გავატარეთ, ნახევარი – მთაში და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დავბრუნდით თბილისში. ის ერთი თვე იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხანა. მერე კი დაიწყო ჩემი ტანჯვა, რაც მისი ყოველდღიური ღალატით იყო გამოწვეული. თან, ამას არც კი მალავდა. თავიდან ვითმენდი, თვალს ვიბრმავებდი და ყურს ვიყრუებდი, მაგრამ, როდესაც უკვე ჩემი თანდასწრებით ურეკავდა ქალებს, პაემანს უნიშნავდა და საალერსო სიტყვებს ეუბნებოდა, ჩემი მოთმინების ფიალა აივსო და ისეთი სკანდალი მოვუწყვე, გაოცებული დარჩა. მითხრა კიდეც, შენისთანა წყნარი და გაწონასწორებული ქალისგან ამას არ მოველიდიო. პირველი სკანდალის შემდეგ შემპირდა, რომ ეს მეტად აღარ განმეორდებოდა, მაგრამ პირობამ მხოლოდ ორ კვირას გასტანა. მერე კი იგივე განმეორდა. ამის ატანა უკვე აღარ შემეძლო, მით უფრო, რომ საერთოდ აღარ ვარსებობდი მისთვის. ამიტომ, პირდაპირ დავუსვი საკითხი გაყრაზე. ეტყობა, ამას მართლა არ ელოდა. ეგონა, ოღონდ კი მისი ცოლი მრქმეოდა და ყველაფერს ავიტანდი. სიმართლე გითხრათ, აღარც მიყვარდა, მის მიმართ მხოლოდ შურისძიების გრძნობა მქონდა, ოღონდ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ უნდა მეძია შური და, სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებამდეც თვითონ მიმიყვანა.
როდესაც გაყრა მოვთხოვე, მეგონა, დამთანხმდებოდა, რადგან, აშკარად აღარ ვაინტერესებდი, როგორც ქალი, როგორც პიროვნება და, ვიფიქრე, ჩემგან გათავისუფლება გაახარებდა კიდეც, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა განქორწინებაზე – შეგეჩვიე და უშენოდ ვერ გავძლებო. ამ პასუხმა სულ გამაგიჟა, ესე იგი, მისთვის ვიყავი რაღაც ნივთი, სამშვენისი, რომელიც ადამიანს სახლში უდგას მოსართავად და მისი დანახვა სიამოვნებს. გამწარებულმა ვუთხარი, მეც რომ ისე მოგექცე, როგორც შენ მექცევი, რას იზამდი, მოგეწონებოდა-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? მერე, მე დაგიშალეო? თუ ტვინში სისხლი არ ჩამექცეოდა, არ მეგონა. რამდენიმე დღე დამჭირდა, რომ ეს სიტყვები გადამეხარშა, მერე კი ვიფიქრე, სწორედ ეს იქნება ჩემი შურისძიება-მეთქი და უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მაინც ვერ შევძელი, ვერ გადავაბიჯე საკუთარ თავს. ერთ დღეს კი ეს თავისთავად მოხდა – სრულიად შემთხვევით, ქუჩაში შემხვდა ჩემი ყოფილი თაყვანისმცემელი, უფრო სწორად, კაცი, რომელსაც სკოლის ასაკიდან ვუყვარდი, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი. რომ დამინახა, ისე გაუხარდა, კინაღამ გაგიჟდა. კომპლიმენტებით ამავსო და ლამის ისევ სიყვარული ამიხსნა. მეც გამიხარდა მისი ნახვა და მართლა გულით მოვიკითხე. მითხრა, ცოლი არ შემირთავს, ისევ შენ გელოდებიო. მერე კაფეში დამპატიჟა. არ ვიცი, რატომ დავდექი ასეთი გულახდილობის ხასიათზე, მაგრამ, ყველაფერი ვუამბე, რაც მჭირდა. ძალიან შეწუხდა და მითხრა, თუ რამე დაგჭირდა, არ მოგერიდოს, ყოველთვის შენ გვერდით მიგულეო. დამშვიდობებისას ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ლამის ყოველ მეორე დღეს ვურეკავდით ერთმანეთს. მისი საუბარი საოცრად მამშვიდებდა და საკუთარი თავის რწმენას მმატებდა (რაც ჩემი ქმრის წყალობით ნულამდე მქონდა დაყვანილი). მერე რამდენჯერმე შევხვდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი ამ უცნაური ურთიერთობის ზღვარი ერთხელაც არ გადმოულახავს „სხვანაირად“. ერთ დღეს კი ვიგრძენი, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო. ეს მაშინ მოხდა, როცა ის ერთი თვით იყო საქართველოდან წასული. მართალია, მაინც ვურეკავდით ერთმანეთს, მაგრამ მთელი თვის განმავლობაში მისი არნახვა ჩემს ძალებს აშკარად აღემატებოდა, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას კი, თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი, ძალიან მენატრები, უშენოდ ვეღარ ვძლებ, მჭირდები-მეთქი. კიდევ ერთი კვირა უნდა დარჩენილიყო, მაგრამ იმავე დღეს, გვიან ღამით დამირეკა და მითხრა, თუ შეგიძლია, ქვემოთ ჩამოდიო. გიჟივით გავიქეცი. ერთი კი მკითხა ჩემმა ქმარმა, ასე გვიან სად მიდიხარო, მაგრამ ისეთი „სხვათა შორის“ კითხვა იყო, მივხვდი, პასუხი დიდად არ აინტერესებდა და ამიტომ, მეც „სხვათა შორის“ ვუპასუხე – მზიასთან (ჩემი მეჯვარეა) ვიკრიბებით გოგოები და ამაღამ, ალბათ, ვერ მოვალ-მეთქი. ვიცოდი, არც კი გადამამოწმებდა.
ის ჩვენი სახლის წინ, სკვერში მელოდებოდა. არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, ისე წავყევი. იმ დღიდან ვხვდებოდით ერთმანეთს და უბედნიერესი ქალი ვარ, რადგან უზომოდ ვუყვარვარ და მაღმერთებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არ ვიცი, ჩემი ქმარი ხვდებოდა რამეს თუ ვერა, ყოველ შემთხვევაში, არაფერს იმჩნევდა. თავიდან მაინც მქენჯნიდა სინდისი, მაგრამ ვახოს თავისი ცხოვრების წესი არ შეუცვლია და ამიტომ თავს აღარ ვიდანაშაულებდი. რაც მოხდა, ყველაფერი მისი ბრალია, უფრო სწორად, მისი დამსახურებაა. ამას წინათ კი, ჩემმა შეყვარებულმა (ის საყვარელი არ იყო) ცოლობა მთხოვა. მითხრა, პატარა ბიჭი აღარ ვარ, აღარ შემიძლია, ჩუმად ვხვდებოდე სხვის ცოლს. გაეყარე და დავქორწინდეთო. იმდენი მოვახერხე, რომ ვახო განქორწინებაზე დავითანხმე. ვუთხარი კიდეც, სხვა მიყვარს-მეთქი. პატარა სკანდალი, რა თქმა უნდა, გვქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დამთავრდა და დღეს იმ კაცის ცოლი ვარ, ვინც ჩემზე გიჟდება და ვინც მეც უზომოდ მიყვარს.
ქმარზე შურისძიება მინდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად, დიდი სიყვარული და ბედნიერი ოჯახი შემრჩა ხელთ. ვახოს კი ცოლი აღარ შეურთავს. დარბის ქალიდან ქალთან და ასე ატარებს თავის ცხოვრებას.
ნინი, 25 წლის.

შვილს არავის დავუთმობ
ჩემი დედისერთა ბიჭი მარტომ გავზარდე. ქმარი ადრე მომიკვდა და მეორედ აღარ გავთხოვდი – ბავშვი არ დამეჩაგროს-მეთქი. უმამობა რომ არ ეგრძნო, წელებზე ფეხს ვიდგამდი და არაფერს ვაკლებდი. მართალია, ახლობლები მეუბნებოდნენ, ასე ნუ ანებივრებო, მაგრამ, მიზნად მქონდა დასახული, ჩემს ერთადერთ შვილს ყველაფერი საუკეთესო და თავის დროზე ჰქონოდა. სულ კუდში დავდევდი და თვალებში შევყურებდი – აბა, რა გაეხარდება, რა ესიამოვნება-მეთქი. შევაჩვიე, რომ საუზმე ლოგინში უნდა მიმერთმია, ტანსაცმელი სულ მზად უნდა ჰქონოდა. მუშაობა რომ დაიწყო, ხელფასიდან ერთ კაპიკს არც ვართმევდი და არც ვახარჯვინებდი, რომ თავის გემოზე მოეხმარა. ის კი არა, ჩემი ხელფასიდან ვაძლევდი ყოველდღე ჯიბის ფულს. მოკლედ, ჩემმა ასეთმა განებივრებულმა და ნაპატიებმა შვილმა ერთ დღეს სახლში ვიღაც გოგო მოიყვანა და მითხრა, ჩემი ცოლია და დღეიდან ჩვენთან იცხოვრებსო. იმის ღირსადაც არ ჩამთვალა, წინასწარ ჩავეყენებინე საქმის კურსში. ძალიანაც არ მომეწონა ჩემი რძალი, მაგრამ, ხმა არ ამომიღია. შევეცადე, შევგუებოდი ოჯახის ახალ წევრს, რომ ჩემს შვილს არ სწყენოდა, თუმცა, მისი შეყვარება ნამდვილად ვერ შევძელი, რადგან ჯერ ერთი, გარეგნობით არ მომწონდა, თანაც, საკმაოდ თავნება, თავისნათქვამა, ჯიუტი და უცერემონიო გოგო იყო. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ სულ არ უვლიდა ქმარს. საჭმლის ლოგინში მირთმევა კი არა, იმაზეც კი არ ზრუნავდა, საღამოს  სამსახურიდან მოსული ქმრისთვის გაწყობილი ვახშამი დაეხვედრებინა. აქეთ ითხოვდა მომსახურებასა და თვალებში ყურებას, რაც საშინლად მაღიზიანებდა და მაცოფებდა. ეს ჩემი პრეტენზიული შვილი, რომელიც ჩემგან ყოველთვის ყველაფერს მაქსიმალურად ითხოვდა და მაინც არაფერი მოსწონდა, თავის უსაქმურ ცოლს თავს ევლებოდა და, იმ ქალბატონს ერთი ჭიქა წყალიც რომ მიეწოდებინა, ქებით ცამდე აჰყავდა – ჩემნაირი ცოლი დედამიწაზე არავის ჰყავსო. ისე იყვნენ ერთმანეთით დაკავებული, მე საერთოდ აღარავის ვახსოვდი. მთლიანად უგულებელმყვეს, მხოლოდ მაშინ მომმართავდნენ, როცა ჩემგან რამე სჭირდებოდათ, ისე კი, ვითომ არც ვარსებობდი. ის კი არა, თუ ჩემი ინიციატივით ისევ ძველებურად რამეს გავუკეთებდი ჩემს შვილს, უკმაყოფილოდ მეუბნებოდა, რამდენჯერ გითხარი ამას ნუ აკეთებ, ხომ ხედავ, არ გამოგდის და დაანებე თავიო. მე ეს ძალიან მწყინდა, სამაგიეროდ, უხაროდა ჩემს „ძვირფას“ რძალს, რომელიც ქმრის ასეთ სიტყვებზე კმაყოფილებით და ირონიულად ჩაიღიმებდა ხოლმე. ერთხელ კი ხმამაღლაც გაიცინა და მივხვდი, რომ ის იყო ჩემი შვილის ასეთი შეცვლის მიზეზი. მისი „დამუშავების“ შედეგი იყო ის, რომ ჩემს ერთადერთ პირმშოს არც ჩემი გაკეთებული უნდოდა რამე და არც ჩემი დანახვა ან ხმის გაგონება. ეს რომ გავიაზრე, შიშმა შემიპყრო, ვაითუ ჩემმა შვილმა საერთოდ შემიძულოს ან სახლიდან გამაგდოს-მეთქი და, გადავწყვიტე, ფარულად დამეწყო რძალთან ბრძოლა, მეთოდიც შევიმუშავე: ღიმილითა და „ეტიკეტების“ დაცვით ვაძლევდი შენიშვნებს, საყვედურებს – ვუწუნებდი ნახელავს, სიტყვა-პასუხს, ჩაცმა-დახურვის გემოვნებას, გარეგნობას, ოღონდ, ამ ყველაფერს ისეთ ფორმას ვაძლევდი, თითქოს მასზე ვზრუნავდი და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიყავი; თან, რაც მთავარია, მერე კუდები რომ არ მოება ჩემს სიტყვებზე, ყველაფერ ამას ჩემი შვილის თანდასწრებით ვაკეთებდი.
საკმაოდ დიდხანს დამჭირდა ჩემი „სტრატეგიისა“ და „ტაქტიკის“ ჩატარება, მაგრამ, ნათქვამია, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. მოვითმინე და მოვიგე კიდეც: ერთ დღესაც, გავიგონე, როგორ საყვედურობდა ჩემი შვილი ცოლს – დედაჩემი ყველაფერში მართალია, არაფრის აზრზე არ ხარო. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. მეორე გამარჯვება ის იყო, ქმრის მორიგი უხეში შენიშვნის შემდეგ, ქალბატონმა ტირილი რომ დაიწყო. მე ვითომ რძლის მხარეს ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში ცეცხლზე ნავთს ვუსხამდი და ასე ნელ-ნელა გავაფუჭე მათ შორის ურთიერთობა, რაც, საბოლოოდ, ჩემი რძლის სახლიდან გაქცევით დამთავრდა.
ახლა მე და ჩემი შვილი ისევ მარტონი ვცხოვრობთ, ისევ ძველებურად ვყვები თან და ისევ ისე მადლიერია ჩემი, როგორც უწინ. ცოლის შერთვაზე კი, მგონი, აღარასოდეს იფიქრებს, რომც იფიქროს, გამორიცხულია, ჩემს შვილს არავის დავუთმობ.
ქეთინო, 48 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3