კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როგორი მასპინძლობა გაუწია შანშე მხარგრძელის ოჯახმა ლუი მეცხრის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს – რუბრუკვისს

კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის მრავალი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლი, მიზეზთა გამო, დღევანდელ დღეს საქართველოს საზღვრებს მიღმა მოექცა. მათ მიმოხილვაში მრავალ ქალაქსა და სახელმწიფოს მოვივლით ჩვენს რუბრიკაში. დღევანდელ ინტერვიუში სომხეთის ტერიტორიაზე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში აგებულ ქობაირის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გვესაუბრება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ატრიბუცია-მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე.

გიორგი გაგოშიძე: ქობაირის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ჩრდილოეთ სომხეთში, ლორეს პროვინციაში, მდინარე დებედას ხეობაში, ქალაქ თუმანიანის მახლობლად. მისი სახელწოდება ქართულ-სომხური სიტყვების ნაზავია: „ქობ” ანუ ქვაბი და „აირი” – გამოქვაბული.
– როდის აიგო ქობაირის სამონასტრო კომპლექსი?
– ქობაირი პირველად მეთორმეტე საუკუნეში აიგო. ეს იყო პატარა სომხური ეკლესია, რომელიც მეცამეტე საუკუნეში შეიძინა შანშე მხარგრძელმა და მისმა მეუღლე ხოშამ. მის ადგილას კი დიდი ქართული მონასტერი ააგეს. როგორც ვიცით, შანშე მანდატურთუხუცესი ზაქარია მხარგრძელის შვილი იყო. იგი ბავშვობიდან ბიძასთან, ივანე მხარგრძელთან იზრდებოდა, რომელმაც ძმიშვილი მართლმადიდებლობას მცირე წლოვანი ასაკიდან აზიარა. შანშე დიდი ქართველი ფეოდალია. იგი მამის სამფლობელოების მეპატრონე გახლდათ. საინტერესოა, ფლამანდლიერი მოგზაურის, ვილემ რუბრუკვისის ჩანაწერები, რომელიც შანშესა და მის ოჯახს ეხება. რუბრუკვისი საფრანგეთის მეფის, ლუი მეცხრის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა და 1253-1255 წლებში იმოგზაურა მონღოლოთში, ქალაქ ყარაყორუმში. უკანა გზაზე მან გამოიარა კავკასია და ესტუმრა შანშე მხარგრძელს, სავარაუდოდ, ლორეში. იგი აღწერს, თუ როგორ უმასპინძლა მას შანშემ. რუბრუკვისმა ისადილა შანშესთან, გაიცნო მისი შვილი ზაქარია და მეუღლე ხოშა. „ზაქარია ლამაზი და ჩინებული ჭაბუკია, მან მითხრა, რომ თქვენთან (ლუი მეცხრესთან - ავტორი) რეკომენდაცია გამეწია მისთვის, რათა თქვენს სამსახურში მიგეღოთ. ეს ყმაწვილი ისე იტანჯება თათრების (მონღოლების) ბატონობის გამო, რომ თუმცა ყოველივე უხვად აქვს, ურჩევნია, უცხო ქვეყნებში იხეტიალოს, ვიდრე ქედი მოიდრიკოს მათი უღლის ქვეშ“. ზაქარია შანშეს ძე მხარგრძელი წაჰყვა დავით ულუს ბათო ყაენთან ოქროს ურდოში, ხოლო იქიდან ყარაყორუმში. 1259 წელს განუდგა მონღოლებს და დავით ნარინთან გაიქცა ქუთაისში. მონღოლებმა იგი მოტყუებით ჩაიყვანეს ურდოში და სიკვდილით დასაჯეს. ეს მოხდა 1261 წელს.  შანშე მხარგრძელი ამ დროს, თავის სამფლობელოში სოფელ ოძუნში იმყოფებოდა ქობაირთან ახლოს. როგორც კი მან ეს ამბავი შეიტყო, მაშინვე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ორივე – მამა-შვილი ქობაირში განისვენებს.
ქობაირი დიდი სამონასტრო კომპლექსია, ის შედგება 3 ეკლესიის, სამრეკლო-საძვალისა და სატრაპეზოსგან. მონასტერთანვე შემონახულია გამოქვაბულები. მონასტერს უხვად აქვს კლდეებიდან გადმომდინარე სასმელი წყალი. ის აგებულია დამრეც ფერდზე ტერასულად. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა.
– რა მდგომარეობაშია დღეს ეს ტაძარი?
– სამხრეთი კედელი და თაღკამარა ჩამონგრეულია. დაზიანებულია ჩრდილოეთის კარიბჭე, სადაც იატაკზე შემორჩენილია ქართული საფლავის ქვები ასომთავრული ეპიტაფიებით. აქვეა მხარგრძელთა ეკვდერიც, რომლის კედლებზეც გამოსახულია შანშე და მისი ოჯახის წევრები.
მთავარი ტაძრის საკურთხეველში შემორჩენილია კედლის მხატვრობა, ქართული წარწერებით. ზედა ნაწილში გამოსახულია ზიარების სცენა – მაცხოვარი პურითა და ღვინით აზიარებს მოციქულებს. ქვედა ნაწილში მღვდელმთავრების რიგია. აქვეა პირიღვთისას, ანუ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გამოსახულება. დღეს, ფრესკები შეკეთებულია, ჩატარებულია სარესტავრაციო სამუშაო და მსუბუქი კონსტრუქციითაა გადახურული. ჩანს, სომხეთის კულტურის სამინისტრო ამ კომპლექსიის რესტავრაციას გეგმავს. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ქართულწარწერიანი საფლავების ბედი.
– რატომ?
– ამხელა ქართული სამაროვანი მე არც ერთ მონასტერში არ მინახავს. დღეს კი მასზე ნანგრევები ყრია, ზედ ხალხი დადის და წარწერებიც ცვდება. ეს იწვევს მათ დაზიანებას, განადგურებას. აღსანიშნავია, რომ საფლავის წარწერების ნაწილი ჯერ კიდევ წაუკითხავია. ამ ერთი თვის წინ იქ გახლდით ჩვენი სამსახურის უფროს ნიკა ვაჩეიშვილთან და, ჩვენივე თანამშრომელ დავით ჭეიშვილთან ერთად. დღემდე სრულიად უცნობი წარწერა აღმოვაჩინეთ, სადაც წერია: „ესე საფლავი მეღვინეთუხუცესისა ივანეს მეუღლისა გურჯი ხათუნისი. შეუნდვენ ღმერთმან”. იქ უამრავი საფლავის წარწერაა, რომელთაგან ერთს განსაკუთრებით გამოვყოფდი. მასზე წარმოდგენილი ეპიტაფია გალექსილია:
„გამოვედით სულისაგან ცრუქმნილნი და გამომკრთალნი,
გულსა ცეცხლი მომდებია, მომიდიან პირით ალნი,
დიდთა ჩემთა შვებათაგან დამრჩეს ჩოხის ნაფერთალნი,
კურთხეულ ხარ ქრისტე ღმერთო, შენ და შენი სამართალნი.
ხვაშასა შეუნდვენ ღმერთმან”
აღსანიშნავია, რომ ამ წარწერების უმრავლესობა მეცამეტე საუკუნეს მიეკუთვნება.
– კიდევ რას გვეტყვით?
– საინტერესოა დიდი წარწერები ეკლესიის ორთავ მხარეს, სადაც მოხსენიებულია  შანშე მანდატურთუხუცესის ძე ბერი გიორგი, რომელსაც ყოვლადწმიდა შაშიანისა, ღვთისმშობლის მადლით დაუფიქლავს (გადაუხურავს ლორფინებით) ეს ეკლესია კარიბჭით და დაზიანებული ადგილები აღუდგენია. ამავე დროს, „უცხო თესლთაგან წანაღები” მიწები ეკლესიისთვის დაუბრუნებია. ეს წარწერა დათარიღებული 1276 წლით. 
 ეკლესიიდან ჩრდილოეთით მდებარე სამრეკლო-სამარხამდე, რომლამდეც დაახლოებით 30 მეტრია, გზა სულ ქართულ წარწერიანი საფლავის ქვებითაა მოფენილი. ეს სამრეკლო-სამარხი  შანშე მანდატურთუხუცესის ძის მხარგრძელისა და მისი თანამეცხედრის სადუნ მანკაბერდელის ასულის ვანენის აგებულია 1279 წელს.
ნაგებობის ქვედა ნაწილი არის ეკვდერი, სადაც მხარგრძელისა და მისი მეუღლის საფლავებია, ხოლო ზედა, ფანჩატურისებულ ნაწილში სამრეკლო იყო მოთავსებული. სამრეკლოს დასავლეთით ზედა ტერასაზე ვრცელი თაღოვან-კამაროვანი სატრაპეზოა. ამ მონასტრის ნაგებობათა ხუროთმოძღვრული შემკულობა ტიპური ქართულია. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე დიდი საფასადო ჯვარია გამოკვეთილი. კარ-სარკმელთა საპირეები ქართული სტილის ორნამენტებითაა დაფარული. მონასტრიდან ძალიან ლამაზი ხედი იშლება.

скачать dle 11.3