როგორი იყო ქართველთა როლი და ადგილი მონღოლთა კარზე
თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველო არაერთხელ აღმოჩენილა უცხო დამპყრობთა ბატონობის ქვეშ. მათ შორის ერთ-ერთი ხანგრძლივი პერიოდი იყო მანღოლ-თათართა ბატონობის ხანა. ქართველი ხალხი ძნელად ეგუებოდა დამპყრობლებს. თუკი გარეგნულად იყო იგი იძულებული, ამა თუ იმ ხნით და სახით თავის მორჩილება გამოეხატა, შინაგანად ყოველთვის მზად იყო და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა გასათავისუფლებლად. ასეთ მძიმე პერიოდში, სხვადასხვა მიზეზისა და გარემოების გამო, არაერთი ქართველი აღმოჩენილა დამპყრობთა კარზე. მტრის კარზე მყოფმა ქართველებმა საქართველოს ბედ-იღბალში სხვადასხვა როლი შეასრულეს და, შესაბამისად, ისტორიაშიც სხვადასხვა კვალი დატოვეს. თუ როგორი მდგომარეობა იყო ამ მხრივ მონღოლთა ბატონობის პერიოდში, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს:
– მონღოლები საქართველოში სულ ცოტა, ერთი საუკუნე ბატონობდნენ. მეცამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან 1256 წლამდე საქართველო უშუალოდ ყარაყურუმში მჯდარ დიდ ყაენს ემორჩილებოდა. 1256 წელს კი შეიქმნა ახალი მონღოლური გაერთიანება – ჰულაგუიანთა სახელმწიფო ანუ საილხანო და საქართველოც მას დაექვემდებარა 1327-1330 წლებამდე. ამ სახელმწიფოს ცენტრი, ყარაყურუმთან შედარებით, თავის ქვეშევრდომ ქვეყნებთან და, მათ შორის, საქართველოსთანაც, ბევრად ახლოს იქნა გადმოტანილი.... ილხანთა დედაქალაქი თავრიზი იყო. სწორედ ამ ახალ, ხმელთაშუა ზღვიდან ამუდარიამდე გადაჭიმულ სახელმწიფოს, საქართველო ყმადნაფიცობის პრინციპით დაემორჩილა. მაგრამ ამ ახალი სახელმწიფოსთვის მარტო საქართველო არ იყო საკმარისი, მას, თურმე, თვით ბიზანტიაზეც ჰქონდა პრეტენზიები. დამახასიათებელია მონღოლთა კარის ისტორიკოსის, რაშიდ ად-დინის ერთი ამბიციური ცნობა, რომელიც მის „მატეანეთა კრებულშია” დაცული.
– რა ინფორმაციას გვაწვდის ეს ცნობა?
– „მოვიდნენ ფასილიუსის ისტამბულის ხელმწიფის შიკრიკები ძღვნითა და საჩუქრებით და აუწყეს, რომ ფასილიუსს სურს ისლამის ხელმწიფის ჩრდილში ყოფნა და სურს მას მხევლად გაუგზავნოს თავისი ქალიშვილი”. თუნდაც ამ ცნობის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა პრეტენზიებით იქნებოდნენ განწყობილი ილხანები ქართველთა მიმართ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო დაქვემდებარებული მონღოლეთს, ამ დროის და, განსაკუთრებით, მათი ბატონობის ბოლო პერიოდის შესახებ საბუთები და მოგზაურთა ჩანაწერები მცირედაა შემორჩენილი. ამან განაპირობა ის, რომ ილხანთა კარზე ქართველთა ყოფნის შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა. მხედველობაში არ გვაქვს „გაურკვეველი” ეროვნების პიროვნება და მედროვე სადუნ მანკაბერდელი. ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობდა იმდროინდელი როგორც საქართველოს, ასევე, საილხანოს სამეფო კარზე. სადუნ მანკაბერდელის შესახებ ბევრი თქმულა და ამიტომ სიტყვას არ გავაგრძელებ. ჩვენთვის საინტერესო საბუთების სიმცირისა და ფრაგმენტულობის მიუხედავად, მაინც შესაძლებელი გახდა აღმოსავლურ წყაროებში მიმობნეული ცნობების მოძიება საილხანოში მოღვაწე ქართველების შესახებ. ჩვენი ყურადღება, უპირველესად მიიპყრო სპარსი მემატიანის, ჰაზეფე აბრუს ზოგიერთმა ცნობამ. მან რაშიდ ად-დინის „მატეანეთა კრებული” გააგრძელა, სადაც დაიცვა ილხანთა ტახტის მოცილეობის საინტერესო ეპიზოდი, ქართველი ემირის, ვინმე – „ემირ გურჯის” მონაწილეობით.
– რა არის ცნობილი ემირ გურჯის შესახებ?
– ემირ გურჯი აქტიურ და გადამწყვეტ როლს ასრულებდა ოლჯაითუ ხუდაბანდას გაყაენების საქმეში 1304 წელს. სპარსი მემატიანე მოგვითხრობს: თავისი ყაენობის დროს, სულთანმა ყაზანმა, ძმას – ოლჯაითუს, ხორასნის განმგებლობა ჩააბარა. ამ უკანასკნელს კი მოეხსენებოდა ყაენის ავადმყოფობისა და დაღლილობის ამბავი, ამოირჩია რამდენიმე თავისი ერთგული კაცი და ყაენის კარზე მიავლინა. მათ ევალებოდათ, თვალყური ედევნებინათ ყაენის ყველა საქმისა და განზრახვისთვის იმ მიზნით, რომ შემდეგ ოლჯაითუსთვის სასწრაფოდ შეეტყობინებინათ, რაც იქ ხდებოდა. როცა ამ მისიის შემსრულებლებმა ყაზან ყაენის სიკვდილი გაიგეს, სწრაფად გასწიეს ხარბანდას ოლჯაითუს სადგომისკენ... ყაენს (იგულისხმება მომავალი ყაენი ოლჯაითუ) უნდოდა ამ სიახლის გამოცხადება, მაგრამ ამირმა მულაიმ შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა იგი, თავი შეეკავებინა ასეთი სწრაფი მოქმედებისგან: „უპირველესად, არსებობს უმნიშვნელოვანესი საკითხი – მტრის ამოცნობა, რათა საშუალება გვქონდეს, ჩავახშოთ აჯანყება, რომელიც ყოველთვის არის მოსალოდნელი და მოვსპოთ ისინი (მტრები), სანამ ჩვენ გვავნებდნენ (რამეს); ეჭვს გარეშეა, უფლისწულ ალაფრანგის სახით ჩვენ გვყავს მტერი, რომელსაც მხარს უმაგრებს ემირი ხორყუდაყი...” ყაენმა ოლჯაითუმ გადაწყვიტა, რომ ეს ფრიად ბრძნული რჩევა იყო, მიიღო ის და, დიდი ხნის თათბირის შემდეგ, თავისი ლაშქრის სამ ძლიერ მეთაურს დაავალა, ჩამოეშორებინათ მისთვის მტერი. საქმის აღსრულება დაევალათ: ემირ ისენ ყუთლუს, ყუთლუ-ბუღასა და ქართველ ემირს. უფლისწული ალაფრანგი საერთოდ არ მოელოდა ამ შეთქმულებას და ისინი პატივითა და კეთილგანწყობით მიიღო. მაგრამ, ერთ-ერთი ფარული შეხვედრის დროს, ქართველმა ემირმა ის მოკლა. ამის შემდეგ ოლჯაითუს საშიში მოწინააღმდეგეები აღარ დარჩა.
– კიდევ რა არის მოთხრობილი?
– ამის შემდეგ მოთხრობილია, რომ ოლჯაითუმ გადაწყვიტა, ყოველი შემთხვევისთვის, თავიდან მოეშორებინა ემირ ხორყუდაყიც და, მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა.
– როგორ დასრულდა მათი შერკინება?
– ამ უთანასწორო ბრძოლაში ემირ ხორყუდაყის ხალხი დამარცხდა, მაგრამ, ერთ-ერთი შეტაკებისას მოკლულ იქნა ქართველი ემირი, უფლისწულ ალაფრანგის მკვლელი, – გვამცნობს ჰაფეზე აბრუ და ამატებს: – სამართლიანად თქმულა – რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.
ასეთია ოლჯაითუს გამეფების წინა ისტორია, რომელშიც ქართველ ემირს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სამწუხაროდ, სპარსელ ისტორიკოსს მისი სახელი არ მოუხსენიებია და არც ერთ სხვა წყაროში მის შესახებ არაფერია ნათქვამი.
– გარდა ქართველი ემირისა, კიდევ თუ ვხვდებით ილხანთა სახელმწიფოში ქართველთა კვალს?
– ილხანთა სახელმწიფოში ქართველთა კვალის ორიოდე მაგალითი კიდევ შეიძლება დავასახელოთ. რაშიდ ად-დინის პირადი წერილებიდან ირკვევა, რომ ყაზან ყაენის დროს, თავრიზთან რამდენიმე სოფელი დაუფუძნებიათ ვაზისა და ხილის მოსაშენებლად და არხების გასაყვანად. მათ შორის დასახელებულია „გორჯების” (გურჯების) სოფელიც, სადაც, როგორც სახელიდან აშკარად ჩანს, ქართველებს უცხოვრიათ. დამახასიათებელია, რომ მათ ევალებოდათ ვაზისა და ხილის მოვლა.
ილხანთა კარზე ქართველ ღულამთა, ანუ მსახურთა, ერთგულებაზეა ლაპარაკი რამდენიმე სპარსელ მემატიანესთან. ჩობან-ნოინის ერთ-ერთი შვილიშვილი, მელიქ-აშრაფი, ჩობანიანთა მემკვიდრე სახელმწიფოს მესვეური, ჩრდილოეთიდან შემოსულმა ოქროს ურდოს ყაენმა ჯანი-ბეკმა სასტიკად დაამარცხა... აშრაფმა დატოვა თავრიზი და მარაღისკენ გაემართა, სადაც ოჯახი ჰყავდა. მემატიანეთა ცნობით, სანამ ამ ქალაქს მიაღწევდა, იგი ყველას მიუტოვებია, ორი ქართველი ღულამის გარდა.
– ქართველი ისტორიკოსი რას იუწყება მონღოლთა კარზე მოღვაწე ქართველების შესახერბ?
– აღსანიშნავია, რომ ქართველებს მონღოლთა კარზე საერთოდ არ ასახელებს ქართველი ისტორიკოსი ჟამთააღმწერელი. არადა, როგორც დავრწმუნდით, სხვა თუ არა, ერთი ქართველი ემირი საკმაოდ ცნობილი ყოფილა ოლჯაითუ ყაენის კარზე. არ შეიძლება, რომ ამავე ხანში მოღვაწე ქართველ ისტორიკოსს მის შესახებ არაფერი სცოდნოდა. ჩანს, საქმე ისაა, რომ მისი თხრობისთვის ისინი არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდნენ. აკი თვით თემურ-ლენგის კარის ისტორიკოსი, ჰაფეზე აბრუ, ირონიულად აღნიშნავს ამ ქართველი ემირის სიკვდილის შესახებ – რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. ამ ფრაზით ისტორიკოსი გვამცნობს, რომ ილხანთა კარზე არავის დანანებია იგი, არაფრად ჩაუგდია „ემირ გურჯის” ერთგულება, თავდადება და აქტიურობა მომავალი ყაენის გამეფების საქმეში. მას საკუთარი სახელით მოხსენიებაც კი არ აღირსეს. დავალებით კი ყველაზე საპასუხისმგებლო და უსიამოვნო საქმე დააკისრეს. მაგრამ, განა იგივე მდგომარეობა არ გვაქვს, როდესაც ქართველი მეფეები მონღოლთა ლაშქრის შემადგენლობაში თავდადებით და „უმეტეს სხუათა” შემართებით იბრძვიან „მაღალი” ყაენის ინტერესებისათვის სირია-პალესტინაში, გილანში და სხვაგან?! ცნობილია, რომ გილანის დამორჩილებისას ქართველებს ცოცხალი ძალის ისეთი ზარალი უნახავთ, რომ, ჟამთააღმწერლის სიტყვებით, მრავალი წარჩინებულის ოჯახი დედაბუდიანად ამოწყვეტილა.
მართალია, უშუალოდ თავის კარზე შეხიზნული ქართველებისგან განსხვავებით, ყაენი ქართველ მეფეებს, ზოგჯერ გარეგნულად მაინც, უფასებს ესოდენ თავდადებას. მაგალითად, 1303 წელს სახელმწიფო წვეულებაზე ყაზან ყაენის სტუმართა შორის, მონღოლ წარჩინებულთა შემდეგ, უპირველესად, საქართველოს მეფე იხსენიება. ერთი სპარსული წყარო გვამცნობს: „ჩვეულებისამებრ, წვეულება სამ დღეს გაგრძელდა. მისი უმაღლესობა, სახელმწიფოს ვეზირები, საქართველოს, რუმისა და სომხეთის ქვეყნის სულთნები, სხვადასხვა ქვეყნის წარგზავნილები... რიგრიგობით, თავისი წოდებისდა მიხედვით, მიართმევდნენ (ყაენს) საჩუქრებს”. როგორც წესი, ყაენთა პატივი ამით ამოიწურებოდა. ასეთია დამპყრობთა კარზე მოხვედრილ ქართველთა ბედი. ისინი იძულებული იყვნენ, თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობანი მტრის სასარგებლოდ წარემართათ. მხოლოდ უდიდესი მსხვერპლის გაღებით თუ მოახერხებდა ზოგიერთი მათგანი, სამშობლოსთვის სასარგებლო საქმე გაეკეთებინა.