კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის არ ანებივრებს სოფო გელოვანი და რატომ არ ურიგდება არასდროს მას მეუღლე

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ზაფხულის საშინელი ხვატია, ნიჭიერმა მომღერალმა, სოფო გელოვანმა საქმეების გამო ვერ მოახერხა ქალაქიდან გასვლა, რადგან თავდაუზოგავად მუშაობს და ახლო მომავალში საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

სოფო გელოვანი: ჯერჯერობით ვერ გავედი ქალაქიდან. საერთოდ, ზაფხულში უფრო მეტი საქმეა; ახალ მუსიკალურ პროექტებზე ვმუშაობ, სტუდიაში მაქვს ჩაწერები, თუმცა, ჯერ ვერ ვიტყვი, რა პროექტია. პრემიერა, ალბათ, ოქტომბერში გვექნება.
– პირადად მე ზამთრის სიცივეს ზაფხულის საშინელი სიცხე მირჩევნია.
– მეც სიცხე მიყვარს, სიცივეს და ზამთარს მირჩევნია. უბრალოდ, ამ ბოლო პერიოდში დავიწყე წუწუნი, არადა, არ ვარ წუწუნა. კონდიციონერსაც ვერ ვიტან – ცუდად მოქმედებს ჩემზე და, მოკლედ, სიცხეში ვიტანჯავ თავს. მიწევს ბევრი სირბილი, მაგრამ ვუძლებ, სხვა რა გზაა.
– წუწუნი არ მიყვარსო. არაფერზე არ წუწუნებ?
– მართლა არ მიყვარს წუწუნი. შეიძლება, ძალიან ახლობელ ადამიანთან ვთქვა, თუ რამე მიჭირს. ზოგადად, არ მიყვარს ჩემს პრობლემებზე ლაპარაკი, მირჩევნია, თავად მოვაგვარო. ვიგროვებ ხოლმე და მერე, შეიძლება, ვთქვა,  მეუღლესთან ან მეგობრებთან. თუ რამე გაწუხებს და მეუღლესთან არ თქვი, ისე რა გამოვა.
– მეუღლე, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, მეგობარი უნდა იყოს.
– აბა, რა. ის, უპირველეს ყოვლისა, ჩემი მეგობარია და შემდეგ – მეუღლე. რასაც ვფიქრობ, განვიცდი, ყველაფერს ვეუბნები. ისიც ასეა, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს.
– შენი საქმე ისეთია, აუცილებლად გჭირდება ხელშეწყობა.
– ნოდი სხვანაირი რომ ყოფილიყო, ბევრ რამეს ვერ გავაკეთებდი. თუ მეუღლე რაღაც საკითხში არ გიდგას გვერდით, ვერ გააკეთებ; არ გექნება ხალისი, როცა იცი, რომ არ მოსწონს შენი პროფესია, საქმე. მაგრამ, როცა ყველაფერს ერთმანეთს უთავსებ, უკვე კარგად გამოდის. ღმერთის წყალობით, ჩვენ ასე ვართ.
– როდესაც პეტერბურგში ცხოვრობდით, მაშინ, ალბათ, კიდევ უფრო მეტად გიწყობდა ხელს..
– იქ ცხოვრებამ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გააძლიერა, რაღაც პრობლემები ერთად გადავლახეთ და მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მყარი გახდა. როდესაც გავთხოვდი, უცებ მოვწყდი საქართველოს და ყველაფერი ერთდროულად მოხდა: სხვა ქვეყანაში გადასვლა და უცხო ადამიანთან ცხოვრება. თუმცა, ჩემს მეუღლეს მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ, თანაცხოვრება სხვა რამეა. პირველად დავიწყეთ პეტერბურგში ერთად ცხოვრება. იმან, რომ მარტოები ვიყავით და დამოუკიდებლად ვცხოვროდით, ძალიან გაამდიდრა ჩვენი ურთიერთობა, ამიტომ ამ პერიოდს ორივე განსაკუთრებულად კარგად ვიხსენებთ.
– თუმცა, უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას, ცხოვრებაში ახალი, განსხვავებული ეტაპის დადგომას, ალბათ, პატარა ნერვიულობაც ახლავს თან.
– იყო ასეთი მომენტები, პატარა დეტალები, თუნდაც, ნათურა რომ შენი გამოსაცვლელია, მაგრამ, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ამ პატარა ნერვიულობაში, განცდებში ძალიან ბევრი რამ იყო კარგი. ალბათ, ურთიერთობის გასამყარებლად ასეთი რამ საჭიროა. რაც თბილისში  გადმოვედით, ნოდის ოჯახის წევრებთან ერთად ვცხოვრობ. დღეს ვინმემ რომ მკითხოს, არ გინდა ცალკე ცხოვრებაო? მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რა კარგია, მარტო ცხოვრება, ახლა მათთან ერთად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და, ალბათ, უარს ვიტყოდი. ჩვენ ოჯახში სულ ბევრნი ვიყავით, ხალხმრავლობა იყო, სტუმრიანობა. მიჩვეული ვარ, რომ ბევრნი ვიყოთ და ამიტომ მომწონს. ორივეს თავისი ხიბლი აქვს, თან, სად ერთი ქალი რომ გაზრდის ბავშვს და სად – ორი. ბებიის სიყვარულსაც სულ გრძნობს, თან, მეც ძალიან მეხმარება.
– ბებია, ალბათ, ანებივრებს შვილიშვილს.
– ძალიან ანებივრებს, მე უფრო მკაცრი დედა ვარ. რომ ვუბრაზდები, მერე ბებიას და ბაბუას ეცოდებათ. მამაც ანებივრებს, თუმცა, როცა საჭიროა, ისიც მკაცრია. ჯერ კი პატარაა, მაგრამ, არ მიყვარს გათამამებული ბავშვები. არ ვიცი, მომავალში როგორი გაიზრდება, მაგრამ ახლა ვცდილობ, ზომიერად მივაწოდო ყველაფერი.
– კიდევ ხომ არ აპირებთ შენ და შენი მეუღლე უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას?
– თბილისში ნოდიც მუშაობს და ჩემი საქმეებიც ნელ-ნელა აეწყო, მაგრამ, რადგან ექიმია, სულ სწავლობს, რაღაცის ძიებაშია. არ არის გამორიცხული, სასწავლებლად ევროპაში წავიდეს, გეგმები გვაქვს და, ვნახოთ, რა იქნება. სადაც ნოდი იქნება, მეც იქ მინდა ვიყო.
– ხშირად ცოლები არ მიჰყვებიან მეუღლეებს უცხოეთში საცხოვრებლად. მიზეზად კი სამსახურს, კარიერას ასახელებენ. რომ წახვიდე, შენც მოგიწევს საქმეზე უარის თქმა...
– ფაქტობრივად, რაღაც პერიოდი ჩამივარდება, მაგრამ, მირჩევნია, იქ ვიყო, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანი იქნება, მის გვერდით უფრო კარგად ვიგრძნობ თავს.
– თან, როდესაც პირადი ცხოვრება მოწესრიგებული გაქვს და გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, სხვა საქმესაც უფრო კარგად, მეტი სიყვარულით აკეთებ.
– ქალისთვის პირადი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ კარიერისტ ქალს უთქვამს, მე კარიერას ვერ დავანგრევო, მეც ასე ვფიქრობდი – ქმარმა, რომ ამიკრძალოს სიმღერა, ვერ ავიტან-მეთქი და ასე შემდეგ. რა სისულელეა, როცა ადამიანი გიყვარს და ხვდები, მას შენი პროფესია არ მოსწონს, ქალს ძალიან ადვილად შეუძლია, ყველაფერს დაანებოს თავი ოჯახის გამო. მე ამ საქმის, ანუ სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას.
– მეუღლეც ისეთი შეგხვდა, არ დაგაყენა არჩევნის წინაშე.
– დიახ და ეს ძალიან მიხარია. სულ გვერდში მიდგას. სულ მეუბნება, ჩვენ პეტერბურგში რომ არ წავსულიყავით, ვერ დავრწმუნდებოდი შენს ნიჭიერებაშიო. ხედავდა, უცხო ქვეყანაში მარტომ რომ მივაღწიე რაღაც-რაღაცეებს და ეს ძალიან მოსწონდა.
– შენს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა სირთულეებთან არის დაკავშირებული?
– ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან რთულად ხდება. ყველას გაუკვირდა, „ჯეოსტარში“ რომ მივიღე მონაწილეობა – რა გინდოდა, რისთვის გახვედი, ამდენი რამ გაქვს გავლილიო. ამ პროექტმა ბევრი რამ მომცა, რაღაც დონეზე ცნობილი სახე გავხდი და, რაც მთავარია, მაყურებლის დიდი სიყვარული მომიტანა. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყოველი პატარა წარმატება დიდი შრომის ფასად მიჯდება და ამით ბედნიერი ვარ, რადგან, არ არსებობს, ადამიანს არ დაუფასდეს შრომა. ჯობია, შენი შრომით, წვალებით მოიპოვო ყველაფერი, რადგან, რაც ადვილად მოდის, ის მალევე მიდის.
– რაც უფრო მეტს შრომობს ადამიანი, ხშირად უფრო მეტი სირთულე, წინააღმდეგობა ხვდება.
– ძალიან გულჩვილი ვარ, ბევრ რამეზე მწყდება, მტკივა გული. სწორედ ამიტომ მჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც მეტყვის: „არა უშავს, არ დაყარო ფარ-ხმალი. ეს განსაცდელი იმიტომ გქონდა, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთო“... და როცა ამას ხშირად გეუბნება, უფრო მეტ ძალას გრძნობ, თორემ, მარტო უფრო მეტად გამიჭირდებოდა. ასეთი ადამიანები, საბედნიეროდ, ბევრი მყავს: ჩემი მეუღლე, დედა, ძმა, და, ახლობლები, ვისაც ჩემზე გული შესტკივა.
– როცა ადამიანი სირთულეების გადალახვის შემდეგ, თავისით აღწევს წარმატებას, უფრო მეტ გამოცდილებას იძენს, რაც გაზრდაში ძალიან ეხმარება.
– ეს ძალიან კარგია, თან, როდესაც ერთ წარმატებას აღწევ, იმით არ კმაყოფილდები, კიდევ უფრო მეტი გინდა და ასე იზრდები. რაც მთავარია, შენი გასაკეთებელი სხვამ არ უნდა გააკეთოს. შრომა მადლიანი საქმეა. მე ისეთი მშრომელი არ ვარ, როგორც სხვები არიან. ხანდახან შემომიტევს ხოლმე სიზარმაცე, მაგრამ, თავს ვაძალებ, რომ საქმე გავაკეთო. ბოლო დროს საკუთარი თავის მასწავლებელი გავხდი – სოფოს, ვოკალში ვამეცადინებ (იცინის). ვცდილობ, საკუთარ თავში მოვძებნო – რა არ მომწონს, რა გამოვასწორო, სულ ძიებაში ვარ. ყოველდღე ორი საათი ვჯდები და ტრენინგს ვიტარებ. სულ მგონია, რომ უფრო მეტი შემიძლია და ამიტომ არ მომწონს რაღაცეები, რაც სხვებს ძალიან უკვირთ, რადგან იმათ მოსწონთ.
– შენგან ყოველთვის დადებითი, კარგი ემოციები მოდის, მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.
– არ მაქვს იოლი ხასიათი, მაქვს ჩემი სირთულეები. იშვიათად ვბრაზდები, მაგრამ, თუ გავბრაზდი – საფუძვლიანად. მშვიდი ვარ სახლშიც, გარეთაც, თუმცა, როგორც ყველას, მეც მყავს „ოფოფები“, რასაც იშვიათად ვავლენ.
– გაბუტვაც ხომ არ იცი?
– ნოდი არის ძალიან ბუტია. პატარა რამეზე ბავშვივით იბუტება. უფრო ხშირად ხომ კაცები ურიგდებიან ქალებს, არ მახსოვს, ნოდი მოსულიყო და შემრიგებოდა. დამნაშავეც რომ იყოს, ყოველთვის მე უნდა მივიდე და შევურიგდე.

 

скачать dle 11.3