რომელ თვემდე სჭირდება ვალოტას სიმშრალე და წელიწადის რომელ სეზონზე ხდება გასტერიას გადარგვა
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად გასტერიასა და ვალოტაზე ისაუბრებს. როგორც გავარკვიეთ, ეს მცენარეები სწორედ ამ სეზონზე იფურჩქნება. თუ როგორი მოვლა სჭირდება მათ და რით შეიძლება ისინი დაავადდეს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ვალოტა საკმაოდ გამძლე მცენარეა. ის იოლად ეგუება მკაცრ პირობებსაც კი. მასზე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ, რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, მით უფრო უხვად იყვავილებს. მისი რვასანტიმეტრიანი ყვავილი ძალიან შესამჩნევი და ულამაზესია. მცენარის გაზრდა დამოკიდებულია მორწყვაზე. საერთოდ, ის აგვისტოს ბოლოსა და სექტემბერში ყვავის, მაგრამ, ბოლო დროს გამოიყვანეს თეთრი და ვარდისფერი ვალოტა, რომელიც გაზაფხულზე მეორედ ყვავის. თუ თქვენს ფანჯრის რაფებზე შენიშნეთ აყვავებული ვალოტა, ნუ გაგიკვირდებათ და დატკბით მისი სილამაზით.
მცენარე თითქოს სპეციალურ „ფეხებს“ ივითარებს, რომელიც შიგნით აქვს დამალული და ამონაყარს ზევით აგდებს. ნიადაგის ზემოდან ყოფნა ბოლქვს არ აშინებს, რადგან მას შეუძლია, სპეციალური საკონტაქტო ფესვები გაიკეთოს. ამ ფესვების საშუალებით მრავლდება ვალოტა. ფოთლების დაკარგვას მცენარე ძნელად ეგუება, თუმცა, ზამთარში ბოლქვს დასვენება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ მას არ უყვარს ხშირი გადარგვა. ამიტომ, კარგია, თუ მაშინვე აღუდგენთ სასიცოცხლოდ საჭირო ფოთლებსა და ფესვებს. მცენარის გამრავლებისას პრობლემები თითქმის არ იქმნება. ამ დროს საჭიროა 16-18 გრადუსი სითბო. მესამე კვირას მცენარეს სიცოცხლის ნიშანი უნდა გაუჩნდეს.
– როგორი პირობები უნდა შევუქმნათ მცენარეს, რომ აღარ დაგვჭირდეს მისი ხშირი გადარგვა?
– თუ გაქვთ ნაყიდი ბოლქვი, ჩარგეთ ფრთხილად, აუცილებელია, მისი ყელი მიწის ზემოთ იყოს. ეს ხელს შეუწყობს ბოლქვს დაყოფაში, ისე რომ მიწის კომი არ დაირღვეს. ნიადაგის მხრივ, ვალოტა არც ისე მომთხოვნი მცენარეა. ერთად შეურიეთ ნაკელი, ფოთლოვანი მიწა და სილა. ბინაში შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დადგათ, ზაფხულში კი გარეთ, სუფთა ჰაერზე გაიტანეთ, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ღია გრუნტში ქოთნით მისი ჩარგვა არ შეიძლება, რადგან ზამთარში გარეთ ვერ დატოვებთ, გადარგვა კი მას არ უყვარს. შეგიძლიათ, უბრალოდ, აივანზე დადგათ.
– გაზაფხულსა და ზაფხულში კიდევ რას მივაქციოთ ყურადღება?
– მაისიდან, სამ კვირაში ერთხელ, ვალოტას გამოკვება სჭირდება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მინერალური და ორგანული სასუქები. ზომიერად მორწყეთ, წყალი ისე მოჭარბებულად არ დაასხათ, რომ გარეთ გამოვიდეს, თუმცა, არც მიწის ზედა ნაწილი არ უნდა გამოშრეს. ყვავილობის შემდეგ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან, მოუკელით რწყვას, რათა მცენარემ ბალანსი გააკეთოს ზრდასა და ფოთლების დაღუპვას შორის. ამ მცენარისთვის სიმშრალე თებერვლიდან აპრილამდეა საჭირო.
რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს სასურველია, მცენარე 5-8 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფოთ. თუ ნიადაგი ძალიან გამოუშრება, ცოტათი მორწყავთ. მართალია, ამ მცენარეს გადარგვა არ უყვარს, მაგრამ, სამ წელიწადში ერთხელ უნდა გადარგათ.
– არის იმის საშიშროება, რომ ვალოტას დაავადება შეეყაროს?
– ყველაზე დიდ საფრთხეს მცენარეს უქმნის ფუზარიოზი. ეს დაავადება ფესვებს უზიანებს. ამ შემთხვევაში ვალოტა დაამუშავეთ ფუნდაზოლით და მცენარე განიკურნება.
– როგორი მცენარეა გასტერია?
– გასტერია ყურადღებას იქცევს თავისი უცნაური გარეგნობით – ხორციანი, ორმხრივად ამოყრილი ფოთლები მჭიდრო მარაოს გვაგონებს. ზოგიერთი სახეობის გასტერიის ფოთლები ერთ მეტრსაც აღწევს. ისინი გალამაზებულია მოვერცხლისფრო-ყავისფერი ზოლებითა და წინწკლებით. მისი დეკორატიულობა და სილამაზე თქვენზეც არის დამოკიდებული.
– როგორ შევუნარჩუნოთ ასეთი სილამაზე მცენარეს?
– წელიწადში ერთხელ ის სინათლის მხარეს შეაბრუნეთ 45-90 გრადუსით. როგორც ყველა სუკულენტს, გასტერიასაც უყვარს სინათლე, მაქსიმალური მზის სხივები. მართალია, მცენარეს შეუძლია უწყლოდ დიდხანს გაძლება, მაგრამ, ზამთარშიც კი, სასურველია, მსუბუქად მორწყათ ერთ-ორ კვირაში ერთხელ. ზაფხულში კი სამ-ოთხ დღეში ერთხელ.
– რა ტემპერატურა შევუნარჩუნოთ გასტერიას?
– მცენარეს ზამთარში უყვარს სიგრილე (10-12 გრადუსი). თუ ამ ტემპერატურას დაიცავთ, ის დიდხანს იყვავილებს. ძველ მცენარეს ყოველი ორი ფოთლის შემდეგ გამოსდის საყვავილე ღერო, მაგრამ, თუ სასურველი პირობები არ არის, ის ხმება.
– როდის უნდა დაველოდოთ გასტერიის ყვავილობას?
– გასტერიის ყვავილობის სეზონი იწყება ორიგინალური სტაფილოსფერ-წითელი ამონაყრით. ეს ხდება მარტში. ამ პერიოდში გასტერია მორწყეთ, მაგრამ ტემპერატურა არ შეუცვალოთ, თორემ, ყვავილედი დაიღუპება. ყვავილობის შემდეგ რჩება თესლი, რომელიც უკვე მომწიფებულია ზაფხულში. თუ არ გჭირდებათ, შეგიძლიათ, ყვავილობის შემდეგ მოჭრათ. თუ გჭირდებათ, შეინახეთ და დაელოდეთ ზაფხულს, სანამ მომწიფდება. ეს თესლი ითესება სველ სილაში და აღმოცენდება ერთ-ორ თვეში. ასე, მცენარე ნელა იზრდება. ყველაზე კარგად და სწრაფად ამონაყარით მრავლდება.
– ამ ხერხით როგორ გავამრავლოთ?
– ძირითად დედა მცენარეს ფრთხილად მოაცილეთ ამონაყარი და გადარგეთ. ეს, ჯობია, მოხდეს გაზაფხულზე. განცალკევებული მცენარე ერთი დღე გააჩერეთ და შემდეგ ჩარგეთ ნიადაგში, შეგიძლიათ, რამდენიმე დღე წყალშიც გააჩეროთ.
– როგორი ნიადაგი სჭირდება გასტერიას?
– გასტერიისთვის უკეთესია ფხვიერი ნიადაგი. ერთმანეთში გადაურიეთ ფოთლოვანი მიწა, ნაკელი, სილა და ხის ნახშირი. ფესვების გამოტანის დროს სუბსტრაქტით იშვიათად მორწყეთ. განვითარების პირველ ეტაპზე მცენარე ნელ-ნელა იზრდება, ორი-სამი წლის შემდეგ კი, შეიძლება იყვავილოს კიდეც. გასტერიას უყვარს ნიადაგის განოყიერება მინერალური სასუქით. გახსოვდეთ, ეს პროცესი ჩაატარეთ მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში. მსხვილი ეგზემპლარები ყოველ წელს უნდა გადარგათ დიამეტრით უფრო მოზრდილ ქოთანში და, თან პატარა შვილობილებიც მოაშორეთ. ასე შეგიძლიათ მსხვილი გასტერიის გაზრდა.
– თუ ემუქრება ამ მცენარეს პარაზიტები?
– მისთვის ყველაზე საშიში დაავადება სიდამპლეა, რაც გამოიხატება ფოთლების გაშავებით. როცა მცენარე ძველია და ძლიერი, მაშინ, ქვედა ფოთლებზე შეამჩნევთ სიშავეს. ახალგაზრდა მცენარე კი მთლიანად შავდება. როგორც კი ამას შეამჩნევთ, დაზიანებული ნაწილი მაკრატლით შეაჭერით, მოაყარეთ ზემოდან ნახშირი ან ნაცარი, გადარგეთ სხვა ჭურჭელში და მორწყეთ ზომიერად. სხვა მავნებლები გასტერიას იშვიათად ეტანება.