კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ვინ შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლად და რა უფლებებით სარგებლობენ მომხმარებლები საქართველოში? 
პასუხი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მომხმარებელი არის პირადი საჭიროებისათვის საქონლის, სამუშაოს, მომსახურების გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე. რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს  უფლება, მოითხოვოს: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე, მისი ქონებისთვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ; მომხმარებელთა კავშირებსა და საზოგადოებებში გაერთიანება.
კითხვა: 1975 წელს წერილობითი ფორმით დავდე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 25 000 საბჭოთა მანეთის გადახდის სანაცვლოდ, მივიღე საცხოვრებელი სადგომი  თბილისში, საბურთალოს რაიონში, კერძო პირისგან. დღემდე ვერ მოვახერხე აღნიშნული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გაფორმება, რადგან გამყიდველი უარს აცხადებს ფართის ჩემს საკუთრებაში გადმოფორმებაზე. გთხოვთ, განმიმარტოთ, კანონიერია თუ არა მესაკუთრის უარი?
პასუხი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, რომელიც აწესრიგებს მსგავსი სახის ურთიერთობებს, თუ მხარეებს შორის  არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოსარგებლეს სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, ოღონდ, მოსარგებლისთვის ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 90 პროცენტის გადახდის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის მითითებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების, კერძოდ, დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მესაკუთრეს გადაუხადოთ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 10 პროცენტი და კანონიერად მოითხოვოთ მისი საკუთრებაში გაფორმება.
კითხვა: რას ნიშნავს ხანგრძლივი პაემანი და როგორ წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლება?
პასუხი: „პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის უფლება, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, დასთან და ძმასთან ერთად ცხოვრების უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ზემოთ ჩამოთვლილი პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 2 კვირით ადრე. პაემნის უფლების მქონე პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი საბუთი. ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან, არა უგვიანეს ორი კვირისა, უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის შესახებაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არა უმეტეს 24 საათისა. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულისა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. ხანგრძლივი პაემნის მიცემის ან არმიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, რომლის თანხმობა ან მოტივირებული უარი, მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. ხანგრძლივი პაემნისთვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით – დაუშვებელია.
კითხვა: მაინტერესებს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ დაიწყოს მუშაობა სახელმწიფო სამსახურში და გახდეს მოხელე?
პასუხი: „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები არის, რომ პირი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება  მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა ექიმისთვის, რომელიც უმწეო და სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს უარს ეტყვის გადაუდებელ ოპერაციაზე იმის გამო, რომ ავადმყოფი ვერ იხდის საჭირო თანხას და ექიმის ამგვარი დამოკიდებულების შედეგად პაციენტი გარდაიცვლება?
პასუხი: აღნიშნულ შემთხვევაში, ექიმი დაისჯება ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებისთვის, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, რამაც ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე.
კითხვა: რა სახის სასჯელს ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-დან 9-წლამდე. მუხლს აქვს, ასევე, მაკვალიფიცირებელი გარემოებები.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული საქართველოში იმ თანამდებობის პირისთვის, რომელიც დევნის ადამიანს პოლიტიკური ნიშნით?
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ასევე, მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან, თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე; თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

скачать dle 11.3