რატომ ვერ იმღერა „თეთრი გედი“ მიშელ გურიელაშვილმა და რა გზით შოულობენ ისრაელში ფულს მამა-შვილი გურიელაშვილები
ცოტა ხნის წინ ჩვენს მკითხველს, თბილისში ყველაზე ცნობილი სუფრული სიმღერების – „სამი დალიეს“, „შაბათია შაბათიას“ შემსრულებელი კაკული გურიელაშვილი გავაცანით, რომელიც თბილისში თავის უახლოეს მეგობარს მერაბ სეფაშვილს ესტუმრა. ისრაელში ქალაქ აშდოდში გურიელაშვილების ოჯახი საკმაოდ ცნობილია. მამა და სამივე შვილი მღერიან. 27 წლის მიშელ გურიელაშვილი თავის თანატოლებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როკს ასრულებს, მაგრამ ეს გასართობად. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც საღამოობით მამასთან ერთად რესტორნებში გამართული კონცერტები ან ქორწილებია, სადაც ის სიამოვნებით მღერის ქართულ, ტრადიციულ სიმღერებს.
– მიშელ, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როდის დაიწყეთ სიმღერა და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის თქვენს პროფესიად გექციათ?
– როგორც ჩემი მშობლები მეუბნებიან, ლაპარაკი არ ვიცოდი და ვმღეროდი. სერიოზულად კი, ექვსი წლიდან ვმღერი, მამაჩემს დავყავდი კონცერტებზე, ქორწილებში. ერთი პერიოდი, მერაბ სეფაშვილი ჩვენთან ცხოვრობდა ისრაელში და მერაბისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მაგრამ, სიმღერა მამამ დამაწყებინა. მომწონდა, როგორც მღეროდა და მეც ავყევი. ბავშვობიდან ვგიჟდები სიმღერაზე და მამაჩემს ვეხვეწებოდი, მეც გამოვეყვანე. რომ დავიღლებოდი, ბარაბნის უკან მამაჩემი სკამებს დამიწყობდა და მეძინა. იქ ვჭამდი საჭმელსაც. ჩემი თავი სიმღერის გარეშე ერთი წუთით არ მახსოვს და არასდროს მიფიქრია, მიმეტოვებინა.
– მამათქვენი სუფრულ სიმღერებს მღერის, რაც, ჩემი აზრით, ძალიან უხდება კიდეც. თქვენ რას მღერით?
– ყველანაირი მიმდინარეობის მუსიკა მიყვარს – ჯაზი, როკი, აზიური, კლასიკური, ალტერნატიული, მაგრამ, როგორც მომღერალს, როკის შესრულება უფრო მომწონს. როკი სულ სხვა გრძნობაა ჩემთვის, მაგრამ აქ რა ძლიერი მომღერალიც არ უნდა იყო, მიღებულია ქორწილებში, დაბადების დღეებზე ან სხვა დღესასწაულებზე რესტორანში სიმღერა. თითქმის ყოველ საღამოს გამოვდივარ რესტორნებში. ჩემი სამუშაო ეს არის, ამით ვინახავთ ოჯახს მეც და მამაჩემიც. ყველაზე მეტად ქართული სიმღერები მომწონს. რაღაც სხვანაირია, ქართული აზროვნებაა, გრძნობაა, ბუნება, ყველასგან გამორჩეულია. სუფრული, დარდიმანდული სიმღერები სხვანაირ განწყობას გიქმნის ადამიანს. მე ამ ტრადიციებზე გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ დავბადებულვარ, აქ ვისწავლე ქართულად წერა-კითხვა. მამამ მასწავლა ანბანი.
– მამათქვენმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ჩემსა და მიშელს შორის უფრო მეგობრული დამოკიდებულებაა, ვიდრე მამაშვილური. ადრე გავხდი მამა და მეც ჩემს შვილთან ერთად ვისწავლე ყველაფერიო.
– მართლაც ასეა. მე და მამაჩემი შეიძლება, არც დაველაპარაკოთ ერთმანეთს და ისე მივხვდეთ, ვიგრძნოთ – მე რას ვფიქრობ, ის რას ფიქრობს. ჩვენ შორის დამალული არაფერია. ის ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცია. პატარა ვიყავი, თბილისში წამოვედით მე და მამა. სუფრასთან ვისხედით და ჩამირთეს მინუს ფონოგრამა, მერაბის სიმღერა „თეთრი გედი“ სრულდებოდა. სიტყვები მახსოვდა, მაგრამ მაშინ იმდენად კარგად არ ვიცოდი ქართული. ასეთი სიტყვებია – „შენს ლოდინში სიჭაბუკეც გათავდა...“ მის ნაცვლად ვთქვი – „შენს ლოგინში...“ ისეთი სიცილი ატყდა. დავიბენი და გაოცებული თვალებით მამაჩემს გავხედე. მამაჩემმა – ვაი, შენს პატრონსო.
კონცერტზე რომ მივდივართ, სულ იმაზე ვფიქრობთ, თავი ჩქარა მოვიწესრიგოთ, კოსტიუმი არ დაგვრჩეს, მიკროფონი, მინუს ფონოგრამა. ერთ დღესაც გავრბივართ, ძალიან ვაგვიანებთ. მამაჩემს დაურეკეს და უთხრეს – ხომ არ დაგავიწყდათ, რომ გელოდებითო. არა, არა, მახსოვსო. ისედაც გვიან გავედით და მოხდა ისე, რომ ტრასაზე ორივე ბორბალი დაგვეშვა. ჩავვარდით საგონებელში, რა ვქნათ? გადარეკა თავის ძმაკაცთან, ისიც იმ რესტორანში გველოდებოდა და ეუბნება, შენ მიდი, მობილური მიადე მიკროფონს და სანამ ამას გავაკეთებთ, რამეს ვიმღერებ, აბა, რა ვქნაო. ბოლო-ბოლო, ისეთ დროს მივედით, კონცერტიც ჩატარდა და ყველაფერი.
– გარეგნულად ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. სხვა რა მსგავსებას ხედავთ მამასთან?
– მეც მიყვარს ანეკდოტის მოყოლა, მასაც – უყვარს, სიცილი მასაც უყვარს და – მეც. სიმღერა ორივეს გვიყვარს. მამა აბსოლუტურად გვენდობოდა შვილებს, და თვითონაც ასეთივე სანდო ადამიანია. სრულ თავისუფლებას გვაძლევს, ოღონდ ზომიერად. ისე ტკბილად და გემრიელად მოგიდგება, დაგარიგებს, რომ თავს უფლებას არ მისცემ, აწყენინო.
– როგორც ვიცი, სულ ახლახან მამა გახდით. თქვენს ოჯახზე გვიამბეთ. თქვენი მეუღლეც ქართველია?
– დიახ. ქართველია. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ხუთი თვის წინ მამა გავხდი და ბებია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ვერ მოესწრო ჩემს შვილს.
– ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეზე გვტკივა გული, მაგრამ როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, ამაზე მეტი ტკივილი უკვე აღარ არსებობს.
– აქ, ჩვენთან ექვსი თვე ტარდებოდა მუსიკალური პროექტი. მართლა მძიმე პერიოდი იყო, სულ დაძაბული ვიყავი – დამიმესიჯებენ თუ არა; გამაგდებენ თუ დავრჩებოდი. მერე მივხვდი, რომ ცხოვრება მართლა არაფერია და არაფერს აქვს ფასი, თუ არ იცი, როგორ გააკონტროლო თავი და რა მხრიდან შეხედო ამ ყველაფერს. ყველაზე დიდი განძი შენი ოჯახი, ახლობლები, მათი ჯანმრთელობაა. ოცდაოთხი საათი რომ შენ გვერდით არიან და გგულშემატკივრობენ, შენთან ერთად ნერვიულობენ. ეს არის მნიშვნელოვანი, მათი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ პირველი ადგილი ვერ ავიღე. ამაზე დიდი სტატიები იწერებოდა, მთელი ამბები იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. იმაში მაინც გავიმარჯვე, რომ ასეთი კარგი ოჯახი მაქვს.
– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ჩემი ცოლი თბილისშია დაბადებული. ხუთი წლის იყო, აქ რომ ჩამოიყვანეს საცხოვრებლად. მეგობრებმა გამაცნეს. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ასეთი და ასეთი გოგოა და იქნებ გაიცნოო. ჯერ არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, თავი დამანებე-მეთქი. შეხვდი შენ კიდევ, რას კარგავ, რესტორანში დაჯექი, თუ არ მოგეწონა, წამოხვალო. კარგი, ჯანდაბას-მეთქი და წავედი. რომ დავინახე, გადავირიე. საერთოდ არ ვიცოდი სიყვარული რა გრძნობა იყო, მანამდე არავინ მყვარებია. ძალიან ქართულად ვარ გაზრდილი და აქაურ მენტალიტეტს ვერ ვეგუებოდი. წავედით რესტორანში, დავსხედით, ვსაუბრობთ სიყვარულზე, სხვა თემებზე. ათი წუთის შემდეგ გადავწყვიტე, რაც არ უნდა მოხდეს, მსოფლიო რომ დამიპირისპირდეს, ეს გოგო ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი. ვკითხე: თეა, ყველაზე მეტად ქართველებში რა არ მოგწონს-მეთქი. არადა, იმ მომენტამდე ვარ მისული, ვუთხრა, ჩემი ცოლი უნდა გახდე-მეთქი და ასეთ რაღაცას მეუბნება: ყველაზე მეტად არ მომწონს, გოგოს რომ გაიცნობენ და ათ წუთში ეუბნებიან, ცოლად მინდიხარო. ვაიმე, ვიფიქრე, ეს ვინა ყოფილა, ენა ჩამივარდა. ვფიქრობ, ახლა რა ვუთხრა. კარგი, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება. ჯობია, ისევ ის დებილი ქართველი გამოვჩნდე მის თვალში, ვიდრე არ ვუთხრა, რაც არ მასვენებს-მეთქი და ვუთხარი: შაბათს შენთან, სახლში ამოვალთ მე და ჩემი ოჯახი და ბეს გავცვლით-მეთქი. ჩვენთან, ებრაელებისთვის შაბათი კარგი დღეა. ბეს ნიშნობა ჰქვია. რა არის ბეო. დედაშენს ჰკითხე და გეტყვის-მეთქი. უკითხავს და მირეკავს – ვინიშნებით და მე არაფერს მეკითხებიო. რა მაქვს საკითხავი, მომეწონე, და რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ცოლი ხარ-მეთქი.
– ანუ, ერთი ნახვით შეგიყვარდათ. მას შემდეგ აღარავინ მოგწონებიათ, ასე რომ გადარეულიყავით.
– ჩემს ცოლს და შვილს რომ ვუღალატო, ყველაზე უკანასკნელი კაცი ვიქნები, რადგან ამ დროს მარტო ჩემს ცოლს კი არ ვღალატობ, საკუთარ თავსაც. მართლა არავისკენ გამირბის თვალი და არც მაინტერესებს.
ვინც არ უნდა იყოს, რადგან ყველა პერიოდი გავლილი მაქვს. ჩემი ოჯახის წინ ვერაფერს დავაყენებ. მე ჩემს ცოლს ნარდს ვეთამაშები, ანეკდოტებს ვუყვები და ყირაზე ვდგებით. ყველაზე სანდო ადამიანია ჩემთვის და ასევე, მე მისთვის. მასთან დასამალი საერთოდ არაფერი მაქვს.