რატომ ცდილობდა ელენე ფოჩხუა მომავალ მეუღლეში ცუდი თვისებების დანახვას და როგორ გადაწყვიტა მისი ცოლობა ორ თვეში
მას შემდეგ, რაც ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში პატარა, ძალიან საყვარელი ლიზი გამოჩნდა, ნიჭიერმა მომღერალმა ცოტა ხნით პაუზა აიღო. ახლა მისი გოგონა უკვე ორი წლისაა და ელენე კვლავ აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას.
ელენე ფოჩხუა: 16 აგვისტოს იტალიაში, ქალაქ პომპეიში მივდივარ საერთაშორისო ფესტივალზე. „გოლდენ ტალანტის“ შესარჩევ ტურზე 4 მონაწილეს გვერგო პრიზები და ერთ-ერთი ვიყავი მე. ძალიან მიხარია, ფესტივალზე რომ მივდივარ, იტალიაში წასვლა ყოველთვის მინდოდა, არ ვარ ნამყოფი. ძალიან მალე, ერთი ოცნება კიდევ ამიხდება. ფესტივალში 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მე ვიქნები საქართველოდან და როგორც ინტერნეტში გავეცანი, ძალიან კარგი ფესტივალია. ორი სიმღერა უნდა ვიმღერო – ქართული და ინგლისური. დიდი შემართებით მივდივარ. მინდა, საპრიზო ადგილი დავიკავო.
– შენ ნებისმიერ კონკურსზე გამოსვლას დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობით ეკიდები.
– არა მხოლოდ კონკურსი, ნებისმიერი გამოსვლა ძალიან საპასუხისმგებლოა. გარკვეული განცდები გაქვს და გინდა, რომ კარგად წარდგე. არ უნდა თქვან, ეს თავისთვის მღეროდაო. მაყურებლისთვის უნდა იმღერო, შენც უნდა გსიამოვნებდეს სიმღერა და მათაც უნდა ასიამოვნო.
– კიდევ რა სიახლეებია შენკენ?
– მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა ჩავწერე, რომელსაც „მაპატიე“ ჰქვია. რადიო „აფხაზეთის ხმაზე“ ამ სიმღერას ბევრი მსმენელი ჰყავს, ამიტომ მინდა, ვიდეორგოლი გადავიღო. ძალიან დიდი გეგმები მაქვს. ახლა მიმდინარეობს იმ დიდი პროექტის განახლება, რომელზეც მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, მაგრამ ვერ განვახორციელე. ეს არის 12 ქვეყნის „იავნანების“ პროექტი.
– ხშირად გიწევს „მაპატიეს“ თქმა?
– არავისთვის მითქვამს „მაპატიე“, რადგან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, ვინმესთვის ისეთი არაფერი დამიშავებია, ამ სიტყვის გამოყენება დამჭირვებოდა.
– როდესაც ადამიანი წარმატებულია, მის გვერდით ხშირად ჩნდებიან „კეთილმოსურნეები“. ალბათ, არც შენ ხარ გამონაკლისი.
– მე ზუსტად ვიცი, ვინ არის ჩემ მიმართ ასეთი განწყობით. საერთოდ, ნებისმიერ სფეროში, ვინც მეტ წარმატებას აღწევს, იმას უფრო მეტი მტერი ჰყავს. შურიანი და ბოღმიანი ადამიანები არ ქრებიან, სულ არიან. ასეთ რაღაცეებს არასდროს ვაქცევ ყურადღებს, არც ვუსმენ. უკონფლიქტო ადამიანი ვარ. არ მიყვარს რაღაცეების გამოძიება – იმან ეს რატომ თქვა და არც არავის დავუწყებ რამის მტკიცებას, ამით თავს არ დავიღლი.
– ორი წლის წინ შენს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო – დედა გახდი.
– კი. მისი ბრალია ჩემი ამხელა პაუზა, მაგრამ საპატიო და ძალიან სასიამოვნო პაუზა მქონდა. მიმაჩნია, რომ შვილის დაბადებაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ლიზი ძალიან მეხმარება, იცის, რომ კონცერტზე მივდივარ და მალე დავბრუნდები. თუ სადმე მივდივარ, ან ტანსაცმელს მაწვდის, ან პარფიუმერიის ჩანთას – მეხმარება, რომ მოვწესრიგდე. თავიდან, როცა ბავშვი იბადება, რთული პერიოდი გაქვს: ღამის თენება, უძილობა... თითქმის ერთი თვე სულ ტიროდა, დღე და ღამე ჰქონდა არეული. მეც ძალიან დაძაბული ვიყავი. კი მეხმარებოდნენ, მაგრამ ბავშვს მაინც დედა სჭირდება. ძირითადად, მე ვზრდიდი. ყოველდღიური სამსახური არ მქონდა, და თუ სადმე მინდოდა წასვლა, კონცერტზე დასწრება, მაშინ ვუტოვებდი ვინმეს. ვერ ვიტყვი, რომ სულ სახლში ჩავიკეტე, თუმცა ძალიან კარგია, ჩემს შვილთან ერთად რომ ვიყავი. პირველი ხედავ მის ნებისმიერ ქცევას, პირველ სიტყვას, სიარულს და ეს ძალიან სასიამოვნოა.
– არ გეხმარებოდა მეუღლე?
– ძალიან მეხმარებოდა. თავიდან მე ვერ ვბანდი ბავშვს და ის აბანავებდა, თან ძალიან თავდაჯერებულად. დღესაც მეხმარება – ერთად ყოფნა და სიარული უყვართ. თან, მამიკოს ძალიან ჰგავს. ლიზი ძალიან მოძრავი ბავშვია, მაგრამ, რომ ეტყვი, ეს არ უნდა გააკეთოო, არ აკეთებს, დამჯერია.
– შენ, როგორი დედა ხარ, მშიშარა?
– ზედმეტად მშიშარა ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა. ახლა მივეჩვიე და მივხვდი, რომ ზედმეტი მჭირდა და ასე არ ვარგოდა. რა თქმა უნდა, ფრთხილი ვარ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ვაკონტროლებ ყველაფერს, რადგან პატარაა. ბავშვი ოჯახში ძალიან დიდი ბედნიერებაა. მე და ჩემი მეუღლე კარგად ვხალისობთ. ეს რომ ახალ-ახალ რაღაცეებს ამბობს, ცეკვავს, მღერის, თავის სტიქიაშია – ჩვენ ამ დროს მეცხრე ცაზე ვართ.
– მეუღლე ყოველთვის გიწყობდა ხელს?
– საქმეში მეუღლის მხრიდან ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა, მუდამ ჩემი გულშემატკივარი იყო, არასდროს უთქვამს – არ გახვიდე სცენაზე, არ იმღეროო. შემფასებელიც ძალიან კარგია და სიმღერების შერჩევაშიც გემოვნებიანია. სამწუხაროდ, არც სმენა აქვს და არც ხმა. ამას ძალიან განიცდის, უყვარს სიმღერა. სახლში ცდილობს, ჩუმად რაღაც წაიღიღინოს, მაგრამ არ გამოსდის. შენიშვნას არ ვაძლევ, მთავარია, სახლის გარეთ არ მღერის, ამიტომ ეპატიება. საინტერესო ის არის, რომ მის ოჯახში ყველა ძალიან მუსიკალურია, ამას ეტყობა, სპილომ დააბიჯა ყურზე. იმედია, ბავშვი ამით არ დაემსგავსება, სხვა რამეში დაემსგავსოს, წინააღმდეგი არ ვარ.
– არცთუ ისე ცოტა ხანია, ერთად ხართ. ხშირად ამბობენ, თანაცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წყვილის ურთიერთობაში კრიზისი დგებაო. თქვენთან ყოფილა ასეთი რამ?
– შვიდი წელია, ერთად ვართ, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა – არანაირი კრიზისი. ყველა ოჯახშია პრობლემები, მაგრამ ეს ყველაფერი გვარდება და გაივლის. მთავარია, ადამიანებს შეეძლოთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ჯობია, უკონფლიქტოდ იყო ოჯახშიც და მეგობრებთანაც, ყველამ სიკეთე ვაკეთოთ. უნდა აპატიო ადამიანს რაღაც და დათმო. თუმცა, ოჯახის შემთხვევაში, ეს ორივეს მხრიდან უნდა მოდიოდეს.
– ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებენ შეყვარებულობის პერიოდს, შენც ასე ხარ?
– არა, რადგან შეყვარებულობის პერიოდი მოკლე მქონდა, დაახლოებით თვე-ნახევარი. ორ თვეში უკვე ცოლად გავყევი. ამ პერიოდში მან ისე მომაწონა თავი, დამანახვა თავისი დადებითი თვისებები, რომ მივხვდი, ეს იყო ის ადამიანი, ვისთანაც შემეძლო, ოჯახი შემექმნა და ბედნიერი ვყოფილიყავი. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მეშინოდა, ვაითუ, ჩემი პროფესია არ მოეწონოს და ხელი შემიშალოს-მეთქი. მაგრამ, მე მასთან წინასწარ მქონდა ამ თემაზე საუბარი და მითხრა, არანაირი პრობლემა არ გექნებაო. ასე რომ, გამიმართლა. თუმცა არ მიყოყმანია – გავყვე თუ არ გავყვე-მეთქი, რადგან ძალიან შემაყვარა თავი. ახლაც მიყვარს და ძალიან კარგად ვართ ერთად. წლების განმავლობაში უფრო ღრმავდება სიყვარული, უფრო მეტად გიყვარდება ადამიანი. თან, მე ისეთი ვარ, თუ ვინმე შემიყვარდება, ის უზომოდ მიყვარს, იქნება ეს ახლობელი, მეგობარი თუ სხვა ვინმე.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, მაინც რით შეძლო შენთვის თავის შეყვარება?
– არ მასვენებდა, არ მანებებდა თავს. ვფიქრობდი – კარგი, ვიყოთ შეყვარებულები, მაგრამ რა აზრი აქვს, გავა ერთი წელი, ორი... არ ჯობია, ოჯახი შევქმნათ და ერთად ვიყოთ-მეთქი. ამ ადამიანში ვერაფერს ვხედავდი უარყოფითს, რა თქმა უნდა, თავიდან ამას ვეძებდი – ვცდილობდი გამერკვია პათოლოგი ხომ არ იყო, იქნებ ახლა გამოავლინოს რამე უარყოფითი-მეთქი. მსგავსი არაფერი გამოუვლენია. ძალიან მთვრალიც მინახავს, ყველანაირ სიტუაციაშიც, მაგრამ მასში ცუდი ვერაფერი დავინახე. უკონფლიქტო ადამიანია, არ არსებობს, მისმა სიმთვრალემ გამაღიზიანოს, სკანდალები მომიწყოს, ჭურჭელი დამიმტვრიოს. ყველაფერთან ერთად, ძალიან ყურადღებიანია.
– შენც იქნები ყურადღებიანი...
– ძალიან ყურადღებიანი ვარ და მგონი, უკვე ზედმეტებიც მომდის. ჩემს თავს ვუბრაზდები, ასეც არ შეიძლება-მეთქი. ყველანაირ სიტუაციაში და საქმეშიც მიყვარს, ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ მიდის – დალაგებულად, ზომიერების ფარგლებში და მოწესრიგებული. ოჯახშიც ასეთი ვარ, არ მიყვარს საქმის გადადება, ყველაფერს იმ დღესვე ვაკეთებ. ძალიან სწრაფი ვარ, გადაწყვეტილებასაც სწრაფად ვიღებ. ხანდახან ვმარცხდები, მაგრამ მირჩევნია, ნაჩქარევად გავაკეთო რაღაც, ვიდრე, ვინმემ გამიკეთოს, ცოტა ჯიუტიც ვარ და ამის ბრალია.
– მარცხის შემთხვევაში ნერვიულობ?
– არაფერზე არ ვხდები ცუდად და არც დეპრესიაში ვვარდები. არ ვარ ის ადამიანი, ორი დღე სახლიდან არ გამოვიდე და ვიტირო. რა თქმა უნდა, თუ რამე ცუდი ხდება, ვნერვიულობ, ძალიან ემოციური ვარ. მაგრამ, ამ დროს სარკის წინ ვდგები, საკუთარ თავს ვეუბნები – ელენე, მოდი გონს, გაიცინე და ძალიან მაგრად ვიცინი. ოღონდ, აბაზანაში ვარ მარტო და თან, კარს ვკეტავ, ვერავინ რომ ვერ დამინახოს. მერე გავიკეთებ მაგარ მაკიაჟს, ჩავიცვამ ლამაზად, მოვკიდებ ჩემს შვილს ხელს და მასთან, ან მეგობრებთან ერთად, კარგ ადგილას მივდივარ. ასე უნდა იქცეოდეს ყველა, იმიტომ რომ ნერვების მოშლა, გულის დაწყვეტა, არ ღირს. ადრე მეც ასე ვიყავი, ვნერვიულობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, ცუდი ისევ შენთვისაა.
ნათია უტიაშვილი