“მის საქართველო თინეიჯერი” მსოფლიოს დაპყრობას ეცდება
კვირას, 31 ივლისს „ჰოლიდეი ინნ-ში” გაიმართა „მის საქართველო თინეიჯერის” ფინალური საღამო, რომლის გამარჯვებული და მთავარი ტიტულის მფლობელი ნინო გველესიანი გახდა. ოთხი თვის განმავლობაში, სამოდელო სააგენტო „კატრინამ”, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ეკა მგალობლიშვილი, კრისტი ყიფშიძესთან, ნინი შერმადინთან და მარკუს მეტრეველთან ერთად, ჩაატარა რეგიონული, კონკურსები. მთელი საქართველოდან არჩეული გოგონები კი თბილისში შეიკრიბნენ და ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: გიო ხუციშვილი, ზალიკო ბერგერი, ნინი შერმადინი, მარკუს მეტრეველი, „ტიფლის-ტურიზმის” პრეზიდენტი და „ელიტ-ელექტრონიქსის” დირექტორი კრისტი ყიფშიძის თავმჯდომარეობით, საუკეთესოდ თბილისელი ნინო გველესიანი დაასახელა. 2 ოქტომბერს ნინო და ეკა მგალობლიშვილი, რომელიც „მის მსოფლიო თინეიჯერის” ეროვნული დირექტორია საქართველოში, გვატემალაში მიემგზავრებიან. ფინალი გვატემალაში 9 ოქტომბერს ჩატარდება, რომლის შედეგებსაც აუცილებლად გაცნობებთ.