როგორ დაკარგეს ერთმანეთი ბავშვობის მეგობრებმა და ვის ეძებენ ქალაქ ასტანიდან თბილისში
32 წლის ბელა ათარბეკის ასული კაზიმოვა ეძებს 33 წლის იულია ვიქტორის ასულ ასლამაზიშვილს.
ისტორია: ვეძებ ბავშვობის მეგობარს, იულია ვიქტორის ასულ ასლამაზიშვილს. მე და იულია ერთად გავიზარდეთ, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ 1992 წლიდან აღარ მინახავს, რადგან საცხოვრებლად ასტანაში გადავედით.
ჟურნალისტის შენიშვნა: ბელა თავის ბავშვობის მეგობარს სამძებრო საიტით უშედეგოდ ეძებდა. სამძებრო საიტით და იმეილით დამიკავშირდა. სამწუხაროდ, მას არ აქვს მეგობრის ფოტო, მაგრამ, იმედს იტოვებს, რომ დაკარგულ მეგობარს მაინც იპოვის.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი და რა იცით იულიას შესახებ?
– დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დედისერთა ვარ და მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, და მყოლოდა. ვცხოვრობდით კიროვის ქუჩაზე (ადრე ასე ერქვა იმ ქუჩას, ამჟამად არ ვიცი, შეიცვალა თუ არა ქუჩის სახელწოდება). ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა იულიას ოჯახი. დედაჩემი ძალიან მკაცრად მზრდიდა და ეზოშიც კი არ მიშვებდა მარტოს, განსაკუთრებით, როცა პატარა ვიყავი. ჩემგან განსხვავებით, იულია, სულ ეზოში იყო და მშურდა კიდეც მისი (იცინის). ისე დავმეგობრდით მე და იულია, რომ დღე და ღამე ერთად ვიყავით. ჩვენი ოჯახებიც დამეგობრდნენ. დედაჩემი სათამაშოდ იულიასთან ერთად სულ მიშვებდა და ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. იულიაც ჩემსავით დედისერთა იყო, ჩვენ დაბადების დღეც თითქმის ერთად გვქონდა: მე – 1 მარტს, იულიას კი – 2 მარტს. უბრალოდ, ის ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. ვიცი, რომ იულიას დედას მარინა ერქვა (ეროვნებით ბერძენი იყო), მამას კი – ვიქტორი. 1992 წელს ზაფხულში ჩემმა ოჯახმა საცხოვრებლად ყაზახეთში გადასვლა გადაწყვიტა, რადგან ასტანაში მამიდაჩემი ცხოვრობდა. მამაჩემმა სახლი გაყიდა და მეც იულიასთან დაშორება მომიწია. მახსოვს, ძალიან ბევრი ვიტირე, მინდოდა, რომ იულიაც ჩვენთან ერთად წამოსულიყო. ჩვენ ფიცი დავდეთ, რომ, როცა გავიზრდებოდით, აუცილებლად ვნახავდით ერთმანეთს. მას შემდეგ 19 წელი გავიდა. და, სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთს არ შევხმიანებივართ, ძალიან მინდა მისი პოვნა. ალბათ, ისიც უკვე გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს.
– ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ გქონიათ მეგობრის პოვნის მცდელობა?
– როდესაც ასტანაში ჩამოვედით, ძალიან მიჭირდა შეგუება, სულ მენატრებოდა თბილისი, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე, თან, აქ ბევრი ნათესავი გვყავდა და ამანაც გამიადვილა ცხოვრება. მაგრამ, რაც დრო გადიოდა, სულ მაინტერესებდა იულიას ამბავი და მინდოდა, მისი პოვნა. საიტებზე არსად არის. შემდგომ მე დავრეგისტრირდი სამძებრო საიტზე და განვათავსე ჩემი განაცხადი მეგობრის ძებნის შესახებ, სადაც რეგიონში საქართველო მივუთითე, მაგრამ, უშედეგოდ. შემდეგ ჩემმა მეგობარმა თქვენი იმეილი მომაწოდა. მას თქვენ ადრე მამა აპოვნინეთ და ასე მომეცა მეც იმედი. დარწმუნებული ვარ, იულიამ რომ იცოდეს ჩემი მისამართი, აქამდე ასჯერ დამიკავშირდებოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ისიც უშედეგოდ მეძებს.
– პირადად თქვენ თუ გიფიქრიათ თბილისში ჩამოსვლაზე?
– ძალიან მინდა, კიდევ ერთხელ მაინც ვნახო თბილისი. თუკი მეგობარს ვიპოვი, აუცილებლად ვაპირებ, ერთხელ მეც ჩამოვიდე საქართველოში. ყველაფერი მენატრება. უბრალოდ, ენა ცუდად მახსოვს, წლებია, უკვე გასული (ინტერვიუ ჩაწერილია რუსულ ენაზე, – ავტორი). დიდი იმედი მაქვს, რომ იულია დღემდე თბილისში ცხოვრობს და, როცა იქნება, მას ვიპოვი, ხოლო, თუ ჩემი ცდა წარუმატებლად დამთავრდება, მაინც ჩამოვალ. უბრალოდ, რაღაც დრო მჭირდება, უფრო ოქტომბრისთვის ვგეგმავ. ძალიან კარგი იქნებოდა, ამ დროისთვის იულიაც რომ მეპოვა.