როგორ დააკარგვინა მშობლების განშორებამ ძმისშვილს ღვიძლი მამიდა და რატომ ეძებს 28 წლის ქალი მას თბილისში
28 წლის ანა გივის ასული დანელია ეძებს 43 წლის თამილა არჩილის ასულ შალიკაძეს (მეუღლის გვარი).
ისტორია: ვეძებ მამიდაჩემს – 43 წლის თამილა არჩილის ასულ შალიკაძეს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე ჯერ კიდევ 3 წლის ვიყავი და მას შემდეგ მამიდა აღარ მინახავს. როგორც გავიგე, მამიდაჩემს აქვს ოჯახი და ჰყავს ორი შვილი. თამილა ამჟამად ქმრის გვარზეა და მისი ბოლო ცნობილი მისამართი იყო ბესიკის ქუჩა, მაგრამ ახლა ის იქ აღარ ცხოვრობს. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ მაქვს. იმედია, მის მოძებნაში დამეხმარებით, მინდა, ვიპოვო მამიდა, გავიცნო მისი შვილები და მქონდეს მათთან ურთიერთობა.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩვენი რესპონდენტის დიდი თხოვნით, მისი ფოტო არ ქვეყნდება. ანა ჩხოროწყუდან სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში მამიდის მოსაძებნად. დიდი იმედია, რომ „დაკარგული“ მამიდა მალე გამოეხმაურება ამ ისტორიას და წლების წინ შეწყვეტილი ურთიერთობა ისევ აღდგება.
– გვიამბე შენი ისტორია, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი შენ და მამიდაშენმა?
– დედაჩემი – ნონა (გვარს და მამის სახელს არ დავასახელებ), ცოლად გაჰყვა მამაჩემს. მათ ერთმანეთი დედაჩემის სტუდენტობის დროს, მისი თბილისში ყოფნისას გაიცნეს და შეუყვარდათ. საქმე ისაა, რომ მამაჩემი თბილისელი იყო, დედა კი ჩხოროწყუში დაიბადა და გაიზარდა. მამის მხარეს დედა სარძლოდ არ მოსწონდა, მაგრამ ახალგაზრდების სურვილს წინ ვერ აღუდგნენ და მეც დავიბადე. მამას ჰყავდა ერთი და, თამილა. იმ დროს ისიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. პატარა სახლი გვქონია, საკუთარი პატარა ეზოთი, მაგრამ ერთ დღეს სახლში ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები გამოიძახეს და ძლივს ჩააქრეს, ისეთი ხანძარი იყო. სახლი კი გადარჩა, მაგრამ, შიგნით აღარ შეისვლებოდა. ეს ყველაფერი გაზაფხულის ღამეს მოხდა. არც გამათბობელი საშუალება იყო ჩართული, არც სხვა რამ და ვერაფრით გაარკვიეს ხანძრის გაჩენის მიზეზი. მაშინ მე სულ პატარა, დაახლოებით 3 წლის ვიქნებოდი. ეს ყველაფერი, რატომღაც, დედაჩემს დაბრალდა. ბებიას (მამის დედის) თქმით, სწორედ დედამ მოაწყო ხანძარი. მან დედა გალანძღა და სახლიდან გააგდო. მამაჩემმაც დედამისის მხარე დაიჭირა და ნონას (დედაჩემს), მხოლოდ მამიდაჩემი გამოექომაგა. ასე დაინგრა ჩემი მშობლების ოჯახი. ამ ამბის შემდეგ დედა დაბრუნდა თავის მშობლებთან, ჩხოროწყუში. ჩემს გაზრდაში მას დედ-მამა ეხმარებოდა. უმამოდ გავიზარდე და მამიდაჩემიც მას შემდეგ აღარ მინახავს. ძალიან მინდა, მისი მოძებნა. დედა ამბობს, რომ ფიზიკურად ძალიან ვგავარ მამიდას. ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცი, არის ის, რომ ადრე ბესიკის ქუჩაზე ცხოვრობდა, შემდეგ კი გათხოვდა. ახლა მეუღლის გვარზეა და ჰყავს ორი შვილი – გოგო და ბიჭი.
– დედაშენმა თუ იცის, მამიდას რომ ეძებ და რა აზრის არის ამ საკითხთან დაკავშირებით?
– თავდაპირველად, როდესაც მამიდაჩემის პოვნა გადავწყვიტე, დედა წინააღმდეგი იყო, რადგან, არ უნდოდა, მამაჩემს ეს გაეგო. მე მამას არ ვეძებ და არც მისი ნახვის სურვილი მაქვს. შემდგომ კი, როდესაც დავაჯერე დედაჩემი, რომ ყველანაირად ვეცდები, მამა არ ვნახო და გვერდი ავუარო მის მოძებნას-მეთქი, დამთანხმდა, რადგან მასაც ძალიან უყვარდა თამილა. სრულიად შემთხვევით გავიგეთ ჩხოროწყუში ჩამოსული სტუმრისგან, რომ მამიდაჩემი გათხოვილა და ჰყავს ორი შვილი – 18 წლის გიორგი და 16 წლის თამუნა. სამწუხაროდ, მეუღლის სახელი არ ვიცით, არც ის ვიცით, ამჟამად სად ცხოვრობენ. მათი არც ერთი ფოტო არ მაქვს, მაგრამ მისი პოვნა ძალიან მინდა. იმედია, ვიპოვი და გავიცნობ ჩემს მამიდაშვილებს.
– მამაშენზე თუ იცი რაიმე, არც ერთხელ არ უცდია, თქვენთან დაკავშირება ან შენი მონახულება?
– მან იცოდა დედაჩემის მშობლების მისამართი, მაგრამ, მთელი ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ ჩამოსულა ჩემს სანახავად, არც კი მოვუკითხივარ და ამიტომ, არც მე მაქვს მისი ნახვის სურვილი, მით უმეტეს, როგორც გავიგეთ, დაქორწინებულა და შვილიც ჰყავს მეორე მეუღლისგან. ცუდს არანაირად არ ვუსურვებ. ყველაფერი, რაც მოხდა, ისედაც მის სინდისზეა. სულელიც კი მიხვდება, რომ ხანძარს დედაჩემი არ მოაწყობდა. ჯერ ერთი, ძალიან კეთილი ადამიანია და, მით უმეტეს, რატომ უნდა დაეწვა სახლი, სადაც თვითონაც ცხოვრობდა პატარა შვილთან ერთად?!
– ძველ მისამართზე თუ ყოფილხართ მისული – იქ, სადაც ადრე ცხოვრობდით.
– ხანძარი 1986 წელს მოხდა. მას შემდეგ დიდი დროა გასული. ქუჩასა და სახლს მივაგენი, მაგრამ იმ ადგილას ამჟამად ოფისია და საცხოვრებელი სახლი აღარ დგას, ვისაც კი ვკითხე, არავინ იცის მამიდაჩემის ადგილსამყოფელი. მინდა მჯეროდეს, რომ მას მაინც ვიპოვი, თუმცა, ვიცი, რომ ფოტოს გარეშე ეს გამიძნელდება.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.