რატომ კლავდა „კისტის“ თოფით 23 წლის ახალგაზრდა ცოლის ბიძაშვილებს
ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის 23 წლის კახა ტ-ს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. ეგრეთ წოდებული „კისტის“ თოფით პატმარმა ცოლის ბიძაშვილები დაჭრა. კახა ტ-მ დანაშაული მთლიანად აღიარა, ოღონდ, ირწმუნებოდა, რომ, მომხდარში დამნაშავეები თავად დაზარალებულები იყვნენ, თუმცა, მისი ვერსია პირველ ინსტანციაში არ გაიზიარეს. სამაგიეროდ, მისი პოზიცია უტყუარი აღმოჩნდა საბოლოო ინსტანციისთვის, რის გამოც განსასჯელი დარბაზიდან პირობით გაათავისუფლეს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი განსასჯელის ცოლის ახლო ნათესავებს უკავშირდება, ცოლ-ქმარი დღემდე ერთად ცხოვრობს. არადა, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაული, არც მეტი, არც ნაკლები, განსასჯელის ცოლის – დალი ბ-ს მიზეზით მოხდა. ერთადერთი დამნაშავე სწორედ ის იყო, რადგან მან ქმრის მალულად ბიძაშვილებს – გელა და გიორგი გ-შვილებს, ფული ასესხა. ტრაგედია კი სწორედ ფულის გამო დატრიალდა, რასაც მისი ქმრის დაპატიმრება მოჰყვა.
კახა და მისი ცოლი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. კახა ტ-ს სოფელში გოგონა ზაფხულის არდადეგების დროს ბიძაშვილებთან ჩადიოდა ხოლმე. დალი ბ-ს ბიძის ოჯახსა და მისი მომავალი საქმროს ოჯახებს ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდათ, თუმცა, მათი ურთიერთობა მაშინ გაფუჭდა, რაც დალი ბ-სა და კახა ტ-ს შორის სასიყვარულო რომანი დაიწყო. როგორც მოწმეები ჩვენებებში ამბობენ, ბიჭს მოსვენებას გოგო არ აძლევდა, კახას გვერდიდან არ შორდებოდა. თავიდან არავის არაფერი უეჭვია, მაგრამ, მათი ამბავი გასკდა – ერთ-ერთმა მეზობელმა დაინახა, რომ ღამის 2-3 საათზე ქუჩაში მდგარ კახას ღამის პიჟამაში ჩაცმული გოგონა ფანჯრიდან ელაპარაკებოდა. იმის გამო, რომ ასეთი ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა, უბანმა ჭორაობა დაიწყო. და ოჯახები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვინაიდან კახა ტ-ს ოჯახი ეკონომიურად ძლიერი და სოფელში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, გოგონას ნათესავები მათი დაოჯახების წინააღმდეგები არ იყვნენ, მაგრამ სარძლო კახას დედას არ მოსწონდა...
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ამბავში გოგონას ტყუპი ბიძაშვილები – გელა და გიორგი გ-შვილები ჩაერივნენ, რომლებსაც, კახასგან განსხვავებით, სოფელში ცუდი სახელი ჰქონდათ. მათი საქმიანობა მხოლოდ სოფლის ბირჟაზე დგომა და დომინოს თამაში იყო. ხოლო, იმის გამო, რომ მათგან განსხვავებული სამეგობრო წრე ჰყავდა, კახა თვალში არ მოსდიოდათ. მიაჩნდათ, რომ ის ამპარტავანი იყო, მათ თავს არ უყადრებდა და ყველანაირად ცდილობდნენ, „ჭკუაზე მოეყვანათ“. ამიტომ, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ კახას მათ ბიძაშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, საქმე გაურჩეს. რომ არა სხვების ჩარევა, შეიძლება, ტრაგედია ჯერ კიდევ მაშინ დატრიალებულიყო – ძმები ვერ ეგუებოდნენ, რომ მათი ბიძაშვილი სოფლის საჭორაო გახდა.
გარჩევების მიუხედავად, საბოლოოდ, შეყვარებულები დაქორწინდნენ. ახლად დანათესავებულებიც შერიგდნენ, მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვალა. საქმე ისაა, რომ კახასთან და დალისთან მეგობრები თავს ხშირად იყრიდნენ ხოლმე. თავიდან სიძე ცოლის ბიძაშვილებსაც პატიჟებდა, მაგრამ, ძმებმა თავისი ბირჟის მეგობრების მიყვანაც დაიწყეს და შუაღამემდე სვამდნენ, რითაც ოჯახი ძალიან წუხდებოდა, მით უმეტეს, კახას სახლში ავადმყოფი ბებია ჰყავდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, თავდაპირველად, არაფერს იმჩნევდა.
როგორც ირკვევა, თავიდან ცოლ-ქმარსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ, სულ რაღაც ხუთ თვეში, მათი ურთიერთობაც გაფუჭდა. მიზეზი კი, როგორც ყოველთვის, მისი ტყუპი ბიძაშვილები გახდნენ. ვინაიდან ღრეობების გამო კახა ცოლის ბიძაშვილებს წვეულებებზე აღარ ეპატიჟებოდა, ძმებმა ჯერ ბიძაშვილს აუტეხეს ერთი ამბავი, შემდეგ კი სიძესა და მის ძმაკაცებს „დაელაპარკნენ”.
ამ ამბის შემდეგ ურთიერთობა კვლავ აღდგა, მაგრამ, ცოტა ხნით – ძმებს ფული დასჭირდათ სიძეს სთხოვეს სესხად, მაგრამ უარი მიიღეს არადა, რელურად, ფული კახას კი არა, დედამისს ჰქონდა, რომელიც საკუთარ მაღაზიას ამუშავებდა.
უარის გამო ძმებმა საქმე კვლავ საკუთარ ბიძაშვილს გაურჩიეს. აყვედრიდნენ, ჩვენ რომ არა, ასეთ ოჯახში ვერ გათხოვდებოდიო და აიძულებდნენ, როგორმე 1 500 ლარი ეშოვა, რომელსაც ორ კვირაში უკან დაუბრუნებდნენ.
გამოუვალი სიტუაციის გამო, როგორც ჩანს, დალი ბ. ბიძაშვილებს დახმარებას დაჰპირდა და ასეც მოიქიცა: მათ გამო სახლიდან ფული მოიპარა. უფრო ზუსტად, მოჰპარა თავის დედამთილს, რომელიც კომერციული ფართის საყიდალად აგროვებდა თანხას და ბიძაშვილებს მისცა. არადა, ოჯახი მას იმდენად ენდობოდა, რომ არასდროს დაუმალავთ, ფულს სად ინახავდნენ, მეტიც, მისთვის არაერთხელ მიუციათ შესანახად საკმაოდ დიდი თანხა. ჩანს, სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა რძალმა და შენახული 2 000 ლარიდან, 1 500 ბიძაშვილებს უკითხავად ასესხა. ისინიც, თავის მხრივ, დაჰპირდნენ, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში უკან დაუბრუნებდნენ და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ, მოატყუეს. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, დედამთილმა ფული მოიკითხა. ფართი რომელიც უნდა შეესყიდათ, 3 000 დოლარი კი ღირდა, მაგრამ გამყიდველი თანახმა იყო, თანხა დალი ბ-ს დედამთილს ნაწილ-ნაწილ გადაეხადა. მაგრამ, ფული „აორთქლდა“...
რძალი იძულებული გახდა, ტყუილი ეთქვა: თავდაპირველად, ამბობდა, რომ აღარ ახსოვდა, ფული სად შეინახა; შემდეგ თქვა, შესაძლოა, დაიხარჯა, ბოლოს კი გამოთქვა ვერსია, რომ, შესაძლოა, ვინმემ მოიპარაო. ფულის დაკარგვას ოჯახი განიცდიდა, მაგრამ რძლისთვის მაინც არაფერი უთქვამთ, თუმცა, სიმართლე ორ დღეში გამჟღავნდა...
22 აგვისტოს კახა ტ-ს ბინაში მეზობელი მივიდა. დიასახლისმა მეზობელს მომხდარის შესახებ უამბო – ფული დაგვეკარგა და ფართს ვეღარ ვყიდულობო და არც ის დაუმალავს, რომ პოლიციისთვის მიმართვას აპირებდა. მეზობელი შეწუხდა, მაგრამ, ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ კახას დედას კაპიკი ფული აღარ ჰქონდა. ამიტომ, ნაწილის სესხებას თავად დაჰპირდა, დანარჩენზე კი ურჩია, მის მიერ გასესხებული ფული დაემატებინა. დიასახლისი დაიბნა, ირწმუნებოდა, რომ მას ფული არავისთვის უსესხებია, მაგრამ მეზობელმა მისი რძლის ბიძაშვილები გაახსენა. საიდან იცოდა მეზობელმა დალი ბ-ს მიერ თანხის გასესხების შესახებ, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს ამბავი ფულის პატრონამდე მივიდა, რითაც რძლის ტყუილი გამოაშკარავდა და რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა გაფუჭდა...
მიუხედავად მომხდარისა, ცოლისთვის არც ქმარს უთქვამს ზედმეტი სიტყვა. ერთადერთი, გაბრაზებული გავარდა სახლიდან. მისი წასვლის შემდეგ კი, იმავე საღამოს, სახლიდან დალი ბ. წავიდა, რომელიც ბიძაშვილების სახლში დაბრუნდა...
რამდენიმე დღე ქმარს ცოლისთვის არ მიუკითხავს – უნდოდა, დაწყნარებულიყო, მაგრამ, მესამე დღეს სახლში ცოლის ბიძაშვილები მიუცვივდნენ, რომლებსაც აყალმაყალის ატეხის მიზეზი მიეცათ. ძმები ოჯახში უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ და სიძეს მოკვლით ემუქრებოდნენ.
სწორედ ამ მომენტში დაბრუნდა სახლში კახა ტ-ს დედა, რომელსაც თან მოჰყვა ყოფილი რძალი, რადგან გაიგო, რომ მისი ბიძაშვილები მის ქმართან საჩხუბრად წავიდნენ. დედამთილმა რძალს დანახვისთანავე ქურდი და თაღლითი უძახა და უყვიროდა, სახლიდან თავის ბიძაშვილებთან ერთად წასულიყო. თუმცა, იმის გამო, რომ ქმარმა ცოლის დასაცავად ხმა არ ამოიღო, ძმები კიდევ უფრო გაბრაზდნენ და მასზე გაიწიეს. ჩხუბში დიასახლისი ჩაერია და მოჩხუბრებსაც და მის რძალსაც ბინის დატოვება ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციის გამოძახებით დაემუქრა. ასეც მოიქცა, ყურმილი აიღო და, ის იყო, ნომერი უნდა აეკრიფა, რომ ერთ-ერთმა ძმამ ქალს თმაში ხელი ჩაავლო, ჯერ რამდენიმე მეტრის მანძილზე ათრია, შემდეგ ტელეფონი გამოჰგლიჯა ხელიდან და ნამსხვრევებად აქცია.
გამოძიების მასალებში წერია: „კახა ტ-მ, ძველი წყენის გამო, შურისძიების მოტივით მეზობლების – გელა და გიორგი გ-შვილების დახოცვა განიზრახა. ამ მიზნით, ისინი ეგრეთ წოდებული „კისტის“ თოფით დაჭრა, რის შედეგადაც ორივე ძმამ მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. შესაბამისად, კახა ტ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გათვალისწინებულია სსკ 19-105 მუხლით”, – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში, რის გამოც კახა ტ-ს საბოლოოდ 6 წელი მიესაჯა.
დაუჯერებელია, მაგრამ, საქმეში არსად იყო მითითებული, რომ რეალურად, ჩხუბი არა განსასჯელმა, არამედ, დაზარალებულებმა დაიწყეს, რომლებიც მის სახლში თავად მივიდნენ. მანამდე კი მისგან მალულად ოჯახის კუთვნილი 1 500 ლარი მიისაკუთრეს. საქმეში ასევე არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ მათ ფიზიკური და მატერიალური ზარალი მიაყენეს ოჯახის დიასახლისს: გარდა იმისა, რომ სცემეს, 450 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს. თუმცა, საბოლოოდ, რეალობა მაინც გაირკვა, რის შედეგადაც, კახა ტ. საპატიმროდან გაათავისუფლეს და 2 წელი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.
განსასჯელის ჩვენებიდან: „მიუხედავად ყველაფრისა, ცოლთან გაყრას არ ვაპირებდი. პირველივე დღეს მას იმიტომ არ მივაკითხე, რომ დედაჩემის დამშვიდებას ველოდი – ვიცოდი, წყენა მასაც მალე გაუვლიდა. გელა და გიორგი გ-შვილებმა ოთახში შემოჭრისთანავე გინება დამიწყეს, მადანაშაულებდნენ, რომ ფული მქონდა და არ ვასესხე. თუმცა, ჩემი საქციელი ჩემმა ცოლმა „გამოასწორა“ – ფული მან მისცა, რის გამოც ის სახლიდან გავაგდეთ. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მათთან კონფლიქტი არ მინდოდა და ვუთხარი, რომ ჩვენს საქმეს თვითონ მივხედავდით, ფულს კი ჩემთვის ამ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ძმები მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ცოლს ახლოს აღარ გავკარებოდი, თორემ, მომკლავდნენ. სწორედ ამ დროს დედაჩემი და ჩემი ცოლი შემოვიდნენ. დედაჩემმა მათ ქურდები და უსინდისოები უწოდა და პოლიციაში დარეკვა მართლა დააპირა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დედაჩემს ცემა დაუწყეს, ვეღარ მოვითმინე და, იმ მომენტში, როდესაც ერთი ძმა დედაჩემს უსწორდებოდა, მეორე ჩემს ცოლს აკავებდა, რომელიც დედაჩემის დაცვას ცდლობდა, იარაღი გამოვიტანე და მათი მიმართულებით ვისროლე...”
ანალოგიური განაცხადეს განსასჯელის ცოლმაც, დედამაც და სხვა მოწმეებმაც. ერთობლივი მტკიცებულებების საფუძველზე კი, სასამართლომ განსასჯელი პირობით, პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა...