კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-31(553) 

 

თქმა და შესრულება ერთი იყო. ორი დღის მერე მართლაც მშვენიერი პლაკატები და ბუკლეტები გამოგვიგზავნეს მოსკოვიდან, რომელზეც დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად მე და მერიც ვიყავით აღბეჭდილნი. სააგიტაციო პლაკატები მართლაც ბევრ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაუკრავთ და მრავალ ადამიანს უნახავს. ბაბუას კი, ერთი პლაკატი მალულად ჩამოუხსნია პლეხანოვის გამზირის ერთ-ერთი ვიტრინიდან, სახლში რომ დავბრუნდი, მანახა და სიამაყით განმიცხადა:

– მიხარია, ბაბუ, რომ ასეთი სახელოვანი ხარ და ყველამ ნახა შენი სურათი. მე  ვერ მოვითმინე, კანონი დავარღვიე და სამახსოვროდ რომ მქონოდა, ვიტრინიდან მოვიპარე.

– აი, ბაბუ, ბუკლეტიც, – ბაბუას ბუკლეტი გავუწოდე. მან ყურადღებით დაათვაილერა და პლაკატთან ერთად შეინახა...

მაგიდამ, ვიქტორ ვასილევიჩის სიტყვებმა და სურათის გადაღებამ ჩემსა და მერის შორის პირველი დაძაბულობა მოხსნა, უხერხულობის მომენტი გაქრა და კლუბიდან რომ გამოვედით, ჩემს ყოფილ შეყვარებულს თამამად ვუთხარი:

– სად ხარ, როგორ ხარ და საერთოდ რას აკეთებ?

მერის არც ადრე აკლდა სითამამე, მაგრამ ჩემი განწყობა რომ ნახა, ხელკავი გამომდო, გამიღიმა და მითხრა:

– მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობ, მესამე კურსზე, იქვე ნათესავებთან ვცხოვრობ და ახლა კი ბანაკის ყველაზე დიდ დელეგაციას ვხელმძღვანელობ. შენ?

რუსეთის დელეგაციაში ორმოცდაათი ახალგაზრდა შედიოდა, რაც საერთო რაოდენობის ათ პროცენტს შეადგენდა და შესაბამისად, ათი კოტეჯი ეკავათ. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ მათი ხელმძღვანელი არარუსი, თან ჩამოსული და ისიც ქართველი, 18 წლის გოგონა იყო. ამიტომ, მერის ვკითხე:

– ხელმძღვანელად რატომ დაგნიშნეს?

– ამირჩიეს.

– კომკავშირში?

– არა, კომკავშირის აქტივისტი არ ვარ.

– აბა, როგორ, ვინ აგირჩია?

– სტუდენტურმა ინტერკლუბმა ამირჩია და კომკავშირის ცეკასაც მათ მისცეს ჩემი ხელმძღვანლად დანიშვნის რეკომენდაცია, როგორც ენების მცოდნეს. მე ხომ ინგლისური, ფრანგული და სპარსული ენები ვიცი. რადგან ბანაკი საერთაშორისოა, ბუნებრივია, იქ უცხოელებიც არიან და სწორედ საკომუნიკაციოდ ამირჩიეს, თანაც ფრიადოსანი ვარ და წითელ დიპლომზე ვიქაჩები.

– მაგარია! – ვთქვი მე და გამეცინა.

– რატომ იცინი? – დაინტერესდა მერი.

– მეც ზუსტად ასე მოვხვდი აქ და მეც ინგლისური, ფრანგული და სპარსული ენები ვიცი.

– მშვენიერია! – გაეხარდა მერის და მკითხა, – სად სწავლობ?

– უცხო ენებზე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

– მე კი მომავალი თერაპევტი ვარ.

– შენმა მშობლებმა მაინც თავისი გაიტანეს და თეატრალურსა და სამხატვრო აკადემიაზე ფიქრიც კი აგიკრძალეს, ხომ?

– არა, თერაპევტობა თვითონ ვისურვე და უბრალოდ, ჩემი და ჩემი მშობლების აზრთა თანხვედრა მოხდა და ამით ოცი წლის სიცოცხლე შევმატე დედ-მამას, – მითხრა მერიმ, მაგრამ ენაზე იკბინა, რადგან მისმა სიტყვებმა ჩემი ტრაგიკულად დაღუპული მშობლები გამახსენა. ჩემდა უნებურად, გავფითრდი და მერი ყველაფერს მშვენივრად მიხვდა.

– ჰო, კარგია, როდესაც მშობლებს სიცოცხლეს უხანგრძლივებ, – ვუთხარი მერის, მან კი ჩემი ხელი მაგრად მიიკრა სხეულზე, თავი მხარზე მომადო და მითხრა:

– მაპატიე, კოკი, აღარ მახსოვდა, შენი მშობლები რომ... – მერიმ აღარ დაასრულა სიტყვა, აცაცხაცებული მომეკრა და თქვა, – მაპატიე, კოკი, არ ვიცი, რა დამემართა, მაპატიე...

– გეყოფა, მერი, სირცხვილია, არ ატირდე, დავამშვიდე მერი, – რაც იყო იყო, იმას ვეღარ დაიბრუნებ და ამაზე ლაპარაკი არ ღირს. შენ ის მითხარი, ასე შორს რატომ წახვედი სასწავლებლად და თბილისში რატომ არ დარჩი?

– სიმართლე გითხრა თუ მოგატყუო? – მკითხა მერიმ.

– რა თქმა უნდა, სიმართლე მითხარი.

– შენ გამო, – მითხრა მერიმ. ხელი გამიშვა, წინ დამიდგა და თვალი თვალში გამიყარა.

– ჩემ გამო, რატომ?

– იმიტომ, რომ თურმე, შენს ტრაგედიას მე მაბრალებდი და მოკვლას მიპირებდი... ამიტომ, მამაჩემს ჩემი იქიდან გარიდება ურჩიეს და არც მე გამიწევია წინააღმდეგობა. ძალიან მიყვარდი. თბილისში რომ დავრჩენილიყავი და ერთმანეთს შევხვედროდით, შეიძლება, უბედურება დატრიალებულიყო, მოგეკალი... გაცლა ვარჩიე, – მითხრა მერიმ და ისე მოულოდნელად და გასაგებად მამცნო თავისი გრძნობების შესახებ, რომ ენის ბორძიკით მივუგე:

– რა თქვი? გიყვარდი?

– მე შენ ახლაც მიყვარხარ, ჩემო კოკი... – საკმაოდ მშვიდად მომიგო მერიმ და რომ შევხედე, მივხვდი, ის ისევ ძველი მერი იყო, მტკიცე, თავდაჯერებული, უფრო მეტად დაქალებული და გალამაზებული, – ახლა კი უნდა წავიდე, ჩემები მელოდებიან და იმედია, ერთმანეთს კვლავ შევხვდებით.

მერის აღიარებამ ფრთები შემასხა და ვიგრძენი, რომ ის მეც მიყვარდა. ამიტომ, იმ დღიდან მოყოლებული, მთელი ერთი თვე მე და მერი ერთმანეთს არ დავშორებივართ. ისე ძლიერ შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ უერთმანეთოდ გაძლება გვიჭირდა. წლების შემდეგ, როდესაც მე და მერი უკვე სტაჟიანი ცოლ-ქმარი ვიყავით, ოჯახურ გარემოში, შვილებთან ერთად დიდი ხალისით ვიხსენებდით „დრუჟბაში“ გატარებულ დროს და სხვადასხვა თავგადასავალს.

– რა თქმა უნდა, შევხვდებით და არა ერთხელ, – მივუგე მერის და ისე გავთამამდი, რომ  თმაზე გადავუსვი ორივე ხელი, რასაც არც ის  შეწინააღმდეგებია, გამიღიმა და უხმოდ გაემერთა თავისიანებისკენ.

– კოკი, ძამია, აი ლამაზი გოგო ვინ იყო? – მკითხა იამ, როდესაც კოტეჯში მივედი. ჩემები, თურმე, პირდაღებულები გვიყურებდნენ მე და მერის და მისი ვინაობის გაგება უნდოდათ. მაგრამ, თბილისელებმა ვერ გაბედეს და ამ მისიის შესრულება იას დააკისრეს.

– მერი, ჩემი შეყვარებული და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია, – სიამაყით განვუცხადე ყველას, შემდეგ კოტეჯში შევიპატიჟე და თათბირის ამბები მოვუყევი.

მერი, ჩემი დელეგაციის წევრებსაც გავაცანი და ისინი ისე დაუახლოვდნენ და ისე მოეწონათ ჩემი შეყვარებული, რომ ხშირად განმარტოების საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ძალით მიხდებოდა ხოლმე მათი გაგდება, რომ მერისთან პირისპირ დავრჩენილიყავი.

საერთაშორისო სტუდენტურ ბანაკში გატარებული ერთი თვე ჩემი და მერის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე და მერიმ უკვე ცოლქმრობის პერიოდში მრავალი ეგზოტიკური ადგილი მოვინახულეთ და საუკეთესო პანსიონატებსა და სასტუმროებში ვცხოვრობდით, ის გურზუფული ერთი თვე განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო.

შეყვარებულთან ურთიერთობის გარდა, „დრუჟბაში“ სხვა წარმატებებსაც მივაღწიე: მე, ზვიადმა და ანასტასიამ ინტელექტუალთა სამეულების ტურნირში გავიმარჯვეთ, მე კი საუკეთესო ინტელექტუალად დამასახელეს და საჩუქრად წითელგერბიან ჩარჩოში ჩასმული დიპლომი გადმომცეს. გარდა ამისა, მკლავჭიდელთა შეჯიბრიც მოვიგე და ფინალში ერთი გოლიათი აფრიკელი ზანგი დავამარცხე, რომელსაც უზარმაზარი, დაკუნთული ხელები და მარწუხებივით თითები ჰქონდა. ძალა არც მე მაკლდა, მაგრამ ზანგს ჩემზე მეტი ჰქონდა და მე მას ტექნიკაში „მოვუხაზე“ და ამის ხარჯზე მოვუგე. უნდა გენახათ, რა დღეში იყო ვიქტორ ვასილევიჩი, რომელმაც ისე აღიქვა ჩემი ზანგზე გამარჯვება, თითქოს მსოფლიო ომი მომეგოს. შეჯიბრის შემდეგ მან თავის კაბინეტში მიხმო, გადამეხვია და სიხარულით მითხრა:

– ყოჩაღ, ქართველო! ყოჩაღ, რომ იმ შავტრაკას არ დაამარცხებინე თავი და საბჭოთა კავშირის პრესტიჟი არ შეალახვინე. შარშანაც ერთმა ზანგმა გაიმარჯვა და ერთი რუსი გოლიათი დაგვიმარცხა, შენ კი ყოჩაღ! ტექნიკურად მოუხაზე და გილოცავ...

ვიქტორ ვასილევიჩი საკმაოდ კორექტული და კეთილგანწყობილი ადამიანი ჩანდა და მისმა გამონათქვამმა: „შავტრაკა“, ცოტა არ იყოს წარმოდგენა დამაკარგვინა მასზე. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ისიც იმ საბჭოთა რუსული ფაშიზმ-შოვინიზმის ერთ-ერთი რიგითი მიმდევარი იყო, რაზეც საბჭოთა რუსული იდეოლოგია იყო დამყარებული. იმ მომენტში კომენდანტმა ზანგს შავტრაკა უწოდა და მე მომილოცა გამარჯვება, მაგრამ მე რომ რუსი შემხვედროდა ფინალში და მას მოეგო, კომენდანტი ზუსტად იგივეს იტყოდა ჩემზე და რუსს მიულოცავდა გამარჯვებას. პირველ შემთხვევაში, ვიქტორ ვასილევიჩს საბჭოთა შოვინიზმი ამოძრავებდა, მეორეში კი მასში უკვე რუსული შოვინიზმი გაიღვიძებდა, თუმცა ეს ერთი და იგივეა...

მესამე წარმატებას შექსპირის შემოქმედების საუკეთესო ცოდნაში მივაღწიე და იმ ლიტერატურულ კონკურს-ვიქტორინაში გავიმარჯვე, რომელიც ინგლისიდან ჩამოსულმა დელეგაციამ მოაწყო. ფინალში მე მათი წარმომადგენელი, კემბრიჯის ლიტერატურული კოლეჯის სტუდენტი დავამარცხე, რომელიც სპეციალურად სწავლობდა შექსპირის შემოქმედებას. ბოლოს კი, იმპროვიზებული წარმოდგენაც მოვაწყვე – შექსპირის სონეტები და ჰამლეტის მონოლოგი წავიკითხე, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე.

– შენ, ჩემო მეგობარო, ვუნდერკინდი ყოფილხარ, – მითხრა ვიქტორ ვასილევიჩმა, როდესაც მორიგი წარმატება მომილოცა, თუმცა ამჯერად არც შავტრაკა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტი გამოუყენებია დამარცხებულის მისამართით და არც უზომო ემოციები გადმოუფრქვევია, როგორც ადრე. მან ხელი ჩამომართვა და დაამატა, – შექსპიროლოგის დამარცხება შექსპირის ცოდნაში სახუმარო საქმე არაა და გილოცავ! ვხედავ, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ხარ და წარმატებებს გისურვებ!

შექსპიროლოგის დამარცხებამ ჩემი ავტორიტეტი „დრუჟბაში“ კიდევ უფრო აამაღლა და ვატყობდი, რომ ყველას ჩემთან მეგობრობა და სიახლოვე უნდოდა. განსაკუთრებით ის დამარცხებული შექსპიროლოგი ყმაწვილი აქტიურობდა, რომელიც ჩემთან დაკონტაქტების მომენტს ხელიდან არ უშვებდა და როგორც კი დროს იხელთებდა, ლიტერატურასა და შექსპირზე გამიბამდა ხოლმე საუბარს. მან თავისი მისამართი მომცა, ჩემიც ჩაიწერა და მითხრა, შენს ქვეყანაში  მინდა ჩამოსვლა და შენც აუცილებლად მეწვიე, ვიზასა და სპეციალურ მოწვევას გამოგიგზავნიო...

ერთი სიტყვით, სტუდენტური ზაფხული ძალიან შინაარსიანად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, წუთიც კი არ მქონდა თავისუფალი და მართალია, მე და მერი სულ ერთად ვიყავით, მაგრამ პირისპირ ძალიან იშვიათად ვრჩებოდით, ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა ბუზებივით.

– აი, ბოლო დღეც ილევა და ხვალ სახლებში გავემგზავრებით, –  მითხრა მერიმ, როდესაც  როგორც იქნა, განვმარტოვდით და ზღვისპირა კლდის ქიმზე ჩამოვჯექით, რომელიც თხუთმეტი მეტრის სიმაღლეზე იყო აშვერილი წყლიდან.

– მერე რა, – მივუგე მერის, – სამუდამოდ ხომ არ ვშორდებით ერთმანეთს, ან სხვადასხვა ქვეყანაში ხომ არ მივემგზავრებით? ყოველდღე დაგირეკავ და თვეში ორ-სამჯერ ჩამოგაკითხავ კიდეც. მოსკოვში ჩამოსვლას რა უნდა, თვითმფრინავი ყოველ ერთ საათში დაფრინავს და „ტუდა-აბრატნის“ ავიღებ, გნახავ და ისევ თბილისში დავბრუნდები.

ღამის ორი საათი იყო. გვიანი დროის მიუხედავად, „დრუჟბაში“ არავის ეძინა, რადგან ბოლო საათების გატარება ყველას მეგობრებთან ერთად უნდოდა და აბა, ძილისთვის ვინ დახარჯავდა დროს. მე და მერიმ, ისევე როგორც „დრუჟბას“ უკლებლივ ყველა მობინადრემ, ღამე გავათენეთ. შემდეგ კი ბანაკმა ნელ-ნელა დაიწყო დაცლა. ჩვენ და რუსული დელეგაცია ერთად, უზარმაზარი ავტობუსით გავემგზავრეთ სიმფეროპოლში. მე და მერი მხოლოდ რკინიგზის სადგურზე დავშორდით ერთმანეთს. პირველი მოსკოვის მატარებელი გავიდა, შემდეგ კი მას თბილისის მიჰყვა და მერი რომ გავაცილე, სანამ თვალს მიეფარებოდა, მივაძახე: მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ-მეთქი...

თბილისში იმავე ვაგონით გავემგზავრეთ, რომლითაც ჩამოვედით და ჩვენი ნაცნობი გამცილებლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩვენ რომ დაგვინახა.

– ღმერთო, დიდება შენს სახელს, რომ ეს ხალხი ისევ ჩემს ვაგონში მოხვდა, – იმეორებდა გამცილებელი და არც ჩვენ შეგვირცხვენია თავი. თუკი იქით გზაზე მას სამი მანეთის ხურდა ერგო, აქეთ უკვე ოცდახუთი მანეთი „ჩავახუტეთ“ და ისეთი გახარებული და კმაყოფილი იყო, სამადლობელ სიტყვებს ვეღარ პოულობდა. მატარებლიდან რომ ჩავდიოდით, გამოგვეტირა და მთელი გულით გვლოცა და გვლოცა...

მართალია, თბილისის რკინიგზის სადგურზე ჩვენთვის დახვედრა არავის მოუწყვია, მაგრამ მეორე დღესვე სერგომ მიგვიღო, სათითაოდ გადაგვეხვია ყველას და აღფრთოვანებულმა გვითხრა:

– ყოჩაღ, ჩემო კარგებო, ყოჩაღ! ასეთ ტრიუმფს ნამდვილად არ ველოდით თქვენგან და უნდა გამოგიტყდეთ, ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით ერთგული და თავდადებული უფროსი მეგობარი შეიძინეთ. ისეთი რა უნდა დაგჭირდეთ, რომ გვერდში არ დაგიდგეთ.

ერთი სიტყვით, საქართველოს კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, რადგან მას პირადად საკავშირო კომკავშირის შეფმა დაურეკა, კარგა ხანს ელაპარაკა და თურმე ჩვენს საქებარ სიტყვებს ეუბნებოდა. ჩვენი წარმატების ამბავი პავლე პეტროვიჩმაც იცოდა, მასაც შეუქია სერგო და საქართველოს პირველი კომკავშირელი ამ ყველაფრით უზომოდ ბედნიერი იყო.

– თქვენთან შეხვედრა პავლე პეტროვიჩსაც უნდოდა, მაგრამ ერთი კვირით მოსკოვში გაემგზავრა ამ დილით. თუმცა, პირადად დამავალა თქვენთვის მადლობის გამოცხადება და სიამოვნებით ვასრულებ – პირადად პავლე პეტროვიჩისგან გიცხადებთ მადლობას! – გვითხრა სერგომ და გაგვიღიმა, შემდეგ „პობედის“ ფირმის ოქროს საათები გვისახსოვრა, კიდევ ერთხელ სათითაოდ გადაგვეხვია და კაბინეტიდან გამოგვისტუმრა.

სხვათა შორის ის „პობედის“ ოქროს საათი, ისევე, როგორც „პაველ ბურე“ და მამაჩემის ნაჩუქარი შვეიცარიული საათი, დღემდე ჩემთან ინახება. სამივე გამართულად მუშაობს და კიდევ დიდხანს იმუშავებს...

სერგოს კაბინეტიდან ამაღლებული განწყობით გამოვედით და სანამ იას ქუთაისში გავაცილებდით, იქვე, რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „დარიალში“ ჩავედით. გაცილების სუფრა უნდა გაგვეშალა.

– ყველანი მიყვარხართ, ბოვშებო, – ცრემლები გადმოგვაფრქვია ოდნავ შექეიფიანებულმა იამ, როდესაც წამოვდექით, რომ მისი კუპე დაგვეტოვებინა. მატარებლის გასვლამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი, – ქუთაისში ჩემს კარ-მიდამოში უნდა გაქეიფოთ ქუთაისურად.

– კარგი, იაკო, ნუ ტირი, – გამეცინა და იას შუბლზე ვაკოცე, გამოვემშვიდობე და კუპეს კარი უნდა გამეღო, რომ კარი თვითონ გაიღო და ზღურბლზე შავკოწია გამოჩნდა. მას სახე გაუნათდა და წამოიძახა:

– კამპანიას გოუმარჯოს, კამპანიას! – შემდეგ გადამეხვია და მომიკითხა. სხვებს კი ხელი ჩამოართვა და ბოლოს იას უთხრა:

– იაკო, ჩემო სიყვარულო და სიხარულო, რაფერ ხარ, თუ იცი?

– შენ რაფერ ხარ, კოწიე და რაფერ მომაგენი? – კითხვა შეუბრუნა იამ.

– რაფერ ვიქნები შენი სიყვარულით მთვრალი? რაფერ მოგაგენი და... – შავკოწიამ პაუზა გააკეთა, თვალი ჩამიკრა და იას მიუბრუნდა, – ვგავარ ახლა მე იმ კაცს, ვინც თავის სიყვარულს ვერ მიაგნებს? რაფერ და, გურზუფია თუ მურზუფი იქ ჩამოგაკითხე ბიჭებთან ერთად და რომ არ დამხვდი, გედევირიე. იქით ვეცი, აქეთ ვეცი, გავაიასნე, რომ მატარებლით წამოხვედით და დეგეხვოსტეთ. გზაში პაწა პრობლემები შეგვექმნა და სანამ მილიციასთან ვახლაფორდებით საქმეს, ქე, ჩამომასწარი და კინაღამ ხელიდან გამისხლტი, მაგრამ მოგაგენი, რაფერც ხედავ და ველი პასუხს.

– რა პასუხს, კოწიე?

– რა რიცხვია დღეს, თუ გახსოვს?

– 31 ივლისი.

– მერე?

– რა მერე, – გაეცინა კოწიას, – რომ მიემგზავრებოდი გურზუფში თუ მურზუფში, რა გითხარი, არ გახსოვს?

– რა მითხარი? – ვითომ გაიკვირვა იამ.

– რა და ივლისს არ გადავაცილებ და თუ არ წამომყობი ნებით, ძალით მოგიტაცებ-თქვა, – შეახსენა კოწიამ.

– რა, მერე?

– რა და გადაწყვიტე – ნებით თუ ძალით? – იკითხა კოწიამ და მატარებელიც დაიძრა, მაგრამ ადგილიდან არავინ გავნძრეულვართ, რადგან მოვლენებს შეიძლება დრამატული ხასიათი მიეღო და იას მიტოვება არ გვინდოდა.

– მატარებელი დეიძრა, კოწიე და ამ ხალხს მაინც რას ერჩი. ვერ მოასწრებენ ჩასვლას და ხტუნაობა და ტალახში კოტრიალი მოუწევთ, – უთხრა კოწიას იამ.

კოწიამ „სტროპ-კრანი“ ჩამოწია, მატარებელი გააჩერა და გაიმეორა:

– ნებით თუ ძალით?

– ნებით, კოწიე, ნებით, – სახე გაუნათდა იას და კოწიასკენ დაიძრა, შავკოწიამ კი ია ხელში აიტაცა, კუპედან პირველი გავიდა და წაიმღერასავით:

– ქორწილია, წევედით, ვიგულავოთ და გავიხაროთ...

შავკოწიას ყველაფერი წინასწარ ჰქონია მომზადებული და ვაკეში, თავის ერთ-ერთი ნათესავის ბინაში მიგვიყვანა, სადაც მართლაც რომ, ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი და იქ სამი მისი მეგობარი დაგვხვდა. თავად ბინის პატრონები უცხოეთში იყვნენ წასული სამუშაოდ და გასაღები კოწიას ჰქონდა ჩაბარებული.

– აბა, ძმებო და დაიკო, – შავკოწიამ ანასტასიას გაუღიმა, – დევიწყოთ ქეიფი, თამადად კი ჩემს კოკის, ჩემს ძმას ვნიშნავ, ვინც ჩემს იაკოს უპატრონა.

დილამდე ვიქეიფეთ, კარგად მოვილხინეთ და მზე უკვე კარგად ამოწვერილი იყო, ახლად შეუღლებულები მარტო რომ დავტოვეთ და წავედით. იას და კოწიას სამი დღის შემდეგ ისევ ვესტუმრეთ და ჯერ ისევ ცოტა წავიქეიფეთ, საღამოს კი თაფლობის თვის გასატარებლად მოსკოვში გავაცილეთ. მაშინ, მოსკოვში თაფლობის თვის გატარება მოდაში იყო და ია და შავკოწია რატომ უნდა ჩამორჩენილიყვნენ მოდას?

ახალდაქორწინებულები რომ გაფრინდნენ და სახლში დავბრუნდი, ბაბუამ მკითხა:

– რა გჭირს, ბაბუ, რატომ ხარ უხასიათოდ?

– დავიღალე, ბაბუ, – მოვატყუე ბაბუას, რადგან მერი მენატრებოდა და იმიტომ ვიყავი უგუნებოდ.

– კარგი, ბაბუ, დაისვენე, ხელს აღარ შეგიშლი, – მითხრა ბაბუამ და გავიდა.

მე ტახტზე ვიყავი წამოწოლილი და მერიზე ვფიქრობდი, რომელიც უზომოდ მენატრებოდა და ისიც კი გავიფიქრე, ნეტავ, იას და შავკოწიას გავყოლოდი-მეთქი მოსკოვში.

„ბუმ, ბუმ, ბუმ...“, – ცხრაჯერ დარეკა კედლის საათმა და ვიგრძენი, რომ ძილი მეპარებოდა და ნელ-ნელა შემიტყუა... სიზმარში „დრუჟბას“ კლდეებს ვხედავდი, კლდეებზე კი თოლიებს, რომლებიც უცებ წამოიშალნენ და ცაში აიჭრნენ, რადგან მერი გამოჩნდა და ფრინველები შეაშინა. მე ნაპირზე ვიდექი და მერის კარგად ვხედავდი. ის კი ვერ მხედავდა და კლდეებზე მეძებდა.

– მერი, მერი, აქ ვარ! – დავუძახე მერის, მაგრამ ვერ გავაგონე. ამიტომ, პირზე ხელები მივიდე და მთელი ძალით ვიღრიალე: მერი, მერი, აქ ვარ...

– მეც აქ ვარ... – ჩამესმა ძილში. თვალები გავახილე და ჩემ წინ მოღიმარი მერი იდგა...

ტახტიდან მკვირცხლად წამოვხტი, მერის მხრებზე დავადე ხელები, თითქოს ვამოწმებდი, ნამდვილია თუ არა-მეთქი და აღტაცებულმა ვკითხე:

– აქ საიდან გაჩნდი?

– მოსკოვიდან მოვფრინდი, – გამიღიმა მერიმ, – ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი და სტუმრად გეწვიე.

მართალია, მე და მერი სულ რაღაც ხუთი დღის წინ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ისე ძალიან მენატრებოდა, რომ სიზმარში ვხედავდი  და ამიხდა კიდეც.

– რატომ არ მითხარი, თბილისში ჩამოსვლას თუ აპირებდი? – ვკითხე მერის.

– სიურპრიზი გაგიკეთე, თან შენი რეაქციაც მაინტერესებდა, – მომიგო მერიმ.

– მერი, მერი, საყვარელო... – აღტაცებით წამოვიძახე, ჰაერში ავიტაცე და ოთახში დავბზრიალდი.

მერი კისკისებდა და ხალისით ავსებდა სახლს, მე კი ის ძვირფასი თასივით მყავდა ხელში ატაცებული და იმ სანუკვარ დღეზე ვოცნებობდი, როდესაც ამ თასიდან სურნელოვან ნექტარს შევსვამდი...

პირველი ემოციები რომ დაცხრა, მერი ძირს ჩამოვსვი და სული მოვითქვით, მან მითხრა:

– კინოში ხომ არ წავიდეთ, ბოლო სეანსზე, აქვე, „ოქტომბერში“. ათ საათზე იწყება და ორმოცი წუთი დარჩა.

– შენ ბილეთებიც გექნება აღებული, – ვუთხარი მერის.

– აბა, როგორ? – გაეცინა მერის და ცხვირწინ ორი მწვანე ბილეთი ამიფრიალა.

კინოთეატრი „ოქტომბერი“, რომელსაც დღეს „აპოლო“ ეწოდება და ძველი სახელი დაუბრუნეს, ჩემი სახლის ახლოს მდებარეობდა. მე და მერი იქ ხუთ წუთში მივედით. იმ საღამოს ცნობილი კინოფილმი „დიდი სიყვარულის სერენადა“ გადიოდა, რომელიც ყრუ ქალიშვილისა და საოპერო მომღერლის დრამატული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ბოლოს კი ყველაფერი ბედნიერად მთავრდება. მე და მერიმ დიდი განცდით ვუყურეთ ფილმს... ქუჩაში ნასიამოვნები და ამაღლებული განწყობით გამოვედით.

– რომ დავყრუვდე ან დავინვალიდდე, შეძლებ ჩემს პატრონობას? – მკითხა მერიმ.

– ნუ სულელობ, მერი, – მივუგე მერის.

– მართლა მაინტერესებს, მიპასუხე.

– რა გაინტერესებს, ხომ არ გაგიჟდი? – გავბრაზიდი მე, რადგან იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ მერის რამე შეიძლება მოსვლოდა.

– ესე იგი, არ მომივლი, რადგან პასუხს თავს არიდებ, – ნახევრად ხუმრობით მომიგო მერიმ.

– რას სულელობ, მერი, რატომ ან რა უნდა მოგივიდეს?

– რომ მომივიდეს? – აიჩემა მერიმ.

– რა თქმა უნდა, მოგივლი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს... რატომ აიჩემე?

– ისე, უბრალოდ, მაინტერესებდა, – მითხრა მერიმ და მაშინვე სხვა თემაზე გადაერთო, მერე არასოდეს დაბრუნებია მას, მხოლოდ მრავალი წლების შემდეგ, სიკვდილის წინ გამახსენა ის საღამო, ყველაფრისთვის მადლობა გადამიხადა, ხელი ხელზე დამადო და სულიც დალია...

მერიც პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა და სახლამდე  ფეხით მივაცილე. შემდეგ თვალებზე ვაკოცე, თმაზე მოვეფერე, გამოვემშვიდობე და სახლში დავბრუნდი.

შუაღამე გადასული იყო და სახლში უხმაუროდ შევედი, მაგრამ ბაბუას არ ეძინა და მკითხა:

– კმაყოფილი ხარ, ბაბუ?

– რითი, ბაბუ? – კითხვა შევუბრუნე ბაბუას.

– კინოფილმით და, საერთოდ, ყველაფრით.

– კი, ბაბუ, კმაყოფილი ვარ.

– მეც კმაყოფილი ვარ, – მოულოდნელად მითხრა ბაბუამ.

– შენ რითი ხარ, ბაბუ, კმაყოფილი?

– ყველაფრით, შვილო, ყველაფრით. იმით, რომ კარგი კაცი ხარ და დიდი მომავალი გელოდება. კიდევ იმით, რომ ასეთი მშვენიერი საცოლე გყავს.

– მოგწონს მერი?

– კი, ძალიან და იცოდე, გაუფრთხილდი და ხელი მაგრად მოჰკიდე, არავინ მოგტაცოს. ვგრძნობ, რომ ბედნიერ ოჯახს შექმნით და სანიმუშო ცოლ-ქმარი იქნებით, – მითხრა ბაბუამ.

მე და მერი მართლაც სანიმუშო ცოლ-ქმარი ვიყავით და ამაში ბაბუა არ შემცდარა, მაგრამ, რაც შეეხება ჩემს დიდ მომავალს, ეს სადავო საკითხია. ჩემს დიდ მომავალში ბაბუაჩემი, რა თქმა უნდა, კომკავშირულ-პარტიულ და არა დაქირავებული მკვლელის კარიერას გულისხმობდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ჩემი პროფესიის სპეციფიკას და იმას, რომ ჩემი ხელობის ადამიანი პირველივე საქმის მერე თუ არ „გაასაღეს“, მაქსიმუმ სამი-ოთხი წელი იცოცხლოს, მე კი უკვე ამ ბიზნესში რამდენიმე ათეული წელია, ვმოღვაწეობ და საღ-სალამათი ვარ, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული კარიერა გავიკეთე და ეს მართლაც ასეა...

– ვერავინ მომტაცებს, ბაბუ, მერის მე ვუყვარვარ. ის კი ისეთი არაა, რომ ვინმეს თავი მოატაცებინოს.

– ყოჩაღი გოგო ჩანს, თვალები ცეცხლივით უელავდა და ჩვენს სახლში რომ ფეხი შემოდგა, აქაურობა გაანათა, – მითხრა ბაბუამ.

– ჰო და ცოლად რომ მოვიყვან, შუქის ანთება აღარ დაგვჭირდება, დავსვათ მერი ოთახში და აქაურობას გაგვინათებს, – ვეხუმრე ბაბუას.

მერის ცოლად მოყვანას იმ წელიწადს მართლაც ვაპირებდი და არც მერი იყო წინააღმდეგი, მაგრამ, ორიოდე თვეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – ჩვენი ქორწინება ხუთი წლით გადაიდო და, ოჯახი რომ შევქმენით, ორივე 23-23 წლისანი ვიყავით.

მე და მერი ერთი კვირა ვიყავით ერთად. გურზუფულ ერთ თვეს თბილისური ერთი კვირაც დაემატა და ბოლო ათი დღის განმავლობაში უკვე მეორედ მიწევდა მერისთან განშორება. მე ის აეროპორტში მივაცილე და, რადგან მოსკოვში გაფრენამდე ორი საათი იყო დარჩენილი, პატარა კაფეში დავსხედით, შამპანური, ყავა და ნამცხვრები შევუკვეთეთ და ლაპარაკი გავაბით.

– ეჰ, ნეტავი რჩებოდე, – სინანულით ვუთხარი მერის.

– მეც ძალიან მინდა, მაგრამ, ძლივს გავახერხე ეს პრაქტიკა და ვერ გავაცდენ, – სინანულით მომიგო მერიმ.

 მართალია, მერის, ისევე, როგორც მე, სექტემბრის ბოლომდე არდადეგები ჰქონდა, მაგრამ მას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ერთთვიანი პრაქტიკა უნდა გაევლო საუკეთესო პროფესორ-თერაპევტთან, რაზეც დიდ იმედებს ამყარებდა.

– მოხუცი ძლივს დაითანხმეს, რომ თავის პრაქტიკანტებში ჩავერიცხე და, გაცდენა კი არა და, დაგვიანებაც კი კატასტროფა იქნება ჩემთვის, – ამიხსნა მერიმ და იქვე მკითხა, – შენ რას აპირებ, დარჩენილ არდადეგებს სად გაატარებ?

– თბილისში, ბაბუასთან ერთად, – მივუგე მერის.

სტუდენტური არდადეგების დარჩენილი დრო მართლაც თბილისში გავატარე და, მართალია, ბაბუა მეხვეწებოდა, სადმე დასასვენებლად წავსულიყავი, მე ის არ მიმიტოვებია და დედაქალაქიდან ერთი დღითაც არსად გავსულვარ. მერის თითქმის ყოველ საღამოს ვურეკავდი მოსკოვში, კარგა ხანს ველაპარაკებოდი და ეს სიამოვნება თვის ბოლოს 400 მანეთი დამიჯდა, რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო.

სწავლა ერთი კვირის განახლებული იყო, როდესაც ინსტიტუტის რექტორმა დამიბარა და გულითადად მომიკითხა, ბოლოს კი მითხრა:

– შენთან საუბარი სურთ. აი, იქ შედი, გელოდებიან...

რექტორს პატარა, ეგრეთ წოდებული, დასასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ შევედი, სადაც სავარძელში მოკალათებული ორმოციოდე წლის მამაკაცი დამხვდა. ის ძალიან უბრალოდ იყო  ჩაცმული და, ფეხსაცმლიდან დაწყებული, პერანგით დამთავრებული, ყველაფერი საბჭოთა წარმოების ეცვა. ოთახში რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და სავარძელში დაჯდომა შემომთავაზა.

– მე რომანი მქვია და ძია რომანი დამიძახე, – მითხრა დამხვდურმა, რომელსაც ძალიან კეთილგანწყობილი ჰაბიტუსი ჰქონდა, მშვიდად მეტყველებდა და თვალებში ეტყობოდა, რომ ჩემთან სერიოზული საქმისთვის იყო მოსული, თუმცა, რა უნდოდა, ვერ ვხვდებოდი.

– ძალიან სასიამოვნოა. მე კოკი ვარ, – მივუგე ძია რომანს.

– ვიცი, მეგობარო, შენზე თითქმის ყველაფერი ვიცი, – რომანს გაეღიმა, – ხომ არ გწყინს, შენობით რომ მოგმართავ? შვილის ტოლი ხარ და იმიტომ.

– არა, არ მწყინს, – მივუგე რომანს და ერთი სული მქონდა, ლაპარაკი გაეგრძელებინა, რადგან ძალიან საინტერესო შესავალი გააკეთა.

– ჰოდა, როგორც გითხარი, შენზე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ – საკუთარ თავზე.

ამ სიტყების შემდეგ მივხვდი, რომ „კაგებეშნიკთან“ მქონდა საქმე, მაგრამ, ჩემგან რა უნდოდა, ვერ ვხვდებოდი. ამიტომ, გავუღიმე და ვუთხარი:

– ძალიან საინტერესოა. გისმენთ, რა გნებავთ?

„ძია“ რომანმა შორიდან მოუარა:

– რა თქმა უნდა, შემეძლო, კაბინეტში დამებარებინე და შენთან იქ მესაუბრა, მაგრამ, რადგან საქმე ეხება სწავლას, ამაზე უკეთეს ადგილს შეხვედრისთვის ვერ შევარჩევდით. თანაც, მე მაქვს შენთან საქმე და ჩემი ფეხით გეახელი.

რომანმა სწავლა რომ ახსენა, კიდევ უფრო დავიბენი, მან კი გამიღიმა და პაუზის შემდეგ განაგრძო:

– როგორც საუკეთესო სტუდენტს, ფიზიკურად და მორალურ-იდეოლოგიურად განვითარებულ ადამიანს, გთავაზობთ, უშიშროების კომიტეტთან არსებული სპეციალური სასწავლებლის ერთწლიანი კურსი გაიარო.

– მერე, აქ სწავლა? – ვკითხე რომანს.

– სწავლის მოუწყვეტლივ, – მითხრა „ძიამ“, – აქაც ისწავლი და იქაც. ყოჩაღი ახალგაზრდა ხარ და შეძლებ. მით უმეტეს, შენი მონაცემები გავაანალიზეთ და დადებითი დასკვნა მივიღეთ, ანუ, წინასწარ ვიცით, რომ შეძლებ.

– სად და რა უნდა ვისწავლო?

– ტერიტორიულად ძირითადად თბილისში იქნები, ჩვენი უწყების ერთ-ერთ დახურულ სკოლაში. შეიძლება, საქართველოს რომელიმე ქალაქში მოგიწიოს ძალიან იშვიათად გამგზავრება და, კიდევ უფრო იშვიათად – საბჭოთა კავშირის რომელიმე ქალაქში. ისე კი, აქ იქნები და ყველას ეცოდინება, რომ კვლავინდებურად მხოლოდ უცხო ენებში სწავლობ, – მითხრა რომანმა, პაუზა გააკეთა და დაამატა, – ალბათ, გესმის, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეინახო და ამქვეყნად ყველაზე უახლოეს ადამიანსაც კი არ უნდა გაუმხილო.

– გასაგებია.

– ახლა კი უშუალოდ სწავლის შესახებ გიამბობ: შენ შეისწავლი კონსპირაციას, დაზვერვას, საბრძოლო ხელოვნებასა და საბრძოლო იარაღების გამოყენებას; აგრეთვე, ავტომობილის მართვას. ყველაფერ ამას საუკეთესო სპეციალისტები უმაღლეს დონეზე შეგასწავლიან და, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევ თავს. ესაა ზოგადი სურათი, ახლა კი მკითხე, რაც გაინტერესებს და მზად ვარ, ყველაფერზე გიპასუხო, თანაც – გულწრფელად, – გამიღიმა რომანმა, გულდასმით შემათვალიერა და დაამატა, – ჩვენს საქმეში მთავარი საიდუმლოს დაცვა და ერთმანეთთან გულახდილობაა. ამიტომ, გისმენ, კითხვები მრავლად გექნება.

– კი, მაქვს, – თამამად მივუგე „ძიას“.

– ჰოდა, გისმენ, დაიწყე.

– რაში გჭირდებათ ასეთი მომზადებული ადამიანი? – ვკითხე „ძიას“.

– მტრებთან საბრძოლველად, კოკი, იდეოლოგიურ მტერთან საბრძოლველად, რომლებიც მგლებივით გვახვევია ირგვლივ და შეჭმას გვიპირებენ, მაგრამ, ნურას უკაცრავად! სანამ შენნაირი ახალგაზრდები არსებობენ, კაპიტალისტები ვერას დაგვაკლებენ და სწორედ ამიტომ გვჭირდება ყველანაირად მომზადებული ადამიანები.

– თანამშრომლობას ყველა ფრიადოსანს სთავაზობთ?

– ყველას ვაკვირდებით, მაგრამ, ყველას არ ვთავაზობთ და, ვისაც ვთავაზობთ, ზუსტად ვიცით, რომ გამოგვადგება.

– ალბათ, მეც მაკვირდებოდით.

– ერთი წლის განმავლობაში და, უნდა გახარო, რომ მონაცემებით ყველას საგრძნობლად გაასწარი.

– უარის თქმა თუ შეიძლება თანამშრომლებაზე?

– რა თქმა უნდა.

– უარი რომ ვთქვა, რა მელოდება?

– ამ საუბარს დაივიწყებ და სწავლას ძველებურად უცხო ენებში გააგრძელებ, – ძალიან მშვიდად მომიგო „ძია“ რომანმა და იქვე შეფარულად ღიმილით მკითხა, – უარის თქმას ხომ არ აპირებ?

– ჯერ არ ვიცი, შემიძლია, განვაგრძო?

– მიდი, მიდი, ჩემო კოკი, გისმენ.

– შეიძლება, რომ კაცის მოკვლა მომიწიოს? – ვკითხე „ძიას“.

– ჩვენს საქმეში გამორიცხული არაფერია და ასე გულდასმით და ყოველმხრივ იმიტომაც ვამზადებთ ხალხს. თუმცა, უნდა გითხრა, რომ ეს ძაღლების მოკვლაზე ბევრად საშინელი რამაა, – მითხრა რომანმა და ამით არტოს ბაღში მოკლული ნაგაზები გამახსენა, რითაც მაგრძნობინა, რომ ჩემი დოსიე გულდასმით ჰქონდა შესწავლილი.

– პასუხის მოსაფიქრებლად რამდენი დრო მაქვს?

– ერთი კვირა, – მითხრა რომანმა.

– თანახმა ვარ! – ვუთხარი „ძიას“, რადგან ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ უარის შემთხვევაში „კაგებეს“ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოვექცეოდი, მის მარწუხებს ვერ დავუსხლტებოდი და ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, თან უშიშროების სპეციფიკისადმი ინტერესი გამიჩნდა და ამ სფეროს იდუმალებამ მიმიზიდა.

აბა, მაშინ რა ვიცოდი, რომ თურმე, სპეციალური მისიისთვის მამზადებდნენ, რომელიც ზუსტად ერთი წლის შემდეგ უნდა შემესრულებინა და ამის შესახებ სულ სამმა კაცმა იცოდა და, ისიც, მოსკოვში. რა თქმა უნდა, „ძია“ საქმის კურსში არ იყო და ეგონა, რომ გადმობირების მორიგ  დავალებას ასრულებდა. რომანი გადმომბირებელი იყო და არაერთი ახალგაზრდისთვის მიუცია ვიზა „კაგებეში“. ჩემი დადებითი პასუხი რომ მოისმინა, სახე გაებადრა და მითხრა:

– გასაგებია, მაგრამ, ნუ იჩქარებ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე, ერთი კვირა გაქვს დრო. შემდეგ ისევ დაგიკავშირდები და საბოლოო პასუხიც მაშინ გამეცი.

რომანმა ხელი ჩამომართვა და წავიდა. მე ოდნავ შევყოვნდი და, ოთახიდან კაბინეტში რომ გავედი და კაბინეტიდან გასვლას ვაპირებდი, საწერ მაგიდასთან მჯდარმა რექტორმა დამიძახა:

– კოკი, სად მიდიხარ?

– ლექციაზე, პატივცემულო, – მივუგე რექტორს, მან კი ვითომ არაფერი მომხდარაო, მკითხა:

– ხვალისთვის რას აპირებ, არ ემზადები?

– ხვალ რა ხდება, პატივცემულო? არ ვიცი.

– როგორ არ იცი, რა, არ გითხრეს?

– არა!

– ხვალ კემბრიჯელები მოდიან ჩვენთან სტუმრად და კლუბში საზეიმო დახვედრას ვუწყობთ. შენ წამყვანი უნდა იყო და, როგორ, მზად არ ხარ?

– რა უნდა გავაკეთო, პატივცემულო?

– რა და, რა თქმა უნდა, შექსპირის შემოქმედებაზე ილაპარაკო – შენ ხომ ამ საქმის საუკეთესო მცოდნე ხარ. რა, ვერ შეძლებ?

– როგორ ვერ შევძლებ, პატივცემულო, ცოტას მოვემზადები, წიგნებს გადავხედავ და რაღაც-რაღაცეებს გავიხსენებ.

– კარგი. წადი, ლექციებიდან დღეს გათავისუფლებ და ხვალ, დილის 9 საათზე ჩემთან იყავი, – მითხრა რექტორმა, გამოვემშვიდობე და კაბინეტიდან გავდიოდი, როდესაც ისევ რექტორის ხმა მომესმა, – კოკი!

– დიახ, გისმენთ, პატივცემულო, – მივუგე რექტორს და თვალებში მივაჩერდი. მან ყურადღებით შემათვალიერა, თვალებში სიკეთის ნაპერწკალმა გაუელვა და მშვიდად მითხრა:

– იცოდე, ჭკვიანად და დაკვირვებით იყავი, კოკი. ახლა კი წადი, ხვალისთვის მოემზადე.

რექტორის სიტყვები მენიშნა და მივხვდი, რომ დაკვირვებასა და ჭკვიანად ყოფნაში „კაგებესთან“ ურთიერთობას გულისხმობდა. ის გამოცდილი და ჭკვიანი კაცი იყო და, არ შეიძლებოდა, ვერ მიმხვდარიყო, თუ ვინ და რატომ შემხვდა და მესაუბრა მოსასვენებელ ოთახში. კონიუნქტურის მიუხედავად, „კაგებესი“ ყველას ეშინოდა, ერიდებოდნენ და რექტორმაც ამისკენ მომიწოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3