მომწამვლელები
მისტერ მამერი სამსახურში მისვლამდე მიხვდა, რომ საუზმემ აწყინა. როგორც ჩანს, ბევრი მოუვიდა, არადა, მის სატონის სახით ბრწყინვალე მზარეული აიყვანა. მის ცოლს, ეტელს, რომელმაც ამ ზაფხულს ნერვული შეტევა გადაიტანა, აღარ შეეძლო საქმის უცოდინარ მოსამსახურე გოგონებთან ომი, რომლებიც მოდიოდნენ და მალევე მიდიოდნენ.
სამახურში მისულს თავისი სატანჯველი სახეზე ეწერა. მისტერ ბრუკსმაც მაშინვე ჰკითხა, რა გჭირსო.
– არაფერი. ეტყობა დილით რაღაც ისეთი შევჭამე, – უპასუხა მისტერ მამერიმ.
მისტერ ბრუკსი მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდა:
– იმედი მაქვს უკეთ გახდება, – თქვა მისტერ ბრუკსმა, – და ჩვენს დრამწრეში ამ ზამთარს ისევ გამოჩნდება. ბოლო დადგმაში მან და ახალგაზრდა უელბეკმა ფურორი მოახდინეს. სწორედ გუშინ მკითხეს მის შესახებ უელბეკებმა.
– მეც იმედი მაქვს, ისევ შემოგიერთდებათ, თუმცა ექიმმა ჯერ დასვენება ურჩია.
– გასაგებია, გასაგები. სხვათა შორის, შენმა ცოლმა ხომ არ იცის ვინმე კარგი მზარეული?
– არა მგონია, – უპასუხა მისტერ მამერმა, – ახლა კარგი მზარეულის მოძებნა რთულია. ჩვენც სულ ახლახან ვიპოვეთ ისეთი, როგორიც გვინდოდა.
– ახლა, მით უმეტეს, ყურადღებით უნდა მოძებნოს კაცმა, რომ მკვლელს არ გადაეყაროს, თუნდაც ისეთს, როგორიც მისის ენდრიუსია. არ ვიცი, პოლიციას ფულს რაში ვუხდით. უკვე თვეზე მეტი გავიდა და ის ქალი ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ. არადა, ეგეთები ხომ მერე ვეღარ ჩერდებიან – მკვლელეობა მათი ჩვეულება ხდება.
– ანუ, შენ ფიქრობ, რომ მისის ენდრიუსი დამნაშავეა?
– რა თქმა უნდა! ეს ხომ ისედაც ნათელია! ჯერ თავის მამაზე ზრუნავდა და ის კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, თან, კარგი ფულიც დაუტოვა; შემდეგ ვიღაც მოხუც კაცთან მუშაობდა და ისიც მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლა კიდევ – ცოლ-ქმარი: კაცი მოკვდა, ქალი კი სიკვდილს ებრძვის. ორივე დარიშხანით აღმოჩნდა მოწამლული, ხოლო მზარეული გაიქცა. შენ კიდევ ეჭვი გეპარება. ნაძლევს ჩამოვალ, მამამისსა და იმ მოხუცსაც რომ ამოთხრიან, ისინიც დარიშხანით გაჭყეპილები აღმოჩნდებიან.
– შეიძლება, მასეცაა, – თქვა მისტერ მამერმა, აიღო თავისი გაზეთი და ძებნილის სურათს დააცქერდა.
– უცოდველის სახე კი აქვს, – შენიშნა მან, – დედობრივი გამომეტყველება. ძალიან სიმპათიური ქალია.
– არა. მას ბოროტი ტუჩები აქვს, – თქვა მისტერ ბრუკსმა, რომელიც სულ ამტკიცებდა, რომ ადამიანის ხასიათი ტუჩების მოხაზულობით ვლინდება, – მე მას არ ვენდობოდი.
დღის ბოლოს მისტერ მამერმა თავი უკეთ იგრძნო. სახლში მისვლამდე ქრიზანთემების თაიგული იყიდა, რათა ცოლისთვის მიერთმია. ეტელი თავს სუსტად გრძნობდა და უკვე საძინებელში ასულიყო. სასტუმრო ოთახში მხოლოდ მზარეული მის სატონი დახვდა. მან ვახშმად გემრიელი ღვეზელი დაახვედრა. მისტერ მამერმა ჯერ ყვავილები მიართვა ცოლს საძინებელში, შემდეგ ღვეზელი მიირთვა და მშვიდად დაიძინა. არც მეორე და არც მესამე დღეს მუცელი არც კი წამოსტკივებია. ერთ-ერთ გაზეთში ამოკითხული რეკომენდაციით, ფორთოხლის წვენის დალევა დაიწყო და ამ მკურნალობის შედეგით აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ ხუთშაბათს თავი ისე ცუდად იგრძნო, რომ ეტელი იძულებული გახდა, ექიმი გამოეძახებინა. ექიმმა პულსი გაუსინჯა, ენაზე დახედა და საშიში ვერაფერი აღმოაჩინა, თუმცა წამლები მაინც დაუნიშნა. მისტერ მამერი მთელი პარასკევი თავს ცუდად გრძნობდა. ქვედა სართულზე ჩასვლა მხოლოდ შაბათს მოახერხა. კვირას თავი გაცილებით უკეთ იგრძნო და დღის მეორე ნახევარში ბაღში სამუშაოდაც კი ჩავიდა. ფარდულში იარაღების ასაღებად რომ შევიდა, შემთხვევით შხამით სავსე ქილას გადაეყარა. დარიშხანს მატლებთან საბრძოლველად იყენებდნენ. გაუკვირდა, როდესაც შეამჩნია, რომ ქილის საცობი ამოვარდნაზე იყო. ნეტავ, ასე როგორ დავტოვეო, გაიფიქრა და საცობი ხელისგულით ღრმად ჩააჭედა.
ცოტათი შეცბუნდა, როდესაც ბაღში მუშაობას მორჩა და სახლში დაბრუნებულს სტუმრები დახვდა. მისის უელბეკი და მისი შვილი სასურველი სტუმრები კი იყვნენ, მაგრამ, მაინც გული დაწყდა, წინასწარ რატომ არ გამაფრთხილესო. მისის უელბეკი დიდი მოლაყბე ვინმე იყო. ახლაც იმ მკვლელ მზარეულზე ლაპარაკობდა. მამერს არ ესიამოვნა. მან ცოტა ხნის წინ გადაიტანა კუჭის აშლილობა და ახლა მოწამვლაზე საუბარმა გულის რევის შეგრძნება გაუჩინა. ამ თემაზე საუბარი არც ეტელისთვის იყო სასიამოვნო. ისიც თანდათან უფრო ანერვიულდა. ბოლოს მისტერ მამერმა მისის უელბეკს ბაღში ყვავილების მოკრეფა შესთავაზა. ბაღში საუბარი შხამებზე და ქიმიკატებზე ჩამოვარდა. მისის უელბეკმა თქვა, რომ იგი სახლში შხამს არაფრის დიდებით არ გააჩერებდა, რაზეც მისტერ მამერმა უპასუხა:
– ჩვენ ხომ შხამს სახლიდან შორს ვინახავთ. ვიღაცამ შემთხვევითაც რომ...
უცებ იგი გაჩუმდა. მოგონება ცუდად დახურული ქილის შესახებ მოულოდნელად გაცოცხლდა. მეტი არაფერი თქვა და სამზარეულოში გაზეთის ასაღებად წავიდა, რათა ყვავილები გაეხვია. როდესაც სტუმრები წავიდნენ, მისტერ მამერი სამზარეულოში დაბრუნდა, რათა უჯრიდან ამოღებული გაზეთები უკან ჩაელაგებინა. რაღაცამ ძალიან გააკვირვა და თავისი ეჭვის გადამოწმება სურდა. მან ყველა გაზეთი ყურადღებით დაათვალიერა... არ შემცდარა. გაზეთებიდან მისის ენდრიუსის ყველა სურათი და სიტყვა, რომელიც მოწამვლას ეხებოდა, ამოჭრილი იყო.
კაცი შეეცადა, გაზეთის ფურცლებზე ნანახი მისის ენდრიუსის სახე გაეხსენებინა, მაგრამ, უშედეგოდ. მხედველობითი მეხსიერება ძალიან ცუდი ჰქონდა. შემდეგ შეეცადა, გაეხსენებინა როდის მოხდა მკვლელობა ლინკოლნში და როდის აიყვანეს სამსახურში მის სატონი. ორივე მოვლენა ერთი თვის წინანდელი იყო... „ეტელი“! – მამერს შოკისგან სული შეუგუბდა. უპირველესად, ის უნდა დაეცვა, თან, ყველაფერში კარგად უნდა დარწმუნებულიყო. მხოლოდ ეჭვის გამო ხომ არ გააგდებდა, ყველაზე კარგ მზარეულს, რომელიც კი აქამდე ჰყოლია.
შემდეგი რამდენიმე დღე ყველაზე საშინელი აღმოჩნდა. სამსახურში ბრუკსი დასცინოდა, როდესაც ყოველ წუთს სახლში რეკავდა და ცოლის ჯანმრთელობას კითხულობდა. ეტელის ხმის გაგონება და იმის ცოდნა, რომ ის კარგად იყო, ამშვიდებდა.
ხუთშაბათამდე არაფერი მომხდარა. იმ საღამოს კი სახლში ცოტა გვიან დაბრუნდა. სამზარეულოში გამზადებული კაკაო დახვდა. მისტერ მამერმა ერთი ყლუპი მოსვა და... შეიძლება, წარმოსახვამ მოატყუა, მაგრამ, პირში უცნაური გემო იგრძნო. მას კაკაოსთვის პირი აღარ დაუკარებია. მთელი ჭიქა ცარიელ ბოთლში ჩაასხა. შემდეგ ეს ბოთლი ჯიბეში ჩაიდო და ფარდულში გავიდა. მან ზუსტად იცოდა, სად დატოვა შხამი. სიბნელეში ქილა ხელისცეცებით იპოვა და ხელითვე იგრძნო ის, რის გასაგებადაც მოვიდა – ქილის საცობი კვლავ ამომძვრალი იყო.
მეორე დღესვე თავის მეგობარ აფთიაქარს, დაიმპთონს მიაკითხა. ყველაფერი დეტალურად მოუყვა და კაკაოთი სავსე ბოთლი გადასცა. აფთიაქარი დაჰპირდა, რომ პასუხს საღამოსთვის ეტყოდა. მისტერ მამერმა სამსახურში ვერ მოისვენა. ხუთის ნახევარიც არ იყო, რომ წამოდგა – გამოაცხადა, დღეს სახლში ადრე მივდივარო.
მისტერ დაიმპთონს ყველაფერი მზად ჰქონდა.
– ეჭვი არაა, – უთხრა მან, – ეს ძალიან დიდი დოზა იყო. უცნაური სულაც არაა, რომ გემო იგრძენი. ბოთლში ოცდაათ გრამამდე სუფთა დარიშხანი აღმოჩნდა.
მამერს ერთი სული ჰქონდა, სახლში როდის მივიდოდა. მატარებელი თითქოს მის ჯიბრზე მიზოზინებდა. „ეტელი მოწამლულია, ეტელი მოკვდა“... – არ ასვენებდა ფიქრები. სადგურიდან სახლამდე თითქმის სირბილით მივიდა. სახლის კართან მანქანა დაინახა. სული შეუგუბდა და პირი გაუშრა. დააგვიანდა?! ეს მაინც მოხდა?! უკვე ექიმი მოვიდა. რა სულელია! ამდენ ხანს რას ელოდებოდა!
შემდეგ დაინახა, როგორ გაიღო მისი სახლის კარი, იქიდან მამაკაცი გამოვიდა და მას ეტელიც გამოჰყვა. სტუმარმა ის გადაკოცნა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, ეტელი კი სახლში შებრუნდა. ეს იგი, ცოცხალია! თითქოს დამშვიდდა, თუმცა, გაურკვეველმა ეჭვმა შეიპყრო... ცოლი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული მიესალმა:
– დღეს ადრე დაბრუნდი?
– ჰო, სამსახურში საქმე აღარ მქონდა. ჩაიზე ვინმე გვეწვია?
– კი, ახალგაზრდა უელბეკი იყო. ჩვენი დრამწრის ამბებს განვიხილავდით.
– იცი, რაღაც უნდა გითხრა, – დაიწყო მისტერ მამერმა, მაგრამ პარმაღზე მზარეული გამოჩნდა.
– მაპატიეთ, – თქვა მან, – არ ვიცოდი, რომ უკვე დაბრუნდით. ოჰ, მისის, თევზის მაღაზიაში ერთი კაცი იყო, გრიმბსიდან ჩამოვიდა. მან თქვა, რომ სწორედ იქ დაუჭერიათ ის საშინელი ქალი – მისის ენდრიუსი. რა კარგია! ისე მეშინოდა, თავისუფალი რომ იყო, მაგრამ, დაიჭირეს და მადლობა ღმერთს! ერთ სახლში დიასახლისად მოწყობილა და ის საშინელი შხამი უპოვესო. გოგონა, ვინც ის ამხილა, ჯილდოს მიიღებს.
მისტერ მამერი ხელებით სავარძლის სახელურებს მოებღაუჭა... გამოდის, ეს ყველაფერი რაღაც საშინელი შეცდომა იყო? მას ყვირილი და ტირილი მოუნდა. უნდოდა, ამ სულელი, აღელვებული ქალისთვის პატიება ეთხოვა. ყველაფერი შეცდომა იყო...
მაგრამ, კაკაო?! მისტერ დაიმპთონი?! ოცდაათი გრამი დარიშხანი?! მაშინ, ვინ...
მან თავის ცოლს გახედა და მის თვალებში რაღაც ისეთი დაინახა, რაც მანამდე არასდროს უნახავს... და ეს იყო პასუხი მის კითხვაზე...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ