კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-31(553)

 

ახვლედიანი მთელი სხეულით კანკალებდა. არც უცდია სიბრაზის დამალვა. კაბინეტის კარი ლამის წიხლით შეაღო და ოთახში შევარდა. პაპავა თითქმის მზად იყო ამისთვის, მაგრამ, მაინც ანერვიულდა.

– თემო პაპავა! შენ მე ვინ გგონივარ? ვინ მოგცა თვითნებობის უფლება და, საერთოდ, აზრზე თუ ხარ, რას აკეთებ? წლები რომ გაქვს ამ სტრუქტურაში ნამუშევარი, იმიტომ ხომ არ ფიქრობ, რომ ყველაფერი გეპატიება?! როგორ გაბედე, როგორ გაბედე და არ ჩამაყენე საქმის კურსში, შენ ვინ ყოფილხარ?! ამას უკვე აღარ გაპატიებ, დაწერ განცხადებას და წახვალ, აღარ შემიძლია მეტი...

– წავალ, არ არის პრობლემა! – ვეღარ მოითმინა პაპავამაც, – მართლა წავალ! სხვათა შორის, დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდა.

– მართლა? რას მელაპარაკები?! ისევ შენ ხარ დიდ გულზე? წარმოუდგენელი თავხედი ხარ შენ, პაპავა! მარტო გაშვებით არ დაგჯერდები, ისეთ პრობლემებს შეგიქმნი, საერთოდ ვეღარ გაიჭაჭანებ სტრუქტურებში. რატომ არ ჩამაყენე-მეთქი საქმის კურსში?

– დამშვიდდით, ბატონო გიორგი. მე წავალ და არც სტრუქტურებს გამოვეტირები, მაგრამ, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა.

– ჰო, არა? გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღე, მოწმე ღამის გასათევად საკუთარ კაბინეტში დატოვე, თანაც ისე, რომ მეც კი არ მითხარი. დაფიქრდი, შენ რომ ჩემს ადგილას იყო, როგორ მოიქცეოდი?! ზუსტად ისე, როგორც მე...

– იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი, – პირქუშად ჩაილაპარაკა თემომ, – არჩევანი არ მქონდა.

– არა, გქონდა! ტელეფონი უნდა აგეღო და დაგერეკა, ჩემთვის დაგერეკა... მაგრამ, იცი, რატომ არ დარეკე? ზუსტად იცოდი, რომ არ მოგცემდი იმის უფლებას, რაც ჩაიდინე. თუ დამნაშავე და ეჭვმიტანილი ის გოგოა, მოგეთხოვა სანქცია და გვაქვს წინასწარი პატიმრობის საკანი.

– ჯერ არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა და პრობლემაც ეგაა. სწორედ ამიტომაც დავტოვე ჩემს კაბინეტში.

ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები:

– პაპავა, შენ ხომ არ გააფრინე? ამდენი წელი ამ უწყებაში გაატარე და ვერაფერი ისწავლე?

– ბატონო გიორგი, თუ არ მომისმენთ, ვერაფერს აგიხსნით, – ამოიოხრა თემომ, – მგონი, დასაკარგი დრო არ გვაქვს.

– დამცინი?! – ახვლედიანი გაფითრდა, – გეკითხები, დამცინი-მეთქი? დასაკარგი დრო არ გვაქვს? ჭკუას მარიგებ თუ, იმის თქმა გინდა, რომ მუშაობაში გიშლი ხელს? ხომ ნახე, რა მოხდა? იმ ბიჭმა, ფანჯრები ხომ ჩაამტვრია, მთელი სამმართველო თავზე დაიხვია ღრიალით და წეღან დამირეკეს, მინისტრის ყურამდე მისულა ეს ამბავი. როგორ გგონია, ასე მარტივად ჩაივლის?

– უკვე გითხარით, არჩევანი არ მქონდა-მეთქი.

– ეგ, მინისტრი რომ დაგიბარებს, იმას მოუყევი... ჰმ, მოწმე დაიტოვა თავის კაბინეტში, ღამის გასათევად... რომელი ჭკუათმყოფელი გამომძიებელი გააკეთებდა ამას?

– ის გოგო, მხოლოდ მოწმე არ არის. ვცდილობ, ეს აგიხსნათ. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა და, ამ ინფორმაციის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

– სამაგიეროდ, ისეთი პრობლემა შექმენი, ეგ შენი მნიშვნელოვანი ინფორმაცია საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი.

– მე ასე არ ვფიქრობ, – არც უფიქრია დათმობა პაპავას. ახვლედიანს ისევ ეცვალა ფერი:

– ხომ არ გინდა, მინისტრთან ბოდიშის მოსახდელად შენს მაგივრად წავიდე, შენ კი საშუალება მოგცე, თვითნებობა გააგრძელო?

– მე მუშაობის საშუალება მინდა, მეტს არაფერს ვითხოვ.

– პაპავა, შენ იცი, რომელი საათია?

– ვიცი და იმიტომაც ვითხოვ, მომცეთ მუშაობის საშუალება. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მაქვს გამოსარკვევი.

– დააკავონ ის ბიჭი ხულიგნობისთვის, შენ კი ჩემს კაბინეტში შემობრძანდი. მინისტრს უნდა დავურეკო და ინციდენტის დეტალები მოვახსენო. შენც გვერდით მეყოლები, იმიტომ რომ, ყველფრის საქმის კურსში ბრძანდები.

კაბინეტის კარი დევიმ შემოაღო.

– მაჩაბელო, შემობრძანდი... სწორედ დროულად მოხვედი. კიდევ გყავთ თანამზრახველები თუ მარტო თქვენ ორმა დაგეგმეთ ეს ცირკი?

– ბატონო გიორგი, ჩვენ საქმისთვის ვცდილობდით, საერთო საქმისთვის.

– შენი შავი იუმორის გუნებაზე არ ვარ და, გირჩევნია, გაჩუმდე. გესმის? გაჩუმდი! – ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა ახვლედიანს, – ორივეს გაგიშვებთ სამსახურიდან!

 დევიმ პაპავას ანიშნა, ახლა მე მაცალეო და ახვლედიანს მიუახლოვდა.

– ბატონო გიორგი, თუ თქვენ მოინდომებთ, აუცილებლად მოახერხებთ მინისტრის დარწმუნებას, რომ ყველაფერი საქმის სასიკეთოდ გაკეთდა. თქვით, რომ ეს თქვენი ინიციატივა და გადაწყვეტილება იყო. თქვენს ადგილას, მე ასე მოვიქცეოდი – საკუთარ რეპუტაციასაც ვიხსნიდი და განყოფილების პრესტიჟსაც.

ახვლედიანი გაშრა. ერთბაშად ისიც კი ვერ მოიფიქრა, რა ეპასუხა. დევიმ მისი დაბნეულობით ისარგებლა.

– ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, როგორმე არც ერთი საქმე არ დარჩეს მოუხსენებელი და თქვენ პრობლემა არ შეგექმნათ. რას იტყვის მინისტრი, თუ გაიგებს, რომ ამდენ, ხანს ერთ ადგილს ვტკეპნიდით და, როგორც კი რაღაც შანსი გაჩნდა, თქვენ შეგვიშალეთ ხელი, მას მოვჭიდებოდით?!

– მაჩაბელო, ამას მე მეუბნები? მე?

– ვიცი, ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ, რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ.

– მაჩაბელო, ცინიკოსი ხარ. გაჩუმდი, ჭკუიდან არ გადამიყვანო!

– მე ჩემი გითხარით. იმ ხალხსაც რაღაც უნდა მოვუხერხოთ. გათენდება, სადაც არის. თუ ვიჭერთ, ეგეც უნდა ვუთხრათ.

პაპავამ ახვლედიანს შეხედა.

– რას მიყურებ? შენ დაიწყე და შენვე დაამთავრე. ოღონდ, არც იფიქრო, უჩემოდ ერთი სიტყვა მაინც თქვა. ყველაფერი უნდა გავიგო. აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი. შემოიყვანონ ის ვაჟბატონი და თქვას, ეს რატომ გააკეთა.

დევი შეყოყმანდა:

– მე ვიცი, ბატონო გიორგი, ეს რატომაც გააკეთა. მე ვიყავი იქ, იმ გოგოსთან მე დავრჩი.

ახვლედიანმა ხელები გაასავსავა.

– ამათ ვის გადავეკიდე!.. შენ ექსპერტი ხარ თუ ძიძა? რას რჩებოდი? ვინ დაგავალა? თუმცა, დამავიწყდა, რა თქმა უნდა, პაპავამ.

– გოგო სერიოზული მოწმეა და სახლში ვერ გავუშვებდით. ვერც დავაკავებდით.

– რატომ? თუ მიგაჩნიათ, რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს, სანქციას მიიღებდით და იქნებოდა წინასწარი დაკავების საკანში. პაპავა, შენ როდის აქეთ შეითავსე ადვოკატის ფუნქცია? არ მითხრა, რომ შენში კაცთმოყვარეობამ იმძლავრა და გულჩვილობამ წაგიყვანა ამაზე.

– ამის თქმას არც ვაპირებ. არ მისმენთ და როგორ აგიხსნით?

– არაფრის ახსნა არ მჭირდება. გოგო თვითნებურად დააკავეთ, ბიჭი – მოგივარდათ. რეალურად ხომ ეს მოხდა? ძალიან კარგად მოიფიქრეთ.

– გოგო ფეხმძიმედ არის. არსებობს ეჭვი, რომ, შესაძლოა, მოკლულისგან. ეს დანაშაულის მთელ სურათს ცვლის. საქმე გაიხსნება.

– კარგი, გააკეთე, რისი გაკეთებაც გინდოდა, მაგრამ, ჩემი თანდასწრებით, – მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გატყდა ახვლედიანი, და მაშინვე დაამატა, – ბიჭს აუცილებლად დავაკავებთ ბოროტი ხულიგნობისთვის...

***

... შეიძლება, ეს ინსტინქტი იყო, ან, სულაც, კომპლექსის განსაკუთრებული ფორმა, გამოვლენილი მხეცურ ჟინსა და სურვილში – სურვილში, დამსახურებულის მიღებისა. თვითონ იყო ბრალმდებელიც და სასჯელის აღმსრულებელიც, რაც იმ მომენტში ისეთ ძალას მისცემდა, ეჭვიც არ ეპარებოდა საკუთარ წარმატებაში. სინდისის ქენჯნას მაშინაც არ გრძნობდა, როცა ყველაფერი მთავრდებოდა. თავიდან ეკითხებოდა კიდეც საკუთარ თავს – აბა, განიცდი მომხდარს თუ არაო და, ბედნიერი იმით, რომ ოდნავაც არ მოდიოდა კონფლიქტში შინაგან „მესთან“, რაღაც პერიოდის შემდეგ, ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი... ამჯერადაც არ აჰკანკალებია ხელი... ამჯერადაც თავდაჯერებული, მშვიდი და უემოციო იყო... არაფერი ახალი ან განსხვავებული. მერე რაღაცას თუ ვიღაცას გაუღიმა და ვალმოხდილმა შვებით ამოისუნთქა...

***

ახვლედიანი სავარძელში იჯდა და იქიდან აკვირდებოდა მოსაუბრეებს. ბრაზს ჯერ კიდევ არ გაევლო და დროდადრო ტუჩებს იკვნეტდა, თან წამდაუწუმ მობილურზე იხედებოდა, თითქოს ვიღაცის ზარს ელოდებოდა.

პაპავამ ახალგაზრდა კაცს გამომცდელი, ეჭვით სავსე მზერა შეავლო:

– იცით, ხულიგნობისთვის ხუთ წლამდე პატიმრობა გელოდებათ.

ბიჭმა დამცინავად ჩაიღიმა. პაპავამ წარბი შეიკრა:

– ტყუილად გეცინებათ. სამართალდამცავ უწყებაზე აგრესიის განხორციელება, სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანება, სამართალდამცველების დაუმორჩილებლობა და მათ მიმართ აგრესიის გამოვლენა... გავაგრძელო?

ბიჭს ფერი ეცვალა:

– მე ჩემი ცოლის ნახვა მინდოდა... ამ ყველაფერზე არ მიფიქრია.

– ძალიან ცუდი, რომ არ გიფიქრიათ, მაგრამ, არა უშავს, ფიქრის დრო კიდევ გექნებათ, თანაც, საკმაოდ ბევრი. იჯდები, იფიქრებ და იფიქრებ და, შეიძლება, ძალიან საინტერესო რამეც მოიფიქრო.

– რატომ მემუქრებით და მაშინებთ? ხომ გითხარით, ნიას გამო ავღელდი-მეთქი... თქვენმა თანამშრომელმა რომ მითხრა, ღამეს, სავარაუდოდ, განყოფილებაში გაათევსო, ნერვებმა მიმტყუნა.

– ვიცი, მესმის... მაგრამ, დანაშაული ჩადენილია და ფაქტს ვერსად წავუვალთ.

– ეს რას ნიშნავს, უნდა დამაპატიმროთ?

პაპავამ თავი დაუქნია და მარიკას გადახედა.

– მე განზრახ არ დამიშავებია, გეფიცებით.

– მე არ ვამბობ, რომ არ მჯერა შენი, მაგრამ, კიდევ გიმეორებ: კანონი დაარღვიე და პასუხიც უნდა აგო. აქ, სამმართველოში მოგვივარდი შუაღამისას... სულ რომ არაფერი დაგეშავებინა მეტი, ესეც სრულიად საკმარისი იქნებოდა, გისოსებს მიღმა გამოგვეკეტე. დანარჩენი, რაც ჩაიდინე, ჩვენზე კარგად იცი.

– ნია ფეხმძიმედ არის... აქ ვერ დავტოვებდი, – ჯიუტად გაიმეორა ბიჭმა. თავი ასწია და გამომძიებელს თვალებში შეხედა, – თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?

– მე? – პაპავა ჩაფიქრდა, – გულახდილად გითხრა? კარგი, გეტყვი: მე ისე მოვიქცეოდი, ჩემი შეყვარებული იძულებული არ გამხდარიყო, აბორტის ფულისთვის თავი დაემცირებინა. სხვათა შორის, სწორედ შენი განსაკუთრებული მზრუნველობის გამო, ნია ახლა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ახალგაზრდა კაცი შეხტა და ფეხზე წამოვარდა:

– ვინ არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი? ნია? იმ გახრწნილი ბებრის მკვლელობას აბრალებთ? შეიშალეთ?!.

– ცოტა დამშვიდდით, ისედაც ცუდად გაქვთ საქმე, – გააფრთხილა პაპავამ.

– ნუ მემუქრებით! მეც გამეგება რაღაც და ვიცი, ჩემი ცოლი ტყუილად რომ გყავდათ დაკავებული. რა უფლებით გამოკეტეთ თქვენს კაბინეტში?

– ცოლი? – პაპავამ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები, – ცოლი? კონკრეტულად მოქალაქესთან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფებით. მით უმეტეს, კონკრეტულ მომენტში, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ. გოგონამ გვითხრა, რომ აბორტის გაკეთებას აიძულებდით.

ბიჭი გაფითრდა:

– ნიამ თქვა? ნიამ თქვა ეს?

– დიახ და ისიც გვითხრა, რომ საერთოდ მოიშორეთ თავიდან – ფულიც შენ იშოვე და მაგ პრობლემისგანაც შენ თვითონ გათავისუფლდიო. იმანაც, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და აბორტისთვის ფული ნოდიას სთხოვა, თუ მოსთხოვა. თქვენი შეყვარებული, თუ საცოლე როგორც გინდათ, ისე დაარქვით, უკანასკნელი იყო, ვის სატელეფონო ზარსაც გარდაცვლილმა უპასუხა. ასე რომ, ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. თუ გაინტერესებთ, რა სამხილები გვაქვს მის წინააღმდეგ, მაგასაც გეტყვით. ოღონდ, ცოტა მოგვიანებით. როცა ჯერ თქვენს ბრალეულობას მოგახსენებთ.

– ნიას იმ ბინძურ კაცთან არაფერი აკავშირებდა! – იფეთქა ბიჭმა. 

– მართლა? თქვენ კი მაინც ეჭვიანობდით. რატომ? – თემო გამომცდელად ჩააშტერდა ბიჭს. იმანაც მაშინვე ვერ მოაბა სათქმელს თავი და რამდენიმე წამი კაბინეტში სრული სიჩუმე იყო. ახვლედიანი გაფაციცებული უსმენდა გამომძიებლისა და ბიჭის საუბარს.

– მართალია, ვეჭვიანობდი, არ უარვყოფ. არ შემეძლო იმის გაფიქრებაც კი, რომ ნიას მასთან რამე ურთიერთობა ჰქონდა.

– რა ურთიერთობაზე ეჭვობდით? აჯობებს, ყველაფერი თქვათ.

– მე ზოგადად ეჭვიანი ვარ, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ბიჭმა.

პაპავამ თავი გააქნია:

– არა, ასე არაფერი გამოვა. მოდი, გულახდილები ვიყოთ. შენ და შენს შეყვარებულს ერთადერთი შანსი გაქვთ – გამოძიებასთან თანამშრომლობა, სხვა შემთხვევაში, პატიმრობა არ აგცდებათ.

– თქვენ დაგვიჭერთ?

– მე კი არა, კანონი დაგიჭერთ.

– რატომ? ის ღორი ჩვენ არ მოგვიკლავს. მასზე ხელს არ გავისვრიდი.

– მართლა? მეც ვფიქრობ, რომ არ უნდა მოგეკლათ, მაგრამ, ჯერჯერობით, ის ფაქტები, რაც ხელთ გვაქვს, მხოლოდ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს.

ბიჭმა ამოიოხრა და თავი ხელისგულებში ჩარგო.

– იდიოტი ვარ, ეჭვიანი იდიოტი და ყველაფერი ჩემი ბრალია. ერთადერთი ჩვენი დანაშაული ის არის, რომ რაღაც მომენტში ერთმანეთს ვერ გავუგეთ – შეიძლება, ჩემი სულელური ეჭვიანობის გამო, შეიძლება, პასუხისმგებლობისაც შემეშინდა... თუმცა, გეფიცებით, როგორც კი გავაცნობიერე ჩემი საქციელი, მაშინვე დავუწყე ნიას ძებნა, მაგრამ, მობილური გათიშული ჰქონდა, მერე თქვენი თანამშრომელიც შემხვდა.

– აჰა, ესე იგი, მარიკამ გითხრა, რომ გოგონა დაკავებული გვყავდა? – პირველად ამოიღო ხმა ახვლედიანმა, – დაუძახე, შემოვიდეს, – მიუბრუნდა პაპავას. გამომძიებელს ძალიან არ მოეწონა, უფროსის უადგილო აქტიურობა, თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევია: დარეკა და მარიკას მასთან მისვლა სთხოვა. მაგრამ, კაბინეტში მარიკას ნაცვლად დევი შევიდა. თემოსთან მივიდა და ხმადაბლა რაღაც უთხრა. ახვლედიანი მაშინვე დაინტერესდა:

– აბა, რა ხდება? სად არის მარიკა?

პაპავა იძულებული გახდა, ეპასუხა:

– დაკავებულთან არის. ჯერ იქაა საჭირო.

– კარგი. მაშინ, მე მივალ და დაველაპარაკები, – ახვლედიანი ადგა და ოთახიდან გავიდა. თემომ უკმაყოფილოდ გახედა და დევის სახელოზე დაქაჩა.

– გაჰყევი, რა... ხომ ხვდები...

– გასაგებია... მგონი, გადავრჩით, ხომ იცი... – თვალი ჩაუკრა დევიმ.

– მერე ვილაპარაკოთ....

დაკავებულთან პირისპირ დარჩენილმა პაპავამ შვებით ამოისუნთქა და გადაწყვიტა, მისთვის ამოსუნთქვის საშუალება აღარ მიეცა.

– მოკლედ, ცოტა დრო მაქვს, ბევრს ვეღარ იფიქრებ. ითანამშრომლებ ჩემთან?

ბიჭმა ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა და თავი დააქნია. თემომ კმაყოფილებით გაიღიმა...

***

მარიკა ამაოდ ცდილობდა ისტერიკაში ჩავარდნილი ნიას დამშვიდებას:

– ტირილით ვერაფერს უშველი. ნახე, რა მოხდა? შენც დაკავებული ხარ და შენი შეყვარებულიც. ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. ფეხმძიმედ ხარ. ციხეში ვერ გაძლებ... მე ველაპარაკე შენს შეყვარებულს, მერე რაც მოხდა – იცი, აქ მოგვივარდა, შენობის მინები ჩაამსხვრია... შენი შველა უნდოდა და ახლა ისიც დააკავეს.

– ჩემს საშველად მოვიდა? – იკითხა ნიამ უნდოდ.

– მგონი, ჰო. გამოდის, ჰყვარებიხარ, ან, რაღაც ისეთი იცი, რისი გამხელაც მას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

გოგო ძალიან გვიან ჩაწვდა მისი სიტყვების შინაარსს და შეშინებულმა წამწამები დაახამხამა:

– რა?! რა ვიცი?..

 – აი, ეგ უკვე შენ უნდა გვითხრა.

– რაც ვიცოდი, ყველაფერი გითხარით.

მარიკას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ვეღარ მოასწრო. ახვლედიანის დანახვას არ ელოდა, ამიტომ დაიბნა.

– პატივცემულო მარიკა, მდივნის ოთახში გამობრძანდით, თუ შეიძლება. სალაპარაკო მაქვს, – გაიმკაცრა ხმა ახვლედიანმა.

– ბატონო გიორგი, მოწმის დაკითხვას ვაწარმოებ.

– ჯერ ჩემს შეკითხვებს უპასუხებ და მერე გააგრძელებ დაკითხვას.

მარიკა იძულებული გახდა, უკან გაჰყოლოდა.

– მაგ გაწრიპული გოგოს გამო ატყდა მთელი ამბავი? იცი, რომ შენი გაუფრთხილებლობის გამო მოგვივარდა ის ბიჭი?

– ბატონო გიორგი...

– რაო, რისი თქმა გინდა? – ენა მოუჩლიქა ახვლედიანმა, – იცი, რომ მინისტრი ლამის ყოველ ნახევარ საათში მირეკავს?! ტიპმა შუაღამისას მთელი სამმართველო დაიხვია თავზე. დაცვას აგინა და შუშები ჩაამსხვრია. პაპავა ხომ დამნაშავეა და თავისას მიიღებს, მაგრამ, შენც ვერ გადამირჩები. ჩემზეა დამოკიდებული, სტაჟიორად დარჩები და მუშაობას გააგრძელებ თუ არა.

– დიახ, ვიცი.

– მერე, როგორ იქცევი, თუ იცი?.. – გამოაჯავრა ახვლედიანმა.

– მე პაპავას ვეხმარები და საერთო საქმეს ვაკეთებთ.

– „საერთო საქმე“... უკვე მერამდენედ მესმის ერთი და იგივე სისულელე. მოკლედ, ასე... უნდა დამიჯერო და დამეხმარო.

– მე დაგეხმაროთ? უკაცრავად, მაგრამ, მართლა ვერაფერი გავიგე.

– ასეთი მიუხვედრელიც რომ არ ხარ? კარგი. უფრო გასაგებად გეტყვი: ყველაფერი უნდა ვიცოდე, რასაც პაპავა დაგეგმავს. ხომ ძალიან ადვილია?

– მაინც ვერაფერი გავიგე.

– ძალიან კარგად გაიგე, ძალიან კარგად... ახლა... ყველაფერი, ანუ, შენი მომავალი, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული...

 

***

ქალმა კარი გააღო... დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვა არ გაუხარდა, თუმცა, არც გაუკვირდა.

– ვიფიქრე, იმას მაინც დამაცდიდით, ქმარი დამემარხა.

– მესმის თქვენი, მაგრამ, ჩვენიც უნდა გაიგოთ, სამუშაო გვაქვს. სულ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.

– შემობრძანდით, – ქალი გვერდზე გადგა და კაცს გზა დაუთმო, – ისე, მე მეორეს ველოდი.

– მეორეს?.. ა, ვხვდები, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ასე რომ...

ქალმა მხრები აიჩეჩა.

– ნაკლებად მაინტერესებს,  ერთად მუშაობთ თუ ცალ-ცალკე. ეს არც ჩემი საქმეა და არც ჩემი პრობლემა. მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ მაღელვებს, დაიჭერთ, თუ არა მკვლელს.

– ძალიან უცნაურია, ამას რომ ამბობთ, ქალბატონო. შეიძლება, ქმარი არ გიყვარდათ, მაგრამ, იმ ადამიანისთვის, ვინც მის მკვლელობას იძიებს, ასეთი რამის თქმა...

– უკეთესი იქნება, თუ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ გიჟური სურვილი მაქვს, მკვლელი ვიპოვო და საკუთარი ხელით გავუსწორდე? ჰო, მაგრამ, ეს ტყუილი იქნება. ჩემმა ქმარმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. მე ამას ველოდი.

კაცმა გაოცება ვერ დამალა:

– საინტერესო გულახდილობაა, ქალბატონო.  შეიძლება, ვიფიქრო, რომ დაინტერესებული იყავით ქმრის სიკვდილით.

– დაინტერესებული? ანუ, შეიძლება, მე მოვაკვლევინე? სამწუხაროდ, ჩემი მორალი და რწმენა არ მომცემდა ამის გაკეთების უფლებას, მაგრამ, როგორც გინდათ, ისე იფიქრეთ, თქვენი ნებაა.

– ჰო, მაგრამ თქვენ ორი შვილი გყავთ... თქვენი ვაჟიშვილი...

ქალი ერთბაშად წამოენთო:

– ჩემი ვაჟიშვილი რა შუაშია?!

– მასთან საუბარი მინდოდა.

– შეუძლებელია, კიევში გაემგზავრა – ვიღაცამ  ხომ უნდა მიხედოს ბიზნესს... – ქალმა თამამად შეხედა სახეში და უცნაურად გაიღიმა.

– როგორც ვხედავ, საკუთარ ქმარზე დიდი წარმოდგენის არ ყოფილხართ.

– ასე მეტყობა? ჰო, არ ვიყავი. მაგრამ, ეს საკმარისი მოტივია მკვლელობისთვის?

დევიმ მხრები აიჩეჩა:

– ალბათ, არა. თუმცა, ვინ იცის. აღიარებთ, რომ ქმრის სიკვდილი თქვენთვის შვება იყო?

ქალი შეიჭმუხნა:

– ძალიან უცნაურ შეკითხვებს მისვამთ, ბატონო გამომძიებელო. შეიძლება, იყო კიდეც, მაგრამ, ამას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

– ალბათ, აქვს, რადგან გეკითხებით.

– ჩემი ქმარი დარწმუნებული იყო, რომ ეს ქვეყანა მისი სიამოვნებისთვის არსებობდა. თუმცა, რაში ხედავდა სიამოვნებას, ეს კიდევ სხვა თემაა. თუ გაინტერესებთ, მე მოვკალი თუ არა, გპასუხობთ: არა! თუმცა, მისი სიკვდილი აშკარად არ მწყინს. კიდევ რა გაინტერესებთ?

– მამა-შვილის დამოკიდებულება. როდის დაბრუნდება თქვენი ვაჟიშვილი კიევიდან?

– არ ვიცი... იქ ყველაფერი თავდაყირაა. დრო სჭირდება, პრობლემები რომ მოაგვაროს.

– თქვენს ვაჟიშვილსაც მიაჩნდა, რომ მამამისი სიკვდილს იმსახურებდა?

ქალმა თვალები მოწკურა:

– რომ არ გიპასუხოთ, დანაშაულში ჩამეთვლება?

– არა. მაგრამ, სასურველია, მიპასუხოთ.

– ჯერ რომ მე გკითხოთ?

– რა უნდა მკითხოთ? თუმცა, მნიშვნელობა არა აქვს, შეგიძლიათ, მკითხოთ.

ქალმა ხანმოკლე პაუზა გააკეთა და მოულოდნელად სთხოვა:

– სიგარეტი მომაწევინეთ, თუ შეიძლება.

დევიმ სიგარეტის კოლოფი და სანთებელა გაუწოდა.

– აი, ინებეთ. მაგრამ, იცოდეთ, ამით მიმახვედრეთ, რომ ძალიან ღელავთ.

– რა თქმა უნდა, ვღელავ. ვცდილობ, თქვენი მოსვლის მიზეზი გავიგო.

– მიზეზი მარტივია: თქვენი ქმარი მოკლეს. მკვლელი დაკავებული არ არის. წესით, თავად უნდა იყოთ დაინტერესებული მისი პოვნით.

ქალმა ხარბად მოქაჩა სიგარეტი და გაიღიმა:

– უნუგეშო ქვრივს არ ვგავარ, – ამის თქმა გინდათ? მართალი ბრძანდებით. არაფერი მაქვს დასამალი, არ მწყენია მისი სიკვდილი. მეტსაც გეტყვით, ეს ჩემი და ჩემი შვილისთვის ნამდვილი ხსნა იყო. მაგრამ, არ მოგვიკლავს. არ გჯერათ ჩემი?

დევიმ სიგარეტის კოლოფზე მიუთითა:

– თქვენის ნებართვით... გაინტერესებთ, მჯერა თუ არა? არსებობს ასეთი გამოთქმა: „თუ საკუთარი თავი თავად არ მოიტყუე, ვერავინ მოგატყუებს“. მე ამ თეორიის მიმდევარი ვარ. ზოგჯერ ძალიან გვღალატობს ლოგიკა და ვცდილობთ, ხალხს თავი ბედნიერად მოვაჩვენოთ და, სწორედ ამ დროს ვუშვებთ სერიოზულ შეცდომას.

– გეთანხმებით. ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს კარტის თამაშს გამოცდილ შულერთან – იცი, რომ მოგატყუებს, მაგრამ, მაინც ეთამაშები, თან, მოგების იმედიც გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ მოგვცა „უსაფრთხოების ბალიშები“, მაინც მტკივნეულად ვეჯახებით რიფებს და გვგონია, რომ ესეც კანონზომიერი მოვლენაა. 

დევიმ ქალს აღფრთოვანებით შეხედა:

– სოფიზმის მიმდევრები ამბობენ, ადამიანი, რომელიც საკუთარ სისულელეს ამჩნევს და აღიარებს, სულელი არ არისო. უნდა ვაღიარო, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გთხოვოთ, დაუკავშირდეთ თქვენს ვაჟიშვილს და უთხრათ, ჩამოვიდეს. მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, აჯობებს, თუ გამოძიებას არ დაემალება.

– ჩემი შვილი არ იმალება. გითხარით, საქმეზეა წასული.

– ძალიან კარგი. მაშინ, მალე მოაგვაროს „საქმე“ და ჩვენთან მოვიდეს. კარგად ბრძანდებოდეთ. სიგარეტი შეგიძლიათ, დაიტოვოთ...

***

... ქალი ფანჯარასთან იდგა და ჩუმად ეწეოდა. მშვიდი, არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა, ოდნავ სევდიანი მზერა და ამოუცნობი ღიმილი. ბიჭი ნელა მიუახლოვდა:

– დედა...

ქალი არ შემობრუნებულა. ერთი უმნიშვნელო ჟესტითაც არ უგრძნობინებია, რომ გაიგონა მისი ძახილი. ბიჭმა მხარზე შეახო ხელი:

– დედი...

– მესმის, ნიკა... რამის თქმა გინდა?

– ჰო. თუმცა, არ ვიცი... ზოგჯერ მგონია, რომ შენ შენ არა ხარ...

– მერე, რა არის ამაში უცნაური ან შემაშფოთებელი?  ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ მე მე არა ვარ და ეს ბუნებრივია. ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს.

– და... ერთმანეთს?

– ბუნებრივია. მაგრამ შენ ეს არ გაწუხებს, ხომ მართალია? იმ გოგოზე ფიქრობ. ხომ გითხარი, გავიცნობ-მეთქი.

– მითხარი, მაგრამ...

ქალი შემობრუნდა და შვილს თვალებში ჩახედა:

– ნიკა, ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მზად ვარ, მივიღო ადამიანი, რომელიც შენ გეყვარება, მაგრამ, თუ შენ არ ხარ დარწმუნებული შენს გრძნობაში, მაშინ მე ვერაფრით დაგეხმარები.

– არა, არა... დარწმუნებული ვარ. სულ ამაზე ვფიქრობ და ვხვდები, რომ ის არის, ვისაც ვეძებდი.

ქალმა შეუმჩნევლად ამოიოხრა:

– კარგია. მიხარია.

ნიკამ მხრებზე მოხვია ხელები და თავით მკერდზე მიეხუტა.

– ძალიან მიყვარხარ, დედა...

– ვიცი... და, არ გინდა სენტიმენტები. ხომ იცი, არ მომწონს, როცა ცდილობ, გული ამიჩვილო... – ქალმა ნაძალადევად გაიღიმა და მისი მკვლავებიდან თავის დახსნას შეეცადა.

– იცი, სულ ვფიქრობ, რომ მარტო არ უნდა იყო... – თქვა უცებ ნიკამ, – მესმის, რომ მამაჩემი ძალიან გიყვარდა, მაგრამ...

ქალს სახე გაუქვავდა და შვილი ხელის მკვეთრი აქნევით გააჩუმა:

– არ გვინდა ამაზე ლაპარაკი! რამდენჯერ მითქვამს, ჩემს სულში ხელის ფათურის უფლებას შენც კი ვერ მოგცემ.

– მე უბრალოდ, მინდოდა...

– ჰო, ვიცი, რაც გინდოდა და გთხოვ, ამაზე არასოდეს დამელაპარაკო. მარიკას კი გავიცნობ. როცა გინდა და სადაც გინდა, შევხვდები. გპირდები, ჩემი მხრიდან პრობლემა არ არსებობს...

***

დევიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი:

– მიყვარს ჭკვიანი ქალები... როგორც დიდი სოკრატე ბრძანებდა, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო. მომხიბლა იმ ქალმა და მიკვირს, იმ ნაძირალას გვერდით როგორ ცხოვრობდა. თუმცა, რამდენადაც ქალბატონებს ვიცნობ, ესეც არ უნდა მიკვირდეს. შედეგი კი ისაა, რომ ისევ დავბრუნდით საწყის მდგომარეობაში – მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი...

თემომ თავი ასწია:

– ზოგჯერ ისე მშურს შენი...

დევიმ გაუღიმა:

– სულ ტყუილად... შენც შეგიძლია, ცხოვრებას მარტივად შეხედო.

– არა, არ შემიძლია. მაშინ შენსავით ცოტათი ჭკუასუსტი უნდა ვიყო.

– არ მწყინს. ადამიანს ჩვევად აქვს, დაამციროს ის, რაც მოსწონს, მაგრამ მისთვის მიუწვდომელია.

– შენ წუხელ სიზმარში სოკრატე ხომ არ ნახე?

– სამწუხაროდ, არა. დიდი ხანია, არამატერიალისტურის ხორცშესხმა აღარ გამომდის. შენ კი აშკარად კოშმარი გესიზმრა. აბა, რა მოხდა?

– მაკა დედამისთან გადავიდა. სახლში აღარ დამხვდა – თავისი ნივთები აუღია და წასულა.

– მესმის მისი, ლოგიკური დასასრულია, – თანაგრძნობით დაუქნია თავი დევიმ. თემო გაბრაზდა:

– იმისი გესმის და ჩემი არა?!

– შენიც მესმის... მაგრამ, ეს რას ცვლის? – არაფერს. ისე, პრინციპში, სწორი გადაწყვეტილება მიუღია და შენთვისაც ასე აჯობებს. ცოტა ხანს ერთმანეთისგან დაისვენებთ.

– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. მაკას არ იცნობ? გამიჭირდება მისი დაყოლიება, რომ დაბრუნდეს.

დევიმ მხრები აიჩეჩა:

– შენც, ნუ ეცდები დააბრუნო. აცადე ცოტა ხანს, იფიქროს და, თუ მიხვდება, რომ დაბრუნებაა უკეთესი, თავისით დაბრუნდება.

– ძალიან ადვილად ლაპარაკობ... მარტივად...

– იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართლა ძალიან მარტივია.

– მოიცა და... რომ არ დაბრუნდეს?

– ჰო, ესეც შესაძლებელია, მაგრამ, რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება და შენ ვერაფერს შეცვლი.

თემო გაწითლდა. მაცივრიდან მინერალური წყალი გამოიღო. ბოთლი თითქმის ბოლომდე გამოცალა და ხმაურით შეაგდო უკან.

– კარგი. დავუშვათ, დაგეთანხმე... რომ მიყვარს, ეს არაფერს ნიშნავს, სულ არაფერს?

დევიმ ხელები გაშალა:

– ვერ ვხვდები, ჩემგან რას მოითხოვ. მე ხომ ვერ გაპატიებ და შეგირიგდები?

– საპატიებელი არაფერი მჭირს და შენ ეს კარგად იცი.

–  მე ვიცი, მაგრამ, ვეჭვობ, მაკამაც იცოდეს. რა დაგემართა, დამშვიდდი, მაკასაც უყვარხარ. გაბრაზება გაუვლის და მოვა. შენ ეს მითხარი, ჩვენი რომეოსა და ჯულიეტას ამბავი როგორ გადაწყდა?

– ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოვართვით და დროებით გავათავისუფლეთ.

– მხოლოდ დროებით?

– აბა, რა მექნა? იმ ბიჭმა ფანჯრები ჩაგვიმსხვრია. კიდევ კარგი, გადავრჩით და ეს ამბავი არ გახმაურდა. ახვლედიანი გიჟს ჰგავს. მინისტრიც გაბრაზებულია.

– ანუ, დავიჭერთ?

თემომ ხელი ჩაიქნია:

– ჩვენ რას დავიჭერთ. ეს ჩვენს განყოფილებას არ ეხება. დაიჭირონ, თუკი ასე უნდათ. მე სხვა საზრუნავ-საფიქრალიც საკმარისზე მეტი მაქვს.

დევიმ თანაგრძნობით შეხედა:

– თუ გინდა, მაკას მე დაველაპარაკები.

– არ ვიცი. იქნებ, მართალი ხარ ცოტა უნდა ვაცადო... – თემომ ამოიოხრა და აწკრიალებულ ტელეფონს დასწვდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3